ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2015


@@@

მიდიან წლები, დაკარგული დროის თვლით დაღლილს,
მჩუქნიან მხოლოდ სინანულს და ოცნებებს უფრთოს,
და მრჩება უფრო მეტი ცოდვა, ნაკლები მადლი,
ყელამდე მავსებს  ჩემი თავი, ჩემთვისვე უცხო;

მგონია, უკვე აღარ ვცხოვრობ, უბრალოდ, ვსუნთქავ,
გაქრა ის ბავშვი, რომ გიწერდა ლამაზ წერილებს,
ერთზე მაინც რომ გეპასუხა, გაგეხსნა თუნდაც,
იქნებ ხსნა სადმე ყოფილიყო ჩემთვისაც, იქნებ...

ახლა კი, ცრემლი ვეღარ მაქცევს მაგდალინელად,
ზღვაც რომ გავავსო სინანულით, ცოდვილად ვრჩები, 
რადგან ისევ შენ დაგაბრალებ ყველა იმ ვნებას,
რომელსაც უკვე რახანია, ამაოდ ვებრძვი.

მიდიან წლები, და მართმევენ ადამიანებს,
ცოცხლებს - უკვალოდ, მკვდრებს კი სულში ტოვებენ მაინც;
მე კი მკვდრებისთვის ვერგაცემულ სითბოზე ვტირი,
და ცოცხლებისთვის ფუჭად მიძღვნილ სითბოსღა ვნანობ.

მიდიან წლები, და მართმევენ ადამიანებს,
რა იქნებოდა, სიკვდილამდე ერთხელ მიმესწრო,
რა იქნებოდა, რომ მახსოვდეს ის ერთი კადრი -
ბოლოს რომ ვნახე, ვინც უღმერთოდ წამართვი, ღმერთო...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები