ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
„და იყო ორივე შიშველი, ადამიც და მისი ცოლიც, და არა რცხვენოდათ. „
*** „გააგრძელე ცხოვრება. შეეცადე ახლა მაინც იპოვო სწორი გზა და არ გადაუხვიო არასდროს“ „უბრალოდ გული მწყდება რომ რაც იყო აღარასდროს განმეორდება“–ჩემივე მე მპასუხობს. „მე გადავიქეცი რაღაცნაირ ბნელ არსებად, რომელიც გაურბის ყოველგვარ საუბარს, ხმაურიან საუბარს. ამიტომ გონს უნდა მოეგო“ –საავადმყოფოში იყავი? –ჰო. –ისევ სასწრაფომ მოგიყვანა? –ჰო –რატომ ხდები ხოლმე ცუდად? –მგონი ჩემი კიბო დაბრუნდა. იმაზე ცუდად ვიყავი, ვიდრე ოდესმე. წინათგრძნობა ცუდს მეუბნება... – ჩუ, მოდი ვითომ გეჩვენება. –კარგი, ვითომ კარგად ვარ. „რატომღაც მგონია, რომ ეს გზა სწორია. მართალია ცოტა უჩვეულოა, მაგრამ მაინც... არ მეშინია არანაირად, როცა ღმერთს ვხედავ ადამიანის თვალებში... მე უნდა ვიცხოვრო.“ შევსებული განცხადება ნელა ვარდება საფოსტო ყუთში. *** ჩვენ ისე გვიძნელდება საკუთარ ქონებასთან განშორება, რომ რაიმეს დაკარგვის შემთხვევაში თავს ვიკლავთ მასზე დარდით. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ უსულო საგანია და ამდენ დარდად არ ღირს, მაგრამ ამას მაშინ ვიაზრებთ, როდესაც ვხვდებით სხვა გზა არ გვაქვს გარდა შეგუებისა. ქარიშხალი რომ ამოვარდა ძალიან ავირიეთ, საბედნიეროდ უკვე დაბანაკებულები ვიყავით და მხოლოდ ბარგიღა გვქონდა ჩამოსახსნელი აქლემებიდან და კარვებში შესატანი. თავიდან ნელ–ნელა დაიწყო ქვიშამ მოძრაობა. – კლდის შიგნით შევიდეთ, იქეთ უკეთესი ადგილია დასასვენებლად, ჩაგვიღიმილა თავისი ნაცრისფერი თვალებით. თითქოს არც არაფერიო,ისე სხვათაშორის თქვა მექარავნემ და თავის აქლემს გაუძღვა. –თუკი აქ არ ვრჩებოდით, კარვები რაღას გაგვაშლევინე? – ძალიან უხეშად გამოუვიდა მწვანეკაბიანს. – უბრალოდ, დრო გაგაყვანინეთ. – ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, დასვენება გვინდა. 5 წუთი გენანება ზედმეტი ჩვენთვის... თავისთვის კიდევ ბურტყუნებდა გოგონა და ჩანთას ხელახლა ჰკიდებდა აქლემზე, დღიურის ამოსაღებად რომ ჩამოეხსნა მანამ სანამ ნებართვას მიიღებდა. ჩანაწერიც დაწყებული ჰქონდა: „გავჩერდით დიდი კლდის ძირში, დავიღალე ძალიან... მექარავნემ წავედითო, არადა ახლა გავჩერდით, გვაწამებს რა...“ –მგონი ეს გამოქვაბული ბევრად მყუდროა ვიდრე კარავი, არ მეთანხმებით? ღიმილით იკითხა მექარავნემ. მწვანეკაბიანი ჩანთაში იქექებოდა ისევ. – კი მართლაც უფრო თბილა, ჩირაღდანს თუ ავანთებდით იქნებ უკეთესიც იყოს– თქვა ფილოსოფოსმა და სათვალის ზემოდან გადმოგვხედა. – ჩემი დღიური არ დაგინახავს? მე მომიბრუნდა მწვანეკაბიანი. – კი, ბოლოს ხომ შიგნით რაღაცას იწერდი. –ჰო, მაგრამ ვეღარ ვპოულობ. და მთელი ჩანთა გადმოყარა, სათითაოდ ისროდა ნივთებს. –მშვიდობა გაქვს? ჰკითხა მექარავნემ. ამბიციური და მორცხვი გოგონა იქვე მიწოლილიყვნენ და სადაც იყო ჩასთვლემდნენ. – არა!!! დღიური დავკარგე...მთელი ცხოვრება მეწერა იმ დღიურში. სულ შენი ბრალია, წავედით წავედითო, ამოსუნთქვა არ გვაცალე... –აააააააააააააააააააააააააააა– გამწარებულმა იყვირა მწვანეკაბიანმა. ნაწნავებიანი შიშისგან წამოხტა, ვერ მიხვდა რა მოხდა და გაფართოებული თვალებით იყურებდოდა ჩვენსკენ. შენი ბრალია, შენიი... მუშტებს ურტყავდა მკერდზე მექარავნეს, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა დაემშვიდებინა გოგონა. რა საშინელი სანახავი ყოფილა ადამიანი მრისხანების დროს, თითქოს ყველაფერი დაუკარგავს, თავის თავს აღარ ჰგავს. გონდაკარგული მართლაც მხეცს ემსგავსება. პირველად მაშინ დავაფასე ადამიანის სიმშვიდე. როგორი უაზრო და არაბუნებრივია მრისხანე ადამიანის სახე, მშვიდის კი... მექარავნეს რომ ვუყურებდი, მეგონა დედამიწაზე უმშვენიერესი ადამიანი იდგა ჩემს წინ, მისი სახე თითქოს ანათებდა, როგორი მიმზიდველი იყო და წყნარი... როგორ დავაფასე და კიდევ უფრო დამეწვა გული ჩემი წინა დღეების წყენის გამო. დღეს ამ კაცმა გვიჩვენა მოთმინების პიკი, უბრალოება. თითქოს არაფრით განსხვავდებოდა ჩვენგან ისე ეჭირა თავი. – ამინდი უეცრად აირია, სხვა გზა არ მქონდა. ცხვირის გაყოფაც არ შეიძლება ამ დროს გარეთ, არათუ კარავში გაჩერება ღია უდაბნოში. – თქვენ ხომ გვითხარით რომ ამინდი ბოლომდე შეგვიწყობდა ხელს და არანაირი საფრთხე არ იქნებოდა?!, გაბრაზებული ხმით ამბობდა მწვანეკაბიანი. –გუშინ? რა მნიშვნელობა აქვს რა იყო გუშინ, რა ვთქვი, მთავარია თქვენ რა დაგრჩათ დღეს. სიტყვები შთაგვაგონებს, თუმცა სულ სხვა ყოფილა მაგალითი. ცოტახანს გამოქვაბულში სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ ჩირაღდნის ცეცხლის ხმა ისმოდა და გამოქვაბულს იქეთ ქარის წუილი. კედლებისკენ გამექცა თვალი და ჰოი საოცრებავ, ჯერ კაცის სილუეტს მოვკარი თვალი, მერე ჟირაფს (მე ჟირაფად აღვიქვი), მერე კიდევ ორ მამრს, აშკარად ნადირობის პროცესში, ძროხები, ცხვრები, აქლემები, სპილოები და სირაქლემებიც კი თავმომწონედ იყურებოდნენ და ალბათ სულაც არ ადარდებდათ ქარიშხალი, მათ ხომ დროს გაუძლეს და ახლა ჩემს გაფართოებულ თვალებს უძლებდნენ. მუჯლუგუნი მივკარი მწვანეკაბიანს, შეხედეთ–თქო. –ჩვენს ეპოქას განსაკუთრებით ახასიათებს ადამიანთა შორის გაუცხოვება, ნდობის დაკარგვა – წამოიწყო მწვანეკაბიანმა ცოტახნის შემდეგ, ახლაღა მივხვდი ამას. ვმრისხანებდი და თქვენს სახეს ვუყურებდი, ისეთი უბრალო იყავით. სულ მეგონა სხვისი დამოძღვრის სურვილი გამოძრავებდათ მთელი ამ დღეების განმავლობაში. გაფასებთ, რადგან თქვენ სიბრძნე დამანახეთ. „უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, მშიშრებსა და სულმოკლეებს!“ –„უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, მშიშრებსა და სულმოკლეებს!“ – ერთხმად გავიმეორეთ. „დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ... ალილუია ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.“ *** ახლა კი შეწყვიტე ძვირფასო მკითხველო კითხვა და უფალს იგრძნობთ თქვენს გვერდით, როგორც იმ წუთებში მე შევიგრძენი, სიჩუმეში. თუმცა კი არ დაგავიწყდეთ, ნელნელა შეიგრძენით. დაიწყეთ წყნარად სუნთქვა და ნელ–ნელა შეიცანით უმაღლესი. *** მტვრისა და ქვიშის გრიგალი საოცარ სანახაობას ქმნის, ისინი ბობოქარ ხანძრებს გვანან. – პატარ–პატარა ნაბიჯები ქმნიან ცხოვრებას. წამოიწყო მექარავნემ. –ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, ცხვირწინ შეიძლება გვქონდეს ბედნიერება და ვერც შევამჩნიოთ. რაღაც მიუწვდომელს კი ვეპოტინებოდეთ. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება, დღეს რომ აქ ვართ, ესეც ჩვენი არჩევანია, ანუ ბედისწერა თავადვე შევქმენით. იყო ერთი მარტოხელა მოგზაური, რომელსაც უდაბნოში გადაეწყვიტა მოგზაურობა, რათა დაემარცხებინა მარტოობის შიში, ესწავლა მარტოობა და გადაერჩინა თავი ველურ პირობებში. საკმაოდ მომზადებული წავიდა სამოგზაუროდ, საგზალ–სანოვაგეც საკმარისზე მეტი წაიღო, თუმცა არ უფიქრია უდაბნოს ღამეზე და ერთი თხელი კარავი ჩაიგდო ყოველი შემთხვევისთვის, მსუბუქია და არ დამამძიმებსო. მისდა ბედად პირველი რამდენიმე ღამე თბილოდა და კარვის გაშლაც არ დასჭირვებია, თან დასახლებული პუნქტებიც იქვე იყო და არ შეშინებია. თამამად აგრძელებდა გზას და თან უამრავ ჩანაწერებს აკეთებდა, ბუზი რომ გაიფრენდა მგონი იმასაც კი ინიშნავდა. „ამა და ამ საათზე გაიფრინა ბუზმა სამხრეთ–აღმოსავლეთით“. სამი დღის დაუღალავი სიარულის შემდეგ გზა აებნა, რატომღაც ბილიკს გადაუხვია და უდაბნოში თქვენც შენიშნავდით, როგორ მოძრაობს ქვიშა და რა სწრაფად იცვლება ნაფეხურები. ასე გზააბნეულმა იარა მეოთხე დღეს და ღამე კარვის გაშლის თავიც არ ჰქონდა, ისე მიეგდო ჩანთაზე და დაიძინა. დილას მეტი ენერგიით გაიღვიძა, მაგრამ აღმოაჩინა რომ რაც წყალი ჰქონდა დაქცეოდა და რამდენიმე ყლუპიღა იყო დარჩენილი ბოთლაში. არადა არც იცოდა საით უნდა წასულიყო. კომპასიც თითქოს ურევდა, მაგრამ მაინც ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი და ქვების პირამიდასაც წააწყდა რამდენიმე საათში. –გახსოვთ ალბათ ჩვენც რომ შეგვხდა ამას წინათ. იცოდა მოგზაურმა რომ ეს პირამიდა ომის დროს იტალიელებმა ააგეს სწორი გზის მაჩვენებლად. გული მიეცა, უხაროდა რომ არ დანებდა და გული არ გაიხეთქა წინასწარ. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, რას ხედავს : ზის ბებო, ლურჯი თეთრკოპლებიანი თავშალი უკეთია და თეთრ ჭრელთევზებიან წინსაფარზე წიწილები დაუსვამს. ერთი წიწილი ხელში უჭირავს და ხან ერთ თვალს ჩაუკრავს, ხან მეორეს. იქვეა კრუხიც, რომელიც მის ყველა მოქმეებას გულისყურით აკვირდება. გვერდით სურა მოუდგავს ბებოს და ხანდახან წყლის წვეთებს ისხავს სახეზე. თვალები მოიფშვნიტა მექარავნემ, არც სახლი ჩანს რამე და არც ვინმე, სულიერისმაგვარი. –ბები, წყალი დამალევინე. – თავის ენაზე ეუბნება. –შვილო, როგორ გგონია ეს წიწილა ყვითელია თუ ლიმნისფერი? არ გასცა პასუხი. თვალების ჩაპაჭუნება კი გააგრძელა. – ყვითელია ბები, წყალს მეც გამიზიარებ? – და როგორ გგონია, კრუხითვის რა ფერია ეს წიწილა. შვილო? –კრუხისთვისაც ყვითელი იქნება. ბები, იქნებ ერთი ყლუპი წყალი მაინც დამალევინო. – კრუხისთვის შვილისფერი იქნება, ასე მგონია და წყალი იპკურა სახეზე. თვალები მოიფშვნიტა უკვე გაბრაზებულმა მოგზაურმა და ის იყო გადაწყვიტა, რას ვეკითხები დავლევ რაღაო, მაგრამ სადღაა მოხუცი. მის ადგილას პატარა ბუმბულიღა ფრიალებდა, ერთი მხრიდან ყვითელი იყო, მეორე მხრიდან ლიმნისფერი. იქვე ეწერა, მარჯვნივ გააგრძელებ გზას და ბედს ეწევიო. ყვითელ მხარეს კი ეწერა მარცხნივ გააგრძელებ გზას და ჭასთან მიხვალო. მგონი უწყლობისგან სიკვდილი მიწერია და ბედს სიცოცხლე მირჩევნიაო, გადასწყვიტა და მარცხ ნივ წავიდა. მართლაც დახვდა ჭა, სადაც ზუსტად იმდენი წყალი დახვდა რამდენიც ბოთლაში ჩაეტეოდა. სული მოითქვა და ინანა, ნეტა ბედის საძებნელად წავსულიყავი, იქაც ხომ დამხვდებოდა წყალი, აბა ბედნიერება სიკვდილი ხომ არაა.. ნეტავ როგორ უნდა მივაგნო იმ ადგილს, ხომ არ გაქრებოდა? „როგორ უნდა მოხვდე იმ ადგილას? უბრალოდ უნდა იარო და მოუსმინო შენს შინაგან ხმას.“ მოესმა ჭიდან. დაბრუნდა იმ ადგილას, საიდანაც გეზი მარცხნივ აიღო და ახლა მარჯვნივ გააგრძელა გზა და რას ხედავს. გზის გარდი–გარდმო საქონელი ძოვს, გარემო ჯერ კიდევ მწვანეა თუმცა ყვითელი შეჰპარვია შიგადაშიგ. აქა–იქ სახლებიც დგას და უცებ იმ მოხუც ქალს მოჰკრა თვალი, სარწეველა სკამზე იჯდა და ისევ წიწილს უყურებდა, თან იცინოდა. – რა გაცინებს ბებო? ჰკითხა მოგზაურმა. –შვილო, ბედნიერებისგან ვიცინი. ჯადოქრებმა დაგვიბარეს, რომ ჩვენს სოფელში მოვიდოდა უცხო კაცი, რომელიც წყალს ითხოვდა, მისთვის კი ჩვენ ყველაფერი უნდა მიგვეცა, მაგრამ არამც და არამც წყალი. ის გამდიდრდებოდა საოცრად, მაგრამ უწყლოდ დიდხანს ვეღარ გაძლებდა, ჯერ გაგიჟდებოდა, შემდეგ კი გონს დაჰკარგავდა და ბოლოს გარდაიცვლებოდა და თუ ის მოკვებოდა, ჩვენც აუცილებლად მის ხვედრს გავიზიარებდით, რადგან სტუმარს სათანადო პატივი ვერ ვეცით და ეს ჩვენი სირცხვილი იქნებოდა, მთელი სოფლის. მაგრამ ესეთი კაცი არ მოსულა, პირველი შენ მოხვედი და რა გაცინებსო ეგ მკითხე, აბა არაა სასაცილო? – მე აქ ბედის საძიებლად მოვედი. – მაგრამ დაგაგვიანდა, შენ სხვა გზა აირჩიე. ასეა, ყველა გზას აქვს დასასრული. ყველა გზა სადღაც მიდის. მთავარია, როდის რომელს აირჩევ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ცის იქით მოსეირნევ, გარდა იმისა რომ ძალიან საინტერესოა, ბრძნული ფრაზებითაც გამოირჩევა.
ამ პორტალზე სერიოზული კონკურენტი მყოლია... :)
დამენანან იმ გოგოს მწვანე დღიური, უნდა აპოვნინო, აბა მთელ ცხოვრებას ხომ არ დაკარგავს.... :))) 5 ქულა. ცის იქით მოსეირნევ, გარდა იმისა რომ ძალიან საინტერესოა, ბრძნული ფრაზებითაც გამოირჩევა.
ამ პორტალზე სერიოზული კონკურენტი მყოლია... :)
დამენანან იმ გოგოს მწვანე დღიური, უნდა აპოვნინო, აბა მთელ ცხოვრებას ხომ არ დაკარგავს.... :))) 5 ქულა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|