ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2015


გაზაფხულის საღამოა მშვიდი...

,,უფალო, მადლობა რომ მახილე სამყარო ესე, სასწაულებით სავსე, და გვირგვინი მისი, დედამიწა და ქვეყანა იგი, მშვენებით სავსე, სა-ქა-რთვე-ლო, რომ ადამიანი ვარ და ნებას მრთავ - მიყვარდეს...
მაგრილობელ ნიავად მეფინება მზერა მისი ზაფხულის ხვატში და მარწყულებს უსაშველოდ მწყურვალს...
მინდა მისთვის განიღოს სულის კარები ჩემი და მან შემომიტანოს სურნელი მიწის, წყლის, ჰაერისა და მზის...
ევად მინდა მომეახლოს - მაცოცხლებელ და განმიახლოს სიხარული სიცოცხლის... ”
* * *
- დედა, მზეს რა ფერის თვალები აქვს?
- მზე მხოლოდ ვარსკვლავია, უახლოესი და თვალები არ აქვს !
- აკი ცხრათვალა მზეო?
- ეს ზღაპრებსა და ლეგენდებში!
- ჰოდა ის მითხარი, ზღაპრებში რა ფერის თვალები აქვს?
- არ ვიცი...
- მე ვიცი , შენფერი...
* * *
საბურთალოზე ისე ახლოა შენობები, თქვენობით არ ესაუბრებიან მეზობელ კორპუსთა მაცხოვრებლები ერთმანეთს.
ბიჭმა, როცა მზისა და მთვარის განსხვავება შეძლო, ჩათვალა მეზობელ კორპუსს ამოჰყავდა მზე. ყოველ დილით სიხარულით ავსებდა პირმომცინარე მზე და იწყებდა მის სხივებთან თამაშს. როცა ერთ, ღრუბლიან და მოწყენილ დილას ამაოდ ელოდა მნათობს, გახედა ადგილს, საიდანაც ჩვეულებრივ სხივები ეფინებოდა მის სარკმელს და შენიშნა; მოპირდაპირე კორპუსიდან გოგო უღიმოდა, მზესავით ლამაზი...
და ამის შემდეგ ყოველ დილით უკვე ორს ელოდა ბიჭი, გოგოს და მზეს...
* * *
- ხვალიდან, დედიკო, ბაღში უნდა იარო...
- რატო, დე ...
- იმიტომ, რომ ყველა შენი ხნის ბიჭი უკვე ბაღში დადის!
- კარგი, დე, მეც ვივლი, ოღონდ ჯერ მზის ამოსვლას სახლში შევხვდები, ხო ?!
- ღრუბლიან ამინდში რა ვქნათ აბა?!
- ღრუბლიან ამინდშიც ამოვიდეს შეიძლება მზე...
* * *
ბაღში მისულმა, სწორედ ის დაინახა პირველი, ვისაც მზესავით ელოდა ყოველ დილით...
- გამარჯობა!
- ... - გოგომ ღიმილიანი დუმილი შეაგება.
- გამარჯობა არ იცი თუ ლაპარაკი? - კითხა ბიჭმა და თან გაეფიქრა, რა იოლი ყოფილა მზესთან საუბარი, თუმცა რა, ჯერ მხოლოდ მე ვლაპარაკობო...
- დედამ, უცნობებს არ გამოელაპარაკოო!
- მე შენ გიცნობ, მზე ხარ ჩემი მეზობელი კორპუსიდან, სართულსაც გეტყვი, მეოთხე... მე კი შენს პირდაპირ ვცხოვრობ!
- არ ვარ მზე, მე ვარ მზია!
- ხო, მაგრამ მზეს გავხარ!
- მე არ ვგავარ მზეს, მე დედას ვგევარ!
- იცი, მზეს რა ფერის თვალები აქვს?
- ვიცი, დედის თვალების ფერი!
- საიდან იცი?
- ვიცი. იცი, მე გიცანი... ოღონდ არ ვიცი, რა გქვია!
- მე უჩა მქვია. არა, შემეშალა დათო!
- უიმე, სახელი გეშლება?!
- დათო მქვია და გვარად უჩაძე ვარ, ოღონდ ბიჭები, ეზოში უჩას მეძახიან... შენ რა გვარი ხარ ?
- შანავა...
* * *
დრო ხან წამია ერთი, ხანაც უსასრულობა... ხან ეფერება თავის გზაზე ყოველს, ხან რისხვით მუსრავს და მიქრის დიადი მეუფე, დრო, მარადიული ეტლით...
გაიარეს ბაღის წლებმა, სკოლის წლებმა, ერთად იარა გოგომ და ბიჭმა, უერთმანეთოდ წამს არ გაუვლია და ბოლო ზარიც დაირეკა, მოსწავლეობის...
სამ ივნისს ჩატარდა ბანკეტი. იყო სიხარულის სიახლის მოლოდინის და სევდაც რაღაცასთან განშორების. იყო ბევრი სიმღერა, ცეკვა, ლექსი...
შუაღამეა უკვე. ერთად ბრუნდებიან ბიჭი და გოგო. ბიჭი მთვრალია, ოღონდ ისე არა, ფეხი რომ შეეშალოს ან ენა. მაინც მთვრალია, ცალკე გრძნობით, რასაც ვერ ამხელს, ცალკე სასმლით, - გამხელილით...
- გახსოვს პირველად რომ დაგინახე? _ ამბობს ბიჭი.
- ბაღში თუ ფანჯარაში? - იცინის გოგო.
- ჯერ ფანჯარაში? - იცინის ბიჭიც.
- ჯერ მე დაგინახე, შენ მზეს ეძებდი...
- კი, ვეძებდი მზეს, გიპოვე შენ, ჩემი მზე...
- ბაღში რომ ჩაი გადამასხი , გახსოვს?
- მე, უნებურად!
- შენი ბრალი იყო.
- ჩემი არა, ჩაის... რამდენი იტირე?
- შენც იტირე, აღმზრდელი გაგიბრაზდა და იტირე!
- არა, მაგიტო არ ვიტირე! მეგონა ძალიან გეწვოდა და იმიტომ ამეტირა.
- გინდა ახლა ისევ ბაღში ვიყოთ!
- ჩაი გინდა ისევ გადაგასხა?
- თუნდაც... ან სკოლაში დავდიოდეთ ისევ?
- დღეს დავამთავრეთ სკოლა და უკვე გენატრება ?
- კი, მენატრება, გული მწყდება, ბავშვობა დამთავრდა, დიდობა მაშინებს!
- რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება... მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს...
- ,,მემენტო მორი” - თქვა გოგომ, კლასელის მიერ ბანკეტზე ნათქვამი ლექსი გაახსენდა რატომღაც, - ,,ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება”... იცი ტერენტი გრანელი ბაბუაჩემის რაიონიდან არის, წალენჯიხიდან?
- არ ვიცოდი!
- გინდა ერთხელ ტერენტის საფლავთან მივიდეთ?
- კარგი, მივიდეთ. იცი ახლა რა მინდა?
- ,,შეცდომების დაშვება”? - გაიცინა გოგომ.
- აი აქ შუა ასფალტზე წამოვწვე... - ამობს ბიჭი.
- სულ ეს? გიჟი ხარ! ასფალტის საჭმელად გამიგია, წამოსაწოლად არა...
- ასფალტზე წამოვწვე! და შენც გვერდით მომიწვე და ვარსკვლავებს ვუყუროთ...
- სად ხედავ აქ ვარსკვლავებს?
ბიჭი უცებ მართლა წამოწვა ასფალტზე.
- ასე გამოჩნდება!
- საშანავოში, ბაბუაჩემის სახლის წინ ყვითელი ბაიებით სავსე მწვანე მინდორზე მეც წამოვწვებოდი, აქ არა!
- აი, ვარსკვლავი გამოჩნდა! მოდი რა შენც დააწექი, არ გინდა დაინახო ?
- გიჟი ხარ მეთქი, უცებ მანქანამ რომ გამოიაროს?
- რატომ უნდა გამოიაროს?
- მანქანები რატომ დადიან?
გოგო გზას აგრძელებს. უკან არ იხედება და ისე ამბობს სიცილით.
- ადექი, ამაოდ ფიქრობ შენს გვერდით დავწვები, მით უმეტეს ასფალტზე!
- ბაბუაშენის მინდორზე ხომ წამოწვებოდი?
- იქ სულ სხვაა! ადექი, არ მოვბრუნდები იცოდე!
- ,,დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი..” - თქვა უცებ ბიჭმა.
მოულოდნელად მოსახვევში დიდი სისწრაფით ჯიპი შემოიჭრა. მანქანის ხმაზე გოგო შემობრუნდა. მისი კივილის ხმა და მანქანის მუხრუჭების ღრჭიალი აირია ერმანეთში...
* * *
ლამის სამი წელი გავიდა, სევდა და ცრემლი არ მოსცილებია გოგოს თვალს, თავს იდანაშაულებდა: ზურგი რატომ შევაქციე, რატო მივატოვეო... თალხით შემოსილი ევედრებოდა უფალს, ბიჭის სულს უპატრონეო, ნათელში მიმყოფეო. ერთადერთი ადგილი სადაც დადიოდა, საბურთალოს სასაფლაო იყო. თავს ევლებოდა ბიჭის სამუდამო განსასვენებელს. ყველა საეკლესიო წესს უსრულებდა გარდაცვლილს. დარდობდნენ გოგოს მშობლები, ისღა აკლია ქვრივად გამოაცხადოს თავიო. სკოლის დამთავრების შემდეგ ფილოლოგობას აპირებდა, თუმცა გამოცდებზე არ გასულა, მზად არ ვარო ასე იმართლებდა თავს. მშობლები არ აძალებდნენ, უფრო არ გაგვიუცხოვდესო. ფსიქოლოგი დაიქირავეს, რომელიც გოგოსთან შორეულ ნათესავად ასაღებდა თავს, თუმცა საუბრის დროს ამჟღავნებდა თვის ფუნქციას თუ უფუნქციობას. გოგოსთვის ყველაფერი ერთფეროვანი გახდა, ყველაფერი დამთავრდა თითქოს გარდა ბიჭის ხსოვნისა. ლექსებს კითხულობდა ლოცვების შემდეგ: ,,ახლა უფრო ხშირია, შეცდომების დაშვება...”
პარასკევი იყო. შაბათ დილით ბიჭის საფლავთან აპირებდა მისვლას. ღამით სიზმარი ნახა, დათო ეუბნებოდა, ხვალ ჩემს საფლავთან ნუ მოხვალ, საღამოს შვიდ საათზე ტერენტი გრანელის საფლავთან მიდი დიდუბის პანთეონშიო. ოფლში გაღვრილს გაეღვიძა, რატომღაც ჩათვალა ცამეტი ივნისის დილა თენდებოდა, არადა კალენდარზე ოცდახრა აპრილი ეწერა. არავისთვის გაუმხელია სიზმარი, წყლისთვსაც კი. უსასრულოდ გაიწელა დღე. მოსაღამოვდა. დიდუბის გზაზე გულში ერთსა და იმავეს იმერეობდა: ,,დღეს სამია ივნისის მინდა იყოს ცამეტი, ჩემს გარშემო ციხეა, მწუხარების სავანე...”
ცარიელი დახვდა პანთეონის ეზო. ცნობილ ადამიანთა საფლავებს შორის ტერენტის საფლავს დაუწყო ძებნა. ლამის შვიდი ხდებოდა რომ მიაგნო. ყვავილები დააწყო საფლავზე. შაშვი გადაფრინდა ნაძვიდან ნაძვზე. ,,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...” - თქვა უცებ ხმამაღლა - უნებურად, გონებას არ უკარნახია, ისე და გაჩუმდა...
,,გაზაფხულის საღამოა მშვიდი” - მოესმა უცებ. მოტრიალდა და ბიჭი დაინახა. ასაკით ალბათ თავისი ტოლი ან ოდნავ უფროსი.
- არ შეგეშინდეთ, მე უჩა ვარ! - თქვა ბიჭმა,
- დათო უჩაძე? - გული საგულეში შეუქანდა გოგოს.
- არა, უჩა დავითაშვილი! - თქვა ბიჭმა, - თქვენ კი ალბათ მზია, ხო?
და ბიჭი მოყვა ბოლო ერთი წელია პერიოდულად როგორ ნახულობს სიზმარს გოგოზე, რომელიც თითქოს ბაღში გაიცნო, ვისთანაც ერთად სკოლაში დადიოდა, რომელმაც შეაყვარა გრანელის ლექსები. ისე შეჩვევია სიზმრად ნახულს, იმ დილით იყო ბიჭი ბედნიერი, გოგოს თუ ნახავდა სიზმარში ღამით. მერე ღმერთს ევედრებოდა თუ მართლა არსებობს ასეთი პიროვნება, შემახვედრეო. წუხელ კი სიზმარში ბიჭი დასიზმრებია, რომელსაც უთქვამს, იმ გოგოს მზია ქვია, ხვალ შვიდ საათზე გრანელის საფლავთან ნახავო...
გოგოს ცრემლები მოსდიოდა. ბიჭმა მაპატიეო, ბაღში რომ გატირე ერთხელ, შემთხვევით ცხელი ჩაი რომ გადაგავლე, მერე რა რომ სიზმარში, ისიც მეყოფა, ახლა მეორედ არ ამატიროო და ხელზე მოჰკიდა ხელი. გოგოს სიმშვიდე დაუფლა, აღარ ტიროდა. ამ დროს ისევ ჩიტმა გადაიფრინა იქვე, ხიდან ხეზე. შაშვი იყო. მერე საფლავთან დაფრინდა შაშვი, საერთო არ ერიდებოდა ადამიანებს. გულზე მზისფერი ლამაზი ზოლები აჩნდა. ინტერესით ამოხედავდა ხან ერთს ხან მეორეს. ცოტა ხანიც და ისევ ახლოს მდებარე ნაძვისკენ გაფრინდა, მერე კი იქედან მეორე ნაძვზე... ბიჭი და გოგო გაოგნებული უყურებდნენ ამ სურათს, მერე კი, თითქოს და შეთანხმდნენო, ორივემ ერთდროულად თქვა:
,,გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...”
წალენჯიხა, 2015 წელი, 27-29 აპრილი,
ლიტერატურული მარათონი ,,თუთა”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები