ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამყაროს მიღმა
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2015


არგუმენტები

I thought that love would last for ever: I was wrong.
                                                            W. H. Auden

                                                       
მაშინ,

ა)  როცა მხოლოდ საკუთარი თავით იკვებები
          და ნეიტრალური ხარ ისე, როგორც საფლავი,
    რომელსაც არავინ აკითხავს
          და აღარც მასზე დაწერილი გვარსახელი
          და ასაკი იკითხება,

ბ)  როცა სხვისგან ნაბოძები ინფექცია
          სხეულში რელიქტივით გიქვავდება,
    არც ავად ხარ, აღარც გადამდები,
    უბრალოდ შენსას მიათრევ ქრონიკულად
          და მიაჩანჩალებ,

გ)  როცა არც ძაღლი გიყეფს და არც კატა
          შემოგანათებს მწვანედ,
    პანიკურად აღარ ეკვრი ცემენტის კედლებს
          და მათ შორის დაბოლილივით
          ბრმად დადიხარ,

დ)  როცა ადამიანების ხმები ძველი რადიოებიდან
          წამოსულივით ჩაგესმის, ამოვარდნებით,
    ხან არიებად, ხან მონოტონურ რადიოთხრობად
          და არც პასუხისთვის იწუხებ თავს
          და არც კითხვისთვის,

ე)  როცა იატაკზე დაყრილ ნივთებს
          ვერ ამჩნევ და არც ფეხებში გებლანდებიან,
    არა იმიტომ, რომ გზას გითმობენ,
    არამედ იმიტომ, რომ ფეხქვეშ ვერაფერს გრძნობ
          და უსაყრდენო ხარ,

ვ)  როცა მთვარე მინიმალურია და ისიც ღრუბლებშია შეფუთული...
 
და მაშინ,
როცა მხოლოდ თეორიულად გაზაფხულდა,
ვფიქრობ, იქნებ აღარც კი ღირდეს
და აღარც კი შევხვდეთ ერთმანეთს...
ანდა გადავდოთ, სხვა დროს იყოს, სხვა ცხოვრებაში.

(მით უფრო, როცა  აღნიშნული არგუმენტები ორივე მხარეზე   
ერთნაირად ვრცელდება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები