ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2015


რიგითი

რიგითი სამუშაო დღეა...
ქალაქის საგიჟეთში მოწყობილი ჩვენი რიგითი საგიჟეთი...შესისხლხორცებული საქმე  და ოჯახად ქცეული გარემო...
ყავით დაწყებული დილა, ზოგისთვის სიგარეტით გაგრძელებული და უამრავ საფიქრალს შორის მივიწყებული პირადი...
.....................................................................................
შენ რიგითი ბრალდებული  ხარ,
პასუხობ ჩემს შეკითხვებს და დაჟინებული მზერით ცდილობ ამოიცნო, ასეთი სუსტი და ჰაეროვანი გოგონა როგორ იტევს ამხელა ძალას და ამბიციას...
მე რიგითი ბრალმდებელი ვარ,
აუღელვებლად ვზივარ და ვცდილობ ამოვიცნო, რამ გაიძულა ამ დანაშაულის ჩადენა, რათა ლაბირინთში უშეცდომოდ გავაღწიო...
შენ რიგითი ბრალდებული ხარ,
შავ, ჩაცვენილ თვალებში იკითხება შენი წარსული, მომავლის გაურკვევლობა კი აწმყოს რეალობას ერკინება...
მე რიგითი ბრალმდებელი ვარ,
ხელში შენთვის ასე საძაგელი ფურცლების დასტა მიჭირავს,
გიკითხავ გაწყობილ ფრაზებს, (შენს ქმედებას  გრამატიკულად რომ აღწერენ),
გიყურებ ღრმა, ჭაობისფერი თვალებით და  ვივიწყებ, რომ ხანდახან ჩემში პოეტი ცხოვრობს ...
შენ რიგითი ბრალდებული  ხარ,
აღიარებ ბრალს,  სხდომაზე თავდახრილი ითხოვ პატიებას, რათა თავი დააღწიო  გისოსებს და შემდეგ, უცნაური ინერციით დაბრუნდე უკან...
მე რიგითი ბრალმდებელი ვარ,
ცივად ვკითხულობ ბრალს, ვითხოვ შენს გამტყუნებას, არ მაქვს რეაქცია დარბაზის ცრემლსა და ოხვრაზე და შემდეგ, უცნაური ინერციით ვტოვებ სხდომას, რომ საღამოს შემაჯამებელ თათბირზე კიდევ ერთი წარმატებულად დასრულებული საქმე ვამცნო ხელმძღვანელს....
......................................................................
ჩვენ სასწორის სხვადასხვა მხრიდან ვუმზერთ რეალობას...
ეს რიგითი ცხოვრებაა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები