ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
17 იანვარი, 2015


მთვარის ვახშამი ( ნაწილი VI )

ფერისცვალებაა. . .
ბიძაჩემის ოთახში ფანჯრის რაფაზე ვზივარ. აქედან ხელისგულივით მოჩანს – ეზო, ბაღი, მესერის გადაღმა გზა და მეზობლის სახლები. ხის სამკუთხა სახაზავით მინაზე გეომეტრიულ ფიგურებს ვხაზავ ბიძაჩემივით. წარბაწეული ველაპარაკები დოდოს ზემოდან ბიძაჩემივით. ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვაკონტროლებ ბიძაჩემივით.

მებაღემ კენწეროებზე შერჩენილი ატამი დაგვიკრიფა. დაახარისხა, ხის ყუთებში ჩაალაგა და დაგვემშვიდობა. მეგონა,  თითები საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში დაკარგა. არაფერი ამის მაგვარი! ძალიან ემოციურად მოგვიყვა, ჯეელობისას სამხერხაოში რომ მუშაობდა, ჰო, ასე თქვა, ჯეელობისასო, ხელი აუსხლტა სამარჯვში ჩადებული მორიდან და ფრეზმა წამში გადააჭრა თითები, ისე, რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. ცოტა არ იყოს, გული დამწყვიტა ამ ჩვეულებრივმა ამბავმა.

დოდო სარწეველა სავარძელში ზის. ისე აქვს მთელი სივრცე შევსებული, ნემსი არ ჩავარდება. გაიქნევს პატარა ტერფს და დაირწევა სავარძელი წინ და უკან. მეშინია, არ გადაქანდეს და თავი არ დაარტყას ბეტონის ზოლს.  ათას რამეს ვიხსენებთ. ორი კვირა იყო გასული ნაზის გარდაცვალებიდან.
   
ლამბაქზე ობლად დარჩენილ კაკლის მურაბას ბოლო მოუღო.
- ანდერძი უნდა დაგიტოვოთ.
- წერილობითი თუ ზეპირი?
- ზეპირი. ძალიან მომწონს აქაური სასაფლაო. . .
ცალი თვალით ტელევიზორს ვუყურებ. ინგლისური სერიალი გადის. ფილმის გმირი თმაგადატკეცილი ქალები - ხაზგასმულად წელში გამართულები და ზრდილობიანები,  გრძელი მარგალიტის მძივებით. კაცები – ულვაშით, სიგარით და ვისკის ჭიქით ხელში. ყველანი უზომოდ დახვეწილები. . .
- შეიძლება სასაფლაო მოგეწონოს?
- შეიძლება. მშვენიერი ადგილი, ხედი, ჰაერი. აქ უნდა დავიმარხო, ნაზის გვერდით.
- იმ კორწოხზე გვაბღოტიალე ახლა.
- ჰო,შესასვლელთან ახლოს. ჩემს გასახსენებლად რომ ამოხვალთ, მაშინვე შეგნიშნავთ. შენი ჭირიმე, ვერცხლის ქაღალდში გახვეული შავბანტიანი ყვავილები არ მომიტანოთ. რაიმე, პატარა თაიგული, ნაზი ყვავილებით. . . მტკიცე გადაწყვეტილება მოვიღე,- ზამთარში აქ ვრჩები. აქედან ვივლი სამსახურში. ვიცი, ჩემი ძმა მალე დაბრუნდება. ვინმე ხომ უნდა დახვდეს. . .

შორს, ალუბლებში კლარკი შევნიშნე. დილიდან არ ჩანდა. ჩამოდიო, მანიშნა. ჩავედი. ერთიანად მტვერში იყო ამოგანგლული. მკლავზე და ლოყაზე მური ესვა. მძიმედ სუნთქავდა. მხართან გამოხეული მაისური შეისწორა. ცხვირწინ გამიქნია კეისი. რაღაც გაუგებარი წამოვიყვირე.
- იმათია?!
- კი!
- როგორ მოახერხე?
- მოვახერხე. სარდაფში ჩადი, დოდომ არ დაგინახო ისე. სახრახნისი და მკვნეტარა მოძებნე და მომიტანე. ჩაქუჩიც გამოაყოლე!

დიახ, ქართულად დამისახელა. სხვა “ატვიორტკას” და “კუსაჩკას” მოითხოვდა.
იცოცხლე, იარაღების ცნობა კი ვიცოდი, ბიძაჩემის წყალობით.

დოდოს ეძინა. მშვიდად ფშვინავდა. გულზე გადაშლილი წიგნი ედო. – “კავალერ დე გრიესა და მანონ ლესკოს ამბავი.” გალოკილ კოვზზე კრაზანების მოზრდილი გუნდი ბანაკდებოდა.

მებაღის ქოხში შევედით. რა არ ვცადეთ, ძალი და ღონე არ დავიშურეთ. თუ რამე წვეტიანი იყო სიახლოვეს, ყველაფერი გამოვიყენეთ. ჩაქუჩიც ვურტყით, ბარიც, თოხიც. ვერ გავხსენით კეისი. დავიღალეთ, გავიოფლეთ. ბოლოს, “გენიალური” იდეა მომივიდა.
- კლარკიი! ჩვენ ამას ვერ გავხსნით. მოდი, დავუბრუნოთ პატრონს. მეშინი, რამე არ  დაგვიშავოს.

ისე შემომხედა, წესით, ცეცხლი უნდა წამკიდებოდა ან გავმქრალიყავი.

- გოგოო, რატომ ხარ ასეთი სუსტი და მშიშარა, რატომ? მე რომ მოვკვდე ერთ დღეს, რა გეშველება? ბიძაჩვენი გაურკვეველ ვითარებაშია სადღაც. არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი. რას მთავაზობ, დავიკრიფო გულზე ხელები და მშვიდად დაველოდო, რა მოხდება შემდეგ? ბილეთის ვადა გადავწიე, თვის ბოლოს წავალ საფრანგეთში. თუ საჭირო გახდა, თუ სიტუაციამ მოითხოვა, საერთოდ არ წავალ. ამ დაუჯერებელ ამბავს ასე არ დავტოვებ. ვიღაც ოხერი ჩვენს ეზოში იპარება, ფანჯარაში ძრომიალობს, ოთახებში დასეირნობს, ღმერთამა იცის ხვალ რას მოიმოქმედებს და კეისი დავუბრუნო? ამაზე მეტი რა უნდა დაგვიშავონ? მოკლედ, გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი. გაიგე?
- გავიგე!
- წადი ახლა სახლში, დარაბები დაკეტე ყველა სართულზე!
- შენ?
- ეს უნდა დავმალო, შენ რომ არ იცოდე იქ.

იმ ფანჯრის დარაბას ვხურავდი, გზას რომ გადაჰყურებდა. დავინახე, დოდო როგორ შეუერთდა ეკლესიაში მიმავალ ქალებს. კლარკი ონკანზე ხელებს იბანდა. მერე, ხეზე მიყრდნობილი გრეგორი შევნიშნე, ჩვენს სახლს არ აცილებდა თვალს. ამომხედა და ჭიშკართან დაიწყო ბოლთის ცემა. მე დინჯად გავედი გარეთ. ვითომ პირველად აღმოვაჩინე ჩამოკონწიალებული “სახაზავი სამუშაოები,”აბრა მოვხსენი და შუაში გადავკეცე. ეზოში შევბრუნდი, შემომყვა. კლარკის დანახვაზე გაოცება დაეტყო სახეზე.

- რა საყვარლები ხართ!

ჩემმა ჭკვიანმა დაიკომ ხელები დინჯად შეიმშრალა. თავიდან ტერფამდე შეათვალიერა დაუპატიჟებელი სტუმარი.

- მე ყველაფერი ვიცი. არ დაიწყოთ ახლა ზღაპრების მოყოლა. რა გინდათ?
- დიგანი შეიძლება მოკვდეს.- მე შემომხედა გრეგორიმ.
- დიგანი ვინ ოხერია, რატომ უნდა მოკვდეს და ჩვენ რატომ უნდა უნდა ვიცოდეთ ეს? – გაიოცა კლარკიმ.
- კეისის პატრონია. კეისში მოთავსებული საიდუმლოს მცველია. ფიცი აქვს დადებული, დაკარგავს საიდუმლოს - მოკვდება
- მერე?
- გოგოებო, კეისი თქვენ არ გჭირდებათ. დაეწმუნებული ვარ, ვერ გახსენით. დამიბრუნეთ, გთხოვთ. თქვენთან არის ნამდვილად. ანგელამ დაინახა ზუსტად თქვენნაირი გოგო, ასეთივე მაისურით, როგორ გადაძვრა მესერზე. . .

კლარკიმ, როგორც სჩვეოდა ნერვიულობის დროს, თმა ცხენის კუდივით გაინასკვა და მხარზე ხელი მომხვია.
- ბიძაჩემი გააქრეთ. ია შეაშინეთ, ჩვენს საძინებელში შემოიპარეთ, ჩვენი სახლის გაყიდვას გვაძალებთ, საწყალი ნაზი შეიძლება თქვენ მოკალით. ამის შემდეგ, გინდათ რომ კეისი დაგიბრუნოთ? ცოცხალს ვნახავ ბიძაჩემს, დაგიბრუნეთ თქვენს ნივთს.

გრეგორი სახეზე წამოწითლდა და კლარკის გაუღიმა.
- ვიცოდი, ამ მშვენიერ არსებას, ასეთი სათუთი სახელი რომ ერქმეოდა. 

კლარკიმ ვაზის მაკრატელს ხელი წამოავლო.
- ბაღში უამრავი საქმე გვაქვს. გარკვევით ვთქვი ჩემი სათქმელი.

გრეგორიმ ქუდი მოიხადა. წითური თმა მზეზე ცეცხლის ალივით უბრიალებდა.

- მაგარი გოგო ხარ, ვაღიარებ. თქვენ არ იცით, რასთან გაქვთ საქმე. ასე უცებ, დიგანთან შეუთანხმებლად ვერაფერს გეტყვით. სეროზულად უნდა დავილაპარაკოთ. საღამოს მოვალთ თქვენთან.
- მოხვალთ? ჩვენთან? აქ ვერ მოხვალთ!
- ჩვენს სახლში?
- არც თქვენთან!
- სად ინებებთ შეხვედრას?- თქვენობითზე გადავიდა გრეგორი.
- ნეიტრალურ ადგილზე , სასაფლაოზე. ხვალ დილით, თერთმეტი საათისთვის.
პირი დავაღე. გრეგორი დაიძაბა.
- რატომ მანდ?
- აბა, მარკეტის წინ ან ტაქსების გაჩერებაზე?
- კარგით! ისე, მინდა იცოდეთ, ასეთ ტკბილ საუბარს ჩვეული არ ვარ. შემიძლია, დათმობებზე არ წავიდე და მკაცრ ზომებს მივმართო, მაგრამ რაღაც მაკავებს, ალბათ აუხნელი, ნათესაური გრძნობა, რომელიც თქვენს მიმართ გამიჩნდა. . .

დოდო გვიან დაბრუნდა. ოხრავდა, კვნესოდა. ეკლესიაში დიდხანს ფეხზე დგომით მუხლები დაუსივდა. ისე, კათოლიკეებსაც აქვთო კარგი რაღაცეები. მაგალითად,- მერხები ეკლესიაში. ზიხარ შენთვის მშვიდად, უფრო უღრმავდები ლოცვებს. ვიღაც ნივრით აქოთებული კისერში არ გაორთქლებს და სანთელს არ გაღვენთებს ზურგზე. ივიშვიშა, იქოთქოთა, ვიღაცეებზე რაღაცეები მოგვიყვა და ბოლოს, სრულიად მოულოდნელი, ახალი ამბავი გვამცნო, - საწყალი ნაზი, ქმარმა, ცაცია ნიკუშამ მოკლა ეჭვიანობის ნიადაგზე. ნიკუშა რომ ერქვა ვიცოდი, მაგრამ ცაცია თუ იყო -არა. ღმერთო, რა ჭკვიანია ჩემი და!

ვერაფრით წარმოვიდგინე  მოღალატე ნაზი. კიდევ ერთი იმედგაცრუება. ყველაფერ ცუდს გრეგორის ვუკავშირებდი. ვგეგმავდი, როგორ გამოვააშკარავებდი და შურს ვიძიებდი, როგორ მივიმწყვდევდი კუთხეში და ჩადენილ დანაშაულს მივახლიდი. მივაყურადებდი წინასწარ გამოძახებულ პოლიციის მანქანების სირენებს. ზიზღით შევხედავდი ბებრის უბედურ და ცრემლიან სახეს. არა რა, მებაღის ისტორიასავით ბანალურად გაიხსნა ყველაფერი. არ მეღირსა შურისძიებით ტკბობა. 

ორი ტიპი დაუკაკუნებლად შემოვიდა ეზოში. ერთი გამხდარი, ჩაცვენილი, გაუპარსავი ლოყებით. მეორე-ფერმკრთალი და მსუქანი. მისალმების და შესავლების გარეშე გამოგვიცხადეს, რომ იმათი ძაღლი, რომელიც მკვდარი ეგონათ ავარიის შემდეგ და ხევში გადააგდეს, გადარჩა. თურმე ჩვენთან არის და უნდა წაიყვანონ. დოდოს გაწმენდილი ფეხსაცმელები ხელიდან დაუცვივდა.
- შვილო, ხომ არ გეშლებათ?
ამ დროს, ბუბუც შემოვარდა ყეფით.
- აი ეს არის ზუსტად! ერთი ყური ხო აქვს გახვრეტილი?
- აქვს.
- წყალი არ გაუავა, ჩვენი ძაღლია.
- არ წაიყვანოთ, გთხოვთ. მივეჩვიეთ, მოგვეჩვია. ბებერი და კოჭლია, რაში გჭირდებათ?
- ეეე, ბებოო! – კბილებნაკლული პირი დააღო გამხდარმა, -ეს მაგარი, ჯიშიანი ძაღლია, თავისნაირ, პასპორტიან ძუკნასთან უნდა მივიყვანოთ. ლეკვებს დაყრიან. გავყიდით. მოგებას ვნახავთ.

გაოცება ვერც მოვასწარით, მსუქანმა საყელური ლასოსავით ჩამოაცვა კისერზე ბუბუს და თავისკენ მიითრია.  ბუბუ არ მისდევდა, გაცხარებული ყეფდა. ყველაფერს ებღაუჭებოდა წკმუტუნით. მე ვტიროდი, ვეხვეწებოდი არ წაეყვანათ. დოდო წყევლა-კრულვით ქოქოლებს აყრიდა ორივე მუტრუკს. დაგვამშვიდეს თავიანთი ჭკუით,- რას იცინგლებით, ლეკვებს რო დაყრის, ერთს მოგყიდითო. ბუბუმ ერთს შარვალი შემოახია. მეორეს მკლავზე უკბინა. დაკბენილმა ბუბუს წიხლი ჩააზილა ფერდში. საწყალმა ყრუდ დაიგმინა და ჩაიკეცა. გავგიჟდი, ავღრიალდი.

ეი, თქვენო, გადმოდგა აივანზე კლარკი, ხალათით და ჩალმასავით შემოხვეული პირსახოცით.
- შენ რაღა გინდა? - შეუღრინა გამხდარმა.
- ძაღლი დატოვეთ და წადით აქედან!
- თორე?
- პოლიციას გამოვიძახებ. მგონი, რომელიღაცას ციხეში მოუწევს შებრუნება.

საყელურიანად მოგვიგდეს ბუბუ და გაქრნენ.

დაძინებამდე  დავდევდით კლარკის და ვეხვეწებოდით ეთქვა, საიდან იცოდა, იმ ხეპრის ნაციხრობის ამბავი. არ ვიცოდი, შემთხვევით გავარტყიო. რაღაცას გვატყუებდა. მერე დოდოს რეცეპტების რვეულზე ამხანაგის მობილურის ნომერი მიუწერა. მამამისი ამ რაიონის პოლიციის უფროსია, ჩემს აქ არყოფნაში თუ ვინმე შეგაწუხებთ, ჩემი სახელით დაურეკეთ და მოგხედავთო.

ბედნიერი იყო ვარდის ბუჩქებში მიწოლილი, გამაძღარი ბუბუ. კუდის ქიცინით და თვალების ნაბვით, პატივისცემას და სიყვარულს გვიდასტურებდა..

იმ საღამოს, ორჯერ დავლიეთ მე და დოდომ ვალერიანის წვეთები.


გაგრძელებით








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები