ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2021


რამდენიმე ერთად

* * *
სადაც არა ხარ,
ტყუილია
მე
იქ გავჩერდე!
ვიცი რომ
ასე
სიყვარულიც
მეტისმეტია,
ლექსები
როგორც,
მობჯენილი
ყელზე
მაჩეთე,
შენი
გულისკენ,
დასაღუპად
მეზიდებიან...



 *   *   *
სიცოცხლე ზოგჯერ რაღაცაზე
ბევრად
მეტია,
ხანდახან ალბათ ყველაფერზე
უფრო
ნაკლები,
და თუ თვალებში სიტყვა სიტყვით
ვერ ჩაეტია
ჩვენი საერთო ოცნებები
მთელი
განცდებით,
ხელებს გაგიშლი აფრასავით
თითო
სტრიქონზე,
როგორც სჩვევია პოეტ ქალს
და
ღმერთის მოჰიკანს, გრძნობებს
გულზე რომ სისხლძარღვებად
ამოტვიფროდნენ,
მოვალ შენთან და
გადამრჩენელ
ლექსად
მოგიტან..
 *  *  *
ხელში,
გაწყვეტილი
თმების
თაიგული,
ღამე...
მთვარესავით
სავსე
მელოდია,
შენი
ხელებიდან
ლექსად
აკინძული,
ღმერთი
და
სიცოცხლე
ჩემში
შემოდიან...



*  *  *
დაე,
ეს სიცოცხლე
ღმერთმა გაუგრძელოს,
იმ კაცს,
ტკივილებს და
ბედს რომ მოერია...




*  *  *
შეუძლებელია
არ მეცნო,
ათასობით ადამიანში
შენი მზერა.




*  *  *
მიდის ვიღაც და
თვალს უშტერებ მერე იმ ადგილს,
რომლის შევსებას დაუთვლელი წლები დასჭირდა.



 
*  *  *
უბრალოდ ვამბობ:-
მე სოფელი მაქვს!
რაც არასოდეს დაიღუპება,
აი ეს არის ჩემი სიცოცხლის
დაუკარგავი თავისუფლება ...




*  *  *
თუ გაცემაა,
გაცემა იყოს.
მე ხელებიდან ჩემს სულს ჩაგითვლი.
ოცდაათ არა,
ყოველ სიცოცხლედ,
ყოველ სუნთქვად და
ყოველ დღეებად...




* * *
ხდება
რომ წამებს,
ჩვენგან მიაქვთ
რაღაც ისეთი,
რასაც წლებიც კი ვერ აბრუნებს
უდანაკარგოდ...





*  *  *
ხომ ხდება ზოგჯერ
რომ არავის ბრალი არ არის,
როცა იმედი და სიცოცხლე, ერთად კვდებიან.
მოხდება რაღაც,
ჩამოტყდება ქუჩაში ტოტი,
და ზედ დამსხდარი
ბეღურები იჭყლიტებიან.
ჩვენც ასე მოვკვდით,
და
ქუჩიდან გამოგვასვენეს,
ქუჩიდან სადაც,
ჩვენ პირველად ერთმანეთს შევხვდით...





*  *  *
შენი ხელებია ორნამენტი,
რომლის უკანაც
ფოთლებივით შრიალებს
მუსიკა...





*  *  *
პოეზია არ არის ბედნიერების ორბიტა.
ლექსში ვერ ამოიყვან მზეს,
თუ ცხოვრებაში არ გინახავს იგი.





*  *  *
ჩამოდგებიან დღეები
ნაცნობი ადამიანებივით,
თვალი რომ გაგიყოლებია
და სიტყვაც არ გითქვამს...




*  *  *
შენ
იმ ფურცლებზეც
ვერ დაგატიე,
სარჩულად
ჩემი სული
რომ ჰქონდა.




*  *  *
არც მოსაყოლი ამბავი არ მაქვს,
არც დღეები მაქვს ალბათ ძვირფასი,
უბრალოდ ჩემს წილს ფურცელზე ვშანთავ,
როგორ მცივა და როგორ ვეწამე....




*  *  *
ამაღამ ქარი გადააბამს ხეებზე ქირქილს
რომ დავიღუპეთ უნუგეშოდ ერთ დღეს მე და შენ...




* * *
ქუჩები..
ლექსად გადმოსული შენი ტანიდან,
(ყველაფერია დღეს ჩვენს შორის
გარდა სითბოსი,
იმ სიყვარულის,
ჯვარივით რომ ასატანია
და ამ ჯვარიდან ყოველ დილით
სხეულს ვიძრობდით.)
დასანანია რომ ამ რიგად გამრუდდა გზები,
(ზოგჯერ ვაღმერთებ ადამიანს
რაღაც უაზროდ)
მაგრამ შეცდომა არ იქნება
გითხრა მიყვარდი,
თუმც ერთი გული არ ჰყოფნიდა ასეთ სიყვარულს.




*  *  *
როგორ ციოდა
კედლებსაც კი აკანკალებულთ
ჩამოყინული ნახატები
ჯვრებად ესვენათ,
ჩვენ კი
თვალებით
ერთმანეთის
სხეულს ვათბობდით,
სხეულს
რომელიც ამ ხელებში იქცა ლექსებად...




* * *
 მე
გზას
კი არა,
ღმერთს და სიყვარულს
მოვყავარ
შენთან.
ეს
ქარს
კი არა,
სახეს ვუშვერ მხოლოდ
შენს
ხელებს.
მერე
რა
თუკი,
შენ
ჩემს გარდა
სუყველა
გიყვარს,
მე
ერთი
ლექსით
შემიძლია
სიცოცხლე
მოგცე!




* * *
შენ
გაქვს
ყველაფერი
რაც
შეიძლება
ინატროს
კაცმა.
მე
კი
ყველაფერს
მირჩევნია
მხოლოდ
შენ
მყავდე,
და
მეტს
ოდნავაც
სულ
არაფერს
არ
ვინატრებდი...




*  *  *
ცდილობ სიმშვიდეს და დღეს გმობ არითმიას,
ატყობ ფანჯრებიდან ხალხი მიდი მოდის,
კიდევ კარგია რომ რა გჭირს არ იციან
ცოდვად ჩაგითვლიდნენ უსაზომო ლოდინს




*  *  *

მთვარიან ღამეს
იწყებიან
შენი ხელები,
ჩემს ხელებამდე
ქარივით
რომ მოაქვთ
მუსიკა...




*  *  *

ყოველი დღე-
ჰგავს ქარის გარეშე
გაშლილ თმებს...
ისინი კი შენს ხელებს ჰგვანან...
აფრასავით ზეცისკენ აწვდილს.
შენი ხელები იკავებენ ახლა ჩემს ხელებს.
მე მჯერა შენი,
ჩემი კედლები გისმენენ შენ...
ვგრძნობ დგახარ სარკმლის წინ,
მე ვხედავ შიშველ მხრებს
და ჰაერივით გიგუბდები
მუდამ ფილტვებში,
რომ არ დაგკარგო...
არ მინდა რამე შეიცვალოს,
პირველად მომწონს ერთფეროვნება.
პირველად მომწონს სილუეტების სამყარო
და ვამბობ-
მე მინდა შენში ღმერთი,
დაე იყავი უხილავი,
უცნობი,
შორს,
ოღონდ მჯეროდეს
რომ ადამიანი
ღმერთის ხატია...
მე მწამს შენი ქარივით სურნელოვანი სიზმრების.
შენი ცხოვრების ნაყოფია
შენი ლექსები,
ლექსები სადაც უქაროდ ვშლი თმებს,
უნებურად.
მე მირჩევნია მწამდე ისეთი,
როგორიც არ არსებობს,
დღეს სხვა
ვიდრე გხედავდე
და არ მჯეროდეს
შენში არსებული ღმერთის.
სილუეტების სამყარო მირჩევნია
უღმერთო რეალობას...
შენ თუ ხარ შორი,
რწმენაა ახლოს...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები