ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2015


შელოცვა ლექსებიდან

ციკლიდან "ჯანდაბას ყველა შუაღამე უპოეზიოდ..."

ივნისის ღამეს უფრო მეტი საერთო უჩანს
წერასთან, ვიდრე დღეებს - უფრო გვალვით გაბეგვილთ...
მთვარეს და ღრუბლებს - როგორც ღმერთის ნაოჭებს ტუჩთან
ისე ვუცქერ და ვგრძნობ, რომ ერთი ღამეც გაბედა
ყოფნამ, რომელსაც სხვა ნიშანი არ აქვს სიცოცხლის,
სიცოცხლის, სადაც უფრო ნატვრით ვირჩენდით თავებს...
მე სიყვარული შენს ენაზე რომ არ ვიცოდი,
მიტომ დავიწყე ეს ოხერი წერა,
გითარგმნე
ფიქრი, რომელიც ღმერთის რწმენით მყავდა გაზრდილი,
ღმერთშიც ლექსების უფრო მეტი ვნახე საერთო.
ზღვის ტალღებივით იზრდებოდა (ქარში) მანძილი,
სადაც საერთოდ აღარ გინდა ცურვით გაერთო,
ცურვით, რომლისაც ბავშობიდან შიში გაქვს, იმ რთულ
ბავშვობას უკვე არ გავიწყებს შრამი მაჯაზე...
გრძნობ, პოეზიით მსუბუქდება ის მძიმე ტვირთი,
რომელსაც არ სურს, რომ დილამდე ისევ გადარჩე.
მერე იხსენებ დულსის, რადგან მარტოობა გძულს,
არ ცნობ არჩევანს, რადგან ალბათ უფრო არ გქონდა.
და ალკოჰოლიკს - ამ დროებით სულით მოძარცვულს
დილით სახლს გინგრევს გაღვიძება ვიღაც საფოსთან...
...
ჩაძირულია ჩემი ღამე, როგორც ის გემი,
სადაც მე მქონდა ხორცის საჭე, სულის ბოცმანი...
და თუკი მოვკვდი, ანუ თუკი ღმერთი ვიგემე,
ანგელოზები ლექსებიდან შემილოცავენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები