ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2015


ციკლიდან - აფხაზეთი

ძეგვში ძია მერაბასთან ვცხოვრობდით, საოცრად თბილ ოჯახში. სასწაული ხალხი იყვნენ, თვითონაც ხომ უჭირდათ და ლუკმას გვიყოფდნენ. მერე ძია ემზართან. ვერც კი დავითვლი, ერთ პატარა სახლში რამდენნი ვიყავით. ჯერ ბავშვებს გვაჭმევდნენ და თუ რამე მოგვრჩებოდა, თვითონაც წაილუკმებოდნენ.
მერე მამაც დაბრუნდა ომიდან და " მუნი " გამოიტანა. გაგიგიათ ალბათ ეს დაავადება. აკვანში იწვა ჩემი ძმა და გეფიცებით, ფრჩხილები დააძრო პატარას.
- ომს დასასრული არ უჩანსო მამამ, სხვის სახლში როდემდეო და მასწავლებელთა სახლში შევსახლდით.
გემახსოვრებათ, რა მკაცრი ზამთარი იყო ომის პირველ და მომდევნო წლებშიც, პირველი განსაკუთრებით მაინც.
ღუმელი გვაჩუქა ვიღაცამ და მილები არ გვეყო, რომ სახურავს ასცდენოდა , ე. წ. ჩერდახში გაიჩხირა. ათასში ერთხელ ავანთებდით და იწყებდა მამა ფორიაქს :
- ცეცხლი არ გავაჩინო, ე შობელძაღლიო...
სამი დღე უტრიალა ეზოში მდგარ ერთადერთ თუთის ხეს , ძლივს გადაწყვიტა მოეჭრა და მეზობელთან გამგზავნა ცულზე.
აქაური ღობეები და ჭიშკრები მაოცებდა ყველაზე მეტად, ჩიტი ვერ გადაუფრენდა, სულ ვფიქრობდი, ასე რას მალავენ ან ვის ემალებიან მეთქი. კარგა ხანს ვიძახე და როგორც იქნა გამოვიდა. გამოვიდა და... ისეთი სითბო გამოყვა ოთახიდან, ახლოს მივეძგუნტე, ცოტაც და ჩავეხუტებოდი, მგონია.
- მამამ ცული გთხოვათ მეთქი.
- სად არიო , ცული და კარგი ცხოვრება, ნამდვილად არა მაქვსო.
არ ვიცი რატომ, მაგრამ კისერი წავიგრძელე და ეზოში გადავიჭყიტე.
აქვს ცული, ღმერთო ჩემო, აქვს !!!!
ვხედავ, აგერ კუნძში ჩარჭობილს ...
იმ დღეს გაცუდდა ჩემი ბავშვური წარმოდგენა ადამიანთა სიკარგეზე.
თუმცა საღამოსვე გადავიფიქრე - გაყინულ ღუმელს ვესხედით და ვიღაცამ დაიძახა. პარკით დაბრუნდა მამა ,ხორცი მოგვიკითხაო თანასოფლელმა.
ხორცის მოხარშვა კიდევ ერთი თავსატეხი იყო მშობლებისთვის.
" რა კარგები.არიან მეთქი ადამინები" - მაშინვე გავიფიქრე.
ოჰ, როგორ ბარდნიდა იმ წელს.
კარგა ხანს ათოვდა მამას მოჭრილ თუთის ხეს და კარგა ხანს იტირა ხემაც, ღმერთმანი ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები