ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
30 აპრილი, 2008


თოვლის ბაბუას საჩუქარი(დასასრული)

    გიორგი რომ სადმე შეეჩეხებოდა,ლალი სასწრაფოდ მიესალმებოდა და უცებვე გაეცლებოდა ხოლმე,თუმც ზურგს უკან კარგახანს გრძნობდა მის მზერას.
    გიორგიმ საახალწლოდაც აიყოლია ბავშვები. ოცდახუთში საიდანღაც დიდი ნაძვის ხე მოიტანეს,მოხალისე მშობლებიც დაიხმარეს , კორპუსის წინ მიწაში ჩაამაგრეს მორთვა დაუწყეს. გიორგიმ ბავშვებს დაავალა,ფერადი ქაღალდებისგან კონვერტები გაეკეთებინათ,შიგ  თოვლის პაპასთვის წერილები ჩაედოთ და ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდათ გაემზადებინათ. დააჯერა პატარები,რომ თოვლის ბაბუა ყველა წერილს წაიკითხავდა და მათ სურვილებს შეუსრულებდა.
    დათუნა მთელი საღამო მონდომებით ამზადებდა წითელ კონვერტს,მერე წერილი დაწერა,შიგ ჩადო,კონვერტს ჩამოსაკიდი გაუკეთა .
    როცა ბიჭს დაეძინა,ლალიმ ფრთხილად გახსნა კონვერტი. სურვილთა სია საკმაოდ გრძელი იყო,მაგრამ გამოკვეთილად,თავში ორი რამ ეწერა: 1.ველოსიპედი მინდა 2.მამა ჩამოვიდეს.
    ლალიმ ამოიოხრა,ამ სურვილებს ნამდვილად არ ეწერათ ასრულება.
    დღის განმავლობაში რამდენიმე მესიჯი მიიღო ლალიმ უცნობისაგან. ბოლო ასეთი იყო:
    "ჩემო ანგელოზო, რა გინდა რომ მოგიტანოს თოვლის პაპამ?"მას კი ნახატიც მოჰყვა,სადაც თოვლის ბაბუას ამანათი ეჭირა. ამ ნახატმა რაღაცნაირად სასწაულის მოლოდინით განაწყო.
    როგორც იქნა,დაღამდა. გიორგიმ ძლივს დაიყოლია ბავშვები,რომ ახალ წელს სახლებში შეხვედროდნენ და მერე ყველანი ეზოში,ნაძვის ხესთან შეკრებილიყვნენ.
    დედა-შვილმა სუფრა გააწყვეს,გირლიანდები ჩამოკიდეს და ტელევიზორს მიუსხდნენ თორმეტის მოლოდინში.
    -დე,შემისრულებს თოვლი ბაბუა სურვილებს?-იკითხა დათუნამ,როცა რეკლამაში საჩუქრებით დატვირთული თოვლის ბაბუა დაინახა.
    -გააჩნია რა თხოვე-დაგვიანებით გაეპასუხა ლალი-ალბათ ყველას ვერა.
    -ძია გიორგიმ,შეგისრულებთო? სად დადებს ნეტა? ჩვენს ნაძვის ხესთან თუ ეზოში?
    -ალბათ ჩვენთან.
    -აქ როგორ შემოვა?
    -შემოვა,შემოვა. ჯადოსნური ჯოხი აქვს და რომ დავიძინებთ,ყველა კარს აღებს.
    -უჰ,როდის მოვაააააააააა
      "ეჰ,ნეტა შენ!" გაიფიქრა ლალიმ. მობილური არ ჩერდებოდა. ხან ურეკავდნენ,ხან მესიჯები  მოდიოდა. ულოცავდნენ მეგობრები,ნათესავები,კოლეგები,მოსწავლეები,კლიენტები. ის უცნობი კი ყოველ ათ წუთში ხან მესიჯს უგზავნიდა,ხან ნახატს."ვინაა ნეტავ? სანამდე დარჩება ასე ინკოგნიტოდ? გეგა? ეჰ,გეგას მოლოცვაც არ გახსენია. არა, მორჩა, გავეყრები,აუცილებლად გავეყრები."
    -დე,დედიკო.თორმეტი ხდება,თორმეტი-წამოხტა დათუნა.
    ლალიმ შამპანური გახსნა. ცოტა დათუნასაც დაუსხა. ჭიქები მიუჭახუნეს,ერთმანეთი გადაკოცნეს. დათუნამ ეზოში ჩასვლა მოითხოვა.
    -ცოტაც მოიცადე. ჯერ იქ არავინ იქნება.
    -კი,დედა, შეხედე.
    ლალიმაც ფანჯრიდან გადაიხედა. ნაძვის ხე ათასფრად აბრჭყვიალებულიყო. იქვე პატარა საბარგო მანქანა იდგა ფერადი ნათურებით მორთული. საბარგულს კი წითელი ნაჭერი ეფარა.
  -შენ ჩადი,მეც მალე ჩამოვალ.
    -კარგი,ოღონდ მალე ჩამოდი დე,ძია გიორგიმ ყველა დაგვპატიჟა,საჩუქრები ერთად ვნახოთო-ქურთუკი გადაიცვა დათუნამ.
    -არა,არ დავაგვიანებ,წადი.
    დათუნა კისრისტეხით ჩარბოდა კიბეებზე. ლალიმ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები დააწყო:ხუთი ცალი"კინდერ სიურპრიზი",დათუნას საყვარელი შოკოლადები,"სახალისო მათემატიკა",კონსტრუქტორი(მეტს ლალის ხელფასი ვერ გაწვდა),ბებოს გამოგზავნილი ჩურჩხელები და ჩირი."თოვლის პაპის საჩუქრები ერთად ვნახოთო"-გაახსენდა დათუნას ნათქვამი-"საჩუქრები საიდან? აა,ნინომ ხომ მითხრა,გიორგის თაოსნობით რამდენიმე მშობელმა კარ და კარ ფული შეაგროვეს და საჩუქრები იქნებაო. კი,მაგრამ ჩემთან რატომ არ მოვიდნენ? ვითომ არ ვიყავი და ჩემს მაგივრად რომელიმე მშობელმა მისცა?  ნუ,გავიგებ. ალბათ ბავშვებს ტკბილეული უყიდეს."
  მობილურმა დაიწკარუნა. ისევ უცნობის მესიჯი იყო. "გჯეროდეს,ეს წელი განსაკუთრებული იქნება შენთვის. თოვლის პაპას საჩუქრად გული მოაქვს".გაეღიმა,თითქოს გული გაუთბა. ჟაკეტი გადაიცვა,თბილი შალი მოიხვია და კიბეზე დაეშვა.
    ეზოში კორპუსის თითქმის ყველა მცხოვრებს მოეყარა თავი. ასე ერთად,მომღიმარი სახეებით მათი დანახვა გაუკვირდა ლალის.
    -აი,ლალიც ჩამოვიდა-წამოიძახა ნინომ.
    -სად ხარ გოგო? შენ კი არა,მე ჩამოვფრატუნდი-გადაეხვია კატო ბებო.
    უცებ ზანზალაკების აწკარუნდნენ. ყველამ იქით მიიხედა. გიორგი საბარგო მანქანის ძარაზე იდგა და ზანზალაკებს აქნევდა.
    -ახლა დგება ყველაზე საზეიმო წუთი-განაცხადა მან-თოვლის პაპას სხვაგან ეჩქარებოდა და ეს საჩუქრები დაგვიტოვა. ზანზალაკებიც ზედ იდო .რადგან პირველი მე ჩამოვედი,მე ვიქნები თოვლის პაპა. კარგით?
    -იყავი,იყავი-ერთხმად წამოიძახეს პატარებმაც და დიდებმაც.
    ყველა სასწაულის მოლოდინში გიორგისკენ იყურებოდა. ისიც ნელ-ნელა ხდიდა საბარგულს ნაჭერს. გამოჩნდა ნაირფერი პარკების გროვა,ზედ მიკრული წარწერებით.
    ლალის ის ახალი წელი გაახსენდა...თვალები ცრემლით აევსო და შეუმჩნევლად ნაძვის ხეს ამოეფარა.
  გიორგი თითო-თითოდ იღებდა საჩუქარს და ზედ მიკრულ წარწერას კითხულობდა:
      -თათიას!
      -ნიკას!
      -თენგიზს!
      -მარიამს!
      -გურამიკოს!
      -ლიკას!
      ბავშვები ოვაციებით ხვდებოდნენ ყოველ საჩუქარს:
      -რა იცოდა თოვლის პაპამ როგორი თოჯინა მინდოდა?
      -მე ბურთი
      -მე შოკოლადები
      ბავშვების ჟრიამულში უკვე ძლივსღა ისმოდა გიორგის ხმა.
    ლალიმ თვალებით პირმშო მოძებნა. დათუნა თვალებგაფართოებული,ლოყებაწითლებული,აჩეჩილი თმებით,გვერდზე მოქცეული ქუდით გაფაციცებით ადევნებდა თვალს დასაჩუქრებას. ლალის გული შეეკუმშა.
    "ეჰ,როგორ დაწყდება გული...ეტყობა გიორგიმ ბავშვთა წერილები წაიკითხა,მშობლები დაიხმარა და ეცადა,ზღაპრული გაეხადა ეს ახალი წელი მათთვის. რატომ არ გამომართვეს ფული?თუმცა,რომც მოსულიყვნენ,სად მქონდა ფული?  ჯანდაბას! ბავშვს საახალწლოდ მაინც როგორ არ გამოუგზავნა ფული? არა,მორჩა,ოფიციალურად უნდა გავეყარო და იძულებული იქნება ალიმენტი ყოველ თვე გამოუგზავნოს."
    საჩუქრების გროვა თანდათან მცირდებოდა. თითქმის ყველა ოჯახმა მიიღო საჩუქარი. მოხუცებს ტკბილეული ერგოთ,ახალდაქორწინებულ წყვილს პირველი სადარბაზოდან: ბავშვის საწოვარა და პამპერსები, ორი თვის თეონას და მის დედიკოს თეთრი,ფუმფულა ძაღლი(ახლაც ძაღლის წელი შემოვიდა) და ჭოჭინა, მარტო მცხოვრებ სტუდენტ თემოს: კომპიუტერის დისკი და რვეულები.
    -აბა,ვნახოთ ეს დიდი საჩუქარი ვისია-იდუმალი ხმით დაიძახა გიორგიმ -დათუნა! დათუნა სადაა?
    დათუნა გახარებული მიიჭრა ძარასთან. გიორგიმ ფრთხილად ჩამოიღო ძარიდან შეხვეული და ქაღალდი შემოაცალა. ბავშვს სიხარულისგან ისეთი ხმები აღმოხდა,რომ ხმაურიც კი გადაფარა:
    -დე,დედა,დედიკო! თოვლის პაპამ ველოსიპედი მომიტანა,ველოსიპედი!!!-ხტუნავდა ველოსიპედს ჩაჭიდებული ბიჭი. გიორგი რაღაცას ეუბნებოდა და ვარდისფერ პარკს აჩეჩებდა,მაგრამ დათუნას არაფერი ესმოდა.
    ცრემლმორეული ლალი შეცბუნებული იდგა."ეს ვინ? როგორ? ეს ხომ საკმაოდ ძვირია,როგორ გადავიხადო?"ამ დროს გიორგი მიუახლოვდა:
    -გილოცავთ!  ეს თქვენ!დათუნა ისეა აღტაცებული,ვერაფერი შევასმინე-და პარკი გაუწოდა.
    -გიორგი,ეს როგორ?  ვინ? თანხა...
    -ჩათვალეთ ,რომ თოვლის ბაბუამ-გაუცინა გიორგიმ და პარკი დააკავა.
    ლალიმ ჩაიხედა. თეთრი,ფუმფულა ძაღლი ცოცხალივით იყურებოდა. ლალის გული ტკივილისგან ისევ შეეკუმშა,მაგრამ თავს ძლია და გიორგის გაუღიმა;
    -გმადლობთ,დიდი მადლობა. ვეცდები,მალე გადავიხადო...
    -რა? თოვლის პაპა საჩუქრებში ფულს იღებს?-გაიცინა გიორგიმ და გაშორდა.
    კარგა ხანს იჟრიამულეს პატარებმა,ერთმანეთი მოიკითხეს უფროსებმა,ხვალინდელ შეხვედრებზე შეთანხმდნენ ზოგიერთები.ნელ-ნელა გაიკრიფა ხალხი. ლალიმ ძლივს დაითანხმა დათუნა,რომ ბინაში ასულიყვნენ. ერთად აიტანეს ველოსიპედი. დაწოლა არ უნდოდა ბიჭს. ვინ იცის მერამდენედ გადაუსვა ტილო,ხან ახლოდან შეხედა ,ხან შორიდან. ბოლოს დედამ საწოლთან დაუდგა ველოსიპედი. ცალი ხელი მას ჩასჭიდა დათუნამ და უცებვე ჩაეძინა ემოციებითა და უძილობით დაღლილს. ცრემლიანი თვალებით უყურებდა ლალი. გახარებულ ბიჭს სულ არ გახსენებია ენახა,სახლში მოუტანა თუ არა თოვლის პაპამ საჩუქრები,თუმც ისინი ამ საჩუქრის ფონზე არც დააინტერესებდა ალბათ. ლალი წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა. მინას შუბლით მიეყრდნო. ნაძვის ხე ისევ ლამაზად ციმციმებდა,ოღონდ ახლა მარტო იდგა,სულ მარტო."ჩემსავით"-გაიფიქრა ლალიმ და ცრემლები ჩამოუგორდა.
    უცებ ზარის ხმა გაისმა.
    "ვის გავახსენდი? ალბათ ნინო და ლევანი არიან. მეკვლე ვიქნებიო,შემპირდა და ალბათ ვინმემ არ დამასწროსო,ლევანი არ მოასვენა".თვალები ამოიწმინდა,არც უკითხავს ვინ იყო,ისე გააღო კარი და...შეცბა. ზღურბლზე გიორგი იდგა. ხელში ბორდოსფერი ვარდების ულამაზესი თაიგულით,თავზე კი სანტა კლაუსის ქუდით და გულიანად იღიმებოდა.
    -კიდევ ერთხელ გილოცავ,ლალი. შეიძლება შემოვიდე?
    -რა თქმა უნდა,მობრძანდით. თქვენც გილოცავთ. ძლივს დავაწვინე.კინაღამ ველოსიპედიც ლოგინში ჩაიწვინა. როგორ გაახარეთ...
    -თქვენ...შენ არ ელი თოვლის პაპას? არ გინდა საჩუქარი?
    -მე?-გაეცინა ლალის-ეჰ,კარგა ხანია ზღაპრების აღარ მჯერა. თან ხომ მივიღე საჩუქარი?
    გიორგიმ მიიხედა. კოპწია ნაძვის ხესთან თეთრი ძაღლი დასკუპულიყო.
    -დაბრძანდით-ლალი შამპანურის ბოთლს დასწვდა,მაგრამ გიორგიმ არ დაანება,თვითონვე დაასხა.
    -კიდევ გილოცავ,ლალი.დიდი ბედნიერება მოეტანოს შენთვის.ძაღლივით მოყვარული მეგობარი გეპოვოს.მაპატიე,ასე გვიან რომ ..
    -არა,რას ბრძანებთ. პირიქით,გამიხარდა. თქვენც ყოველგვარ სიკეთეს გისურვებთ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა.-ლალიმ ჭიქა მიუჭახუნა და გაუღიმა.
    გიორგიმ დალია,აცალა,სანამ ლალიც მოსვამდა,მერე ჯიბიდან მოგრძო კოლოფი ამოიღო,მაგიდაზე დადო და წამოდგა.
    -მოდით,მე ვიქნები თქვენი თოვლის პაპა.
    ლალი შეიშმუშნა.
    -თქვენ... რატომ?
    -უკვე გვიანია,წავალ. კიდევ ერთხელ გილოცავ ლალი და ტკბილ ძილს გისურვებ-გაუღიმა გიორგიმ. ზღურბლზე ისევ შემოტრიალდა,ისევ გაუღიმა და კარი გაიხურა.
    ლალიმ გასაღები გადაატრიალა და კარს მიეყრდნო. ვერაფრით აეხსნა ეს ვიზიტი. უფრო სწორედ ,არ უნდოდა რამესთვის დაეკავშირებინა. შემობრუნდა,მაგიდასთან მივიდა. ვარდისფერი ყუთი აიღო,შეატიალ-შემოატრიალა ,გახსნა და გაოცებისაგან სუნთქვა შეეკრა. ყუთში შავი მარგალიტების მძივი,საყურე და ბეჭედი ეწყო,ქვეშ ქაღალდი ედო. ამოიღო და გაშალა.
    "გჯეროდეს,ეს წელი განსაკუთრებული იქნება შენთვის,თოვლის პაპას საჩუქრად გული მოაქვს“.ქვეშ კი მსხვილი ასოებით ეწერა:“ლალი,მე ძალიან მიყვარხარ.გთავაზობ ჩემს გულს. გჯეროდეს,მე სიხარულის მომტანი თოვლის პაპა ვარ!"
    ლალიც სული სითბოთი აევსო,თვალები ცრემლით. მარგალიტები აბრჭყვიალდნენ,აციმციმდნენ და იდუმალად გაუღიმეს თითქოს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები