ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
22 სექტემბერი, 2015


რატომ აქვთ ზღარბებს ეკლები?



    დიდი,ძალიან დიდი ხნის წინათ ზღარბებს ზურგზე ეკლები კი არა, თმები ჰქონდათ. დიახ, დიახ თმები. მართალია, ჯაგარივით მაგარი, მაგრამ ...ყველა ზღარბი თმას მოკლედ იკრეჭდა და ამიტომაც გაფშეკილი,მოკლე თმა შორიდან კაცს ეკლები ეგონებოდა.
    ერთ პატარა, კოპწია ზღარბუნას არაფრით არ უნდოდა წამოზრდილი თმის შეკრეჭა.
    -ასე უფრო  ლამაზია, ასე უფრო მიხდებაო- არწმუნებდა დედას.
    -ზღარბუნა, მაგ თმებით სადმე ბალახებში ან ეკლებში გაიბლანდები. მტერი დაგიჭერს და შეგახრამუნებს. -რამდენჯერმე გააფრთხილა დედამ, მაგრამ...რა კი ვერაფერი გააწყო,“გიჟი მიუშვი ნებასო,თვით შეეყრება სნებასო“,გაიფიქრა და დაანება თავი.
    კოპწიაობდა ზღარბუნა გრძელი თმებით. ხან უკან გადაიშლიდა, ხან მარჯვენა გვერდზე, ხან მარცხენაზე.
    ერთხელაც ზღარბები ტყეში წავიდნენ ჩამოცვენილი პანტა ვაშლის მოსაგროვებლად. ზღაბუნას თმები ხან ბალახის ღეროებს გამოედო, ხან ხის ამოშვერილ ფესვს. დაიღალა პატარა. დასვენება გადაწყვიტა. ზემოდან არწივმა შენიშნა,ისარივით დაეშვა და თმებში ჩაავლო ბრჭყალები, მაგრამ გრძელი თმები გაუსრიალდა ბრჭალებს შუა და ზღარბუნა ეკლებში ჩავარდა. იუკადრისა გაწბილება მტაცებელმა, შეჰყივლა და რონინით ძებნა დაუწყო.
    -მიშველეთ, დამმალეთ, გენაცვალებით-შეევედრა ზღარბუნა ეკლებს.
    -მოდი, მოდი, ჩაგვეხუტე. აი, ჩვენ ეკლებს აგასხამთ , რომ ვერვინ მოგეკაროს. ნუ, ნუ კრთი-მიუალერსა ეკალ-ბარდმა.
    ყველა ტოტმა თითო ეკალი ეკალი ჩააბნია თმაში ზღარბუნას. ხელმოცარული არწივი გაფრინდა. გულმოცემულმა ზღარბმა გამობობღება იწყო. თმები ეკლებში გაეხლართა და სულ დაეწიწკნა, მაგრამ სამაგიეროდ ეკლები შერჩა.
    -ახლა მართლა ვერავინ მომეკარება-უხაროდა პატარას.
    ახლობლებმა კინაღამ ვერ იცნეს იგი. მტერი მოდისო და საბრძოლველად გამოემართნენ. შეშინებულმა ზღარბუნამ ცხვირ-პირი  და ფეხები ეკლებში შემალა და ეკლიან ბურთად იქცა.
    ყველას მოეწონა ზღარბუნას ახალი სამოსი. თვითონაც მოუნდათ ასეთი დაცულნი ყოფილიყვნენ.
    ტყეში ეკლის ბარდებს რა გამოლევს და ყველამ იშოვა ასეთი მოსართავი.
    იმის მერე ყველა ზღარბს ეკლები ასხია და საშიშროებისას ეკლიან ბურთად იქცევიან ხოლმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები