ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პროზა
28 ოქტომბერი, 2015


ტერორისტი

დღეს წვიმდა, საშინლად წვიმდა. რამდენიმე თვეა აქ ვარ, ასე არ უწვიმია, არც მეგონა ასეთი ამინდები თუ იცოდა და თუ იცოდა, ჩემს წინაპრებს რა ჯანდაბა უნდოდათ აქ.
ამას წყალი თუ მოხვდა, მტრისას, ვეღარ აამოქმედებ მერე და წყალში ჩაიყრება ამდენი ფული და შრომა. პრინციპში, რომ გაწვიმდა კარგიც იყო, რომ არ გაწვიმებულიყო, შეიძლება საერთოდ სხვა რამე გაგეგოთ დღეს და საშინლად არ მოგწონებოდათ, რასაც გაიგებდით.
მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ამას მაშინ მივხვდი, როცა ყველაფერი დამთავრდა. საშინლად ცუდ სიგარეტს ვეწევი. ჩვენც გვიჭირს ბოლო დროს. ჩვენ გვიჭირს, თუ გვიჭირს, აბა სხვამ რა უნდა გაიძულოს კაცი ეს გააკეთო.

ბოლოს და ბოლოს, როცა მთელი ქალაქი მოვიარე, მეტრო ავირჩიე. კაციშვილი არ გამოწმებს, შედი და გამოდი, რაც გინდა აკეთე. დგას სადგურებზე ერთი-ორი ფორმიანი პოლიციელი. იარაღი მაგას არ აქვს და არც გმირობის ორდენზე აპირებს წარდგენას. ასეთ ადგილს რას იპოვი, თან საღამოს საათებში, გადაჭედილია ვაგონები,  ტოკიო მიმიქარავს.
ჩემს ცოლთან ერთად ვიყავი იაპონიაში. საკურას ყვავილობისას ვსეირნობდით ათასფრად აფეთქებულ ქუჩებში და ახლა აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი.
-გიყვარვარ? ვეკითხებოდი. ის კი მხოლოდ თვალებით, თვალებით მპასუხობდა რომ ვუყვარდი, რომ გაუმართლა ჩემში, რომ ჩემთან ერთად უნდოდა სულ, რომ ბევრი შვილი უნდოდა, რომ სიცოცხლე უნდოდა.

მე კი იმ დროს სახლში არ ვიყავი. სამსახურში ვიყავი. ხალიჩებს ვყიდდი. ისეთ ბაზრებში არა, აზიაში რომ გვხვდება, ბევრი ხალხი რომაა, ყაყანი, ოფლის, იაფასიანი სიგარეტის, ცუდი სუნამოს, ჩილიმის, სანელებლების, ტკბილეულისა და შაურმის ერთმანეთში აზელილი სუნით რომ ყარს. არა, ალეპოს ცენტრალურ უბანში სუფთა მაღაზია მქონდა, მოშორებით მცირე ფაბრიკა, სადაც მოხუცი ქალები ხალიჩებს ქსოვდნენ. ჩემს ხალიჩებზე აღმოსავლეთის სურნელი იფრქვეოდა, მოხუცი ქალების მრავლისმნახველი თვალებიდან გადმომდინარი. ხალხს ჰგონია, ჩვენი ქალები ვერაფერს ხედავენ, მაგრამ ეგ ტყუილია, მათ მხოლოდ თვალები უჩანთ, თვალები კი ისეთი რამეა, მთელს მსოფლიოს იწონის, მსოფლიო მსოფლიო რომაა, მზე რომ მზისფერია, ცა ცისფერი და ზღვა ზღვისფერი თვალების დამსახურებაა, თვალები რომ არ იყოს ყველაფერი შავი იქნებოდა, ერთფერი იქნებოდა და ყველაფერიც არაფერი იქნებოდა. ჩვენი კულტურა ჩვენი ქალების თვალებიდან იწყება და ისევ მათ თვალებში მთავრდება. კაცები მათთვის ვაშენებდით ყველაფერს, რომ მათ ენახათ, მათ დაეხსომებინათ და შემდეგ ხალიჩებში გადაექსოვათ. ჩვენ ვაშენებდით და ვანგრევდით, ვქმნიდით და ვანადგურებდით. ისინი კი ინახავდნენ, ქსოვდნენ და მერე მთელი მსოფლიოდან მოდიოდა ხალხი და კაცების ნახელავი, ქალის ნაშრომის სახით საკუთარ სახლებში მიჰქონდა. ყველა ჭკვიან კაცს მიჰქონდა სახლში თავის წილი აღმოსავლეთი, თავის შესაფერისი აღმოსავლეთი, რადგან ჯერ არ ყოფილა ვინმე აღმოსავლეთში არ ეპოვოს ის, რაც დასავლეთში დაკარგა, ან არ აღმოეჩინოს ის, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა. დიდი უცნაური მხარეა აღმოსავლეთი.

მე კი არ ვიყავი სახლში. ხალიჩების ქარხანაში ახლად გაფენილ საქონელს ვარჩევდი. ხელობას ვუქებდი ქალებს, ზოგს ვუწუნებდი. ასეა ეს ცხოვრება. ზოგი უნდა შეაქო, ზოგი უნდა დატუქსო. სულ კარგის, ან სულ ცუდის მოლაპარაკე კაცი ყველას ეზიზღება, რადგან ჯერ არ ყოფილა რამე, რასაც ცუდი და კარგი მეტნაკლებად თანაბრად არ შეეთავსებინოს.

მე სახლში არ ვიყავი, როცა ყველაფერი მორჩა. როცა ჩემი ცოლის თვალებში აღმოსავლეთი გაქრა, მიილია და მის ადგილას ცარიელი, უმზეო მზის დისკო დარჩა. ჩემი ორსული ცოლის ყველაფრისდამტევი თვალები ვერ აუვიდა კაცის ხელით შექმნილი სიკვდილის გენიალურობას. გასროლა ზუსტი იყო და საბედისწერო, ნახევარი უბანი დაანგრია და როცა სისხლით მოსვრილ ქუჩებში ჩემი წინაპრების წვალებით ნაშენ და არამზადის ხელით განადგურებულ სახლს მივადექი, საკუთარი ცოლის უსიცოცხლო თვალებში ჩავიხედე, იქ მხოლოდ რეალობის შიშველი ანარეკლი დავინახე, ანარეკლი რომელშიც არაფერი იყო მშვენიერი და მივხვდი, რომ ყველაფერი მძულდა. აღმოსავლეთიც და დასავლეთიც, მზეც და წვიმაც, ცოცხლებიც და მკვდრებიც ერთნირად შემზიზღდნენ. საკუთარი უბედურების მთელს მსოფლიოზე გადაწვდენა მომინდა და როცა ჩემი ცოლი დავმარხე, პაპაჩემის მსოფლიოომისდროინდელი შაშხანა ნანგრევებიდან ამოვიღე, გავწმინდე და საკუთარი ზიზღის მსოფლიოზე გადმოსანთხევად გავემართე.

მერე, მერე ბევრი ცუდი ვნახე. ომი ვნახე. ომში არაფერია კარგი, ომი ყველაზე საშინელი სიზმარია, რაც ადამიანს შეიძლება დაესიზმროს. ომში ადვილად სამართავი ხარ. ვისაც შენზე ერთი დღით მეტი უბრძოლია, ერთი ტყვიით მეტი უსვრია და ერთი კაცით მეტი მოუკლავს, ყველა გაგაკონტროლებს, რადგან ომს საკუთარი ფსიქოლოგია აქვს და ამ ფსიქოლოგიას ყოველდღე სწავლობ, ყოველ გასროლაზე გემატება ცოდნა, ყოველ მოკლულზე შენს წინ ახალი გამოწვევები ჩნდება და ბოლოს სიკვდილის მანქანად იქცევი რომელსაც ღამით დაძინებისაც აღარ ეშინია, რადგან ერთ ღამეში შეუძლებელია ყველამ მოგაკითხოს ვინც შენი ხელიდან მიიღო სიკვდილის დიადემა და ამიტომაც გტოვებენ, რიგში დგომა ეზარებათ. თავიდან მშვიდ ძილსაც წყობიდან გამოჰყავხარ, ბოლოს კი საკუთარ სიკვდილსაც შეგიძლია შეაფურთხო სახეში და უთხრა, რომ როცა მოკვდები, ზუსტად მასავით უხორცო გახდები, უსახელო სუბსტანცია და იმ პოზიციას დაიკავებ საიდანაც მის მოკვლასაც შეძლებ, საიდანაც სიკვდილსაც კი მოკლავ. იერარქიულად ყველაზე მაღალი სამხედროს ზემოთაც დგას პირველი გენერალი, თავად ომი, თავად ბოროტება, მაგრამ დამიჯერეთ არასოდეს არც ჩემი თანამებრძოლების და არც მტრის ბიჭების მხარზე არ დამინახავს მოხარხარე სატანა, მათ მხრებზე მხოლოდ ატირებულ ანგელოზებს ვხედავდი.

იმ დღეს, როცა ჩემი უბედურების ზიზღად გადმონთხევა დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ზღვარი არსებობდა, მაგრამ შემდეგ საკუთარ შიშებს დავაბრალე ასეთი ფიქრი და დაუნდობელი გავხდი. ვხოცავდი მოწინააღმდეგის მებრძოლებს, ვხოცავდი მოწინააღმდეგის მხარეს მყოფ მამაკაცებს, ბოლოს, ბოლოს კი იმასაც ვერ ვხვდებოდი ვინ იყო მოწინააღმდეგე. ომში არ არსებობს შენიანი და სხვისიანი, ომში არსებობს მხოლოდ მტერი, მაგრამ ბოლოს იმის გაგებაც გიჭირს მტერი ვინაა და  იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ საკუთარი თავის მტერი თავად ხარ და იმასაც ხვდები, რომ მთელი მსოფილიო შენს გარეშე მტვრის უმცირესი გროვაა და არაფერი მეტი. მაგრამ როცა ერთ-ერთ სოფელში ჩემმა ოცმეთაურმა სამხდრო დანა და ქრისტიანი ბავშვი მომიგდო, მიხვდი, რომ მართლაც არსებობდა საზღვარი. მას სახეში შევაფურთხე და როცა გონს მოვედი, სამხედრო ტყვეთა გვერდით ვეგდე სიცხით გამომშრალ მიწაზე ხრწნად სხეულებს შორის.
შემდეგ დაიწყო ჩემი დამუშავება. წრმოდგენა არ მაქვს, სად იპოვეს ჩემი ცოლის სურათი, მაგრამ ზუსტად რომ მოარტყეს ვიცი, რადგან როგორც კი ჩემი ორსული ცოლის უსიცოცხლო თვალები ვნახე, მაშინვე ამიკაწკაწდა ზიზღით შეპყრობილი სული. მერყევი კაცის დამუშავებას რა უნდა, ორი კვირა იდეოლოგიური წნეხი და ბახ, უცებ აღმოვჩნდი აქ. ამ აღმოსავლურ თუ დასავლურ ქალაქში. სამი კვირა ვიბოდიალე ზიზღით და სამოთხეში საკუთარი ცოლის ხილივის ილუზიით შეპყრობილმა და ბევრი რამე ვნახე.

ეს ქალაქი არც აღმოსავლეთია და არც დასავლეთი. სხვაგან შიიტები და სუნიტები ერთმანეთს ვჩეხავთ, აქ კი ერთ მეჩეთში ვლოცულობთ. სინაგოგას, მეჩეთს, სომხურ ეკლესიას, კათოლიკურ ტაძარს და ორთოდოქსულ კათედრალს ვერსად ნახავთ გვერდიგვერდ ამ ქალაქის გარდა. მე ყველაფერი შევისწავლე, ყველაფერი ვნახე ამ ქალაქში. ვნახე მოტირალ-მოცინარი კაცები როგორ ეხვეოდნენ ერთმანეთს სასმისით ხელში, როგორ უმზერდნენ შემთვრალი თვალებით საკუთარ ცოლებს და თითოეული მათგანი მძაგდა, რადგან მათში საკუთარ ოჯახს ვხედავდი, საკუთარ ვერშემდგარ მომავალს. ვხედავდი მოსეირნე წყვილებს და მათი ახალგაზრდობა მშურდა, ვხედავდი მოხუცებს და მშურდა, საკუთარი სიკვდილით რომ უნდა დახოცილიყვნენ. ვხედავდი, ბავბშვებს და დამუშავებული, ზიზღით აღვსილი გონებით მათი დამხოცველიც ვიყავი.

დღეს კი, დღეს გადავწყვიტე აღმესრულებინა იბნ ალ-შაეთანის მიერ დაკისრებული მისია. დიდი სპორტული მოვიცვი ასაფეთქებელი მოწყობილობით დამძიმებულ სხეულზე, რადგან ამას წყალი თუ მოხვდა, მტრისას, ვეღარ აამოქმედებ მერე და წყალში ჩაიყრება ამდენი ფული და შრომა. მშვიდად ავუარე გვერდი ფორმიან პოლიციელებს და ესკალატორს ქვემოთ ჩავუყევი.

გადაჭედილ ვაგონში საკუთარი ფეხით მოსულიყო ყველა, ვინ შაეთანთან უნდა გამესტურებინა. აქ იყვნენ სტუდენტები, რომლებიც საკუთარ მომავალზე ჩაფიქრებულიყვნენ წუთით, რადგან მეტრო საუკეთესო ადგილია მომავალზე საფიქრელად, იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში საშინლად გვინდა, ხვალინდელი დღე რაღაცით მაინც იყოს დღევანდელზე განსხვავებული და როცა ბევრს ვფიქრობთ, ვხვდბით, რომ ხვალაც ზუსტად ისეთივე პანორამა შეიკვრება, როგორიც დღეს შეიკრა და ცოტა ხნით დაფიქრება ოცნებაა, ოცნება კი ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს საოცრად უყვართ. აქ იყვნენ სამსახურით დაღლილი მამები, რომლებსაც ინსტინქტებამდე დასვლოდათ მამობრივი სითბო და მარტო იმას ფიქრობდნენ ხვალ რა პროდუქტი მიეტანათ სახლში. აქ იყვნენ ოჯახზე ფიქრით გადაღლილი დიასახლისები, მოხუცები, რომლებსაც არც კი ახსოვდათ საკუთარი ბობოქარი სიცოცხლის ავკარგიანობა, იყვნენ გოგონები, მაცდური მზერით, ერთხელ რომ შეგხედავენ, წამით და მერე მთელი დღე მათზე უნდა იფიქრო, რადგან ქალის მზერაში საიდუმლონარევი გაკვირვება თუ იხატება, მორჩა აკვიატებული თავსატეხია, რომლის ამოხსნისთვისაც სიცოცხლეს გაიღებდი. აქ იყვნენ ბებერი ნაბოზრები, რომლებაც ათას კაცს გაუძლეს, ათასი ვნება და სურვილი დაღალეს და ახლა, როცა თავადაც დაიღალნენ, ძველი პროფესიისგან მხოლოდ გამოხედვა, ჩაცმის მანერა და ვულაგრული ხმის ტემბრი შემორჩენოდათ. ამ აზიური ბაზრის მსგავს ვაგონში, რომელიც ოფლით, ფიქრით, გოგირდის სუნით და ადამიანთა წამიერი ოცნებებით ყარდა, ყოველ სანტიმეტრზე სუფევდა ის, რასაც ყველგან ვეძებდი და რაც ყოველთვის ჩემთან იყო-სიცოცხლის სურვილი. თვალებში ვუყურებდი ყველას ვისზედაც მიმიწვდებოდა მზერა და ვგრძნობდი, რომ თითოეულ მათგანში, აბსოლუტურად ყველაში იგრძნობოდა სიცოცხლის საშინელი წყურვილი. ზოგში ისე ცხადად, ისე ნათლად, რომ თუ მიუშვებდი ლაზარეს მსგავსად აღადგენდა ნახევარ კაცობრიობას. ზოგში დიდი დაღლილობის უკან ჭიატობდა, იმალებოდა, მაგრამ ყოველ წუთში გამოყოფდა პაწია, იმედიან თავს და სულში გიძვრებოდა, თვით მოხუცების დანაოჭებულ მზერაშიც იკითხებოდა ხვალინდელი დღის გათენების უსაზღვრო მოლოდინი და როცა რეალობაში დავბრუნდი ბინძურ გარეუბანში ვიდექი, გაყინული ხელი დეტონატორზე მიმყინვოდა და საშინლად მაწვიმდა. სახეზე ვგრძნობდი გაზაფხულის წვიმის წვეთების თარეშს და ვგრძნობდი, როგორ მშორდებოდა თვეობით სხეულზე მიმხმარი დამპალი სისხლი და ცოდვა, როგორ იწმინდებოდა ჩემში ის, რასაც სულს ვეძახით, როგორ იბადებოდა უდიდესი ღირებულება-მისი აღმატებულება ადამიანი და როცა წამის მეათედში გადავახარისხე განვლილი რამდენიმე თვის საშინელება, მივხვდი, რომ ჩემს მხარზე ანგელოზი ტიროდა, მაგრამ არა ისე, ქალი შვილს რომ დაკარგავს, ის ტიროდა ზუსტად ისე, საშინელი აფეთქებით დანგრეულ ქუჩაში დედა რომ ბავშვს იპოვნის და ცრემლი წასკდება და როცა კიდევ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ერთხელ ტელევიზორში, როცა, სადღაც, უცხოეთში, თბილ სავარძლებში, ჩვენი და ჩვენი მოწინააღმდეგეების მეთაურები ერთმანეთს სხვა ხალხის წარმომადგენლებთან ერთად ართმევდნენ ხელს ოთახში მყოფ ყველა ადამიანს მხარზე სიამოვნებისგან გაბადრული შაეთანი ეჯდა და ნერწყვიანი ტუჩებით ღიმილს ასწავლიდა.

ბომბი მოვიხსენი და სპორტულ ზედაში გავახვიე, მაღაზიაში რამდენიმე ბოთლი წყალი ვიყიდე. მიყრუებულ ქუჩაზე გავედი და სიკვდილის მანქანას დეტონატორი გამოვაძრე, საკუთარ ბინძურ წარსულთან ერთად ბინძურ სანაგვე ურნაში ჩავაგდე და მიუხედავად იმისა, რომ საზიზღრად წვიმდა,  თავის დაზღვევის მიზნით, ბოთლებიდან გადმოღვრილი წყლით თავიდან ბოლომდე დავასველე, აწი შანი აღარაა ის აფეთქედეს. ამ წერილს საოფსტო ყუთში ჩავაგდებ და ერთ-ერთ გაზეთში ვგზავნი, რათა ყველამ გაიგოს, რომ ყველაზე მარტივი, უბოროტო ადამიანის სულიც კი შეიძლება მოიწამლოს, რომ ომი საშინელეებაა და ყველა ვინც ამას ხვდება, არ უნდა მოვდუნდეთ, თბილ სავარძლებში ჩათბუნულ შაითანსმიყიდულ ადამიანებს არ უნდა დაველოდოთ და ყველა სახლიდან გამოვკიდოთ მზისფერი ბაირარი, რადგან თეთრი ფერი მხოლოდ მშვიდობას გამოხატავს, მზე კი თავადაა მშვიდობაც და სიყვარულიც, უსიყვარულო მშვიდობა კი ისევეა განწირული დასასრულისთვის, როგორც ადამიანი სიკვდილისთვის და რაც მთავარია, ყოველთვის, ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ თვით ყველაზე გახრწნილ კაცშიც ცოცხლობს ნაცარმიყრილი იმედი იმისა, რომ მას მოუსმენენ, გულის კიდეში მიმალულ სინანულს დაუჯერებენ და შეუნდობენ. თქვენი ქრისტე და ჩვენი ალაჰი მხოლოდ მაშინ ჩაკიდებენ ხელს, როცა ჩვენ ჩავკიდებთ, რადგან ჯოჯოხეთში ვყოფილვარ და სიკვდილის მთესველი ადამიანები მინახავს, მათ მხარზე კი არასოდეს მჯდარა გაღიმებული შაეთანი, მათ მხარზე ატირებული ანგელოზები ისხდნენ, დედა რომ შვილს დაკარგავს, ზუსტად ისეთი ანგელოზები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები