ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2015


მიწისპირული

"იყო და არა, არა იყო რა..."
არც შავი იყო, არც საშიში,
მე რომ მეგონა
მიწა __ გზის პირას.
სად არ იყო და...
არც ვინმე იყო,
იმაზე მეტად,
ვიდრე ვიყავი.

იდგა სასახლე და
იდგნენ გუშაგებიც.
ხელმწიფეც იყო,
მაგრამ მაგან რა იცოდა
ცივი ქვეშაგების.
შემოვილაგე სიპი ქვები და
გულიდან ლოდი მოვიგლიჯე.
გამეხარდა, გამომივიდა.
ისეთი სიმშვიდეა.
ისეთი სიჩუმე,
ვწევარ და ვუსმენ.
ვწევარ და ვისვენებ.
ხელებზეც მიწა მივიყარე.
სათითაოდ დავფალ ორივე.
ხელთავიდან რომ აღარ ვწერო
ბედისწერის უთავბოლო
თავი და ფურცელი __
ათასმეერთე მუნჯი უსტარი.
ჯვარიც მწერია!
მშვიდად ვარ ახლა.
აღარ დავდევ შენამდე სიტყვებს,
წინადადებებს__
გრძელ-გრძელ მანძილებს.
აღარ შემაშინებს ყველა მძიმე და
ხანგრძლივი პაუზა,
ყბამოქცეული ბებერი აბზაცი.
კაბის საყელოც მოვიზომე
ფერმიხდილ ყელზე,
უფრორე მჭიდროდ უნდა მქონდეს,
უნდა მიჭერდეს.
იმაზე მეტად,
ვიდრე შენი არსებობა,
რომ ხარ და არც ხარ,
რომ მხრავს და არც მხრავს,
მკლავს და აღარც მკლავს
შენი ყოფნის და არყოფნის
უსასრულობა.

ყველა სურვილი ავისრულე.
სუყველა ნატვრა დავასრულე.
ყველა სიზმარი ავიხდინე
უშენოდ, შენით,
შენამდე და ამ გულის გარეთ.

გყავარ სანამდე?
ალბათ, კარამდე,
სადაც ორპირი ქარს გამოუბამს
ძუაზე წვიმის.
აბა, თეთრ კარავს ვინ დასცემდა
ჩემი გულისთვის
განთიადის და შავი ღამის
გზაგასაყარზე...
მყავხარ სანამდე!
არ ვკითხულობ,
ისედაც ვიცი.
ზამთრის პირია.
ღამეა ცივი.

"იყო  და არა, არა იყო რა,"
არც იქნებოდა, რომც  ყოფილიყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები