ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პროზა
8 ნოემბერი, 2015


ლელქაშის იავნანა

როცა ღამით წვიმს და ქარი წივის, ტყის პირთან ფურია გამოდის და იწყებს სიმღერას. გრძელი, წვრილი ხელების ორი წყვილი აქვს და გრძელი, წვრილი ფეხები.  ორზე დადის ხოლმე და გგონია, რომ ოჩოფეხებზეა შემდგარი, მაგრამ როცა ტყეში გარბის, ექვსივე კიდურს ხმარობს ისე, რომ მიწას არ ეკარება. ხეების ღეროებს ეკიდება, ნაძვებს შორის დახტის, ქარს ასწრებს, რომ ტყის პირამდე მივიდეს და თავისი სიმღერა დაიწყოს.
სახლის კედლები სქელია და თბილი. ფანჯრები დაკეტილია, მამა ბუხართან ზის, დედა - აკვანთან. აკვნის თავზე ხისგან გამოთლილი ირმები და კვიცები ტრიალებენ.
„ჩიტად გადაიქცევი,
გარეთ გამიფრინდები
გზაში წვიმა მოგისწრებს
გზაში ქარი მოგისწრებს
ფრთები დაგისველდება
სახლი მოგენატრება
გარეთ ცაა მქუხარე
სახლში - თბილი ბუხარი“
მღერის ჩუმ იავნანას დედა. მამა მიდის ფანჯარასთან და იხედება ტყისკენ. „სახლის კედლები სქელია და თბილი“ - ფიქრობს მამა. ქარიან ამინდში მამას ნაჭრილობევი უმიზეზდება და იწყება ყრუ ტკივილის დღეები.
ქარი ძლიერდება, სტვენას იწყებს, როგორც სუნთქვაშეკრული მოხუცი და გარდა ამ სტვენისა, კიდევ რაღაც ისმის სუსტად. რაღაც უსიამოვნო და უცნობი, რაც უფრო ტირილს ჰგავს, ვიდრე ქარს. ნაკადები ფანჯრის მინებს ეჯახება და მინა იწყებს თრთოლვას. ბავშვი შფოთავს ძილში. მინა აგრძელებს ზანზარს და სახლში ნელ-ნელა მოუსვენრობა იპარება. მამა ტყის სიბნელეს უყურებს და ჩურჩულებს : „არ მოგიშვებ. სახლის კედლები სქელია. კარი ჩაკეტილი. წადი უკან, წადი ჭაობებში!“
ქარის ნაკადი სახლს ეჯახება და მამას ისევ ეწვის ფერდი. ბავშვი კრთება, მაგრამ არ იღვიძებს. აკვნის თავზე ხის ირმები და ცხენები ფრთხილი ჭრიალით ქანაობენ. დედა წყვეტს იავნანას.
- ძილი უქრება.-ამბობს დედა
„მოშორდი ჩემს სახლს. წადი ჩემი შვილის სიზმრებიდან“-ჩურჩულებს მამა, და  ბუხარში მშრალ შეშებს ალაგებს. ბუხარი ტკაცუნს იწყებს. ტკაცუნის ხმა ოთახს ავსებს და ფანჯრიდან შემომძვრალი მოუსვენრობაც ნელ-ნელა უკან იხევს, სახლს ტოვებს, ეზოს შორდება და ტყეებისკენ მიცურავს სველი ჩრდილივით.
- როგორ არის? ამბობს მამა და ფანჯარას სცილდება. დედა ფრთხილად ადებს ბავშვის შუბლს ტუჩებს.
- მგონი, უკეთ. დაიძინე შენ.
მამა თავს აქნევს და ბუხართან ჯდება.
- შეიძლება, დაბრუნდეს.
დედა იავნანას სიტყვების გარეშე აგრძელებს და რამდენიმე ჩაქინდვრის შემდეგ მამა იძინებს.
***
- ახალი რძლების დაბერწება შეუძლია მზერით! - ამბობდნენ სოფელში.
- როცა ძროხები მდელოზე ბალახობენ, ტყეებიდან უყურებს და რძეს უმჟავებს ცურში!
- ფურიამ ყველას სიმღერა იცისო. ღამით თუ გეღვიძა, ტყის პირიდან შენს სიმღერას დაიძახებს და ისე გაგიტყუებს, კრინტს ვერ დაძრავო.
- ფურიამ ძაღლს თუ შეხედა, ლეკვებს დაახოცვინებსო. ცხენს თუ გადაჰკრავს მათრახს, პატრონს დააჩლიქინებსო. კატებს ვერ ერჩის მარტო.
- ფურიამ მდელოებზე გადაირბინა და ბალახი გახმაო, სიმინდი ჭიამ შეჭამაო.
მოუსავლიანი წელი იყო. გადაწყვიტეს, გაეგდოთ ფურია ტყის ჭაობებიდან. ახალგაზრდა ბიჭებმა გადაწყვიტეს - თოფებით და ფიწლებით ტყის სიღრმეში შეცვივდნენ, ტოტები დატეხეს, მხეცები დააშინეს. ფურიას ეძინა. ოთხი კიდური ავ წყლებში ჰქონდა ჩადგმული ჭაობში ჩარჭობილი ჯოხებივით, ორი კიდურით კი რაღაცას იკრავდა გულში. ხმაურმა გვიან გააღვიძა და მიხვდა, რის გამო მოდიოდნენ. ირგვლივ ხეებს მომპალი ფესვები ჰქონდა და გამხმარი ღეროები. ფურიამ მაინც ხეებით სცადა გაქცევა, სქელ წიფელზე აძვრა და გამხმარ იფნზე გადახტა. სანამ იფნის ძირი გატყდებოდა, სხვა ხმელ წიფელზე მოასწრო გადახტომა. ხეების ვარდნის ხმა ტყეში გავრცელდა. „ვხედავ!“ ყვიროდა ერთ-ერთი და ხეებიდან აშლილი ჩიტების გუნდზე ანიშნებდა. მეხუთე ხე დიდი იყო და მძიმე. ფესვებიც არ ჰგავდა მომპალს და ფურია მიმართულების გასარკვევად ღეროზე ჩამოეკიდა. ხე უხმაუროდ გადატყდა, სხვა ხეები წააქცია და ფურიას ორი ფეხი მოიყოლა. ძველი მონადირეები უკაფავდნენ ხოლმე ასე ხეებს ფესვებს, ხაფანგად რომ ქცეულიყო. სხვა ორი კიდურით გამოძრომას ცდილობდა, ბოლო ორი კიდურით კი ბუერის ფოთლებში შეხვეულ ფუთას იკრავდა გულში. როცა ერთი ფეხი გაითავისუფლა, სტუმრებიც გამოჩნდნენ. ტყვიებს ხის ტანის უკან დაემალა, მაგრამ მაინც დაკაწრა რამდენიმემ. ბიჭები ნელა მოაღწევდნენ ჭაობში, საჩქარო არ ჰქონდათ - ფურია აღარ იბრძოდა. 
- შორიდან, შორიდან! - ყვიროდა ერთ-ერთი, მაგრამ ამხანაგები არ უსმენდნენ და უახლოვდებოდნენ. ყველაზე მაღალი და ბეჭებგანიერი სხვებზე ახლოს მივიდა - წაქცეულ ხეზე შედგა. როგორც კი ფურიას შეხედა, უეცარი განგაში იგრძნო -არსებას ექვსივე კიდური თავისუფალი ჰქონდა. ფურიამ კლანჭიანი ფეხი მოიქნია და ნეკნებს შორის ხორცი ამოჰგლიჯა. სანამ ტკივილი მივიდოდა ბიჭამდე, ფურია ფესვმაგარი ნაძვის წვერიდან სხვა ხეზე ხტებოდა. სხვები მისახმარებლად მივარდნენ, მაგრამ ბიჭი უკვე უკან მისდევდა ფერდზე ხელის მოჭერით.
- ფუთა დავუვარდა! - ყვიროდა ერთ-ერთი, რომელიც მანამდე შორიდან სროლას სთხოვდა.
ჭაობი მალე მორჩა და გამოჩნდა ხრამი, სადაც არც ხეები იყო, არც ხავსი.
„გამექცევა!“ - ფიქრობდა ბიჭი და რაც უფრო ეუფლებოდა მრისხანება, მით უფრო ქრებოდა ტკივილი. ფურია ხრამთან არ შენელებულა. ოთხი კიდურით მიწაზე დაეშვა და უზარმაზარი ნახტომით გადაფრინდა ხრამის თავზე. ბიჭები ზედ ნაპირთან შეჩერდნენ. ქოშინით სუნთქავდნენ, მუხლებს ეყრდნობოდნენ ხელებით,  ფურია კი ხრამის მეორე ნაპირიდან არ მიდიოდა.
- ეს ხომ არ დაკარგე? - დაიყვირა დაჭრილმა ბიჭმა და ბუერას ფოთლების ფუთა აწია. ფურია დაფრთხა, ფეხის ყველა სახსარი ერთბაშად მოეკეცა, თითქოს გადმოხტომას ან გაქცევას აპირებდა. მკერდზე უკვე ცარიელი ხელები ჰქონდა გადაჯვარედინებული. ბიჭს ფუთა არ გაუხსნია. მხოლოდ იგრძნო, რომ შიგნით რაღაც გამოძრავდა და ისე, რომ ფურიასგან თვალი არ მოუცილებია, ხრამში გადააგდო.
ყვებოდნენ - სამი კვირის მანძილზე ისმოდა ხრამიდან ტირილი. ამბობდნენ, იმ ადგილიდან ცხოველები და ფრინველები გაქრნენო. სამი კვირის მანძილზე დაძრწოდა ხრამში ფურია და თან დაჰქონდა შვილის სხეული. იავნანას უმღეროდა. გულში იხუტებდა. ზღაპრებს უყვებოდა სიცოცხლეზე. მერე კი გაქრა. აღარავის უნახავს, მხოლოდ მწყემსების ძაღლები უყეფდნენ ცარიელ სიბნელეს, მერე კი წკავწკავით იმალებოდნენ.
  მომდევნო წელს უარესი მოსავალი იყო.
მგლებმა დაგლიჯეს ცხენები და ძროხები.
წვიმები იყო და სასაფლაოს მიწები გამორეცხა, ძვლები გამოაჩინა.
ბავშვები ყვავილმა წაიღო.
***
- ისევ ბორგავს. - ამბობს დედა და ტირილს იწყებს. -ტეტიამ უნდა ნახოს.
მამა სიბნელეს უყურებს. ქარი ჩაწყნარდა, წვიმაც. მთვარე არ ჩანს, მაგრამ არა უშავს.
- ტეტიასთან უნდა წავიყვანოთ! - იმეორებს დედა. მამა ცოტა ხანი ჩუმადაა, მერე კი კარისკენ მიდის :
- შეფუთე ბავშვი და ჩაიცვი შენც.
მამა ცხენს კაზმავს და ურემში აბამს. ტეტიას სახლი ძალიან შორს არაა. აქედანაც კი ჩანს სინათლის პატარა წერტილად- სინათლის ერთადერთ წერტილად მთელ ღამეში, მაგრამ გზა ტყეზე გადის. როგორც კი ეზოს ჭიშკარი იკეტება, მახლობელი ხეები ნელ რხევას იწყებენ, თითქოს მგზავრების დაფრთხობა არ უნდათ. მამამ იცის, რომ ქარი არ ჩაწყნარებულა, მხოლოდ ჩრდილებში იმალება. იცის, რომ თუ დროზე არ მივა ტეტიასთან, ღამე ყველაფერს წაართმევს. ჩახვეული საბნიდან ბავშვის ცხვირი ჩანს მარტო. დედას ესმის ხშირი, არათანაბარი სუნთქვა და ცდილობს პატარა ნიავსაც გადაეფაროს. როგორც კი ურემი ბნელ ხეებში შედის, ქროლვა ერთიორად ძლიერდება და ამ ხმაურში ისევ ცივი სიმღერის სიტყვები ისმის. მამა ჯერ კიდევ ნამძინარევ ცხენს მათრახს ურტყამს და ყვირის. თითქოს გასამასხარებლად, ქარი ქუდს ჰგლეჯს თავიდან და ტყეში კარგავს.
- ჰე! ჰე! - ურტყამს მათრახს, მაგრამ ტეტიას სახლი ისევ იმ სიშორეზე რჩება.
„ხიდან ხეზე ჩრდილი ხტება
არაფერი არ მოხდება
ეს ბეღურა, აგერ რომ ზის
არის შენი ანგელოზი
მთვარე ტყეებს აშუქებს
ოქროს ქოჩორს გაჩუქებს“
-მღერის დედა ათრთოლებული ხმით და შავ ხეებს თვალს არიდებს. ცხენი უმატებს სიჩქარეს, მაგრამ ტყე არ მთავრდება. ნაძვები ურემს მისდევენ გაწეწილი თმებით, ხოლო ნაძვებზე სრიალებს სიშავე და მოაქვს ხეების ჭრიალის ხმა. ტყიდან გაღწევას აღარაფერი უკლია, რომ ცხენს მარცხნიდან რაღაც აშინებს. ცხენი რამდენჯერმე ცდილობს გზიდან გადახვევას, მაგრამ მამას უჭირავს სადავეები მძიმე ხელებით.
- არ მოგიშვებ! -ყვირის მამა და მათრახს იქნევს. მათრახი ჰაერს აპობს მხოლოდ - ახლა ჩრდილი მარჯვნიდანაა.
„მზეს და მთვარეს ეფერები
მერცხლებია მეფეები.
არ აგდებ და არ უწყრები
შენთვის მოაქვთ საჩუქრები!“
ჩურჩულებს დედა.
-დაბრუნდი ჭაობში! დაბრუნდი ხრამში! ყვირის მამა და მარჯვნივ იქნევს მათრახს. ამჯერად მათრახი ხვდება რაღაცას, მაგრამ მკვეთრი ბიძგით სხლტება ხელიდან, მერე კი ისმის წივილი. „ეს ხომ არ დაკარგე?!“ ესმის მამას საკუთარი ხმა წივილიდან. „გავძლებ ტყის ბოლომდე“-ფიქრობს მამა. სულ ცოტაც და გონებას წაართმევს ეს ხმები და გზის ნაპირზე გადაჩეხავს ურემს. არ უნდა მამას ძილი. ეს ძილიც არაა, ეს უფრო ხრამში ჩავარდნას ჰგავს. „გავძლებ ტყის ბოლომდე...გავძლებ ტყის ბოლომდე...“
გაძლო.
***
-ხმაური გავიგე და მეთქი რა არიო, გამოვედი ჭიშკართან და აგე, ტყუილად კი არ გამიგია... - აგრძელებს ტეტია ლაპარაკს და ბავშვს მაგიდაზე აწვენს.
- დამიჭირე სანეთელი, ჰო ასე. რო ანათებდეს...
ბავშვი არ ტირის. თვალებს იშვიათად ხსნის, უყურებს ტეტიას დაჭმუჭნულ სახეს და თვალებში ჩახვეულ თეთრ წარბებს. ტეტია დარბის მთელ ოთახში, მდუღარე წყალს ასხამს გამხმარ ფოთლებს, ფშვნის და ნაყავს.
- დაიჭირეთ აი ასე, ჰო, თბილები შეუფინეთ წელში.. ლამაზი ბატონებია, ია და ვარდი ჰფენია, არკილი-ბარკილი, სამი თაგვის ბარკალი.. -ბუტბუტებს ტეტია.
- დალიოს ეს აბა. არ გააციო, ცხელი დალიოს.. ვიჯე კარს სამოთხისასა,დღისასა სამოთხისასა; ვიჯე კარს სამოთხისასა, დღისასა სამოთ..- რას აკეთებ, ბოლომდე უნდა დალიოს! - მოდი ვნახოთ ახლა აბა - ბავშვს შუბლზე დამჭკნარ ხელს ადებს, ცოტა ხანი იცდის, მერე კი ჩუმად ეშვება მუხლებზე და ძლივს გასაგონად ამბობს  :
- პირველ ვარ დედისა. წამალი ვარ ქარისა. ქარო, ქვის ქვეშ, ქვა – ქოთან ქვეშ, ჩა... - წყვეტს შუა გზაზე. სკამის ქვეშიდან ფოჩების დედოფალა გამოაქვს და ბავშვის გვერდით დებს.
-ჭერი ვარ, მიწა ვარ
კედელი ვარ თიხისა
პირველ ვარ დედისა. წამალი ვარ ქარისა... - სიტყვები ერევა. შელოცვები ერთმანეთში გადადიან და ოთახში უგზო-უკვლოდ ტრიალებენ. ტეტია იღებს დედოფალას, კიდევ უჩურჩულებს რაღაცას, შესაკრავ ძაფს აძრობს და თოჯინას ცეცხლში აგდებს.
- ათი ქარი მოვიდა
ათივე შენ წასაყვანად
ათმა მეხმა დასჭექა
ათივემ შენ დასაფრთხობად
ნუ გიკანკალებს ნიკაპი,
ძაფით აკვანზე მიგაბი.
ტეტია თოჯინის ძაფს მაჯაზე ახვევს ბავშვს.
- იყოს ასე დილამდე. დასხედით თქვენ მანდ და ელოდეთ. მეტი მე არაფერი შემიძლია. ცეცხლს უნდა ვუყარაულოთ მორიგეობით, არ ჩაქრეს. დედოფალა დაიწვა მაგ ცეცხლში, თუ ჩაქრა - დედოფალა გაიპარება ღამით და მერე... თავს აქნევს ტეტია.
ბავშვი წევს მაგიდაზე. არ ინძრევა. თვალები დახუჭული აქვს, სუსტი ბიძგებით ისუნთქავს ჰაერს. სახლის ყველა ღრიჭოში სიცივე და ხეების ჭრიალი მოძვრება, მაგრამ ბუხრის გვერდით საკმაო მშრალი შეშა ყრია. მთელი ღამე შეეძლებათ სიბნელის მოგერიება. დიდხანს სხედან უსიტყვოდ. მამა ცეცხლს უყურებს. ბუხრის სიცხე სახეს უწითლებს და თვალებს უმძიმებს, მაგრამ იცის, რომ ამჯერად აღარ უნდა დაიძინოს. ტეტია კუთხეშია მოკუნტული, დედა მაგიდასთან ზის და ვერ ბედავს შვილისთვის ხელის შეხებას. „ორი წამით დავხუჭავ თვალებს. დახუჭვაც არ გამოვა, დახამხამება გამოვა“ - ფიქრობს მამა და უშვებს ქუთუთოებს.
როცა ისევ ხსნის, ცეცხლი ჩამქრალია. მამას შუბლი უცხელდება. ტრიალდება მაგიდისკენ, მაგრამ არც ბავშვი და არც ცოლი ოთახში აღარ არიან, ხოლო გახსნილი კარიდან სიბნელე შემოდის. გამორბის სახლიდან. ნაძვების თავზე მთვარეა ამოსული და ანათებს გზას, რომელზეც ქალს ბავშვი მიჰყავს ტყისკენ. მამა ადგილს წყდება და მირბის მათკენ, მაგრამ ნახევარ გზაზე უეცარი ტკივილი აგდებს ძირს. წლების წინ შეხორცილი ჭრილობიდან სისხლი იწყებს დინებას.
  დედა ჩერდება ზუსტად იქ, სადაც ნაძვების ჩრდილები მიწაზე სრიალებენ. ცოტა ხნის მანძილზე ბავშვს გულში იკრავს, მერე კი ზემოთ წევს. შავ ხეებს გამოეყოფა გრძელი ლანდი, რომელიც თავიდანვე იქ იდგა შეუმჩნევლად. მამა წამოდგომას ცდილობს, მაგრამ ქარი უკან აგდებს. ლანდი იწვდის გრძელ, შავ კიდურებს და დედის ხელებიდან იღებს ბავშვს.
- არ გაგატან, არ წაგაღებინებ ჭაობებში! - ყვირის მამა ჩახლეჩილი ხმით და მოხოხავს მიწაზე, მაგრამ ფურია უკვე იკრავს ბავშვს გულში, უკვე ბუერას ფოთლებში ახვევს. დედა საკუთარ ხელებს იხუტებს და ფრთხილად არწევს სიცარიელეს :
გზაში წვიმა მოგისწრებს
გზაში ქარი მოგისწრებს
გზაში წვიმა მოგისწრებს
გზაში ქარი მოგისწრებს
გზაში წვიმა მოგისწრებს...
მაღალი ლანდი ტრიალდება ტყისკენ. მისი მკერდი ფუთის პატარა, თითქმის შეუმჩნეველ ბიძგებს იჭერს. როგორც კი ტყის წყვდიადი დაფარავს, ეს ბიძგებიც მიწყნარდება და ფურიაც ღრმა ჩრდილებს გადასცემს საჩუქარს, რამეთუ ჩრდილებმა უკეთ იციან, როგორ მოიქცნენ.
  წყვდიადამდე ნაბიჯით ადრე ფურიას ეჩვენება, რომ მკერდთან მეორე გულისცემა აღარ არის. უკვე მეორედ მიაქვს ჩრდილებთან ცარიელი სხეული. სიღრმეში მოუთმენლად ელოდებიან, მაგრამ ფურია არ იძვრის. იცის, რომ ჩრდილები სიცარიელეს დაუტოვებენ. არასოდეს ტოვებენ არაფერს.
მერე კი ისევ გრძნობს ბიძგებს. ეს არ ჰგავს ქარიშხლების დამანგრეველ ქროლვას, არ ჰგავს ბუმბერაზი ხეების სიმშვიდის ძალას, ან ბუმბერაზი ხეების დაცემას. არ ჰგავს ჭაობების მაცდურ მფლობელობებს, მაგრამ მაინც ვერ დგამს სიბნელეში ნაბიჯს. ბრუნდება რაღაც ისეთი, რაც დიდი ხნის წინ გააგდო თავისი სხეულიდან. ბრუნდება განახლებულ ბიძგებთან ერთად. ფურიას ეშინია ჩრდილების, ქარის, მახინჯი ნაძვების. ეშინია, რომ ამ რომელიმეს გამო გულისცემა ისევ მიქრება. აშორებს ბუერას ფოთლებს ბავშვს და უყურებს, აკვირდება. ბავშვი თვალებს ხსნის და ხედავს ორ შავ სარკეს, მაგრამ ვერ ძლებს თვალებგახელილი დიდხანს. ფურია ისევ იკრავს გულში, მაგრამ ამჯერად არა ჭაობებში წასაღებად, არამედ გასათბობად.
მამას ძალა აღარ აქვს. მხოლოდ ხელებს იწვდის ფურიას ზურგისკენ. ტეტია გზაზე მორბის და ლამპარს აქნევს ჰაერში.
-„არ წახვიდე“- იმეორებს მამა გონებაში და მზერის ძაფის შენარჩუნებას ცდილობს.
ფურია არ მიდის. ტრიალდება, უყურებს გაშეშებულ დედას, მამას, ჩია კაცს, შუქით ხელში, მერე კი სწორდება, ორ ფეხზე დგება და ზემოთა კიდურებს მთვარისკენ წევს.
გვიან ხვდება დედა, რომ ფურია წასვლას აღარ აპირებს.
გვიან ხვდება მამა, რომ ქარი აღარ ქრის.
გვიან ხვდება ტეტია, რომ ირგვლივ ლელქაში არსადაა, მაგრამ ლელქაშში ქარის ქროლვის ხმა მაინც ისმის. ფურია არწევს ბავშვს და მღერის თავის იავნანას. ტყის სიღრმე ნათდება. სიმღერასთან ერთად მთვარე ვერცხლის ძაფებად იშლება და ტყეში ეშვება, ხეების კენწეროებს ეხვევა. ტყიდან მდელოზე კაცისხელა ჭოტები გამოდიან, ბაბაჯანები, ხავსწვერა კუნძები, ციცინათელების მეფეები, უსახელო სულები და კიდევ ათასი სხვა. მთვარის ძაფებს აგროვებენ და  და გორგლებად იწყებენ დახვევას. ძაფები ტყეს ანათებენ, ხეებზე უცხო წერილებს წერენ.
ფურია კი მღერის და ბავშვის თითებზე, მაჯაზე მთვარის ძაფვერცხლს ახვევს, ხოლო მეორე ბოლოს საკუთარ კლანჭებზე. დედაც, მამაც გაუგებრობის შიშით უყურებენ ტყის არსებებსა და მთვარის ზეიმს, ტეტია კი იცინის, ჰაერში ხტება და ძაფებს წყვეტს.  ბავშვის თითებზე ძაფი წითლდება, ცხელდება, მერე კი სიწითლე ფურიას მხარეს გადადის, კლანჭში იკარგება და ყოველ ჯერზე სხეულში ცხელი ტკივილის ტალღები აღწევს. ფურია ნელ-ნელა ეშვება მუხლებზე, მაგრამ სიმღერას არ წყვეტს. ძაფვერხცლი უკვე თავისით ვრცელდება მის ხელზე, მიცურავს მხრებისკენ, ყელისკენ, სხვა კიდურებისკენ, იტოტება და ანათებს.
იავნანა სრულდება და ბავშვის თითზე ძაფი წყდება. ფურია კანკალებს, ფეხებზე ვერ დგება, ნელა დებს ბავშვს მიწაზე. მთვარე უკან იხვევს ძაფებს და ტყის არსებებიც, ერთი მეორის მიყოლებით სიბნელეში ბრუნდებიან.
ბავშვს ბუერას ფოთლებში სძინავს. მისი სახე აუღელვებელია, მისი სუნთქვა - მშვიდი.
და სანამ ტეტია ლამპარს შეანათებს
სანამ მამა ადგომას მოახერხებს
სანამ დედა ბავშვს აიყვანს ხელებში..
ღამის ბოლო ქროლვით ფურია ფერფლის ქარბუქად იშლება. ჩრდილებს მიაქვს იქ, სადაც ავი წყალი ხეების ფესვებს ალპობს, სადაც ფრინველები არ სახლობენ, სადაც ლელქაშში ქარი დაქრის და ხმა აღარ ისმის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები