ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2014


მე მოგიყვებით

                                    მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა...
                                                                                                      ზვიად რატიანი

მე არ გიმღერებთ,
მე მოგიყვებით,
ადამიანებზე,
რომლებმაც დაივიწყეს ადამიანები
და დაკარგეს საკუთარი თავები,
სამაგიეროდ იპოვეს სამყარო...
სამყარო, ნაშენები ნივთებით.
მე გიამბობთ ნივთებზე,
რომლებმაც დაიმონეს ადამიანები,
და იქმნენ კერპებად,
და იქმნენ ღმერთებად.

მე მოგიყვებით ქურუმებზე,
რომლებიც ეთაყვანებიან
მოვარაყებულ კერპებს
და ზვარაკებად სწირავენ მათ
ადამიანთა სულებს.
მე მოგიყვებით დღესასწაულებზე
რომელთაც უნდა მოეტანათ
გულთა სიხარული,
მაგრამ იქცნენ ხელების, თვალების
კუჭების და კერპების ზეიმად.

მე მოგიყვებით მონათესავე სულებზე,
რომლებმაც ერთმანეთს ჩაუარეს,
მაგრამ ვერ იცნეს,
უფრო სწორად, ერთმანეთი არც შეუმჩნევიათ,
რადგან სხვა მხარეს იყურებოდნენ, -
სამყაროსკენ, რომელიც იპოვეს.
მე მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებიც იქცნენ
ერთმანეთის პარალელურ წრფეებად,
საკუთარი, უადამიანო უსასრულობისკენ
მარადიულად მოძრავ,
გადაუკვეთელ წრფეებად.

მე მოგიყვებით...
და ეს იქნება
ჩემი უკუღმართი იავნანა,
მოყოლილი ძილისპირული...
და თქვენ იგრძნობთ შვებას,
რადგან გაიხსენებთ
საკუთარ თავებს,
გაიხსენებთ არცთუ მხიარულ
და მაინც ბედნიერ ბავშვობას,
როცა სამყარო ნამდვილი იყო,
როცა სამყარო - თქვენ იყავით.

ჩემი ზღაპარი
გაგყვებათ სიზმარშიც,
სადაც ცხადში ვერშეცნობილ
მონათესავე სულებს შეხვდებით.
სიზმარში, სადაც იქნებით
ყველაზე ფხიზლად,
ვიდრე ოდესმე.

სიზმარში, რომელიც დილით
აღარ გემახსოვრებათ,
რადგან მას შეგაწყვეტინებთ
სულ სხვა ზღაპარი, ამქვეყნიური,
საღათას ძილის სიზმრიდან,
შეგაწყვეტინებთ და გაგახსენებთ,
რომ წასასვლელი ხართ
იქ, სადაც წასვლა არ გიხარიათ,
და სადაც აუცილებლად წახვალთ,
რადგან ზვარაკებს ითხოვენ
ხელები, თვალები, კუჭები,
კერპები და ქურუმები...

მე არ გიმღერებთ,
მე მოგიყვებით
ადამიანებზე,
რომლებმაც დაივიწყეს ადამიანები…



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები