ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2015


ავტოპორტრეტი


დადიხარ ასე,
შენი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი გრაფიკით,
მოლოდინით და იმედგაცრუებით,
სარეცხის თოკზე გაფენილი ფიქრებით,
დაუმთავრებელი სადილით...
და გვიან ღამე,
როდესაც ბრუნდები სახლში,
ყველას გონია, რომ გეჩქარება მისვლა,
სინამდვილეში კი ფეხს ითრევ,
გზას იგრძელებ,
ფიქრობ: იქნებ მოხდეს რამე ისეთი
და სახლში არ დაბრუნდე,
სასწაულს ელოდები..
რომ იპოვი შენს მყუდრო ოთახს,
სადაც იცხოვრებ შენს ადამიანთან ერთად...
უღიმი მეგობრებს და
მეათასედ ეუბნები რომ ბედნიერი ხარ,
და ძალიან ცოტა თუ ამჩნევს
შენს ხმაში სიყალბეს...
ან თუ ამჩნევს, არ იმჩნევს,
რა მისი საქმეა.
ურეკავ დედას და ეუბნები
რომ ძალიან გენატრება,
მაგრამ არ თუ ვერ მიდიხარ მის სანახავად.
მერამდენედ ანგრევ
უკვე დანგრეულ ოჯახს
მაგრამ ვერა და ვერ დასვი წერტილი.
წერ წერილებს მეგობარს,
მერე შლი და ისევ წერ
და ქმნი გაუგზავნელი წერილების ქრონიკას...
ცდილობ არ დაანახო შვილს
ცრემლიანი თვალები,
ვერდასრულებული სადილი,
სადღაც დაკარგული გრძნობა, რომ ქალი ხარ,
და ცხოვრობ ასე..
დანგრეული სახლის დარაჯი,
ელოდები ჯინს
რომელიც ოცნებებს აგისრულებს..
და გეუბნები:
ისწავლე წერტილის დასმა
და არ იტირო იქ,
სადაც იცი რომ არავინ მოგწმენდს ცრემლებს.
ჩაიხედე სარკეში და
დაიჯერე რომ ყველაზე სასურველი ადამიანი ხარ..
ისწავლე ცხოვრება შენთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები