ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2015


დაუგეგმავი პაემნები (სურათები ბავშვობიდან)

სულ სხვანაირი იყო მაშინ დღე და ამინდი,
დაღონებული მაისის მზე წვიმას ფიქრობდა...
ყველა შეხვედრა
დაუგეგმავ პაემანივით
იყო და
აღარ გვანაღვლებდა
უამინდობა.

ვთვლი, რომ შემომრჩა რაღაც ძველი,
იმ ბავშვობიდან,
(სხვები ეძებდნენ ახალ-ახალ
ფერს და
მღებავებს)..
დღეს შენი ნახვა ისევ იმ დროს
და იქ მომინდა,
მაგრამ მივხვდი, რომ ამას სადღაც ცაში გეგმავენ...

შეკრულ ხელებში ვუმალავდი ბავშვობას ნიავს,
მიყვარდი, როგორც ჩემი ეზო,
სახლი,
სოფელი...
შენ კიკინებით ბრუნდებოდი პაემანიდან,
მე ვრჩებოდი და გაბურძგნილ თმებს არ ვისწორებდი...

ნელა ვრწმუნდებით, დიდობაში
ჩვენებრ
გვირილა
აღარ ამოდის, აღარც უყვართ,
აღარც მღერიან...
წლებმა ცრემლი და სიხარული ჩამოგვირიგა,
- გაიზრდები და გავიწყდება...
არაფერია...

დედის ნასწავლი საყვარელი ლექსები გახსოვს?
პირველად როცა წაგიკითხე
(ნატვრებს გიკოცნი..)
შენ დამიჯექი უბრად დამდგარს ქალურად ახლოს,
მერე სიცილით დამიძახე "რომანტიკოსი"...

რა საერთო აქვს ჩვენს ბავშვობას ამ დილის მზესთან?!
მოლოდინი და შეძახილის ჩვენი იგავი..
ჩვენ ვერ ვამჩნევდით, თურმე წლები ერთმანეთს სდევდა.
პირველშექმნილი ადამი და ევა ვიყავით...

ვურევდით თოვლში ნაკვალევებს,
ცაში ნედლ ღრუბლებს,
მეორე დილით ალაგებდა მაინც ქარი ხომ...
ვუფიქრდები და ჩვენს სიყვარულს
როცა შევყურებ,
ვხვდები, რომ მისი საწყისები მერე გაიყო..

როგორ ვცდებოდით, როცა მაშინ გვსურდა დიდობა!
ეს ვაპატიოთ ერთმანეთს და ნუღარ ვახსენებთ...
დაღონებული და ორსული უამინდობა
ნამდვილად ყველა ბავშვს ეძახის
დღეს ჩვენს სახელებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები