ნაწარმოებები



ავტორი: აზგო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 თებერვალი, 2015


მოესწრება გადასახლება?

ყოველდღიური საზრუნავი მთავარია მაგრამ ხანდახან ცხოვრებაში  გამოუსადეგარ მოვლენებზე დაფიქრებაც არაა საზიანო და არც იმის გაგება - თუ არსებობენ კოსმოსში სტუმართმოყვარე პლანეტები?
რადგან უბრალოდ პლანეტები კი არა, სიცოცხლისთვის გამოსადეგებია საინტერესო, მათგანაც დავიწყოთ. ჯერჯერობით ასეთი მხოლოდ ერთია ცნობილი, რომლის გალაქტიკური საფოსტო მისამართია: დედამიწა, მზის სისტემა, კასიოპეას თანავარსკვლავედი(უახლოესი „მეზობლების“ თვალთახედვიდან).
თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს რომ სიცოცხლე, როგორადაც ჩვენ იგი წარმოგვიდგენია, გაჩნდება მხოლოდ ისეთ პლანეტაზე სადაც არის წყალი. ამასთან ერთად აზუსტებენ რომ წყალი უნდა იყოს თხევად მდგომარეობაში. მე რომ მკითხო, ეს იგივეა რომ თქვა - კლდე უნდა იყოს მყარ მდგომარეობაშიო. იმიტომ რომ არათხევად მდგომარეობაში მინერალ H2O -ს ეწოდება ყინული, თოვლი, სეტყვა ან ორთქლი.
ეს კი ნიშნავს რომ ასეთ პლანეტაზე საშუალო ტრემპერატურა მერყეობს ცელსისუსის 0-დან 100 გრადუსამდე შუალედში. იმის გათვალისწინებით რომ ტემპერატურას ცვლილებათა აუზარმაზარი დიაპაზონი გააჩნია სამყაროში: აბსოლუტური ნულიდან (დაახლ. -273 °C) ათეულ და ასეულ მილიონ გრადუსებამდე ვარსკვლავთა ბირთვებში, პლანეტისთვის უკიდურესად ძნელია ზუსტად „გაარტყას“ ამ ასგრადუსიან მონაკვეთს. დედამიწამ ცხადია შესძლო ეს - საშუალო ტემპერატურა მის ზედაპირზე 14,5 °C გრადუსია.
ეგ იმიტომ გამოუვიდა რომ იგი თავისი ვარსკვლავის დასახლებად (habitable) ზონაში(დზ) იმყოფება, ანუ განლაგებულია მზისგან არც ძალიან შორს და არც ახლოს, ზუსტად იმდენ სითბოს იღებს, რამდენიც ექიმმა გამოუწერა.
მაგრამ თურმე ამ სითბოს ამბავი მთლად ასე მარტივად არ ყოფილა, იგი მარტო დაშორებაზე არაა დამოკიდებული და შესაბამისად ამ დზ-ს საზღვრები მარტო მნათობამდე მანძილით არ გამოითვლება.
ხოლო თავიდან კი მიიჩნეოდა რომ პლანეტა დზ-შია მანამ, სანამ იმდენად არ დაშორდება ვარსკვლავს, რომ სიცივის გამო მისი ატმოსფეროდან ნახშირბადის ორჟანგი არ „ამოიყინება“, რის შემდეგაც ქრება სათბურის ეფექტი და პლანეტის ზედაპირიც იმდენად ცივდება რომ წყალს ვეღარ ინარჩუნებს.
ჩვენს მზესაც ცხადია თავისი დასახლებადი ზონა აქვს და მისი საზღვრებიც მალე დაადგინეს ვითომ. ამ ზონის გარეთა, მნათობისგან შორეული კიდის იქეთ მყოფ პლანეტებზე ძალიან ცივა და წყალი იყინება. ხოლო ახლო კიდის აქეთ განლაგებულ ციურ სხეულებზე ძალიან ცხელა, წყალი ორთქლდება ან საერთოდაც იშლება.
მაგრამ გამოხდა ხანი და მარსის მაგალითმა გააბათილა ეს მონდომებით გამოთვლილი საზღვრები. ერთ საშუალო ავტოპარკს რომ ეყოფა იმდენი ამერიკული მარსმავალის ათი წლის განმავლობაში ხეტიალმა და მათ მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა  უეჭველად დაადასტურა რომ ამ პლანეტაზე ოდესღაც იყო მდინარეები, რომლებშიც ზუსტად რომ ჩვეულებრივი წყალი მოჩუხჩუხებდა.
მაგრამ მარსი ხომ დზ-ს გარეთ ითვლებოდა ანუ გაცილებით შორს იმ ადგილიდან, სადაც მასზე ჯერ კიდევ შეიძლება წყლის არსებობა. შემდგომმა, უფრო მაღალტექნოლოგიურმა კვლევებმა გასცეს ამ კითხვას პასუხი. თურმე სათბურის ეფექტის შექმნა არამარტო ნახშირორჟანგს ძალუძს, არამედ წყალბადსაც, ოღონდ სხვა მექანიზმით. თუ სათბურის გაზი ატმოსფეროდან გარეთ, კოსმოსში არ უშვებს სითბოს, წყალბადი თავად წარმოქმნის მას სხვა მოლეკულებთან შეჯახებისას. ამავე დროს იგი არ ამოიყინება ატმოსფეროდან რადგან ამისთვის გაცილებით უფრო დაბალი ტემპერატურაა საჭირო. მაგრამ მარსი პატარაა და მიზიდულობის ველი სუსტი აქვს, მან ვერ შესძლო წყალბადის შენარჩუნება რომელიც კოსმოსში გაიფანტა და პლანეტის ზედაპირიც ამის მერე სასტიკად გაითოშა.
რას აჩვენებს ეს მაგალითი? რას და იმას რომ რაც მეტი გროვდება ცოდნა, მით უფრო ზუსტდება დზ-ს საზღვრები.
ადრე ითვლებოდა რომ ამ ზონის შიგა საზღვარი ჩვენგან უშველებელი 75 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. მაგრამ დროთა განმავლობაში ცოდნის მარაგმა იმატა და ერთხელაც გამოირკვა რომ ატმოსფერულ დინებებს დიდი გავლენა აქვთ სთბოს განაწილებაზე. ამის გათვალისწინებით ეს შიგა ზღვარი თურმე მზისგან გაცილებით შორსაა ხოლო ჩვენგან გაცილებით აზლოს - 26 მილიონი კილომეტრში. სხვათაშორის ამ დაზუსტებამ ისიც ახსნა თუ რატომაა ვენერაზე ნამდვილი ჯოჯოხეთი, როცა ის თითქოს დზ-ში მყოფად მიიჩნეოდა მანამდე და იქ მშვენიერი ჰავა უნდა ყოფილიყო.
და აი, უკნასკნელმა კვლევებმა აღმოაჩინეს რომ მზესთან მიახლოვებისას სწრაფად იზრდება მისი ულტრიისფერი გამოსხივების ქმედება. იგი შლის აორთქლებული წყლის მოლეკულებს ჟაგბადად და წყალბდად, ხოლო წყალბადი, როგორც ვნახეთ, აძლიერებს სათბურის ეფექტს ანუ ზრდის ტემპერტურას პლანეტის ზედაპირზე.
ამ ეფექტის გათვალსწინებით საბედისწერო არემარემ უკვე 7,5 მილიონ კილომეტრზე მოიჩოჩა. შედარებისთვის გავიხსენოთ რომ ტელესკოპი „კეპლერი“, რომელმაც უკვე ათასობით პლანეტა აღმოაჩინა სხვა ვარსკვლავებთან და რომელიც დედამიწის ირგვლივ კი არ ბრუნავს, არამედ „კუდში“ მისდევს მას მნათობის ირგვლივ ტრიალისას, 19 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული ჩვენი პლანეტისგან.
აქედან კი გამომდინარეობს რომ ჩვენი პლანეტა სრულიად არასასურველ მახლობლობაში ყოფილა იმ ზღვართან, რომლის იქეთ მას ჩამოერთმევა წყალი და შესაბამისად სიცოცხლეც.
როგორც ყველა ვარსკვლავს, ისე ჩვენს მზესაც ეწურება ძირითადი საწვავი - წყალბადი. იგი გარდაიქმნება ჰელიუმად რომელიც თანდათან გროვდება და მკვრივდება მზის ბირთვში. მისი მზარდი მიზიდულობა დარჩენილი წყალბადის ატომებს სულ უფრო მძლავრად იზიდავს და უფრო ხშირად აჯახებს ერთმანეთს რის გამოც მზის ტანში სულ უფრო მეტი ენერგია წარმოიქმნება, იგი მეტად ხურდება და ფართოვდება. გაფართოების გამო კი მზე დიდდება და სულ უფრო არასასიამოვნოდ გვიახლოვდება,
უკანასკნელი მონაცემებით დედმიწაზე სიცოცხლის არსებობა კიდევ 500-800 მილიონ წელს გასტანს, ანუ დაახლოებით იმდენ ხანს, რამდენიც აქამდე მრავალუჯრედიანმა ორგანიზმებმა იარსებეს მასზე.
მაგრამ საქმე ისაა რომ კვლევის მეთოდების სრულყოფა არ შეჩერებულა ზუსტად დღეს და თუ ათეული წლის განმავლობაში მანძილი დედამიწის ორბიტიდან დასახლებადი ზონის კიდემდე ათჯერ შემცირდა და შესაბამისად იმ დროის მონაკვეთი, როცა ჩვენს პლანეტაზე შენარჩუნდება სიცოცხლის საარსებო პირობები, ასევე ათჯერ შეიკვეცა - ხუთი მილიარდი წლიდან ნახევარ მილიარდ წლამდე, საიდან ვიცით ჩვენ რომ მოდელირების სიზუსტის შემდგომი ზრდა არ შეამცირებს ამ შუალედს ათეულ, ან სულაც ერთეულ მილიონ წლებამდე?
რა თქმა უნდა, მილიონი წელიც უზარმაზარი დროა და მის განმვლობაში ბევრის ქმნა მოესწრება, მაგრამ მაინც გამოდის რომ ახალი მიწის პოვნა არცთუ მთლად წმინდა სამეცნიერო ამოცანაა.
ამიტომ დასაშვებია რომ ბოლო ხანებში კოსმოსური მოგზაურობებისადმი ერთ დროს მინავლული ინტერესის გაღვივება ამ მიზეზმაც გამოიწვია, თუმცა მთავარი მგონი მაინც სხვაა.
კერძოდ კი ის რომ ერთ უზარმაზარ, მრავალათასწლოვან, რომლის გამო ხალხს კოცონზეც კი სწვავდნენ, ფილოსოფიურ-რელიგურ კითხვას გაეცა პასუხი 1992 წელს.
იქამდე ხომ ძალიან დიდი ხანი, საუკუნეთა და საუკუნეთა, ეპოქების განმავლობაში მიიჩნეოდა რომ დედამიწა ზებუნებრივი, ღვთაებრივი ძალის მიერ შექმნილი უნიკალური, ანუ ერთადერთი და განუმეორებელი ქმნილებაა. მართალია ღმერთების სიუხვის გამო დედამიწის შექმნის მეთოდებიც ხვავრიელად იყო, თანაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ერთადერთობას არავინ აყენებდა ეჭვქვეშ. შეიძლება ითქვას რომ ეს იმ იშვიათ საკითხთაგანია რაშიც ღმერთებს სრული თანხმობა აქვთ.
მაგრამ მერე გამოვიდა კოპერნიკი და თქვა რომ დედამიწა საერთოდაც ერთი ჩვეულბრივი პლანეტაა რომელიც სხვებთან ერთად ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქითო. ამან სერიოზულად გაანაწყენა ეკლესია მაგრამ სამეცნიერო ფაქტების წნეხმა საბოლოოდ ისიც აიძულა ჩამოექვეითებინა ჩვენი პლანეტა და მის ნაცვლად მზის სისტემისთვის მიენიჭებინა ერთადერთობის მოწმობა. ამ ახალი სერტიფიკატის გაბათილება მეცნიერებმა კაი ხანს  ვერ შესძლეს რადგან უიარაღოდ, ანუ ფაქტების გარეშე იყვნენ, რომელთა უიმისოდაც ზებუნებრივ ძალას ვერაფერში დაარწმუნებ, ლოგიკასთან მწყრალადაა.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, კოპერნიკის გამოსვლა სინამდვილეში  არც ისე პირველი იყო. ჯერ კიდევ 2300 წლის უკან არისტარქუს სომოსელმა გამოთქვა მოსაზრება რომ მზეა მთავარი და არა დედამიწაო, მაგრამ მაშინ მის გამოხტომას ხელადვე წიხლი ჰკრეს, რადგან განთქმული პტოლემაი გაცილებით უფრო „დაჩითული“ იყო და ამიტომ მისი გეოცენტრული (დედემიწა ყველაფრისშუაშიული) თეორია განუყრელად ბატონობდა მომდევნო 1800 წლის განმავლობაში. მით უმეტეს, ყველა რელიგიას აწყობდა.
ასე რომ კოპერნიკიდან დაწყებული უსუსურად და რელიგიის მსახურთა წინაშე თავჩაქინდრულად დგომა იმ მიზეზით რომ ვერ ამტკიცებდნენ მზის სისტემის არაუნიკალურობას, სწავლულებს კიდევ 450 წლის განმავლობაში მოუწიათ სანამ, გაგეცინება კაცს! ისევ პოლონელმა - ალექსანდრე ვოლშჩანმა (Aleksander Wolszczan) 1992- ში არ აღმოაჩინა პირველი პლანეტა სხვა ვარსკვლავთან (უფრო სწორად პულსართან, ანუ ყოფილ ვარსკვლავთან). თუმცა ამ ალექსანდრეს მისი სახელგანთქმული თანამემამულე-წინამორბედის სადარი პატივი არ მოუწია. ცოტა მოგვიანებით გამოირკვა რომ იგი არამარტო პლანეტებს  უთვალთვალებდა, არამედ ხალხსაც - უშიშროების შპიონი ყოფილა წლების განმავლობაში. რას არ გაიგებ?...
ამის მერე, როგორც ჩვეულებრივაა ხოლმე როცა სეზონი გაიხსნება, პლანეტების აღმოჩენა პანტაპუნტით წავიდა! დღეისათვის რამდენიმე ათასია უკვე სიაში შეტანილი და ერთი ამდენი საბოლოო დამტკიცებას ელოდება საშტატო ერთეულად. მარტო 2009 წლის მარტში ამოქმედებულმა, ზემოთ ნახსენებმა ტელესკოპ „კეპლერმა“ აღმოაჩინა 2300 ცალი. არადა რამდენი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა რომ ჩვენი სისტემის 9 პლანეტის მეტი არაა სამყაროში...
პატარა ხნიან ყურების ჩამოყრას ამ მოკლე დროშიც ჰქონდა ადგილი, როცა თავიდან მხოლოდ იუპიტერისნაირ, ანუ სიცოცხლისთვის სრულიად გამოუსადეგარ პლანეტებს ნახულობდნენ. მაგრამ ეგ არაფერი, მალე გამოირკვა რომ ეს მხოლოდ ოცი წლის წინანდელი ტექნიკის სისუსტე ყოფილა. ახლანდელი მონაცემებით ჩვენს გალაქტიკაში - ირმის ნახტომში, 28 მილიარდი დედამიწის ზომის პლანეტა უნდა იყოს. ორი უკვე ნახეს კიდეც, მაგრამ არის თუ არა მათზე სიცოცხლე, ეს საეჭვოა, რადგან ზომა-წონა კი აქვთ გამოსადეგი, მაგრამ ცუდ უბანში არიან - თავის მნათობთან ძალიან ახლოს.
ერთი სიტყვით, ყოველივე ეს ცხადყოფს რომ დედამიწის ასლი ძალიან მალე მოინახება და კაცობრიობა რომ კვლავ სერიოზულად დაინტერესდა კოსმოსში მოგზაურობით, ამ ორი მიზეზის გამოა მგონი, ანუ:
1. სამყაროში არის ადგილები რომლებისკენაც აზრი აქვს გამგზავრებას - დედამიწისნაირი პლანეტები არსებობენ სხვა ვარსკვლავებთან, მზის სისტემა არაა უნიკალური.
2. რადგან დედმიწაზე სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობა სულ უფრო აშკარაა, ადამიანიც, როგორც ნებისმიერი ბიოლოგიური არსება, ინსტინქტის დონეზე ემზადება მიგარციისთვის. ცხდია ეს ეხება იმათ, ვინაც უკვე მოისაზრა რაა და როგორაა, ანუ ევოლუციის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება. დანარჩენები კი, ვისაც ჭადი ყურში მიაქვს, რაღა თქმა უნდა ჯერ ბალზე არიან და ტყემალს ჭამენ.
პ.ს. იქნება მერე ამ გადასახლების შემთხვევებიც მიმოვიხილო. ცხადია სფ ლიტერატურაში აღწერილ მოგზაურობებს ვგულისხმობ, თორემ ნამდვილი სადაა ჯერ, ან მოესწრება კი საერთოდ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები