ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ივნისი, 2015


ციკლიდან "გამოგონილი სტატუსები"

სადღეღამისო

სალამი ჩემს საფრენდეთს! მოგიკითხეთ ყველანი.
ვისაც გიცნობთ, ან არა; ვინც მიცნობთ და ან სულ ვერ..
მარადიულ კითხვაზე: "გვეშველება?" - "მე რავი" -ს,
მტკიცე ტონით (სტატუსით), სულყველას გიპასუხებთ!
მე? მიწას არ ავცდები... ჩემს ირგვლივაც, თითქმის რომ
არაფერი იცვლება; სიზმრებიც კი დავღალე
მოკოშმარო სცენარით: ისე მინდა - ვიფრინო...
სიცხადე კი - ვერაგი, ან დღე მომკლავს, ან ღამე.
წერასაც კი მოვეშვი. ჰმ, აკი ვტყუი - აკი ვწერ!..
მაგრამ ეს სხვა წერაა - ბედის კორიანტელი.
ასე წერა, დროებით, მაგრამ ტკივილს მავიწყებს,
რომელსაც ეს შეუძლო თავი ვერ მოვაკელი...
ახალსაც, გთხოვთ, ნუ მკითხავთ (ოხ, რა ამპარტავანი
გამიზრდია თურმე, მე.. - იყოს მაინც მკითხველი...),
ყველაფერი ისეა: არც რა მაქვს, არც არავინ,
მოკლედ - არაფერია ამ მხრივ განსახილველი.
ცხოვრებაც და სვე-ბედიც თითქოს მეორადი მაქვს:
ვისი გამონაცვალი; ვისი ნაცვეთ-ნაქონი,
ღმერთმა უწყის... ეშმაკმაც ყელში ამომადინა,
რაც მინდოდა, იმისი არქონით, თუ არყოლით.
მიწასაც მით ვერ ავცდი... ჩემს ირგვლივაც, თითქმის ხომ
არაფერი იცვლება; სიზმრებიც კი დავღალე
მოკოშმარო სცენარით: ისე მინდა ვიფრინო...
სიცხადე კი - ვერაგი, ან დღე მომკლავს, ან ღამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები