 | ავტორი: სოფრომა ჟანრი: პროზა 18 აპრილი, 2015 |
მე მარტოსული ვარ. ჩემი სახლი ყველგანაა და არსად. მე ნამდვილი ვარ და ამასთან, ჩემი მოხელთება ძალიან ძნელია. განვიცდი არსებობის ყოველ წამს, თქვენთან ურთიერთობის ნიუანსებს... მერე მივდივარ და არაფრობას ვერევი, რომ ახლიდან დამჭირდეს ყველა და ყველაფერი, სხეულის ყველა ნაწილაკის გავლით მომინდეს თქვენთან და ახლიდან მოვიდე. მოვდივარ და ვდუმვარ. სათქმელი იმდენია... აგერ, თოვლში გახვეული ცამდე აზიდული მთები... გვირილებით გადაპენტილი მინდორი... ტყუილია, ნუ იტყვით, რომ მარტოსულებს არ გვიყვარს ლაპარაკი. სიტყვები ჩემთვის ყველა სიმდიდრეზე დიდი სიმდიდრეა და მათ ვუფრთხილდები. თქვენ... იქნებ თქვენ შორის არის ვინმე, ვისაც შეუგრძვნია მარტოსულობა. მაგრამ ახლა თბილ ოთახში ზიხართ და სამუშაო კაბინეტში თანამშრომელთა შემოსვლას ელით, რათა ხუთწუთიანი თათბირი ჩაატაროთ უახლოესი ერთი საათის განმავლობაში. ან გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ხართ და ეროვნული ცნობიერების უკეთესობისკენ შესაცვლელად ძალ-ღონეს არ იშურებთ... ან იქნებ სამარშრუტო ტაქსის საჭეს მისჯდომიხართ და ასობით უცნაური ადამიანი გიქნევთ ხელს, მიიტაცებს თქვენს სამყოფ ჰაერს და თავის გზას გაუყვება. თქვენ შეიძლება რიგითი თანამშრომელი ხართ ბანკის, სკოლის, რესტორნის... ხელფასიდან ხელფასამდე დღეებს ითვლით და საკუთარ თავს აყვედრით 31 დღიანი კალენდარული თვის ერთ დღეს. „არა კაც კლა“-ს კაცი ვარ მე... ადამიანი... ყველგან ვცხოვრობ. ზაფხულში ჩემი ბინა იზრდება, თქვენი ფეშენებელური სახლივით მრავალ ოთახს ითვლის ღია ცის ქვეშ... ზამთარში ჩემი გათბობაც ძვირი უჯდება გამჩენს და სადარბაზოს ვაფარებ თავს, რომელიმე თქვენგანის სადარბაზოს. ჩემს ტრანსპორტს ეკოლოგიისთვის ზიანის მოტანა არ ძალუძს და ერთ ზამთარს კინაღამ უტრანსპორტოდ დავრჩი, როცა ფეხის თითები მომეყინა... და მაშინდელი ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, ბახუსიდან გამოსულს გაჩხერილი ეკლიანი ბურთი რომ მიკაწრავს ყელამდე ამოსულ სულს... მარტო სულს... მე დიდი ხანია არ მიბანავია და საკუთარ სუნზე მეტად სხვისი სულის სიმყრალე მაწუხებს, თუმცა ლაპარაკს რახანია გადავეჩვიე და ჩემი სახის სიცივეატანილ ნაკვთებზეც ძნელია ამოიკითხოთ კივილი. თქვენსავით მიყვარს მენიუს შერჩევა, როცა მშია... რა სათვალავში ჩასაგდებია, რომ თქვენ რესტორანში არჩევთ, მე ბუნკერში... ეს უკანასკნელიც იმის მიხედვით ფასობს, ქალაქის სად, რომელ უბანშია განთავსებული. ჩემი თმა... თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი პატივსაცემი თავების ბუნებრივი სამკაული, როგორ გგლეჯთ მას საკუთარ თავში დარწმუნებული ავიტამინოზი . რატომ შეწუხდით და რად თქვით: „ჟრუანტელმა დამიარა“? ეს არაფერი არაა იმასთან შედარებით, როგორ მოთქვამს სული, ტანსაცმლის გროვაში გახვეული: მარტოსულად შემოვრჩი ამ ტიალ ქვეყანას. დამინახეთ... დამინახეთ მე, ჩამთვალეთ ნოველის, მოთხრობის, თუ გინდ რომანის გმირად. დაწერეთ, რომ მეც მიყვარდა, მეც ავცქეროდი ცას და ვკრეფდი ყვავილებს, მეც დავრბოდი წვიმაში და ჩემს თმასაც უდიოდა გვირილების სუნი. მეც ვდღესასწაულობდი დაბადებას და მეგობრებთან ხელჩაკიდებული ვუვლიდი ამერ-იმერს. დამინახეთ მე... როცა დახმარების ხელს გამომიწოდებთ, ერთი სიტყვა მაინც მითხარით... ერთი პატარა წინადადება: „შენ, კაი ადამიანო...“ ჩამხედეთ თვალებში, მარტო სულში ჩამხედეთ და გამიღიმეთ. მე მარტოსული ვარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სოფრომ, მე ძალიან მომეწონა. :) 5 შენ. :) სოფრომ, მე ძალიან მომეწონა. :) 5 შენ. :)
2. არაა ეს პროზა არაა ეს პროზა
1. მომეწონა :)
კარგი მოწოდებაა მომეწონა :)
კარგი მოწოდებაა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|