ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 ივლისი, 2015


Проклимат (კლიმატის შესახებ)

       
    ПроКлимат  ,,კლიმატის შესახებ''
 
კლიმატის ცვლილება, მისი მიზეზები და შედეგები ჩვენს რეგიონში

იმთავითვე განვმარტავ, რომ რეგიონის კლიმატის ცვლილების საკითხის განხილვა მსურს განსხვავებული კუთხით წარმოვაჩინო. ვისაუბრო ბუნების, ადამიანისა და შემოქმედის ურთიერთკავშირზე და იმ დისბალანსზე, რომელიც ახლავს ამ ურთიერთკავშირებს, რადგან დედამიწა ადამიანისათვის შეიქმნა და ის მის სრული ბატონ-პატრონად მოგვევლინა.   
დედამიწის კლიმატის ცვლილება, დათბობის მახასიათებლის გაზრდის მიმართულებით, თავის უარყოფით შედეგებს ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით მწვავედ ავლენს. ეს გამოვლინება გამოიხატება სხვადასხვა სახის მიწისძვრების, უხვი ნალექების, გვალვების, მეწყერების და სხვ. კატაკლიზმების გახშირებით. ამ სიხშირემ კი კაცობრიობა მართლაც დილემის წინაშე დააყენა, ან ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპების შენარჩუნება და დედამიწის დასასრულის მოახლოება ან ტემპების შენელება, ეკოლოგიური პრობლემების გაანალიზება, მათი გადაჭრის გზების მოძიება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

დღეის მდგომარეობით, კლიმატის გლობალური ცვლილებები განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს დედამიწის ლოკალურ უბნებზე, მათ შორისაა სამხრეთ კავკასიაც. საშუალო წლიური ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით გაზრდამ ის შედეგი მოიტანა, რომ სწრაფი ტემპით დაიწყო კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე განთავსებული მყინვარების დნობის პროცესი. ხანგრძლივმა მეცნიერულმა დაკვირვებამ და მონაცემების შედარებამ ეჭვის მცირედი საფუძველიც კი არ დატოვა. თითქმის ყველა მყინვარმა ბოლო ათწლეულში ,,უკან დაიხია,’’  მათი დნობა გააქტიურდა და ფართობიც და მოცულობაც საკმაოდ შემცირდა.

ერთი შეხედვით, თითქოსდა რეგიონალური დონის კლიმატური ცვლილება, თავისი მასშტაბებით ცდება მხოლოდ კავკასიურს და სწრაფი ტემპით იძენს ზოგადსაკაცობრიო პრობლემის სახეს, რადგან მყინვარების მასობრივი დნობა ,,ჯაჭვური რეაქციის’’ პრინციპით, მთლიანად შეცვლის არამარტო კავკასიის, არამედ მთელი სამხრეთ აზიის ბუნებრივ პირობებს და, არამარტო მას ...

ალბათ არავისთვის დაფარული არ გახლავთ ასეთი მოვლენების უარყოფითი შედეგები. მისი მახასიათებლები ერთბაშად აისახება ათეული მილიონი ადამიანის ყოფიერებაზე, მათ შემდგომ განვითარებაზე და სასიცოცხლო სივრცის არეალზე.

ჩემი აზრით , საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობა, ჯერ კიდევ ზერელედ უყურებს კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების მასშტაბურობას. თითქოს მყინვარების დნობა, მეწყერული მოვლენები და გახშირებული უხვი ნალექები ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენებია და მას საერთო არაფერი აქვს დედამიწის გლობალურ დათბობასთან. რომ, მისი მავნე შედეგები მხოლოდ სადღაც შორს ჩრდილოეთში გრელანდიაზე, ისლანდიაზე ან ალიასკაზე აისახება. სამხრეთ კავკასიამდე ვერ ჩამოაღწევს და ეს პრობლემები თავისთავად განეიტრალდება.

მიზეზი ამგვარი აზროვნებისა ალბათ გახლავთ ის, რომ დედამიწის ცივილიზაციის მთელი პერიოდი, დაწყებული ,,ანიდან,’’ ვიდრე ჩვენს დრომდე, გაჯერებულია სხვადასხვა სახის გლობაულური სტიქიური უბედურების ისტორიებით, ადამიანთა ტრაგედიებით და სიცოცხლის უწყვეტი ციკლის კვლავწარმოების აუცილებელი კანონზომიერებით. ანუ, სიცოცხლის საწყისი წერტილიდან დასასრულ წერტილამდე მისვლის ღმერთისეული განმარტებით, რომელიც გვაუწყებს, რომ ,, რაც დაწერილ არს’’ იმისი შეცვლა ადამიანს არ ხელეწიფება. არადა, სწორედ ამგვარი დამოკიდებულება გვაახლოებს ,,დასასრულთან’’ და გვაშორებს ღმერთის სწავლებას, რადგან აუცილებელი დასასრულის გახანგრძლივების დრო დიახაც, რომ ადამიანის ხელშია და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება მისი სიცოცხლის გახანგრძლივების წინაპირობაა.

გასაგებია, რომ მატერიალური სამყარო სასრულია და ის აუცილებლად მივა იმ წერტილამდე, საიდანაც არსებობა დაიწყო, მაგრამ აქ საკითხი დგას იმგვარად, რომ ეს ,,ხანგრძლიობა,’’ მართლაც რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს და კაცობრიობამ დედა-ბუნებით ტკბობა დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს. ამიტომ, ადამიანის როლი ამ საქმეში არა მეორეხარისხოვანი, არამედ მნიშვნელოვანია.

ეს მაშინაც ასე იყო, როცა ღმერთის მიერ ექვს დღეში შეიქმნა სამყარო და მაშინაც, როცა წარღვნა დაიწყო ...  და ყოველთვის ასე იქნება ... მიზეზი, ყოველთვის ადამიანი გახდება ... კლიმატის ცვლილება ოცდამეერთე საკუნეში  მისი ,,აქილევსის ქუსლი გახლავთ.’’

მაშასადამე, ,,ჰომო საპიენსი,’’ განაპირობებს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ხანგრძლივობის ვადას და მის დასასრულს, რადგან შემოქმედმა დროის ფარდობითობა მატერიალურ სამყაროში იმთავითვე დაადგინა.

გავიხსენოთ სამყაროს შექმნა:

მატერიალურ გარემოში დრო, როგორც ვიცით ფარდობითი სიდიდეა, რის სადემონსტრაციოდაც ერთი მაგალითის მოყვანაც კმარა: ავიღოთ ვარსკვლავი, რომელიც დედამიწიდან დაშორებულია 40 სინათლის წლით. ვთქვათ, ვარსკვლავისაკენ მივფრინავთ რაკეტით, რომლის სიჩქარეა 240,0 ათასი კმ/წმ.

პლანეტის მკვიდრთათვის რაკეტა ვარსკვლავს მიაღწევს 50 წლის შემდეგ (300 000X40 : 240 000), მაგრამ, მათთვის ვინც რაკეტაში იმყოფება, ფარდობითობის თეორიის თანახმად, ფრენის დრო შემცირდება დაახლოებით შემდეგი თანაფარდობით 10:6. ამიტომ რაკეტაში მსხდომები ვარსკვლავს მიაღწევენ 30 წლის შემდეგ (6X50:10).

  დრო რომ ფარდობითი იყო, ეს ჩვენს უშორეს წინაპრებსაც კარგად ესმოდათ. ისინი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ათვლის სისტემას იყენებდნენ. წარღვნის მომდევნო პერიოდის ,,მეფეთა სიებში,” (თიხის ფირფიტები აღმოჩნდა ქალაქ ქიშის მახლობლად. შუამდინარეთი), აღწერილია, რომ პირველი დინასტიის ოცდასამმა მეფემ 24 510 წელი, ხოლო მეორე დინასტიის 8 მეფემ კი 3195 წელი იმეფა (თუ თითოეული მეფისთვის საშუალო წელს გამოვიყვანთ, ციფრები შთამბეჭდავი იქნება).
უფრო არარეალურია წარღვნამდელი მეფეების მმართველობის წლებიც, დაახლოებით რამდენიმე ათასი წელი.

  საოცარი ამ ციფრებში ის გახლავთ, რომ თიხის ფირფიტებში დასახელებული მეფეები რეალური პიროვნებები აღმოჩნდნენ. არქეოლოგმა ლეონარდ ვულმა ქალაქ ურში, ალ-უბაიდის ბორცქვეშ მიაკვლია ტაძრის ნაშთებს. იპოვა კირქვის ფილაც, ლურსმული დამწერლობით, რომელიც იტყობინებოდა შემდეგს: ეს ტაძარი ააგო ა-ანნი-პადამ ურის მეფემ, მეს-ანნი-პადას ძემ. ,,მეფეთა სიებში” მეს-ანნი-პადა მოიხსენიებოდა ურის პირველი დინასტიის დამაარსებლად. თანაც ეს იყო ის მეფე, რომლის არსებობაც არქეოლოგების მრიდან ეჭვს იწვევდა (არ ვიცი რატომ), მაგრამ შევთანხმდეთ, რომ დედამიწის ცივილიზაცია, თავისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე, წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემას იყენებდა.

  ახლა კი დავიწყოთ ღმერთის ექვსი დღის განხილვა. ამისთვის მოკლედ გავიხსენოთ სამყაროს შექმნის ღმერთისეული პროცესი:

  დღე პირველი:
თქვა ღმერთმა ,,იქმენინ ნათელი!” და იქმნა ნათელი. ნათელს უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე.

  დღე მეორე:
ღმერთმა შექმნა ცა, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფდა წყლებს.

  დღე მესამე:
ღმერთმა გამიჯნა წყალი და ხმელეთი. ხმელეთზე აღმოცენდნენ მცენარეები.
 
დღე მეოთხე:
ღმერთმა გააჩინა ცის მნათობები, მზე მთვარე და ვარსკვლავები.
 
დღე მეხუთე:
ღმერთმა შექმნა თევზები და ფრინველები.

  დღე მეექვსე:
ღმერთმა შექმნა ქვეწარმავლები, ცხოველები (ყოველი სულდგმური) და დღის ბოლოს ადამიანი.

  დღე მეშვიდე: 
ღმერთმა აკურთხა თავისი შექმნილი სამყარო.

  მეცნიერები თვლიან, რომ დედამიწამ თავისი განვითარების თუ ჩამოყალიბების ხუთი  ეტაპი ანუ ერა (ხანა) გაიარა. ეს ერებია: არქეული, პროტეროზოული, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური. ყველა ერა შედგება პერიოდებისაგან და ყველა მათგანს თავისი დამახასიათებელი ,,ხელწერა” გააჩნია.
  განვიხილოთ თითოეული ერა ცალ-ცალკე და ღმერთის დღეები ისე მივუსადაგოთ, რომ მათ წიაღში მომხდარი მოვლენები ერთმანეთს დავამთხვიოთ.

  არქეული და პროტეროზოული ერები მეცნოერებმა გააერთიანეს და მას კამბრიულამდელი ერა უწოდეს. ამ ერაში მოხდა დედამიწის ,,გაჩენა,” ატმოსფეროს ჩამოყალიბება და სხვადასხვა მოლეკულურ კომბინაციათა შერწყმა. ეს ერა გეოლოგიური გამოთვლებით 1 მილიარდ 278 მილიონი წელი გრძელდებოდა (ციფრები პირობითია, ზოგიერთი მეცნიერი მცირე განსხვავებას აფიქსირებს, რაც ჩვენს შენმთხვევაში მისაღებია), ე.ი. ამ ერას შეესაბამება ღმერთის პირველი და მეორე დღის ნაწილი, რადგან სწორედ ამ დღეებში ჰქონდა ანალოგიურ მოვლენებს ადგილი. დედამიწამ მიიღო ფორმა, გამოჩნდა ხმელეთი და გაიმიჯნა წყალი. ჩამოყალიბდა ატმოსფერო.

  დედამიწა დაახლოებით 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინათ შეიქმნა. თუ მას 6-ზე გავყოფთ (ღმერთის ექვსი დღე), მაშინ ღმერთის ერთ დღეს შეესაბამება დაახლოებით 767 მილიონი წელი. მაშასადამე ის პროცესები, რაც დედამიწაზე კამბრიულამდელ ერაში განვითარდა, მოიცავს ღმერთის პირველ დღეს, 767 მლნ. წელს  და ღმერთის მეორე დღიდან 511 მლნ. წელს.

  რატომ მაინცდამაინც 511 მლნ წელი? იმიტომ, რომ მთელი კამბრიულამდელი ერა მოიცავდა 1 მილიარდ 278 მილიონ წელს. ე.ი. 1 278 000 000 - 767 000 000 = 511 000 000 წელს (მეორე დღიდან ჩვენ დაგვრჩა 256 000 000 წელი; 767 000 000 წელს - 511 000 000 წელი, რომელიც დავიმახსოვროთ).
 
შემდეგი ერა - პალეოზოური გაგრძელდა 2 მილიარდ 616 მილიონი წელი. ამ ერის დანალექ ქანებში აღმოჩენილია: მცენარეების, თევზების, მოლუსკების, მარჯნებისა და ფრინველების (მფრინავი ქვეწარმავლების) ნაშთები. ამიტომ ამ ერას შეესაბამება: ღმერთის მეორე დღის დარჩენილი ნაწილი  +  მესამე, მეოთხე და მეხუთე დღეები მთლიანად. ე.ი.  256 მლნ წელს + 767 მლნ წელი X3, რაც ჯამში გვაძლევს 2 მილიარდ 557 მილიონ წელს.

მას შევსებამდე 2 მილიარდ 616 მილიონ წლამდე, აკლია 59 მილიონი წელი და ეს ავიღოთ მეექვსე დღიდან. ამრიგად საბოლოოდ პალეოზოურ ერას შეესაბამება ღმერთის მეორე დღის დარჩენილი ნაწილი, მესამე, მეოთხე, მეხუთე დღეები მთლიანად და მეექვსე დღის აღებული ნაწილი. სულ ჯამში: 256 მლნ. წელს + 767 მლნ. წელიX3 + 59 მლნ წელი. აქვე განვმარტავ, რომ ეს ციფრები მხოლოდ დაჯამებისთვის არ ამიღია და ის სრულად ესადაგება იმ პროცესებს, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობდა როგორც გეოლოგიური, ასევე ღმერთის სწავლებით დედამიწაზე (მცენარეების აღმოცენება, ცხოველების გაჩენა და სხვა).

  მეზოზოური ერა იწყება სხვადასხვა ორგანიზმთა სწრაფი განვითარებით ჩნდებიან ქვეწამავლები და მაღალგანვითარებული ძუძუმწოვართა სახეობები.  ეს ერა გაგრძელდა 575 მილიონი წელი და ის ავიღოთ მეექვსე დღიდან შესაბამისი ევოლუციური პროცესით.

  ამრიგად ღმერთის მეექვსე დღიდან დაგვრჩა (767 მლნ. წელს - 59 მლნ. წელ - 575 მლნ. წელი) 133 მლნ წელი, რომელიც სრულ თანხვედრაშია შემდეგ, კაინოზოურ ერასთან (მისი ხანგრძლიობა გამოთვლებით 133 მლნ. წელს მოიცავს და ის დღესაც გრძელდება), რომლის ,,მისიაც” ადამიანის გაჩენა გახლდათ.

  არ ვიცი, რამდენად მისაღებია ეს ვერსია მკითხველისთვის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ღმერთის ,,ექვსი დღე,’’ მომიტევეთ და, რაღაც უტოპია არ გახლავთ და ის, მართლაც ექვსი დღეა, ჩვენი ეპოქისათვის უცნობი ათვლის სისტემით, რომელმაც თავად ადამიანის დაბადება განსაზღვრა დედამიწაზე. ამიტომ, არავინ იცის, აპოკალიფსისი თავისთავად რა სისტემით და როდის დაიწყებს ათვლას, ადამიანმა ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, დედამიწას ყოველწამიერად უნდა ეფეროს.

ამასთან, არსებობს კიდევ ერთი გარემოებაც ... მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ აპოკალიფსისამდე სამყარომ განვითარების ხუთი ხანა უნდა გაიაროს (არ აგერიოთ დედამიწის განვითარების ერაში, ). აქედან მხოლოდ ორია გავლილი და სამი გასავლელი.

პირველი ხანა ძალიან ადრე დასრულდა. მოიცვა ,,აფეთქებიდან’’ ვიდრე ნახევარი მილიარდი წელი.

მეორე ხანა, რომელიც ჩვენს ეპოქასაც მოიცავს, გრძელდება  რამდენიმე მილიარდი  წელია  და  დასრულდება  ციური  სხეულების  გაქრობით. ჩაქრება ყველა მნათობი,  რადგან  სამყარო  უფრო სწრაფად ფართოვდება,  ვიდრე ეს სინამდვილეში ხდება.  ციურ  სხეულებს  შორის  არსებული  უზარმაზარი  მანძილი და  შესუსტებული გრავიტაცია  ქაოსს  გამოიწვევს.  მნათობები  ერთმანეთს  შეასკდებიან  და  ,,შავ ხვრელებში’’ შთაინთქმებიან.

მესამე ხანაში დარჩება მხოლოდ  ,,შავი ხვრელები,’’  რომლებიც ასევე დაიშლებიან. ეს იქნება იმის  წინაპირობა,  რომ  რამდენიმე მილიარდი  წლის შემდეგ  დადგება მეოთხე ხანა.

მეოთხე  ხანის    ,,სავიზიტო ბარათი’’    იქნება    დროის,    როგორც  განზომილების  სეგმენტებად დაშლა და ნელ-ნელა გაქრობა.

მეხუთე  ხანაში  კი    სინათლის    ის    კვანტები    შენარჩუნდება, რომლის დაშლაც შეუძლებელია.

  ამ თეორიაში თუ ჰიპოთეზაში მთავარი მიმართულება გახლავთ ის, რომ სამყაროს ,,გაქრობის’’  პროცესი  ეფუძნება    გაფართოებას და არა კოლაფსირებას (შეკუმშვას), რომელიც აქამდე უფრო ჭეშმარიტად მიიჩნეოდა, რადგან სამყარო, წესით და კანონით უნდა  შეიკუმშულიყო  იმ წერტილამდე,    რომლიდანაც  ,,აფეთქება’’ მოხდა. თუმცა, გაფართოების უტყუარი  ნიშანი გახლავთ  ვარსკვლავთა ე.წ.  ,,წითელი წანაცვლება,’’ რომლითაც სივრცესა და დროში მათი გადაადგილების მანძილი განისაზღვრება.

დიახ! ,,წითელი წანაცვლების’’ აღმოჩენამ და ზეახალი ვარსკვლავის ტრაექტორიამ მისცა  ამ    პროცესის  მიმართ,    მეცნიერებს    იმის    თქმის  შესაძლებლობა,  რომ  მატერიის  სრულ გაქრობამდე    ჯერ    კიდევ რამდენიმე მილიარდი წელია. თუმცა  ამგვარი  იმედიანი პროგნოზი  არ ნიშნავს    აპოკალიფსისის    ხანგრძლიობის ანალოგიურ ვადასაც.

ამრიგად, რადგან, სადაოდ აღარ ჟღერს საკითხი,  ადამიანის მნიშვნელოვანი როლის შესახებ,  დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების პროცესთან მიმართებაში, მართლაც სერიოზული დაფიქრება გვმართებს და კლიმატის ცვლილებას უნდა შევხედოთ არა ,,უდარდელი’’ არამედ ,,საღი’’ თვალით. 2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიურმა უბედურებამ ეს საკითხი კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახვა.

,,ოფიციალური ვერსიით,’’ ღვარცოფული მოვლენები, ჭარბმა ატმოსფერულმა ნალექებმა განაპირობა (სამი თვის ნორმა ერთ საათში მოვიდა), მაგრამ ერთი შეხედვით ამ ,,მშრალი’’ განმარტების უკან ისეთი პროცესები იმალება, რომელზეც ბოლო ათწლეულები სერიოზული მსჯელობა არ ყოფილა.

მდინარე ვერეს ხეობაში ჩამოყალიბებული მეწყერული მოვლენები სათავეს შორეული წარსულიდან იღებს, მაგრამ მისი მაშტაბები წინა წლებში უმნიშვნელო გახლდათ, რადგან ბუნება თავად უმკლავდებოდა ლანდშაფტურ ცვლილებებს. ჩამოშლილ კლდოვან ქანებზე ,,ფეხს იკიდებდა’’ მცენარეული საფარი და დაზიანებულ უბნებს ერთგვარ დამცავ სისტემად ეკვროდა,

გლობალურმა დათბობამ, მყინვარების დნობამ, ადამიანის ჩარევამ ბუნების ლოკალურ ტერიტორიებზე და ტყეების მასიურმა გაჩეხვამ, კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.  ერთ, მაშტაბით მართლაც მცირე ტერიტორიაზე, შესაძლებელი გახდა სტიქიური მოვლენის რამდენიმე სახის წარმოქმნა (ჭარბი ატმოსფერული ნალექი, მისგან გამოწვეული ღვარცოფი და ხეობის ზედა ქანების ნაპრალებში შეღწეული ნაკადების მიერ მეწყერული პროცესების დაძვრა), რამაც ადამიანების მსხვერპლი და ზოოპარკის ტერიტორიაზე განთავსებული ათეულობით გარეული ცხოველის, მათ შორის უნიკალური ალბინოსი ვეფხვების ოჯახის დახრჩობა გამოიწვია. ამ სტიქიას შეეწირა ძაღლების თავშესაფრის ასორმოცდაათი ბინადარიც. რამდენიმე ცხოველმა თავის გადარჩენა ცურვით შეძლო და ქალაქის ტერიტორიაზეც გამოაღწია, ერთ-ერთი გახლდათ ჰიპოპოტამი ბეგლარი. სოციალური ქსელების პოპულარული ,,პერსონაჟი,’’ ქუჩაში მოსეირნე ბეგი (ასე მოიხსენიებდნენ  მოფერებით).

თბილისის ტრაგედია პირველ რიგში იყო ადამიანთა ტრაგედია. ოჯახის წევრების თვალწინ დატრიალებული ტრაგედია, შემდგომ კი დანარჩენი ყველაფერი ...

  ამ ტრაგედიის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზები დადგენილია, მაგრამ არავინ იცის როდის შეგვახსენებს კვლავ თავს. მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოებაში ეს თემა არ ,,დაიხურა’’ და ის სადისკუსიოდ იქცა, რაც თავისთავად კარგია. ჩვენ, ადამიანებმა გავათვითცნობიერეთ , რომ გლობალური კლიმატური ცვლილებები ყველას საწუხარია, რომ დედამიწის დათბობის პროცესს შესწავლა და შეკავება სჭირდება ... ადამიანი, როგორც პლანეტის სიცოცხლის უმარლესი ინტელექტუალური ფორმა, ღმერთისა და შთამომავლობის წინაშე ამაზე პასუხისმგებელია.
დიახ! ადამიანი და არა მარტო რომელიმე მთავრობა, საზოგადოება, ან თუნდაც პოლიტიკური ჯგუფი. 
 
  P.S.. ლექსი მივუძღვენი თბილისის სტიქიურ მოვლენებს.

      ჭაღარა ქალაქი
თვლემდა ქალაქი დასიცხული,
ბორგავდა ღამე,
იქუფრებოდა ბედისწერა
და ყეფდა ზეცა,
შეფარებოდა გალაქტიკას ვარსკვლავთა არვე,
,,დიდი თვალები’’ ვერ იტევდა
კაცსაც და მხეცსაც.
ეშმას ლაჯებში ამოეჩრა ღვარ-ცოფის ზვირთი,
დაოთხილ სიკვდილს ხეობაში გასცლოდა სიქა,
ბრუნავდა მიწა  უგამჩენოდ,
სატანის სიტყვით,
სასომიხდილი,
ეშაფოტზე სიცოცხლე იწვა.
გულიდან-გულში იღვრებოდა იმედის ჭრაქი,
ეჭიდებოდა  ანგელოზის ,,ხავსიან კალთას,’’
მიტოვებულ დროს
ქვიშის მარცვლით თითქოსდა დათვლილს,
ლამში ამოსვრილს ხელთავიდან დაეწყო ათვლა  ...
იყო  ჯვართგაკვრა,
მაგრამ იყო მკვდრეთით აღდგომა,
მაინც ფეთქავდა დაჩოქილი სული ამაყი,
და გაწვდილ ხელებს
შემოქმედის სუნთქვა ათბობდა,
ბორგავდა ეშმა,
მაგრამ იდგა ფეხზე ქალაქი.
                              19. 06. 15 წ.

                                                                                   
 








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები