ნაწარმოებები



ავტორი: აზგო
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2015


სივიწროვე. ერთი თავი.


              რადგან ასეთები მოსულა, მეც ვაქვეყნებ ჩემი უკვე დამთავრებული რომანიდან ერთ, შემთხვევით არჩეულ თავს (მაუსს წკიპურტი ვკარი და რომელ ნომერთანც გაჩერდა კურსორი ის ფრგმენტი ავიღე) ამ ტექსტის ზოგიერთი ნაწილი მქონდა აქ, ზოგი ახლაცაა. ბარემ იყოს
        ანოტაციაც:
ადამიანის მკვდრეთით აღდგენა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ღირებულებებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეწინააღმდეგება იმპერიის გეგმებს. ისიც, სხვადასხვა ფენის წარმომადგენელ ავაზაკთა მეშვეობით ცდილობს შეაჩეროს მეცნიერის მცდელობა, არ ერიდება სისხლისღვრასაც. მაგრამ არც ნათელას მეუღლე - ყოფილი ჯარისჯაცი გივი წერაძეა უმწეო. იგი მზადაა დაიცვას საკუთარი ოჯახი...

თუ ვინმემ რამე კრიტიკა დამიწერა, მადლობელი ვიქნები, ამ ეტაპზე(გამოცემის წინ) ძალიან გამომადგება.




თავი 29
        ფრიდონ ბეჟანაძე დილაადრიანად გამოვიდა სამსახურში, უთენია განაღვიძებ კაცს რა გააჩერებს სახლში? ამჟამად იგი დასუფთავების განყოფილებაში, ქუჩის მხვეტავად აგრძელებდა მოღვწეობას. არა, მას რა თქმა უნდა შეეძლო პენსიონერის ცხოვრებას დაჰყაბულებოდა, მაგრამ არ ისურვა - არაა იგი უქმად ყოფნას ჩვეული. თუმცა, გაჭრილად რომ ითქვას, მანამდე რომელიმე დარგში დიდი სმაღლეებამდე ავიდაო, არც მასე იყო.
        ჯერ მანქანების მოხელედ შრომობდა ვითომ. ვითომ კი არა მართლა მუშაობდა, მაგრამ საქმეც მაგაშია. ხან მისი ჩადგმული საკისარი იწყებდა ხრჭიალს როცა სახელოსნოდან გამოსულ მფლობელს მანქანა ჯერ სახლშიც არ მიეყვანა და ამის მერე ცოტა ხანში ფრიდონი თავდახრილი ისმენდა გაცოფებული პატრონის ყვირილს, ხანაც კარდანის სამწვერა გამნაწილებელი იმ დროს აღუღუნდებოდა, როცა ახალგარემონტებულ ტრანსპორტს ზაფხულის წყნარი დღის სიოსავით ნაზად უნდა ექროლა.
        ამ სამწუხარო შემთხვევებს ფრიდონი მალე მიეჩვია და გარეგნულად, მუშტრის დასანახად მძიმედ, თუმცა კი შინაგანად სულ იოლად ართმევდა თავს. სახელოსნოს პატრონიც არ იმეტებდა საბოლოოდ გასაგდებად, მაგრამ როცა რუსული წარმოების, კონვეიერიდან ჩამოსვლისთანავე გაუმართავი მანქანები თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილმა გერმანულმა და იაპონურმა ავტომობილებმა შესცვალეს, ფრიდონის ავტობიოგრაფიაც - იმ გაგებით რომ საავტომობილო მოხელის ბიოგრაფია, საბოლოოდ დასრულდა.
        საპენსიო ასაკს ახალგადაცილებულ ფრიდონს მალე მოსწყინდა თავისი ცოლის, ზაირას თანაშემწედ ყოფნა და ისიც მორიგ გამოწვევას - ქალაქის დასუფთავებას შეეჭიდა, ამ სამსახურში მოწყობას ასაკმაც ვერ შეუშალა ხელი. შეიძლება ეს მთლად ჯეკ-პოტად არ აღიქმებოდა ვიღაც-ვიღაცეებში, მაგრამ ახალი საქმიანობის დაწყება მაინც ხომ კიდევ ერთი გამოწვევაა ცხოვრებაში.
        ალბათ იმის გამო რომ თავის დროზე, მიუხედავად სკოლაში გატარებული რვა წლისა, იგი დაუძვრა განათლების საყარს, ახლა ფრიდონს თითქმის არ ეტყობოდა ხნე. გარდა იმისა რომ წიგნებს არ დააჩაგვრინა თავი, ამ ჯეილი იერის მიზეზი ალბათ მისი სიგამხდრე, პატარა სახე და დაუდგრომლობაც იყო. ხოლო მოძრავი ნამდვილად არჩვეულებრივი იყო ფრიდონი. გაჩერებულს ძნელად ნახავდა ვინმე - მხოლოდ თუ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მაგალითად, სძინავდა, ჭამდა ან ამ ბოლოს საპირისპიროს შვებოდა. თუმცა ეს უფრო ინტიმური შემთხვევაა და ამ დროს იგი, როგორადაც წესია, მონდომებით ერიდებოდა საზოგადოებას.
        სხვა მხრივ, მას ხან სავსე პარკი მოჰქონდა ბაზრიდან ან მაღაზიიდან, ზოგჯერ ბალახს ჟლეტდა თავის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ეზოსპირას და ხანაც გაზის ბალონს აურბენინებდა მეზობლის ქალს მეორე სართულზე. თან მართლაც რომ აურბენინებდა, ისე რომ ახალგაზრდას... თუმცა არა, როდის იყო მაგისთანა რამეები შურდათ ახალგაზრდებს?
        დღესაც ყველას დაასწრო. სამორიგეოდან თავისი დიდი ფოცხი ამოაძვრინა და ზღვისპირიდან დაწყებული ნინოშვილის ქუჩისკენ მიჰყვა ცათამბრჯენის მიმდებარე შუკის გვას. იგი თითქმის გამოსცდა უნივერსიტეტის შენობას როცა ნაცნობი წკრიალი გაიგონა. ტელეფონის ხმა ახლანდელ დროს, როცა ყველას, მისი ჩათვლით, ჯიბეში უდევს ეგ მოწყობილობა, არაა გასკვირი. გაუგებარი სხვა რამ გამოდგა - ამ რეკვის წყარო არც მისი აპარატი იყო და არც ვინმე სხვისი რადგან ვერავის ხედავდა თავი სიახლოვეს. ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ მიმოიხედა და საბოლოოდ დარწმუნდა რომ მარტოა შუკაში.
        ტელეფონი კი სულმოუთქმელად განაგრძნობდა რეკვას და თანაც ძალიან ახლოდან. ბოლოს და ბოლოს ფრიდონმა მოისაზრა რომ ხმა ქვემოდან, ტროტუარისა და გზის გამყოფი ბალახის ზოლიდან მოდის.
        მხვეტავმა მესამედ მოათვალიერა მიდამო, მერე ერთი ნაბიჯი წარსდგა და მაშინვე შავი, დიდეკრანიანი აპარატი დაინახა. სინამდვილეში შავი მხოლოდ ტელეფონის კორპუსი აღმოჩნდა, ზოლივით რომ ერტყა ეკრანს, ხოლო თვით ეს უკანასკნელი საახალწლო ნაძვისხესავით წითელ-მწვანედ ციმციმებდა.
        ფრიდონმა ზურგზე „მუნიციპალიტეტის“ წარწერიანი ნეილონის ქურთუკის ჯიბიდან სათვალე ამოიღო და გაძლიერებული ხედვით მიაჩერდა ბალახში უპატრონოდ დაგდებულ, მაგრამ მიუხედავად ამისა დაუდგრომელ მოწყობილობას.
          დასუფთავების მუშაკმა როგორც იქნა გადაწყვიტა, დაიხარა და იგი ფრთხილად აიღო ხელში, თანაც ცდილობდა თავისი ბრეზენტივით უხეშ კანიანი თითები ეკრანისთვის არ მიეკარებინა.
          ფრიდონის მიერ ხელში აყვანამ არაფრით იმოქმედა აპარატზე, იგი კვლავ ჭირვეული ჩვილივით გამაბეზრებელად ხმაურობდა. ამავე დროს ეს ხელსაწყო სულ არ ჰგავდა ფრიდონის უძველეს და უიაფეს „ნოკიას“, რომელსაც ციფრიანების გარდა კიდევ სულ ორი ღილაკი აქვს. ამ ტელეფონს ღილაკები საერთოდ არ გააჩნდა და ფრიდონი ვერა და ვერ ისაზრებდა რა უნდა ექნა რომ მრეკავისთვის პასუხი გაეცა.
          აპარატი არ ცხრებოდა. ეკრანის ზედა ნაწილში ახლგარდა, ლამაზი ქალის სურათი გამოსახულიყო, ხოლო ქვემოთ ორი წრე - წითელი და მწვანე. ორივეზე ტელეფონის ყურმილი ეხატა.  ფრიდონმა კიდევ მცირეოდენი წაყოყმანების შემდეგ გაბედა და მწვანეს დააჭირა თავისი ხის ჩხირივით თითი.
          იმავე წამს წრეებს ზემოდან გამოსახული ღია ნაცრისფერი რკალი მისი თითისკენ დაიძრა და მერე ამ მწვანე წრეს შემოევლო რგოლად, მაგრამ თვით აპარატმა აინუნშიც არ ჩააგდო თავის ეკრანზე მოხტუნავე სურათების ცელქობა და ისევ დაჟინებით განაგრძნო ძველებური, ბავშვობიდან რომ ახსოვდა ფრიდონს, ისეთი ტელეფონების ხმაზე წკარუნი.
          როგორც კი ეკრანს თითი მოაცილა, ნაცრიფერი რგოლი მყისვე მოშორდა მწვანეს და ისევ ამ ორი წრის ზემოთ გამოსახულ რკალად იქცა.
          ფრიდონმა კვლავ დააჭირა მწვანე ყურმილს მაგრამ მისდა გულისგასატეხად ახლაც ვერ შეაწყვეტინა ამ პატარა ხელსაწყოს მისი გულიგამაწყალებელი წრიპინი.
          - ფუჰ, შენი გამკეთებლის! - ვეღარ მოითმინა მან, - რა გახდა ამის ჩართვა, ვის უნდა ამისთანა ტელეფონი?!  - გაგულისებული ებურდღუნებოდა იგი თავისთავს და თითქმის იმ ჭკუაზე იყო, ეს პლასტმასის ფირფიტა ისევ ბალახში მოესროლა.
          ამ დროს ხელსწყომ თითქოს იგრძნო რომ საქმე ცუდაა და თუ ახლავე არ ჩაიკმენდს ხმას, სულ მალე თავის ერთად მოყრას მხოლოდ ფრიდონის ფოცხითღა შესძლებს. მანაც დაუყოვნებლივ შეწყვიტა თავისი დაჟინებული მოხმობები.
          - ბიჯოს, არ მომკლა კაცი!- შვებით ამოილაპარაკა მუნიციპალიტეტის წევრმა, როგორც კი ტელეფონი დადუმდა.
            ეკრანზე ამჯერად შავი მართკუთხედის ფონზე აღბეჭდილი ყურმილი გამოისახა, წითელი ძახილის ნიშნის ბადრაგით, მერე ტელეფონი საერთოდაც ჩაქრა და გაუმჭვირვალ, შავ მინის ნატეხს დაემსგავსა.
          ფრიდონი დაფიქრდა - რა უნდა ექნა ამ ნივთისთვის, სად წაეღო, ვისთვის რა ეკითხა? იმაზე, რომ უბრალოდ მიეთვისებინა ეს ხელსაწყო, იგი არც კი დაფიქრებულა. ალბათ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება პატიოსნად გაატარა, მეტი არაფრის ჭკუა ჰქონდა.
          მერე ის გაუკვირდა, ამხელა აპარატის დაკარგვა როგორ ვერ შეამჩნია პატრონმაო? თუმცა, თუ მთვრალი იყო, მაშინ ჰო...
            რა იცოდა ფრიდონმა რომ გონებადაკარგულ გივის, როცა იგი მოცელილივით დასცა კეფაში მოხვედრილმა იარაღის ტარმა, აპარატი ჯინსების უკანა ჯიბიდამ ზუსტად იმ დროს ამოუვარდა, როცა თავდამსხმელები ჯერ მის წამოყენებას ცდილობდნენ, მერე კი მანქანაში შეთრევას და აქეთ-იქეთ იხედებოდნენ ვინმემ არ წაგვასწროსო.
          უცებ ტელეფონი ისევ აჟღარუნდა და კინაღამ ხელიდან გაუვარდა. თუმცა ამჯერად მოულოდნელი მხოლოდ აწკარუნება იყო, ხოლო ზარისთვის როგორ ეპასუხა, ამის შესახებ რაღაც იდეები ამ დროისთვის უკვე გასჩენოდა დასუფთავების თანამშრომელს. ეს ახალი აზრები მას იმ ბუნდოვნად დამახსოვრებულმა სურათებმა მოაფიქრა, რომლებსაც ყველა დღე უთვალავჯერ ხედავდა ქუჩაში. კერძოდ, ლაპარაკის ან კაცმა არ იცის რისას, ახალგაზრდები უბრალოდ კი არ აჭერდნენ თითებს ამნაირ აპარატებს, არმედ მიუს-მოუსვამდნენ ხოლმე.
          ფრიდონმაც, ერთი ორი გაჟღრიალება აცალა მოწყობილობას და მერე ნაცრისფერი რკალი თითით გააჩოჩა მწვანე ყურმილისკენ. რეკვა იმწამსვე შეწყდა. მოხუცმა მოკლედ წაიზეიმა მუხანათ ხელსაწყოზე გამარჯვება და ფრთხილად მიიდო იგი ყურზე.
          - რას შვებით გივი, გაიღვიძა შოთიკომ? - მოესმა ქალის სასიამოვნო, დაბალი, თუმცა კი თითქოს დაღლილი ხმა.
            ფრიდონმა ჩაახველა და რაც შეეძლო ზრდილობიანად თუმცა კი სიამაყით და სიცილნარევი, კმაყოფილი ხმით გასცა პასუხი:
            - ქალბატონო, ეს თქვენი გივი ეტყობა ნამეტარი უდარდელი კაცია რახან ამისთანა ტელეფონებს ასე იოლად „თესავს“, ჰე-ჰე-ჰე, - ქირქილით თქვა მან.
          პასუხად ტელეფონში სიჩუმე ჩამოვარდა. ფრიდონს რაღა თქმა უნდა არ გაჰკვირვებია - დაიბნეოდა ეს ქალი აბა რაა, თავის ახლობელის, იქნება ქმრის ნაცვლად ვიღაცა უცხოს ხმა რომ გაიგონა.
          - უკცრავად... ნომერი ნამდვილად არ შემშლია, მისი ხელით აკრეფვა არ მჭირდება... - ქალის ხმაში მართლაც დაბნეულობა ისმოდა, - ვინ ბრძანდებით, საიდან გაქვთ ეგ ტელეფონი?
          ფრიდონს ცოტა ეტოშა რომ ამ ქალმა ერთი მადლობაც არ უთხრა და პირდაპირ ეტაკა, ვინ ხარო? მაგრამ მერე მაინც მოისაზრა რომ ჯერ სამადლობელი ნამდვილად არაფერი სჭირს - ნივთი ხომ არ დაუბრუნებია პატრონისთვის.
          - თუ იცით თქვენ, ქალბატონო, ბულვარში ახალი უნივერსიტეტი როა, ცათამბრჯენი? ე, იმასთან ვდგავარ. ხოდა ჩემი სახელი თუ გაინტერესებთ, მე ფრიდონ ბეჟანაძე მქვია. აქ ვიპოვე ეს ტელეფონი.
            - სასიამოვნოა, ბატონო ფრიდონ, მე ნათელა მთვალიძე მქვია და ზუსტად მაგ უნივერსიტეტის შენობაში ვიმყოფები, ეხლავე გამოვალ, - გაეცნო ფრიდონს ტელეფონის თანამოსაუბრეც.
            - კი ბატონო, აქ ვიქნები, შემოსასვლელის წინ, ამოვალ საფეხურებზე,- დაეთანხმა მას ფრიდონი.
            - არა, ბატონო ფრიდონ, ზემოთ ნუ მოდიხართ, მე ქვემოდან, სათადარიგო კარიდან გამოვალ, - გააფრთხილა იგი ნათელამ და ტელეფონიც გათიშა.
            ფრიდონი ნინოშვილის ქუჩისკენ დაიძრა და გზადაგზა გაკვირვებაც იგრძნო - მის პატიოსან, თუმცაღა აუჩქარებელ გონებაში თანდათან დაიბადა კითხვები: კი მაგრამ რატომ ქვემოდან ამოდის ეს ქალი? ფრიდონმა ისიც კი ძლივს გაიხსენა სად იყო ის მეორე შესასვლელი. მერე, როგორც იქნა, გაცილებით უფრო დიდ გაუგებრობას წააწყდა მისი გონება და მან თავის უძველეს, მექანიკურ მაჯის საათს დახედა - რვა სრულდებოდა.
          „კი მაგრამ რვა საათზე რომელი უნივერსიტეტი ან გინდა სხვა მაგისთანა დაწესებულება იწყებს მუშაობას, რაშია ნეტა საქმე?“ - სულ უფრო ოცდებოდა იგი.
            თუმცა შემდეგ წამს ფრიდონმა ყველაფერს მოუძებნა ახსნა-განმარტება და ასე იოლმა გამოცნობამ ჩააცინა კიდეც. რას ქვია რატომ გამოდის სარდაფიდან და რას შვება სასწავლებელში ამ დილაუთენია? თავად მას რა უნდა აქ? ჰეჰ, რა თქმა უნდა ეს ქალი მასავით დამლაგებელია, აბა მეტი ვინ იქნება? თუმცა პატარა ხინჯი მაინც შერჩა მის თეორიას. ასეთი ტელეფონი, ფრიდონს ეჭვიც არ ეპარებოდა რომ ეს აპარატი ბევრი ღირს, იმიტომ რომ მის ნაცნობებს არავის ჰქონდა მაგისთანა, ხოლო სამაგიეროდ ბულვარში, ძვირიან რესტორნებში მჯდომ ხალხს, თითქმის ყველა მასეთით დადიოდა.
            ხოდა მართლა უცნაურია რომ დამლაგებლის ქმარს ასეთი ტელეფონი აქვს, თუმცა, იქნება შვილი ყავთ კარგი და იმან აჩუქა? მაგრამ მაგისთანა შვილის პატრონს აქ მხვეტავად რა ამუშავებს? რა და მე რა მამუშავებსო, გაიხსენა თავისი ამბავი მანაც და ამჯერად იგრძნო რომ მთლიანად, უეჭველად და ზუსტად გამოიცნო ყველაფერი. ამის მერე იგი თავისი გამჭრიახობით კმაყოფილი ელოდებოდა კოლეგასთან შეხვედრას.
          ცოტა ხანში სათადარიგო შესასვლელის კიბეებზე ვიღაც ახლაგზრდა ქალი ამოვიდა და ფრიდონმა იმწამს იცნო იგი - მისი სურათი ეკრანზე იყო როცა ტელეფონი რეკავდა.  მოხუცი გაკვირვებული მიაჩერდა ამ მაღალ, ტანწერწეტ, ხორბლისფერ თმიან ქალბატონს, რომელსაც მომრგვალო, ლამაზი სახე ჰქონდა, კანი ვითომ კი შერუჯვოდა, მაგრამ მაინც გაფითრებულს უფრო მიუგავდა.
            მოახლოვებისას ქალმა სანდომიანად გაიღიმა. ფრიდონმა მას თვალებში ჩახედა და იმწამსვე შეცბუნდა. ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ის კი არაა ამ გოგოზე სულ უმცირესი ორჯერ უფროსი, არამედ თავადაა მასწავლებლის წინაშე მდგარი მოზარდი, რომლის ტვინში გაჩენილ აზრებს გაზეთივით კითხულობენ.
        - ბატონი ფრიდონი ბრძანდებით? - თავაზიანად იკითხა ქალმა, - მე ნათელა ვარ, სასიამოვნოა თქვენნაირი ყურადღებიანი და უანგარო ადამიანის გაცნობა, - უაღრესად გულწრფელი ხმით დაელაპრკა მას ქალი.
          ფრიდონმა უნებლიეთ, ისე რომ თვითონ არც შეუმჩნევია, მოისვა ხელი სიფრიფანა ქურთუკზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოართვა ნათელას გამოწვდილი მარჯვენა. მერე უხმოდ გაუშვირა მარცხენა ხელისგული, რომელსაც თითქმის მთლიანად ტელეფონის აპარატი უფარავდა.
            ნათელამ თავის დაქნევით ჩამოართვა იგი, ერთი ზერელედ შეათვალიერა და ისევ ფრიდონს შეხედა:
            - დიდი მადლობა ბატონო ფრიდონ, - თბილი ხმით ლაპარაკობდა იგი, - პირდაპირ ასფალტზე ეგდო?
            - არაფრის, ქალბატონო ნათელა, - როგორც იქნა ხმა ამოიღო კაცმა, - ეს რა სალაპრაკოა... ხო, ტელეფონი არა, გზაზე არა, ბალახში ეგდო, იქ - ფრიდონმა ხელი შუკისკენ გაიშვირა.
            - ხომ არ შეწუხდებით ის ადგილი რომ მაჩვენოთ? - მორიდებით იკითხა ქალმა.
            -არა, როგორ გეკადრებათ, რა შეწუხებაა, - მსწრაფლ იუარა ფრიდონმა, - წამობრძანდით.
            - იქნებ გაცდენთ, თქვენ ხომ თქვენი საქმე გაქვთ, - დაინტერესდა ქალი.
            - საქმე? - ფრიდონი წამით ჩაფიქრდა, - მე ამ შუკის დაგვას ზღვის მხრიდან ვიწყებ, ხოდა რადგან აქამდე მოვაწიე, ესე იგი შემისრულებია გეგმა, - თვითკმაყოფილი ღიმილით ამოჰხედა მას შრომის ვეტერანმა.
              ნათელამაც თავის ქნევით გაუღიმა. ამ ლაპარაკში მათ ცათამბრჯენს შემოუარეს და ფრიდონზე განპირობებულ ვიწრო შუკაში  აღმოჩნდნენ.
              პირველი, რაც ნათელას თვალში მოხვდა და გული კინაღამ გაუჩერა, მათი „პაჯერო“ იყო. გონებამ მყისვე შეახსენა რომ მას გასაღები არ დაუბრუნებია გივისთვის, მაგრამ ისიც უმალ მოიაზრა რომ მანქანის აქ ყოფნისა და მითუმეტეს ტელეფონის დაკარგვის მიზეზი ეს ნამდვილად არ იქნებოდა.
          - ა ბატონო, ამ ადგილას ეგდო, - მიუთითა ფრიდონმა, - აგერ ბალახში.
          ამ დროს კაცმა როგორც იქნა შეამჩნია რომ თანამგზავრი გვერდით, სადაც აქამდე ეგულებოდა, აღარ ჰყავს და უკან მოიხედა.
          - რატომ გაჩერდითო? - უნდოდა ეკითხა ფრიდონს, მაგრამ როცა უძრავად მდგარი ქალის გაქვავებულ სახეს შეხედა, ვეღარაფერი თქვა, მხოლოდ შეშფოთებით მიაჩერდა მას.
          - რა არის, ცუდად ხომ არ ხართ? - ორი ნაბიჯით მიუახლოვდა და მზრუნველობით შეეკითხა იგი ახლგაზრდა ქალს.
            ნათელა მყისვე გამოერკა ფიქრებიდან. მან ჯერ უხმოდ გააქნია თავი, მერე გაყინული მზერა მიაპყრო ფრიდონს და დაძაბული ხმით ალაპარაკდა:
            - არა მიშავს, არა მიშავს, ნუ წუხდებით... ჰო, რა თქვით, სად ვნახეო?
            მოხუცმა მას ერთი ყურადღებით შეხედა და  მერე ისევ „შემთხვევის“ ადგილისკენ გაემართა, თან გაწვდილი მტევნით ანიშნა „მობრძანდითო“.
            - აი აქ ვნახე, თუ არ ვცდები, - ფრიდონმა თავისი, პლასტმასის ფოსტლებიანი ფეხი დაადო იმ ადგილს, სადაც მისი აზრით მან ტელეფონი ნახა.
              ნათელამ ჯერ ბალახს დააცქერდა, მერე თავის მანქანას შეხედა. მათი „ყველგანმავალი“ საკმაოდ შორს იდგა ამ ადგილიდან და რაც მთავარია არა ზღვის მხარეს, ანუ უნივერსიტეტიდან გამოსულ და თავის ავტოსკენ მომავალ გივის აქ არაფერი ესაქმებოდა.
              - „იქნება ზღვისკენ გაისეირნა? - ივარაუდა ნათელამ, - არა, რა დროს სეირნობაა? ბავშვი მარტოა სასტუმროში“  - იმწამსვე უარყო მან ეს ვარაუდი და ამავდროულად შოთიკოს გახსენებამ განგაშის ზარივით დაურა ტანში.
              - ბატონო ფრიდონ, - ისევ მიუბრუნდა იგი მამაკაცს, - თქვენ აქ ადრე მოხვედით? რაიმე მანქანა ხომ არ შეგინიშნავთ ამ ადგილის სიახლოვეს?
              ფრიდონი შეიჭმუხნა. ეს ადამიანი ნამდვილად სხვანაირი იყო - სულ არ ჰგავდა ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც იგი ცხოვრებაში შეხვედრია. თითქოს კი იღიმება მაგრამ ამავე დროს რაღაც სხვანაირი... უგრძნობლობით, ფრიდონს სხვა სიტყვა არ მოაგონდა, უყურებს.
              ამ დაკვირვებამ ფრიდონს თავისდაუნებურად აიძულა რაც შეეძლო გულდასმით ეფიქრა კითხვაზე. წამით ისევ გაუჩნდა შეგრძნება თითქოს საყვარელ მასწავლებლს პასუხობს და მის წინაშე ძალიან არ უნდა თავის შერცხვენა. იგი პაუზებით და ყოყმანით ალაპარაკდა:
              - არ ვიცი, ქალბატონო ნათელა, მე დაგვას საერთოდ იქედან, მან ხელი ზღვისკენ გაიშვირა, - აი, საველოსიპედო ბილიკიდან ვიწყებ და აქეთ მოვყვები შუკას. ამ დილით..., - მამაკაცი შეჩერდა, მოკლე, ჭაღარა წიწვებით დაფარულ ლოყაზე მოისვა ხელი და მერე გაკვირვებით შეხედა ნათელას პირდაპირ თვალებში, - კი იყო აქ ხალხი, ხომ იცი თქვენ!
            მამაკაცი დადუმდა, წარბებს თავი მოუყარა და განაგრძნო:
            - მართლა საკვირველად გამახსენდა! - ემოციური კომენტარი გაუკეთა მან თავის მიღწევას, - იყო აქ რამდენიმე ადამიანი, აი... დიახ გამოდის ზუსტად ამ ადგილზე სადაც ტელეფონი ეგდო. მერე ისინი შავ, უცხოურ მანქანაში ჩასხდნენ, აღარ დავაკვირდი რა მარკისაში და წავიდნენ.
          - რამდენი კაცი იყო, ის ხომ არ შეგინიშნავთ? - ისე მკვეთრად იკითხა ნათელამ, თითქოს ამ სიტყვების წარმოთქმის მერე სული შეიგუბაო.
            ფრიდონმა ისევ საკუთარ გაუპარსავ სახეს გაუკეთა მასაჟი და თითქოს თავს ძალას ატანსო, ამოღერღა:
            - შორიდან დავინახე, ქალბატონო, თანაც მაინცდამაინც არ დავინტერესებულვარ, ჩემი საქმე მაქვს აქ...
            - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - ნათელას უკვე მოუთმენლობა შეერია ხმაში, - მაგრამ მაინც, ე-ე, საინტერესოა....
            კაცმა მას ყურადღებით შეხედა და ოდნავ ჩაიღიმა. ნათელამ არ შეამჩნია ფრიდონის „მიხვედრილობა“,  იგი დიდი მადლობელი იყო ამ პატიოსანი ადამიანის, რომელმაც ტელეფონი დაუბრუნა და ახლა რაც შეეძლო ეხმარებოდა, მაგრამ ამ, თუნდაც გაუგებრობით გამოწვეული და სრულიად უწყინარი სისულელის დრო არ ჰქონდა:
            - ესე იგი, რამდენნი იყვნენო?  - დააზუსტა მან, - არა უშავს, ქალები თუ ერია იმ ხალხს, ნუ მალავთ, ჩვენი ნაცნობები არიან.
              ფრიდონი ისევ გააკვირვა ამ გოგომ, როგორ გამოიცნო ჩემი ნაფიქრალიო? მან მყისვე მოიკვეცა თავისი „მრავალმნიშვნელოვანი“ ღიმილი და რაც შეეძლო სერიოზულად განაგრძნო:
              - არა, ქალები ნამდვილად არ შემინიშნავს, დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი ორი კაცი... თუმცა ახლა რომ ვიხსენებ, ცოტა უცნაურად მ-მ, ჩაჯდნენ მანქანაში.
          - რას გულისხმობთ?
          - რას და... არა, ერთი კი, ჩვეულებრივად მიუჯდა საჭეს, მაგრამ მეორემ ჯერ იქედანა უკანა კარი მოხურა, მერე მანქანას შემოუარა და მაინც უკან დაჯდა. ხოდა თუ უკან დაჯდომა უნდოდა, იქვე ვერ ჩაჯდა, მით უმეტეს რომ ეჩქარებოდა?
          - ეჩქარებოდა?
          ფრიდონ წამით ჩაფიქრდა მაგრამ უმალვე მოისაზრა თავისი დასკვნის წყარო:
          - ხო, ეჩქარებოდაო იმიტომ ვიფიქრე, სირბილით შემოუარა მანქანას და კარიც სწრაფად მოიხურა.
          ნათელაც დაფიქრდა წამით მაგრამ ამ წამის განმავლობაში მისმა აზრებმა დიდი მანძილი დაფარეს გონების სარბენ ბილიკზე. იგი მიხვდა რომ გივი არავის მანქანაში ჩაჯდებოდა სირბილით. არც კარის მოხურვაში ესაჭიროებოდა დახმარება.
          მაშ რა გამოდის? როცა მანქანაში ჩაჯდა უკვე აღარ იყო იმ მდგომარეობაში, რომ კარის მოხურვა შესძლებოდა? მაშინ როგორღა ჩაჯდა? თუ თავისით არ ჩამჯდარა?
          ამის გაფიქრებაზე მან იგრძნო როგორ გადაექცნენ თმის ძირები გახურებულ ნემსებად.
            -„არა! - იმწამსვე წმოიძახა მან გონებაში, - იქნება ამ კაცმა სულაც სხვა ხალხი დაინახა? თუმცა არა, მაშინ ჩვენს მანქანას რა უნდა აქ?“
            ნათელამ მწუხარებით გაიაზრა რომ მისი განსაცდელების რიცხვი თოვლის ზვავივით იზრდება, ისინი ავისმომასწავებლად ჩქარა მრავლდებიან.  თინიკო, მერე ის თეთრებიანი თავისი მუქრებით, ახლა გივის რაღაცა სჭირს... ჰო, ნამდვილად სჭირს. ტელეფონის დაკარგვას ამდენ ხანში ნამდვილად აღმოაჩენდა და მოიკითხავდა.
            - ქალბატონო ნათელა, იქნებ კიდევ გაინტერესებთ რამე? - ზრდილობიანად იკითხა ფრიდონმა და მოლოდინით მიაჩერდა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ამ რამდენიმე წუთში მთლიანად გააცამტვერა მისი გონებამახვილი მიხვედრა: ეს გოგო ნამდვილად არ ჰგავდა დამლაგებელს და რას შვება ამ შენობაში, ამის გამოცნობაზე ფიქრი ფრიდონს ამჯერად აღარც უცდია.
            - იცით რა, ბატონო ფრიდონ? - დაიწყო ნათელამ და ამ დროს მისი შარვლის ჯიბეში ტელეფონმა შტრაუსის „ამას ამბობდა ზარატუსტრა“ დაუკრა. ქალმა უნებლიედ ჯერ გივის ტელეფონს დაჰხედა, რომელიც ხელში ეჭირა, შემდეგ წამს სწრაფად ამოაძრო ჯიბიდან თავისი აპარატი, წამიერად შეავლო მზერა ეკრანს და ყურზე მიიდო.
          - გისმენ ალექსანდრე, - ჩაულაპარაკა მან ყურმილს.
          - არა, არა, ყველაფერი წესრიგშია, - მის ხმას მოუთმენლობა დაეტყო, - არა, გივი აქ არაა... ალექსანდრე, ახლავე მოვალ.
          - ბატონო ფრიდონ, - ისევ დასუფთავების მუშაკს მიუბრუნდა ნათელა, როცა კავშირი გაწყვიტა, - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერებისთვის, მაგრამ ახლა გავიქცე უნდა.
            - ოჰ, რისი მადლობა, ქალბატონო ნათელა, მიბრძანდით მე რას მიყურებთ, მე ერთხან მაინც აქ უნდა ვიყო - სანამ ცვლის უფროსი არ ჩამოივლის და ნამუშევარს შემიმოწმებს, კარგად ბრძანდებოდეთ, - თავის ქნევით გამოემშვიდობა მას ჭარმაგი კაცი.
          - თქვენც კარგად მეყოლეთ, - გულთბილად გაუღიმა მას ახალგაზრდა ქალმა და თავის საქმეებზე გაეშურა.

პ. ს. მომკლა აბზაცების გამოყოფამ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები