ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
14 დეკემბერი, 2015


დაბრუნება (მოთხრობების ციკლიდან "ნოსტალგია") წარდგენილი და ვერგასული "რეზო ინანიშვილის სახელობის კონკურსზე)



„ქარიიი გიმღერის ნა–ნა-სააა!“  გუნებაში ღიღინებდა გაჩრებაზე მდგარი, მოსკოვური თავსხმა წვიმისაგან იტალიურ ქოლგას თავშეფარებული დეა.  დიანა ერქვა. ახლობლები  ეძახდნენ დეას.
„ზღა-პაარს გი-ამ-ბობს ჭა-დააა-რიიი...“_ გააგრძელა ღიღინი.
რაკი  დაბრუნება გადაწყვიტა, უკვე ძალიან კარგ ხასიათზე იყო.
ისედაც არ უჩიოდა გუნება–განწყობილებას, ხანდახან  საკუთარ  თავს სარკის წინ ანეკდოტებს კი უამბობდა ,    ხალისიანი  განწყობის  შესანარჩუნებლად. 
გეგმებს აწყობდა, რომ დაბრუნდებოდა, რისი გაკეთება შეეძლო იქ.
ჩინურ ფაიფურს გავყიდი. პატრონი მოუკვდა ფაიფურს!
გადაწყვეტილება კი უცბად მიიღო ვოზდვიჟენკოზე მდებარე გალერეაში.
საქმე იმაში იყო,  რომ უკვე რამდენი წელია აქ ცხოვრობს, მოსკოვში. ნახატები იყიდება, მაგრამ საქართველოდან ჩამოტანილი თიხის სამკაულები არავინ აიღო, არც ერთმა გალერეამ.
დღეს კი, სრულიად შემთხვევით, ისევ გადაწყვიტა ამ თიხის სამკაულების რომელიმე გალერეისთვის შეთავაზება (ეტყობა, ბედი იყო). პირდაპირ, თითქოს ვიღაც კარნახობდა,  ვოზდვიჟენკოს ქუჩაზე წავიდა. 
აღმოაჩინა გალერეა, სადაც  ყველა მძივი და სამკაული დაიტოვეს, თანხაც მაშინვე გადაუხადეს.  გალერეის მფლობელი მოსკოველი ქართველი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში დაიბადა და რომლის მამაც ასევე, დაბადებულა მოსკოვში.როგორც ჩანდა, თავისი ქართული წარმოშობით მაინცადამაინც აღტაცებული არ იყო. საქართველოსთან შეხება არასდროს მქონიაო.
ყველა მძივი ისე გადასინჯა, თითქოს თითებით ეფერებაო. აშკარად ვერ მალავდა აღტაცებას და სულ „რა საინტერესოებია“-თი  დააწყო ვიტრინაში.
თან, ეს გარეგნულად ცივი ქალი დეას  ახლობელივით ელაპარაკებოდა და სულ იღიმებოდა, რაც მოსკოველისთვის, რა საკვირველია, უცხო იყო.
ქართველმა „ქართული მიწა“ აღტაცებით მიიღო. იმ ქართველმა, რომელსაც ამ მიწასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
დიანა  გაკვირვებული გამოვიდა გალერეადან.
ქუჩაში მერხი მოძებნა თვალებით. დაჯდა.
უცბად მიხვდა, რომ დაიღალა...ამ მუდმივმა გადარბენამ დაღალა.. ამ  ჩრდილოეთის ნაცრისფერმა ფერებმა თითქოს გამოაშრო...
თავისი მიწა მოენატრა.
ცა მოენატრა, უსასრულო, ღრმა ცა... ის ვარდისფერი,  იასამნისფერი, მზისფერი იმ უსასრულო, ღრმა სილურჯეში რომ დევს.
თავისი მწვანე ბალახი, თბილი მწვანე, უნებურად  რომ გიქმნის ხალისიან განწყობას. აქაურ მწვანე ბალახის ფერში ბევრი ლურჯია და ამიტომაა ცივი ფერის, იქაურში ბევრი ყვითელია და თბილია...
საათს დახედა. ჯერ ოთხი საათი ხდებოდა და უკვე ბინდდებოდა.
აქ ადრე ღამდება და გვიან თენდება.
იქ  ადრე თენდება და გვიან ღამდება.
გაახსენდა, როგორ ამოდის მზე იქ, მთებიდან, როგორ წითლდება თანდათან ცა.
თავისი ფანჯრიდან  დანახული მზის ამოსვლა მოენატრა.
მოენატრა და ეს მონატრება ისე ასტკივდა, გულზე ხელი დაიდო.
„რა არის ნოსტალგია?
წითელ მოედანზე  რომ გაგახსენდება შენი დიდი პაპის ხელით დარგულ მსხალზე გამოსული ფითრი და იმ ფითრივით  გაფითრდები,  ნოსტალგიაა;
ქერა და უცხო სახეებში ნაცნობ გამოხედვას რომ ეძებ, ნოსტალგიაა;
ნოსტალგიაა, მაღაზიაში ბორჯომის ბოთლზე ქართულ წარწერას რომ დაინახავ და ცრემლი მოგადგება;
საქართველოს კოდით შემთხვევით აკრებილ ნომერზე რომ ვერ გადიხარ და  დამამშვიდებელს  სვამ, ნოსტალგია აღარ არის - ავადმყოფობაა და წამალი მარტო დაბრუნებაა.
„ არა! უნდა დავბრუნდე, აქ ყოფნა აღარ შემიძლია! არა, იქნებ შემიძლია კიდეც, მაგრამ რა საჭიროა, როცა იქაურობის გარეშე მაინც არ ვარსებობ?“
რამდენჯერ უფიქრია უკან დაბრუნება, მაგრამ ყოველთვის „იმ თვისთვის“ გადადო. ახლა კი საბოლოოდ გადაწყვიტა.
მერხიდან ადგა.
ადგომისას კიდევ რაღაცამ ჩამოქაჩა გულთან.
„გამივლის!“
ამის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ იხეტიალა, _  დამშვიდდა, განწყობაც ცოტა შეეცვალა და ახლა სახლისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდა გაჩერებაზე. წვიმაც უცბად დაიწყო.  უყურებდა წვიმას და  ფიქრში ღიღინებდა.
„ქა-რიი  გი-მღე-რის ნა-ნა-სააა...“
„კიდევ კარგი, ქოლგა წამოვიღე...“
გაჩერებისაკენ მომავალ ავტობუსებს ათვალიერებდა.
_ გოგონა ! _ მოესმა დიანას და ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან მიმართვა „გოგონა !“ - დიდი ხანია მას არ ეკუთვნოდა.
_ გოგონა! _ მოესმა ისევ და  მიხვდა, ეს ახალგაზრდა კაცი მას მიმართავდა.
აინტერესებდა, რომელ ავტობუსს უნდა გაყოლოდა პერედელკინომდე.
დიანამ „ოდნავ“ ბედნიერმა აუხსნა.   
          -დიდი მადლობა! - ახალგაზრდა კაცმა ღიმილით გადაუხადა მადლობა.
-არაფრის! _ დიანა თითქმის ავიდა ავტობუსში.
-შიძლება, გაგაცილოთ?- თითქმის ავტობუსის კიბეზე აჰყვა.
- რასაკვირველია, არ შეიძლება, -  დიანამ უარის ნიშნად გაუღიმა, ხელი დაუქნია და ავტობუსის კარიც დაიხურა.

„ესეც ასე!“ გაიფიქრა დიანამ და თავისუფალ ადგილს დაუწყო თვალებით ძებნა. „ნეტა, მართლა გოგონას ვგავარ?...“  ფანჯრის მინაში ჩაიხედა_  „კი. ვგავარ! სულ რაღაც  ხუთიოდე  წლით გადავცდი ოცდაათს! მერე რა! -  ხალისიანი ადამიანები დიდხანს ინარჩუნებენ ახალგაზრდულ  გარეგნობას... დაბრუნება გადაწყვეტილია, ვიღაც  „გოგონათი“- მომმართავს...ადგილიც განთავისუფლდა..“.- დაჯდა-„მოკლედ, სრული ბედნიერებისათვის კუნძულიღა მაკლია ხმელთაშუა ზღვაში... და ორიოდე მილიონი (!!!)“
გაეღიმა.
არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო.
„დევიზი - გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! - სხვები ხომ ცხოვრობენ იქ? ჰოდა, მეც ვიცხოვრებ როგორღაც“.
ორიოდე თვით ჩასულს ისე გაექცა რამდენიმე წელი,  ვერაფერი გაიგო. თითქოს გუშინ ჩამოვიდა.  ორმოსავით  არის მოსკოვი _  „ჩახვალ და ვეღარ ამოხვალ, ვაიმე, შენი ბრალია!“
კანონით, სამდურავი არაფერი ჰქონდა, არბატზე მისი ნახატები იყიდებოდა, გამოფენაც მოაწყო ორ მხატვართან ერთად, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ ცხოვრების აქაურმა ტემპს მაინც ვერ შეეგუა.

როგორც კი აბაზანაში ცხელი წყალი მოუშვა, დაღლილობა  მაშინვე გაქრა.
„აი, ეს ცხელი წყალი რომ მომცა იქ...
არა, ჩემო კარგო, შენ ქალი არ ხარ...ნებისმიერ ქალს აკმაყოფილებს ცხელი აბაზანა აქ, მარტო შენ გინდა იქ.
ნეტავი რას აკეთებენ ახლა იქ?
ვინ?!
ჩემები.
შენები იქ აღარ არიან, ყველა წავიდა, როგორც იტყვიან, გაასწრეს...ყველა წავიდა, ყველა, ვინც  გიყვარდა.
ხეებიც ხომ არ წასულან და ქუჩებიც?
შენი ბავშვობა ხომ ისევ იქ არის?
სულ იქ  იქნებიან და რატომ უნდა დარჩნენ მოგონებად?!“
ტკივილნარევი ღიმილით დაამთავრა საუბარი ყველაზე ჭკვიან ადამიანთან - საკუთარ თავთან.
„ვიმსახურებ ირონიას!“ - აბაზანიდან გამოვიდა.

ისევ  გალერეის დირექტორი გაახსენდა  ვოზდვიჟენკოზე . „აი, ქართველი, რომელიც სულაც აღარ არის ქართველი და რომლის მამაც კი  აღარ იყო ქართველი, ქართულმა მიწამ მიიზიდა... ქართულმა თიხამ...  გასაოცარი, თუ გინდა!..  არასოდეს უნახავს და მაინც იგრძნო...“
აეროპორტში დარეკა და ბილეთი შეუკვეთა. კიდევ კარგი, მეორე დღის ცხრასაათიან რეისზე  ბილეთი აღმოჩნდა.
ბინის პატრონსა და ერთი-ორ ახლობელს დაურეკა, მივდივარო, უთხრა.
და ღიღინით დაიწყო ბარგის ჩალაგება. ან ჩასალაგებელი რა ჰქონდა! - ტანსაცმელი და ფუნჯები. ნახატები ჩაბარებულია და თუ გაიყიდა, ფულს გამოუგზავნიან.
„გათენდება და წავალ...ნეტავი, მართლა მინდა წასვლა, თუ ემოციას ავყევი?!. მინდა!“
„რა არის საქართველო?..
მთები?!
ზღვა?!
წინაპართა საფლავები, როგორც სადღეგრძელოებში გვიყვარს ხოლმე თქმა?!
არა. სხვა რამეა! და  ვერ აგიხსნია ეს „სხვა რამე“.
სისხლია! სისხლმა შეგაქმნევინა და შეგაყვარა. სისხლს უყვარს უნებურად, შენგან დამოუკიდებლად, შენს უკითხავად.
მთის სიყვარული ვის გაუგია, ბოლოსდაბოლოს, მიწაა!..
მაგრამ ის მიწა შენ რომ ხარ და შენ იქნები, ის მიწა შენში რომ არის, იმ მიწის გარეშე, საშოს გარეშე ჩასახულ ნაყოფს რომ ჰგავხარ, როგორც სხეულს, ამპუტირებული თითივით რომ აკლიხარ იმ მიწას და შენ ამას გრძნობ _ ეს არის სიყვარული! სისხლში, გენებში, ფჩხილებში, თმის ძირებში ჩამონტაჟებული მარადიული სიყვარული!..
აი, გახარებულს რა „ჭკვიანური“ აზრები მომდის!..
მიფიქრია ამაზე იქ?!
არა, რასაკვირველია!
და რატომაო?!
იმიტომ რომ იქ ამპუტირებული თითი არა ხარ და არც საშოს გარეშე ჩასახული ნაყოფი!..
უჰ! რა გაძლებს ხვალამდე!
  „მაღალ მატერიებზე“  ვფიქრობ...მატერიებზე გამახსენდა, ის საკაბე უნდა ვიყიდო, „ბავშვთა სამყაროში“ რომ ვნახე...თუ ფული დამრჩააა...“

...
აეროპორტშიც ისეთი სიწყნარეა, როგორც მთელ მოსკოვში და გინდა რაც შეიძლება, სწრაფად გაექცე ამ სიწყნარეს. ეს იმას ჰგავს, პატიმრები და ჯარისკაცები განთავისუფლებამდე ორიოდე თვეს რომ ვეღარ უძლებენ და გარბიან.
აქ ყველაფერი ცივია. სხვისია და ამიტომ...
მოკლედ, კარგია თუ ცუდია აქ, კარგია, რომ ვბრუნდები  და სიტყვა ვბრუნდები, მხოლოდდამხოლოდ იქ ჩასვლას ჰქვია.
„ქარი-იი, გიმ-ღე-რის ნა-ნა-სააა...“
მილიონნახევარი ქართველიაო გასული ქვეყნიდან...
თითო ქართველი თითო საქართველოს მატარებელია. დადიან და დააქვთ თან მთელ პლანეტაზე...- ღმერთო, მილიონნახევარი, საკუთარი ბედის მძებნელი, მოხეტიალე საქართველო!
მე ვარ საქართველო!
შენ ხარ საქართველო!
ის არის საქრთველო!

ჩენ ვართ საქართველო! - და მრავლობით რიცხვში სხვა გრამატიკული ფორმა აღარა აქვს.  ჩვენ ვართ საქართველო - წასულები, მოსულები, მოსასვლელები, წამსვლელები, მომსვლელები...
„ქართველს ჰგავს“ - ქართველისთვის ადამიანის საუკეთესო თვისებების „საზომი ერთეულია“...- ეჭვი მაქვს, ლექსების წერასაც კი დავიწყებ!“
გაეცინა.
აღარ უნდოდა ფიქრი. სტკიოდა.
აეროპორტიდან მეგობარს დაურეკა თბილისში, დამხვდიო. „ხომ არ გაგიჟდი, აქ რა გინდაო“, მეგობარმა.
დეამ ტელეფონი გათიშა.

...თვითმფრინავის სალონში შესვლისთანავე თავი უკვე „სახლში“  იგრძნო.
ქართული ხმაური იდგა.
„როგორც წესი, ერთიმეორესთან წარდგენა არ გვჭირდება, უცბად მოვნახავთ საერთოს, უცბად მოვუყვებით ერთმანეთს საკუთარ დარდსა და სიხარულზე, შვილებზე...
გულღიები ვართ...გულით ვიმართებით...
რამდენი სიტყვა გვაქვს გულთან დაკავშირებული ადამიანის განწყობას ან თვისებას რომ გამოხატავს - ერთგული, ორგული, გულწრფელი, გულცივი, გულთბილი, გულღრძო, გულითადი, გულგრილი... გულმართალი, გულაცრუებული, გულგასიებული, გულდაწყვეტილი, გულგახსნილი, გულმისავალი, გულისსწორი, გულფიცხი, გულთმისანი, გულთამპყრობი, გულთამხილველი...გულმოწყალე, გულჩახვეული...დიდგულა... გულანთებული,  გულკეთილი, გულგაციებული,    გულფიცხი...გულქვა...

კიდევ იქნება რამე, მე რომ არ მახსენდება ახლა.
„ძეწნააამ ა-ლერ-სით ა-მავ-სოო, ი-ჭვებით ნა-ავა-და-აარიი...სააქარ-თველოვ, ლა-მაზოოო, სხვა სა-ქარ-თველო სად ა-არის...“ უკვე გუნებაში კი არა, ხმადაბლა ღიღინებდა.
სალონს გახედა.
ლამის ხმამაღლა თქვა:  „იმღერეთ, ხალხო, „ქარი გიმღერის ნანასა“ საქართველოს არაოფიციალური ჰიმნია“.

თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან მსუბუქად აიწია ცაში.














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს