ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2015


წერილი ჩემს(ავით) მოპოეტო მეგობარს

ჰო, გამარჯობა - ვფიქრობ ახლა ეს სიტყვა სალმის
გარდა დატვირთვას მეტს იპოვის ზოგად მიზანთან.
თავთან მარტო ვარ, მომინდა რომ გადმოგიკალმო,
იმ აბრაგს ვგავარ, კარვებში რომ გამოიზამთრა,
მეჯოგეების, ზაფხულია თუმცა კოცონი,
ღამეა ბეწვზე გადებული, ქელავს ამინდი.
და მენატრება ის დრო, როცა წერას მოვწონდი,
ღამიდან დღემდე ვიწვებოდი კელაპტარივით -
(ეს გაღეღილი შედარება რაღას მოვძებნე!),
ღამე ზღვას გავდა ატალღებულს, ისე ღელავდა,
და მხოლოდ სხვისი ლექსები თუ დაგიმოძმებენ,
თორემ ამ ქარში რას აანთებ ძმაო კელაპტარს.
რადგან ისე ვარ, „მარტოობას“ „გიოს“ ვეძახი,
ლოთობას გენთან ვაკავშირებ, ტკივილს წარსულთან.
ბაბუაჩემის ნათქვამივით - როგორც ვენახი
სუნთქავს წვიმისგან, ნეტავ ისე ამომასუნთქა! -
საწამლავივით დამიგროვდა წლები ფილტვებში,
მზე ცას არ ინდობს, ქარი მიწას, ძმა კი თავის ძმას.
ფანჯრების იქით სხვა სამყაროს აღარც იმჩნევენ,
სარკეში ჭვრეტა ისე ძლიერ გაუთავისდათ.
ცა გამთენიას უფრო მეტად მოჰგავს გოლიათს,
ხელში უჭირავს მზის ამოსვლა, როგორც გალია.
დავითას - ძამი, ისე დიდი თავი ჰქონია,
ამ დედამიწას რაც მოუვა, მისი ბრალია.
ამ დედამიწას სხვანაირი სიტყვა ერქვას და
ოხ, მერამდენედ გაწყვეტილო ქართულის რგოლო.
ვუფიქრდები და მეცინება, (ნუთუ მეც აქ ვარ),
რომ ყველა დროის მორალისტი ზნეობას გლოვობს.
იდეალისტის ვერ გაიგებ მძიმე ხასიათს -
ეს წაკითხული გამახსენდა, რემარკთან ვგონებ,
ირონია კი მსუბუქია. მჯერა, ასეა,
მეც შევურიე, სხვა რა მქონდა საქმე და ღონე.

ეს კი არა და მენატრება, მოდი, კაცურად...
რომ ურმის წინაც დავინახავთ, ვიცი, გზის რისკებს.
ნავებით მოსვლას დავესწარი, მათ გაცურვასაც,
ჩვენ ფეხით ვივლით - ერთი გზა გვაქვს პოეზიისკენ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები