ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკუსა
ჟანრი: იუმორისტული
25 დეკემბერი, 2014


აბა მარტს რა ენაღვლება?!... ( იტალიური ჩანაწერები)

გაზაფხული შემობრძანდა  ბებერ რომში მთელი თავისი სიდიადით.მართალია ჯერ არალეგალურად (აქ გაზაფხული 21 მარტს დგება)მაგრამ, აბა მარტს რა ენაღვლება ქრისტეშობამდე, ჯულიო ცეზარეს მიერ  შედგენილი კალენდარი!... ქალია მარტი, ქალი!...ოდნავ დათბა თუ არა საკინძე შეიხსნა და ქუჩებში გადმოაფინა ფერად-ფერად ყვავილების ხალიჩები.ჰაერში ისეთი სურნელი დაატრიალა,რომ ჩვეულებრივი მოკვდავები თავბრუდახვევულები დავაბიჯებთ...
        ყველაფერმა ამან ერთი ამბავი გამახსენა რომელივ მრავალი წლის წინ შემემთხვა სწორედ გაზაფხულის გარიჟრაჟზე...ისეთი დილა გათენდა მარტი რომ გამოაცხობს ხოლმე. ჭირვეული ქალივით ბერვას,ტირილს , ბუზღუნს რომ მორჩება, უცებ რომ დატკბება და დათბება.დილით თვალს რომ გაახელ , მზე შენს ბალიშზე  სხივდადებული რომ დაგხვდება, ირგვლივ სასიამოვნო სიჩუმე რომ დგას და მხოლოდ გაზაფხულის სუნთქვა რომ გესმის!...სწორედ ასეთი დილა იდგა...სამსახურში წასასვლელად ავტობუსში ავედი,რომელიც თითქმის ცარიელი იყო,მაგრამ სკამზე დაჯდომა არც კი მიფიქრია დიდი სარკმელის წინ დავდექი და ისე ვადევნებდი თვალს ვარდისფერი ყვავილებით გადაპენტილი ხეების რიგს. საოცარი სილამაზე  იყო.
        ერთ-ერთ გაჩერებაზე შუა კარები ფართოდ გაიღო შემოიფრქვა dolce & gabbana- ს მომაჯადოვებელი სურნელი და თან შემოყვა მაღალი შავგვრემანი სიმპათიური იტალიელი მამაკაცი,რომელსაც იგივე ფირმის შარვალ -კოსტუმი ემოსა და იგივე ფირმის აქსესუარები, მოკლედ თავიდან ბოლომდე dolce & gabbana იყო და არაფერი ჭირდა ჩემი დასაწუნი.მოვიდა, ჩემს გვერდით დადგა და ჩემთან ერთად ადევნებდა თვალს რომის ქუჩების გაზაფხულს...   
      -ძალიან ლამაზია არა რომი?-მკითხა მილანური აქცენტით.
    -თქვენ მილანელებს როდის მერე მოგწონთ რომი?!- დავუბრუნე შეკითხვა.
    -ეს სნობ მილანელებს არ მოწონთ, მილანი ნაცრისფერია რომში კი ფერებია!-
მერე გამეცნო, მატეო მქვიაო,დღეს პირველი დღეა რაც რომში საცხოვრებლად გადმოვედი და ცოტა არ იყოს აფორიაქებული ვარ,ხომ ვერ მეტყვით სანჯიოვანის პიაცაზე როდის უნდა ჩავიდეო?...მე როგოც „ძირძველმა რომაელმა“ავუხსენი რამდენი გაჩერება ქონდა დარჩენილი და სად უნდა ჩასულიყო...თუმცა მეც იქეთ მოვდივარ მეთქი!...ჩვენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა
      -რომში ალბათ სამსახურის გამო ჩამოხვედით?-ვკითხე
      -არა სიყვარულის გამო!..
      -და ვინ არის ის ბედნიერი?!-
    -ბედნიერი მე ვარ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანის სიყვარული მარგუნა უფალმაო-მითხრა მატეომ.
  მერე მივყევით და მოვყევით მთისა და ბარის ამბები...მძღოლმა ერთ ადგილზე შეაჩერა,შემობრუნდა მგზავრებისაკენ და გამოგვიცხადა
    -სანჯიოვანის პიაცაზე მანიფესტაციაა, ქუჩები გადაკეტილია და ფეხით მოგიწევთ რამდენიმე გაჩერების გავლაოოო!...
ხალხი აწუწუნდა...მძღოლმა კიდე რა გაწუწუნებთო, ისეთი კარგი დილაა,რომ შემეძლოს მეც მივატოვებდი ამ ავტობუსს და თქვენთან ერთად  სიამოვნებით გავისეირნებდიო!
        მე და მატეო გზას გავუდექით ფეხით და თან ვსაუბრობთ.უცებ შეჩერდა,  ხეს პატარა, ვარდისფერი ყვავილებით დახუნძლული ტოტი შეატეხა და პიჯაკის გულის ჯიბეში ჩაასკუპა...მე გამეღიმა რა რომანტიულია-მეთქი... მერე როგორც ეტყობა აღარ მოეწონა და ყვავილების ტოტი პირდაპირ საათის სამაჯურში გაიყარა!...მე სარკე არ მქონდა რომ ჩამეხედა, მაგრამ წარმოვიდგინე ჩემი სახე ნელ-ნელა მარჯვენა წარბი როგორ ამივიდა შუბლზე სადაც უკვე წითელი ფლომასტერით დიდი კითხვის ნიშანი მქონდა დაწერილი!...მატეოს ეტყობა ისევ არ მოეწონა ყვავილების ადგილსამყოფელი, გამოაძრო სამაჯურიდან და პირდაპირ მარჯვენა ყურზე გადაიდო,როგორც დურგალი გადაიდებს ყურზე შავ ფანქარს!..ისევ წარმოვიდგინე ჩემი სახე,
ორივე წარბი შუბლზე ასული სადაც წითლად სამი კითხვის ნიშანი მეწერა!...ხოლო თვალები გაკვირვებისაგან თავისით ხამხამებდნენ!...
  კაი რა ვუყოთ, ყველასა გვაქვს „პაწა-პაწა  და  poco-poco“ ნაკლი...მე თვითონ მოუძებნე გამართლება მატეოს საქციელს...ამასობაში მივუახლოვდით პიაცას, რომელიც ახალგაზრდებით იყო გადაჭედილი და გუგუნებდა.
            -ააა..... დღეს ამათი მანიფესტაციაა...წინადადება არ მქონდა დამთავრებული...მოვიხედე და მატეო" თავქუდმოგლეჯილი" გარბის წინ ხელით კი ყურზე გადადებულ ყვავილს აკავებს...
    -ნეტა რა ბძიკმა უკბინა?!- (გავიფიქრე გადატანითი მნიშვნელობით)
    -არა იქნებ მართლა იყო ბზიკი მიყუჩული ყვავილებში და ყურზე უკბინა!...(გავიფიქრე პირდაპირი მნიშვნელობით)
  მაგრამ შემდეგ დავინახე,რომ პიაცაზე მდგომ ხალხის ტალღას ვიღაც მოარღვევდა!...
      -ააააააა... აქ საქმე სიყვარულშია და არა ბზიკს ნაკბენში!...
  გავჩერდი იქვე და როგორც კინოფილმში შევანელე გონებაში კადრები...თუ როგორ მიქრის აქედან მატეო მთელი თავისი dolce & gabbana-თი და ყურზე გადაწოლილი ყვავილით და როგორ მოქრის იქედან შველივით გრძელფეხება,წკნელივით მოქნილი და შხვართი გოგო,რომელსაც მარტის ანცი ნიავი აბრეშუმივით მბზინავ თმებს უწეწავს... თუ როგორ აიტაცებს მატეო თავის ძლიერი მკლავებით და სიყვარულით დააბზრიალებს!...
    ისემც ყველაფერი კარგი აგიხდეთ როგორც ჩემი ნათქვამი ახდა...ყველაფერი ჩემი სცენარის მიხედვით განვითარდა!...მხოლოდ ერთი დეტალი ვერ გამოვიცანი...მატეომ ხელში აიტაცა და სიყვარულით დააბზრიალა, ლამაზი და შხვართი...ბიჭი!...
    ეხლა ჩემს სახის გამომეტყველებას დავუბრუნდები,წარბები სად მქონდა ასული ეს უკვე აღარ ვიცი,მაგრამ კითხვის ნიშნების ადგილზე იმდენი წითელი ძახილის ნიშნები მეწერებოდა,რომ შუბლზე აღარ ეტეოდნენ და პირდაპირ ასფალტზე ეცემოდნენ პანტა-პუნტით!...(აქ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა მრავალი წლის უკან!...)
  ამასობაში მივუხლოვდი მათ, ეს არის ჩემი სიყვარულიო!... გამაცნო მატეომ....გილოცავთ და წარმატებებს გისურვებ მეთქი და ასე დავემშვიდობე.
    უკვე რამდენიმე წელია რაც მე და მატეო ხშირად ერთად ვმგზავრობთ ავტობუსით სამსახურამდე. უკვე მაგარი „დაქალები“ ვართ. საიტერესო მოსაუბრეა და კვიმატი ენა აქვს.ორივე ჩამოსულები რომაელებს ვჭორავთ.საქართველოს ისტორიით დაინერესდა...ეს რამხელა ისტორია ქონია ხელისგულივით პატარა მიწასო!..ჟურნალისტია, ამიტომ საქალთველოში მომხდარ ამბებს" ცხლად-ცხლად" მაწოდებს        ერთხელ მითხრა კარგია საერთო ნაცნობები რომ არაგვყავს ვისთანაც გამჭორავო!...(სწორედ ამ სიტყვებმა გამინათა გონება-ეს ამბავი უნდა ჩავწერო...)ეს იცოდე ჩემო მატეო ,შენი ამბები მთელს დუნიაზე რომ გადმოვფინე  ფიცხი მარტის მზის გულზე!... რამდენიმე დღის წინ მითხრა რომ მილანში ბუნდებოდა სამუდამოდ...
  -ისევ სიყვარული?-ვკითხე
  -ისევ სიყვარული, რომელიც უკვე დამთავრდაო!....
დამშვიდობების წინ დამპირდა, რომ აუცილებლად მოვინახულებ საქართველოსო...ქართველი მამაკაცებიც ალბათ ძალიან ლამაზები არიანო...
  -არა მეთქი, ეშმაკის მაშხალებს გვანან!... ჩემ ნათქვამზე გულიანად იცინა... იტყუები, მე ვნახე ქართველი მოცეკვავები და რაგბისტებიო!...
  -ჰოდა.. ისინი, ლამაზები კი არა ვაჟკაცები არიან- მეთქი!...
                    გაზაფხული შემობრძანდა ბებერ რომში!...აბა გიჟ მარტს რა ენაღვლება ვისთვის რა იწყება და ვისთვის რა მთავრდება!...მოვარდება,ხან ქოქოლას მოგვაყრის სეტყვის სახით,ხან ცივი ქარით აგვიწეწავს ისედაც არეულ გონებას!...ხან დაგვიტკბება,შემოგვეხვევა, თავბრუს დაგვახვევს ამ ნაზამთრალ ხალხს. თავისებურად ლოყაზე შემოგვილაწუნებს და კიდე ერთელ შეგვახსენებს,
-გამოფხიზლდით, სიცოცხლე ისევ გრძელდებაოო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები