ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: იუმორისტული
1 აპრილი, 2015


დები

  თუ შენს დაზე 5 წლით გვიან დაიბადე, ესე იგი არ გაგიმართლა და ბედს უნდა შეეგუო...
  პირველი, რაც დაგემუქრება, ეჭვიანობის ნიადაგზე, რაიმე ბლაგვი საგნის მოხვედრაა თავში. ასე ხშირად იქცევიან პატარები, როდესაც მშობლები მათ "კუთვნილ" ყურადღებას მოულოდნელად საიდანღაც გაჩენილ, ვარდისფერ ჩვრებში გახვეულ არსებას უთმობენ.  ვთქვათ, ამ განსაცდელს გადაურჩი (უმეტესად ასეც ხდება), წინ არაერთი სხვა განსაცდელია.
  უფროსი და როგორღაც შეეგუა შენს არსებობას და ახლა ცდილობს, რაიმე გამოყენება მოგიძებნოს. მაგალითად იმ მოსაწყენი, უჭმელი და უმოძრაო თოჯინების მაგივრობა გაგაწევინოს, რომლებიც უკვე მოჰბეზრდა. შენ მოძრაობაც შეგიძლია, ჭამაც, თუ საწოვარიან ბოთლს პირში ჩაგჩრიან (გინდა, თუ არ გინდა),  ტანსაცმელიც იმაზე გაცილებით მეტი გაქვს, ვიდრე თოჯინებს და რაც მთავარია, ჩხავილი შეგიძლია, რაც უფროს დას საშუალებას აძლევს "დედობრივად დაგამშვიდოს". თუ მაინც და მაინც თავს მოაბეზრებ, უკეთეს შემთხვევაში, მიგაგდებს და სხვა თოჯინებით ითამაშებს, უარეს შემთხვევაში, ხელს აგაფარებს პირზე და შეგაწყვეტინებს ჩხავილს (თუ არ გაგიმართლა, სუნთქვასაც)...
  თუ ცხოვრების ეს ეტაპი უვნებლად გამოიარე, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ თანაბრად გაყოფილი კანფეტებიდან შენი წილიც უფროსი დის საკუთრებაა, თუ უფროსების წასვლამდე ვერ მოასწარი მათი ათვისება, ან უბრალოდ გადანახვა მოგინდა. იგივე "კანონი" მოქმედებს სათამაშოებზე: "შენი" სათამაშოები მხოლოდ მაშინ არის შენი, თუ მშობლები ახლოს არიან, ან უბრალოდ შენს დას არ მოსწონს ისინი.
  ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იწყება მაშინ, როდესაც შენი და უკვე "დიდგოგოობას" და დაქალებთან ჭორაობას გაუგებს გემოს. ამ დროს გირჩევნია კარგად დაიმახსოვრო (უკეთეს შემთხვევაში, ჩაიწერო) ყველა ის დავალება, რომელსაც სამსახურში წასვლის წინ მშობლები შენს დას უბარებენ, მაინც შენი გასაკეთებელი იქნება. ცხოვრების ამ ეტაპზე შენ აუცილებლად მოხსნი რეკორდს ჭურჭლის რეცხვაში, ოთახების დაგვა-დალაგებაში და ა.შ. და ეს ყველაფერი შენი უფროსი დის დაქალებთან ყავის სმის, ჭორაობის და სხვაგვარი გართობების პარალელურად. შენ, რა თქმა უნდა, იმ ოთახში შესვლის უფლებაც არ გაქვს, სადაც "დიდები" არიან... ამ დროს ყველაზე აქტუალური შეკითხვა შენს ტვინში ასეთია: "ჩემი და უფრო მეზიზღება, თუ მისი დაქალები?"
  თუ შენს დაზე 5 წლით გვიან დაიბადე, ესე იგი ძააალიან არ გაგიმართლა... მაგრამ...

  მე და ჩემი ხუთი წლით უფროსი და ერთად არ ვიზრდებოდით. პირველი, რაც დასთან დაკავშირებით მახსენდება ის დღეა, როდესაც ის იმ  ქვეყანაში ჩამოვიდა, სადაც მე ვცხოვრობდი ( ალბათ, მიხვდით: ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში გავიზარდეთ) და მე და დედა მის სანახავად წავედით.
  ვიქნებოდი დაახლოებით 5 წლის. მაშინ მოდური იყო შავი ნაჭრის ზონარზე დაკიდებული ბისერი, რომელსაც ყელსაბამის დანიშნულება ჰქონდა და გათვალისწინებული იყო ყელზე, ზუსტად საძილე არტერიის პარალელურად, უფრო გასაგებად რომ ვთქვა - "ადამიას ვაშლთან" გასაკეთებლად.
  ასეთი სამკაული ჩემს დას ორი აღმოაჩნდა: ერთი -საყურით, მეორე -საყურის გარეშე. ყელსაბამები თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ მე რატომღაც საყურიანს დავადგი თვალი (ყურები გახვრეტილი არ მქონდა და საყურეს ვერ გამოვიყენებდი). დედაჩემმა "საყურეს მაინც ვერ გაიკეთებს და ის მეორე მიეცი"-ო. მე მოვიღრუბლე, რუსოს კი თვალები გაუბრწყინდა (ჩემს დას რუსუდანი ჰქვია. სულ დამავიწყდა თქვენთვის წარმედგინა). დედამისმა "ბავშვს ის მიეცი, რომელიც უფრო მოსწონს"-ო. სიტყვების -  "დედამისი" და "დედაჩემი" - გამოყენებამ, ალბათ, თქვენც ისევე დაგაბნიათ, როგორც ის ტაქსის მძღოლი, რომელზეც მოგვიანებით მოგიყვებით. საქმე იმაშია, რომ მე ნაშვილები ვარ და ორი დედა მყავს: გამზრდელი და მშობელი, თან ისეთები, ჩემს სიყვარულში რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან. აი, ჩემს დას კი მხოლოდ ერთი დედა ჰყავს, როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს (აკი სულ ვიმეორებ: ჩვენ ორში განსაკუთრებული მხოლოდ მე ვარ)...
  მოკლედ, ყელსაბამი თავის საყურეებიანად ჩემს პატარა ხელჩანთაში აღმოჩნდა, ჩემი და კი - სახლის მეორე სართულზე. იქ რას აკეთებდა? აბა, მე რა ვიცი?! როცა ჩვენს გასაცილებლად ჩამოიყვანეს (ძალით), თვალები შეწითლებული ჰქონდა (რა თქმა უნდა განშორების გამო იტირა, აბა, მართლა ყელსაბამი კი არ დაენანა ერთი დღის გაცნობილი ლაწირაკისთვის, რომელზეც უთხრეს შენი და არისო).
 
  მეორე ეპიზოდი, რომელშიც რუსოს ვიხსენებ , უკვე "მის ტერიტორიაზე" მოხდა - მე მათთან ვიყავი სტუმრად. ბავშვები მარტო დავრჩით სახლში. როგორც ჩანს, ჩემმა დამ ამ ფაქტით სარგებლობა გადაწყვიტა და სახლიდან გასვლას აპირებდა. თავი დაიბანა, დაივარცხნა კოხტად და ის უხარისხო შოკოლადისფერი (ამ ფერს სხვანაირად ვეძახით ჩვენ, მაგრამ მკითხველთან ცენზურა უნდა დავიცვა) ტუჩსაცხი წაისვა, რომელიც ბავშვობაში მისი ბედნიერება, თავდაჯერებულობა და დიდგოგოობის უტყუარი მტკიცებულება იყო, დღეს კი ჩემი საყვარელი მოგონებაა მისი ბავშვობიდან.  აბა, თუ გამოიცნობთ, როგორ ჩავუშალე გეგმა?  სულ მარტივად! ორივე მუჭში ცოოოტა დარბილებული კარაქი ჩავბღუჯე და ლამაზ დალალებს ნიღბად ვუთავაზე. ამ უწყინარი ქმედების შედეგად რუსო წივილ-კივილით გაიქცა აბაზანისკენ, მისი (ჩვენი) ბავშვობის უდიდეს ტკივილი - ტილები კი სადღესასწაულო  ვახშამს მიუსხდნენ.
  "ადამიანი მაძიებელია. ალბათ, რაღაც ასაკის შემდეგ წყვეტს წინ ყურებას და უკან ტრიალდება. ხოლო გამრავლება  თუ მოახერხა, მაშინ ჰყავს მეგზური საკუთარი ცხოვრების თავიდან დასათვალიერებლად" - წერს ფრედერიკ ბეგბედერი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში. ზოგადად ეს სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აქაც რაღაც განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე: როცა ჩემი და უკან ტრიალდება, ჩემს ბავშვობას ხედავს...  საკუთარი შვილის სახით.
  უნდა ვაღიარო, რომ ბევრს ეცადა .მთელი ორსულობა ჩემს სურათს უყურებდა, რომ პატარა მე დამმსგავსებოდა (სახელიც კი ჩემი დაარქვა). მაშინ რუსიკო კარგად არ მიცნობდა და  შესაძლოა, ამითაც აიხსნას მისი სურვილი და მონდომება. თუმცა ჩემთვის, მის ადგილზე, ზემოთ აღწერილი ორი ეპიზოდიც კი სავსებით საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რომ ორსულობის პერიოდში ჩემი დის ყველა სურათი რაც შეიძლება შორს გადამემალა, რომ როგორმე თავიდან ამეცილებინა ის მსგავსება, რაც ჩემსა და ჩემს დიშვილს შორისაა. მან განსაკუთრებით ჩემი ხასიათის და-copy-paste-ება მოახერხა, დედის გულის "გასახარებლად".

  ტაქსის მძღოლი ვახსენე წეღან - ჩვენი სანდრინიო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მისი ტაქსით სარგებლობისას, ჩვეულებრივი შეკითხვა დავუსვით:
  -რომელი უფრო ლამაზია - მე, თუ ჩემი და?
  -ორივენი ლამაზები ხართ... - სიტუაციიდან მარტივად დაძრომა სცადა სანდრომ.
  -ჰო, მაგრამ ჩემი და ბებერია და მსუქანი! - გავაპროტესტე მე.
  -სამაგიეროდ ლანა "პრიშიკებიანია"! - არ დაიბნა რუსო.
  სანდრომ დერმატოლოგიური მზერით აათვალიერ-ჩაათვალიერა ჩემი უზადო კანი და ისეთი სახე მიიღო, უეჭველი ფიქრობდა "ეს უფროსი და არათუ ბებერი და მსუქანი, მატყუარაც არისო" ... და ცხადია, მე ამირჩია.  რა თქმა უნდა მეგობრად ( თუ ამ ნაწერს დღის სინათლე ეღირსა, სავარაუდოდ, სანდროს ცოლიც წაიკითხავს, მე კი არ მინდა მის მიერ ქმრის მოკვლის მიზეზი გავხდე. სწორედ ამიტომ ფრჩხილებში "ჩუმად" დავწერ, რომ სანდრო ორივეს გვეპრანჭებოდა... უფრო მე, ბუნებრივია!)
  ამის შემდეგ მძღოლი კარგა ხანს უსიტყვოდ იჯდა. პრინციპში ვერც მოახერხებდა სიტყვის ჩაკვეხებას ჩვენს უწყვეტ საუბარში. ბოლოს მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და დასვა ის შეკითხვა, რაც, სავარაუდოდ, თქვენც დასვით კითხვის დასაწყისში:
  -კი მაგრამ, თუ დები ხართ, ეს "დედაშენი" და "დედაჩემი" რაღაა?
  უდაოა, რომ უფალმა უკეთ იცის, რა და როგორ ჯობია ჩვენთვის. ჩვენ რომ ერთი დედ-მამა გვყოლოდა, ხომ კიდევ ერთი მიზეზი გვექნებოდა ომისთვის? როგორღა გავიყოფდით მათ?

  ჩემს სკოლაში სწავლობდა ერთი მსუქანი, ძალიან მახინჯი გოგო. მთელი სკოლის რჩეული ბიჭები მასთან მეგობრობდნენ. თავდაპირველად ამ გოგოზე, ხოლო შემდგომ კიდევ რამდენიმე მისნაირზე დაკვირვებით დავასკვენი, რომ მსუქანი და უშნო გოგოები ყოველთვის უფრო კეთილები, მეგობრულები და თბილები არიან. ისინი მხოლოდ კეთილ საქმეებს აკეთებენ. შეუძლიათ ისეთი სითბო დაგანახონ და ისეთი რაღაცეები გააკეთონ შენთვის, რის გაკეთებაც შენ თავშიც კი არასდროს მოგივიდოდა. დათვ ბალუს ჰგვანან, სულ გინდა ჩაეხუტო.
  ეგ რა შუაში იყო ახლა? რა დააა... რუსოს სითბოებზე და სიკეთეებზე უნდა ვისაუბრო, ისიც ხომ ბალუსავით  თბილი და არანორმალურად კეთილია.
  ახლა ერთი ისტორია გამახსენდა:
  ორიოდე  წლის წინ მასთან ვიყავი სტუმრად რამდენიმე თვით.  ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში იქ ჯო კოკერი  და ეროს რამაზოტი მართავდნენ კონცერტებს თითქმის ერთდროულად. რუსიკოს დაქალს ადრევე დაეჯავშნა ბილეთები რამაზოტის კონცერტზე, რადგან იქ დასწრება მისი ბავშვობის ოცნება იყო, ჩემს დასაც ძალიან უხაროდა იმ კონცერტზე წასვლა. ერთ დღეს, როცა კოკერის კონცერტის აფიშას ჩავუარეთ, ვთქვი, რომ რამაზოტის ათი თავით ჯობია კოკერი. მაშინ მითხრა ჯოს კონცერტზეც წადი, თუ მოგწონსო. 
  რაღაც დროის შემდეგ, როდესაც მისი დაქალის დაბადების დღეზე ვიყავით და ოკსანამ (ასე ჰქვია დაქალს) ცოტა დალია, რუსოს ჩემდამი დამოკიდებულებაზე დაიწყო საუბარი და წამოსცდა, რომ თურმე რუსოს უთქვამს, ჩემი ჯავშანი გააუქმე და ლანა წავიდეს ორივე კონცერტზეო, რადგან ბილეთები საკმაოდ ძვირი ღირდა და იმ პერიოდში ორივე ბილეთის ყიდვას სხვაგვარად ვერ ახერხებდა ჩემთვის.
  რომ ვუფიქრდები, მე არასოდეს მომივიდოდა მსგავსი რამ თავში, თუმცა ჩემი და ხომ ბალუა - ყველაზე თბილი და წარმოუდგენლად კეთილი. ჰო, მსუქანი და უშნო გოგონები საერთოდ ასეთები არიან, განსაკუთრებით, როცა ასაკში შედიან...

  თუ შენს დაზე 5 წლით გვიან დაიბადე, ესე იგი არ გაგიმართლა და ბედს უნდა შეეგუო... ოღონდ, როგორც ყველაფერ დანარჩენში, აქაც არსებობს გამონაკლისი...



  P.s. დღეს ჩემი დის დაბადების დღეა, ეს ნაწერი კი ჩემი საჩუქარი.
    -დაააად, მიყვარხარ მთელი შენი ცელულიტის მარაგითა და სიბერის წლებით... აიღე ახლა ცხვირსახოცი და შეიმშრალე ის ცრემლები, ნაწერის კითხვისას რომ აღვარღვარე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები