ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2021


რობი

ხეებს ვეყუდები წლებია
და გადამფრენ
ჩიტებზე
ვფიქრობ.
ჩემს ქუჩაზე წყლის გუბეები წვანან,
ირგვლივ კი დახურული
სამრეკლოებივით
გამურულა კორპუსები.
თითქოს ყველამ
თავისი თქვა
და
ცხვირწინ
მომიჯახუნეს კარი.
ეს ქალაქი დაცარიელდა...
სადღაც
გადახრილ ანძაზე დახლართულ
მავთულს
ასვენია
ჩემი ღამეები...
ყოველი ღამე
გაბმული ყვირილია
სტრიქონებში,
მე გიწვდი ხელს
რომლის ბოლოშიც
იშლება ორქიდეა.
ვიცი რომ შენს სახლს
უფრო მოუხდება
ცისფერი ჭერი.
მინდა რომ
ერთი გაავდრებაც მოვისახადოთ,
რომ ერთი სენით
არ გვტკიოდეს
ლურჯი მაჯები...
შენ რობი გქვია.
შენ სიშორის,
ზღვის სუნი
დაგკრავს.
ფერებს არ ვურჩევ
მეგობრის გულს
და იმის თვალებს,
ვინც დაიღვარა
ამ მიწაზე,
ფერი დაკარგა
მაგრამ
სანაცვლოდ
ქარში გაშლილი
თმები დააქვს
მხატვრის ხელებით,
ხელებით სადაც
სანუკვარი მზე ჩაესვენა...
ერთ დღეს
დამარცვლავს უცხო თვალი
შავ კრიალოსანს,
შეშლის,
ხელიდან გაშვებული
ყველა სადავე,
სულ ერთხელ
მაინც
გაიხსენებს ზღვისპირა პალმას,
მოგიგონებენ
არეული
ცრემლში თვალები.
შენ იცი რობი,
რომ არ ჰგვანან
ზღვები ერთმანეთს,
დღეს ჩემს ქუჩაზე
ღია კარი,
არც ერთ
სახლს არ აქვს.
ვფიქრობ
გადამფრენ ფრინველებზე
და ხელებს
მეც ვშლი,
რაღაც
ხომ უნდა მიყვარდეს
და
ხომ უნდა ვგავდე...
მე იცი რობი
ერთ ატუზულ
კორპუსში ვცხოვრობ,
ღამით მოჟონავს სტრიქონიდან
ზღვისპირის სუნი.
შენ არ ხარ მარტო,
ჩვენ ყველაფრით
ტყუპი დები ვართ,
მერე რა
თუკი ერთდროულად არ დავიბადეთ.
ჩვენ საერთო გვაქვს
ტკივილი და
ვიცით როდესაც,
აბჟუტდება განაპირა გრძნობებით ლოდი,
ერთმანეთს ჩვენი
გული უნდა გადავაფაროთ...
შორს გადახრილი ანძებიდან ერთ დღეს
მავთული,
ყველა ნათენებ
ღამეს წმინდად ჩამოიფერთხავს,
ხეებს კი,
აღარ მივეყრდნობი
როცა შენსავით,
ზღვისხელა გულით
ვინმე მხრებს და
ზურგს გამიმაგრებს.
ჩამოსხდებიან მავთულებზე მერე მტრედები,
ყველა ტკივილს
და
ყველა დარდს
რომ გადაუფრინეს.
ჩემო ზღვისპირად აფრენილო
ლექსების წერავ,
შენ რობი გქვია,
ქარიშხალში გაშლილი თმებით,
ყველაზე მეტად საკუთარ თავს,
და
ბედს
მაგონებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები