ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მარი მილე
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2015


მდევარი

            მდევარი
ორპირ სიზმრებში ჩასახლებულ უჩინარ მდევარს
ისევ მოესმა შემოდგომის მკრთალი ძახილი
თოვლისმომტანი, ფოთლებივით გამხმარი ხმები
საბრალო მდევარს კიდევ უფრო უმძიმებს სავალს.
მორჩა გზა წყებად, დაილია გავლილი კვალი
ახლა სად წახვალ თუ კარები თოვლმა დამარხა.
ისმის სიბნელე, ისმის ისე, როგორც შენი ხმა-
რეალობიდან სიზმრებამდე მდევარი ექო.
ორპირ სივრცეში გამომწყვდეულ მარტოსულ მდევარს
ისევ ეხვევა სიუცხოვის ცივი ხელები
და ის გრძნობს შიმშილს-ანაწევრებს სხეულს  ლუკმებად
სულგამომშრალი გზის ბოლომდე ვეღარ მიატანს
ორპირ გადამხდარ ომში ისევ დამარცხებული
უპირობოდ კვლავ მიენდო ღმერთების ნებას.
მორჩა გზა წყებად, პლანეტებმა დახარეს თვალი
სიზმარშებმული შენ მათ ეტლებს მიყვები მდევრად
ახლა შორს წახვალ, ახლა ალბათ არ დაბრუნდები
სხეულნაკლული მათთვის მაინც დარჩები მდევრად.
და ის გრძნობს სევდას, სივრცეებს შორის ქსელში გაბმული
კვლავ თავს ესხმება ორპირობის მდევრული შიში...
დახუჭე თვალი, მზით ჩამომდნარ შენს დაღლილ ხელებს
უმტკივნეულო სიზმრის ბრუნვა გამოაოცხლებს.
მაგრამ, მდევარო, რა იქნება სიცოცხლის შემდეგ?
რა იქნება თუ შენ ისევ გამთლიანდები?
ორპირ გადაკრულ ადამიანს მდევრად თუ აქცევ
მაშინ მისგან ვეღარასდროს თავისუფლდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები