ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რია
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2015


მთვარის ვახშამი ( ნაწილი VII )

თერთმეტის ნახევარზე ავედით სასაფლაოზე. მანქანა ფერდობის ძირში მივაყენეთ და მუხის დაგრეხილ ფესვზე ჩამოვჯექით. აქედან ხელისგულივით მოჩანდა გზა და რამდენიმე, ტყისკენ მიმავალი ბილიკი. კლარკი დაძაბული ათვალიერებდა მიმდებარე ტერიტორიას, სადამდისაც თვალი მიუწვდებოდა. გახდა თერთმეტი, თორმეტი, პირველი საათი. არავინ ჩანდა. სამი დაიწყო. შემაგდო კლარკიმ მანქანაში და ცეცილიას სახლისკენ გავწიეთ. ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა. გადავძვერით მესერზე. სახლში მხოლოდ ბებერი იყო.  ბუხართან იჯდა და ქსოვდა. ვითომ, ვერ შეგვამჩნია. ვივარაუდეთ, რომ დაგვიანებული გრეგორი სხვა გზით წამოვიდა და ავცდით ერთმანეთს. ისევ ავაწყდით სასაფლაოს აღმართს. სულ ტყუილად! დოდომ სათითაოდ, რამდენჯერმე გამოგვიგზავნა მესიჯი, -როდის მოხვალთ?

ერთ ხელზე დავიკვნიტე ფრჩხილები, მეორეზე უნდა გადავსულიყავი და უცბად, გონება გამინათდა,- დოდომ არ იცოდა მესიჯების გაგზავნა. კლარკი გადაირია. გამოვქანდით უკან. ისეთი სისწრაფით მიყავდა მანქანა, სავარძელს ვებღაუჭებოდი გაშტერებული. მტვრის ღრუბელი კუდივით მოგვყვებოდა უკან. სუპერმარკეტთან გზა გადაკეტილი დაგვხვდა. გადაჭედილი იყო იქაურობა პოლიციის და სასწრაფოს მანქანებით. უზარმაზარი ტრაილერი მსუბუქ მანქანას შეჯახებოდა. საათზე მეტი იქ ვიცდიდით. ეზოში რომ შევედით, უკვე ბინდდებოდა. სახლი ჩაბნელებული იყო. მხოლოდ სარდაფიდან გამოდიოდა შუქი. . .

ბანალურ დეტექტივს გავდა ყველაფერი. ერთ ხაზზე გამწკრივებული და პირით კარისკენ: ევა, გრეგორი, დიგანი და ანგელა, იმავე ტანსაცმელში, პირველად რომ ვიხილე. წინ დაბალ სკამზე ხელებგაკრული დოდო, ჩვენს დანახვაზე ადგომა რომ სცადა. ანგელამ საშუალება არ მისცა და რაღაც დასჭყივლა გერმანულად. ძალიან ბედნიერ და კმაყოფილ დიგანს მკერდზე ქეისი ჰქონდა მიკრული.

- როგორ მიაგენით ?- იკითხა კლარკიმ, ერთდროულად გაოცებულმა და გულდაწყვეტილმა.

გრეგორიმ ჩაიცინა.

- მართალია, თითქმის მთელი დღე მოვანდომეთ, ქალბატონი დოდოც ხელს გვიშლიდა, მაგრამ მივაგენით. არ ღირს მოყოლად. ვიცი, ვიცი, ახლა რაც უნდა მკითხოთ, არაფერი დაგვიშავებია დოდოსთვის. მხეცები არ ვართ. აქილევსის რისხვა ამასთან მოგონილია. გაგვაოცა ქალისთვის მოულოდნელი ღონით და სიბრაზით. ერთ ქილა არ დატოვა მთელი. ანგელას რამის თავი გაუხეთქა. იძულებული ვიყავი, ხელები გამეკრა.

კარადა და საათი სარდაფის სხვადადასხვა მხარეს გადაედგილებინათ, ერთმანეთის პირისპირ, გარკვეულ მანძილზე. სარკიდან და საათის მინიდან არეკლილი შუქის ზოლები გადაკვეთის წერტილში ყრუ ზუზუნით, სპირალივით ტრიალებდნენ.. საათის ქანქარა  არაამქვეყნიურ ხმებს გამოსცემდა ხრჭიალით და ნელ-ნელა ანელებდა მოძრაობას.

ჩემდა გასაოცრად, კლარკის ცრემლები წამოსცვივდა.

- რატომ მოგვატყუეთ?
- ნებით შემომიშვებდით?
- არა!
- თანახმა იყავით სახლის გაყიდვაზე?
- არა!
- ყველაფერი გასაგებია?
- ბიძაჩემი?
- ცოცხალია.
ნერვებმა მიღალატა და დავიყვირე.
- როდის ვნახავთ, როდის?
- არ ვიცი! -კბილებში გამოსცრა გრეგორიმ და ევას თავი დაუქნია.

ევა მკვირცხლად შეტრიალდა. კარადის კარი გამოაღო და რაღაცას მიაყურადა. წინსაფარის კალთიდან აბრეშუმის პარკებით დახუნძლული ტოტი ამოიღო, წრიულად მოიქნია და სიღრმეში ისროლა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ულამაზეს კრისტალებად ქცეული პარკები უკან გადმოცვივდნენ და წკრიალით დაიფანტნენ იატაკზე. გრეგორიმ  დინჯად წამოკრიფა და ტყავის მოზრდილ ჩანთაში ჩაყარა. ერთი ღვინის კასრზე დადო.

- ჩემი საჩუქარი თქვენ, ჩემო უცნაურებო და საყვარლებო! ეს არის სამკურნალო ქვა. არ დაკარგოთ! იქ, სადაც ახლა გადავდივართ, თუთის ხე არ ხარობს, აბრეშუმის ჭიის ერთადერთი საკვები. მოხმარების წესი, რომელ დაავადებებს, როგორ კურნავს, წინასწარ დაგიწერეთ. ვიცოდი, ამას გავაკეთებდი.
- არ გვჭირდება! – ფეხი გავკარი შუშის ნატეხს.
- დაგჭირდებათ! დავაკმაყოფილებ თქვენს ცნობისმოყვარეობას და გეტყვით. ასეთი, სხვა განზომილებაში გადასასვლი რამდენიმეა. ფრანც – იოსების მიწაზე, ბარენცის ზღვაში, კუნძულ რუდოლფზე, მეორე - თქვენთან. აქ რომ იყო, არ ვიცოდი, დიგანმა გამიმხილა. არის მესამე ადგილიც, რომლსაც არ დავასახელებ. მესამე ადგილის, იქითა მხარის, ეგრეთწოდებული ფორტის და ორმხრივი ჭიშკრის გამგებელი ბიძათქვენია. ასე უნდოდა ცეცილიას და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შეცვლის. მეოთხეც იყო, ჩემს სახლში, მაგრამ ამ საყვარელმა არსებამ, მე შემომხედა ნაზად, ბოლო მოუღო და დაასამარა. ვფიქრობ, გონიერება გეყოფათ, არ გაახმაუროთ ჩვენი ამბავი. ბიძათქვენის სიცოცხლე თქვენს ხელშია. არ დაგავიწყდეთ, ამიერიდან, ერთი დიდი საიდუმლოთი და ნათესაური კავშირით ვართ გადაჯაჭვულნი. რატომ გაქვთ ასეთი გაოცებული სახეები? სავსებით შესაძლებელია,  თქვენ ბიძაშვილი გყავდეთ, მე - დისშვილი. მოკლედ, მომავალში როგორ ვიქნებით და სად ვიქნებით, დრო გვიჩვენებს. . .

მართალია, კლარკივით ჭკვიანი არ ვიყავი, მაგრამ მივხვდი, ( როგორ მიყვარდა გეოგრაფია! ) ფრანც – იოსების მიწა, ისე, სასეიროდ მოიგონა გრეგორიმ. იმ უკაცრიელ, ყინულიან ადგილზე თეთრ დათვებს ხომ არ ექნებოდათ კარადა და საათი? აშკარად დაგვცინოდა. გვერდზე თავგადაგდებული, თვალებადქცეული დოდო ჩუმად იცრემლებოდა. მობილური ამოვიღე ჯიბიდან, პატრულის გამოძახებას ვაპირებდი. დიგანმა, ამ გამოფიტულმა, შავმა კაცმა, გამომტაცა, იატაკზე დააგდო და ქუსლით ჩაჭეჭყა.     

სათითაოდ დიწყეს კარადაში შესვლა. გრეგორი ჩემსკენ წამოვიდა, მაჯაში მაგრად ჩამავლო ხელი. აშკარად ჩემი წაყვანა უნდოდა. დაბნეული კლარკი გონს მოეგო. მარტო იმის აფრიალებულ თმას მოვკარი თვალი. დღემდე ვერ ვიხსენებ, როგორ მოახერხა და მთასავით გრეგორის როგორ გამოგლიჯა ჩემი თავი, როგორ გაუხეთქა ტუჩი. გაიქეციო, დამიყვირა და კარისკენ მიბიძგა. შიშისგან მუხლები მომეკვეთა, ზღურბლთან წავიბორძიკე. კლარკი მოხერხებული და ნავარჯიშევი იყო, გრეგორი- ღონიერი. ცეცხლისფერი ფაფარი შავი რეზინით გაიკრა, სისხლი ცერით მოიწმინდა, თვალს არ მაცილებდა. გამოქანდა ეს გრეგორი უცბად, ცრუ მოძრაობა გააკეთა, დაეტაკა ჩემს დას, გველებივით შემოხვია მკლავები და კარადაში შეაგდო. საათის ამუშავება არც გაბედოთო, მოგვაძახა და თვითონაც უკან მიყვა.

საათი გაჩერდა. სარდაფში აცივდა.. დოდომ დაიყვირა, შებარბაცდა და გვერდულად მიეჯახა საათს. საათის მინა წვრილ ნაწილებად დაიფშვნა. ქანქარა შეტოკდა, გაქანდა, გამოქანდა და ბოლოს, რიტმულად ამოძრავდა.

გავგიჟდი იმ ბებერივით. ვტიროდი და დავყვიროდი დოდოს,-ეს რა გააკეთე, რა?ახლა როგორ დაბრუნდება კლარკი?! რა იცოდა საწყალმა ქალმა, რომ შეჩერებული დრო აამოქმედა და უკან დასაბრუნებელი გზა ჩაკეტა?

დროის შეგრძნება დავკარგე. თითქოს გავქვავდი. ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. ძლივს მივედი კარადასთან. გული გამალებით მიცემდა. სიღრმისკენ გადავეყუდე. . . ახლოდან, თითქმის ხელის გაწვდენაზე დავინახე, - კლარკი, გრეგორი, ევა, ანგელა და დიგანი უზარმაზარ, მარმარილოს კოლონებს მიუყვებოდნენ და ძლივს უქცევდნენ გვერდს სხვადასხვა ფერის, უცნაურ სამოსში გამოწყობილ ხალხს. ფარშევანგებამოჭედილ სპილენძის კართან შეჩერდნენ. იქიდან ბიძაჩემი გამოვიდა. გრეგორის რაღაც კითხა. მერე, ყველას წითელი ზონრები გაუნასკვა კისერზე, კლარკის მხარზე ხელი მოხვია  და შიგნით შევიდნენ. . .

ვუყვიროდი, მეც დავაპირე იქით გადასვლა. უხილავ ბარიერს შუბლით მივეჯახე. თვალებიდან ნაპერწკლები წამომცვივდა. კბილებს შორის ენა მომეძეძკა. ლითონის გემო ვიგრძენი. უკან დავიხიე. მივხვდი, ჩემს განზრახვას ასრულება არ ეწერა.

ცრემლებმა მზერა დამიბინდა. მუშტები დავუშინე სარკეს. სარკე ჯერ დაიბზარა, შემდეგ მსხვილ ნაწილებად ჩაიშალა. ხელი გამეჭრა. სისხლი თქრიალით ჩამომდიოდა მაჯაზე და მკლავისკენ იკვლევდა გზას. ლიმონის სურნელით გაჟღენთილი წითელი ატლასი ადიდებული მდინარესავით მოვარდა. მოდიოდა, მოღელავდა და იატაკი მთლიანად დაფარა. მე ის გავაკეთე, რაც ადრე გრეგორიმ გააკეთა. ქსოვილი გადავქექე, მოვძებნე პირი, სიგანეზე ჩამოვახიე და ტირილ-ტირილით გადავიხვიე ხელი. 

მთვარემ გისოსებს შორის შემოანათა. მინის და სარკის ნამსხვრევებზე ათასი წითელი მთვარე აკიაფდა. ვიდექი, ვკანკალებდი,- შეშინებული, დაბნეული, სასოწარკვეთილი. გულწასულ დოდოს თვალს არ ვაცილებდი და მინდოდა, ძალიან მინდოდა, მოვმკვდარიყავი.. . . . 


მებაღე გვერდით მომიჯდა.
- რას აპირებთ, ასე უნდა მიატოვოთ აქაურობა?
- გაყიდვა გვინდა.
- უცნობს თუ მიყიდით. იცოდეთ, აქაური არავინ იყიდის.
- რატომ?
- ნაზის არაფერი უთქვამს თქვენთვის?
- რა უნდა ეთქვა?
- ნაზის ბებია ყავდა, გერმანელი. მოულოდნელად დაიკარგა. სადღაც, შორს კი არა, აქვე, ამ ეზოდან. ნაზის პაპა ავი კაცი იყო, საშინელი ხასიათის პატრონი და ენითაუწერელი მუსუსი. იფიქრეს, რომ ცოლი მოკლა და სადმე ჩამარხა. გადათხარეს ეს ამხელა ადგილი, მაგრამ ქალის კვალს ვერ მიაგნეს. ნაზის მშობლებიც სახლიდან გაქრენენ. ორივე  ერთად, გვიან საღამოს. ეს ადგილი დაწყევლილია. ორი რამ ძალიან მიკვირდა, - ნაზის გათხოვება და მერე სახლის გაყიდვაც რომ მოახერხა. კვირაობით, თქვენთან რომ მოვდიოდი, მეგონა რომელიმე გამქრალი დამხვდებოდით. წნევა მიწევდა, მარტო ამის გაფიქრებაზე. მერე ბიძაშენიც დაიკარგა. არ ვიცი, ნაზის წინაპრებივით გაქრა თუ როგორც აქ ამბობენ, ცეცილიასთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა. ახლა შენი და. . .

თავი ვერ შევიკავე, ავტირდი.

- აბა, ვინ გეტყოდა, იცი, ცეცილიას სახლს ცეცხლი წაეკიდა და მოხუცი ქალი შიგ გამოიწვა? შეიძლება, წითურა გრეგორიც იქ მოყვა. შეიძლებას იმიტომ ვამბობ, რომ ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა. მცოცავი მიწების ზონაში ცხოვრობდნენ თურმე. ხანძრის შემდეგ, გადაბუგული სახლი ეზოიანად, მიწამ ჩაიტანა. ის ადგილი ახლა ერთიანად მოსწორებულია, აბალახებული. ღამით ტურები იკრიბებიან იქ და გაუსაძლისად კივიან. დღემდე ვერ მივხვდი, რა ჯურის, რა ჩამოსხმის და მრწამსის ხალხი იყო. რაც თავი მახსოვს, სულ მასე გამოიყურებოდნენ, თითქოს, დრო იყო მაგათთვის გაჩერებული. . . 

ლეღვის ფოთლები, დიდრონი, ყვითელი ფიფქებივით ცვიოდა და ბორცვებად გროვდებოდა ფეხებთან, მესერის ძირში. თხილის ბუჩქებთან, ბუბუსგან დაღრღნილი, იასამნისფერი ფეხსაცმელები ეყარა.

ცრემლებს გული ამოვაყოლე. კლარკი!

ტყუილად არ მიფორიაქებდა შიში სულს. ტყუილად არ მქონდა გრძნობა, თითქოს ასეთი ძალიან სხვანაირი, ჩვენს ოჯახში შემთხვევით მოხვდა. ჩვეთან უნდა ყოფილიყო განსაზღვრული დროით, ჩვენი ცხოვრება გაელამაზებინა, გაეხალისებინა და მერე მივეტოვებინეთ.

საფოსტო ყუთიდან დენის ქვითრები ამოვიღე.
ცარცით მივაწერე ჭიშკარს, - ”იყიდება” ტელ: . . .
უკანასკნელად შევავლე თვალი ეზოს. კადრებად ჩავიხვიე გონებაში ხეებზე შერჩენილი, ჩამომჭკნარი ხილი, ცეცხლისფერი ხურმები, ყვავილებშემხმარი ვარდები, სკის გამოსასვლელში გროვად დაყრილი მკვდარი ფუტკრები, ღობეზე ხავერდივით გასული ხვიარა მცენარეები. ბიძაჩემის ფანჯარაზე ღიად დარჩენილ დარაბას ქარი კედელზე ჭრიალით არახუნებდა. ორღობეში მხრებში მოხრილი მებაღე მიდიოდა. თავჩაღუნული ბუბუ, კოჭლობით, საცოდავად მისდევდა უკან. რამდენჯერმე მოიხედა უკან წკმუტუნით. . .

აქ, რამდენიმე თვის წინ ცვილის, მურაბების, ვანილის, ვაშლის ჩირის, ვარდების და გასახმობად გაკიდული პიტნის სურნელი ტრიალებდა. . .

ხმადაბლა გავძახე ჩემს საყვარელ ადამიანებს მეტსახელების გარეშე, უმისამართოდ, თითქოს, ასე მივაწვდენდი ხმას.

ლიზიიი. . . ირაკლიიი. . .


დასასრული






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები