ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2015


ს ი ტ ყ ვ ე ბ ი

არგამხელილი სიყვარული უნდა შემინდო,
რადგან სიტყვებით არაფერი გადმოიცემა
და ერთადერთი, რაც ყველაფერს უკეთ დაიტევს,
არის ის წამის მეათედი, როცა შენს თვალებს
ჩემს უთქმელ სიტყვებს უკვე ვეღარ გამოვაპარებ.
ჰოდა, ამაზე უფრო უკეთ ვერაფერს გეტყვი.

სულ სხვა თემებზე საუბრები უნდა შემინდო,
რადგან ეს არის, მოკლედ რომ ვთქვა, გაქცევა შენში
ჩემი თავიდან, სიტყვებიდან, უსიტყვობიდან
და როცა ისევ ქარაგმებით გაგეხუმრები,
იცოდე, სიტყვებს გვირილებით მე შენთვის ვქარგავ.
ჰოდა, ამაზე უფრო უკეთ ვერაფერს გეტყვი.

უნდა შემინდო უჩვეულოდ ჩუმი წუთები,
რადგან შენამდე მოსაყოლიც არაფერია.
მხოლოდ გზა შენკენ მომავალი, სხვა არაფერი.
მაგრამ არ ვნანობ არც ერთ აღმართს, თუ მის ბოლოში
დამელოდები და შენი თმით ფილტვებს ამივსებ.
ჰოდა, ამაზე უფრო უკეთ ვერაფერს გეტყვი.

შენამდე გზები გამიგრძელდა, სიტყვაც მათ შორის,
და, როგორც იქნა, მოვაღწიეთ მეც და სიტყვებმაც,
ღიმილი მიყვარს, შენ რომ იცი, მხოლოდ ისეთი,
და პოეზია ის ფონია, შენ რომ მიგყვება.

მეტი რა-ღა ვთქვა, სულ შენთან ვარ, ეს უკვე იცი.

16.07.2015წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები