ნაწარმოებები



ავტორი: აზგო
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2016


განვითარების სივრცე

      ახალი წლის წინ დავამთავრე შემდეგი რომანი. დაახლ. 450 გვერდია. ვიწყებ მის რედაქტირებას და ზაფხულში გამოვცემ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩანაფიქრი. ესეც საწყისი ნაწყვეტი:

      განვითარების სივრცე
        დასაწყისი
      გონების კუნთი ჯერ ბოლომდეც არ ჰქონდა იასე ბილიკაძეს დაძაბული, როცა უკვე გაარკვია რომ თურმე მოწყენილობის მიზეზი ცხოვრების  ერთფეროვნებაა. აბა რა ჰქვია ამას: დილა-საღამოს ზღვა, შუაში ხან ექსკურსიით,  ხანაც რითი გამორიდება სიცხეს, საღამოს რესტორანი და დისკოთეკები ახალ  ნაცნობებთან ერთად ყოველ დღე, მთელი ერთი კვირა? თუმცა ამ სიას რომ გადახედა გუნებაში, გაკვირვებულიც კი დარჩა -ამდენი საქმის პატრონს მოწყენილობა საიდან სად, ანდა კურორტზე მეტი რა მევალებაო?
      ამ, მორიგი ხვატიანი დღის გაგანიაში იგი პლასტმასის სარეცელზე იწვა აუზის პირას და იქვე, გვერდით მდგარი დიდი ქოლგის იმედით უძალიანდებოდა შანთივით მწველ მზის სხივებს. ისეც არ იყო რომ პაპანაქებისგან მიმალვის ეს ხერხი მარტოს აღმოეჩინოს. სასტუმროს თითქმის ყველა ბინადარი მასზე არანაკლებ მოსაზრებული გამოდგა და მარმარილოს ნაპირებიან, ცივი წყლით სავსე გუბურასთან შექუჩულიყო.
      ცხადია, ამის გამო იასე დიდის და პატარას განაჩაღებ, ყურისწამღები გნიასის შუაში მოექცა და მისი ხელობის კაცს ეს სულ არ ეფონებოდა გულზე მაგრამ რა ექნა? ნომერში შემალვას და კონდიციონერის საზოგადოებაში ყოფნას ისევ ეს ამჯობინა.
      „ეჰ! დავრჩენილიყავი სახლში, რა მინდოდა ამ დასაკრგავში? - ნაგვიანევად ინანა მან, - ვითომ სიცხეში ლოთაობას ავერიდე?... ლოთაობას არა წუწაობას!“
      სინამდვილეში ხომ მშობლიურ კერასთან გაჩერება მხოლოდ იმიტომ არ ქნა რომ მელიტონმა და ტასომ ცხოვრება წაამწარეს - „ცოლი მოიყვანე, ბიჯო და ცოლი მოიყვანეოს“ ღინჭილით. ნამდვილი წამებაა. თან ხომ, რაც ყველაზე მეტად აცინებდა იასეს, თუმცა კი სიმწრით, ყველა რამდენიმე თვეში ოჯახს შემოსამატებელი მდედრი თავიდან ირჩევოდა ხოლმე. აი ისე, კაცი რომ აბაზანის რემონტს ვერა და ვერ იწყებს - ხან ერთი მეტლახი მოსწონს და ხან მეორე.
      მოულოდნელად იასეს სუნთქვა შეეკრა - ყინულოვანი სითხის ნაკადი ჩამოასკდა გახურებულ მუცელზე!
      „ესღა მაკლდა!“ - კაცმა რომ თქვას, სულ სხვა მიზეზით გამოწვეული უხასიათობის ამოფრქვევა განიზრახა მან მყისვე. რაც შეიძლება ცივად, უდარდელი ატმოსფეროს არად ჩაგდებით მოვისმენ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ზრდილობიან ბოდიშსო.
      იასემ თავი ასწია და გაბრაზებული მზერა „თავდამსხმელს“ მიაბჯინა, რომელიც ცისფერ საცურაოში გამოწყობილი, მოკლედ შეკრეჭილი წაბლისფერი თმისა და ზურმუხტივით მწვანე თვალება ასული აღმოჩნდა. ცალ ხელში მას ამ დროისთვის უკვე ცარიელი ჭიქა ეკავა.
      - ოჰ, მაპატიეთ, რა უყურადღებო ვარ, თქვენს ფოსტალს როგორ წამოვედე, ძალიან ვწუხვარ, - ღიმილით აბოდიშდა ქალიშვილი.
      ამ ღიმილის დამნახველ მამაკაცს ხელადვე ეჭვი მოეძალა - არ გამოიყურება ამ მანდილოსნის მონანიება გულწრფელობის ნიმუშადო. თუმცა კი ეს უნდობლობა იასეს ძალიან თავისებურად დააჩნდა პარისახზე. მისი შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა რომ ეს კაცი სულ ახლახანს ძლივს ერეოდა უხასიათობას ან საერთოდ ცხოვრებაში ოდესმე ჰქონია ცუდი განწყობაო.
      ახლგაზრდა კაცის ბაგეები იმსიფართეზე გაიწელნენ, რამხელა თვით ბუნებასაც არ დაუწესებია მათთვის და იგი, იმის მაგიერ რომ განზრახვის თანახმად აბუზღუნებულიყო, თავად ალაპარაკდა ბოდიშებით:
      - მე ვარ დამნაშავე, გავიშხლართე აქ და გასასვლელი მთლიანად გადავღობე. ჰოდა ისა...  ჰეჰ, ამ სიცხეში ცივის წყლის გადავლებასაც ძნელია უბედური შემთხვევა ეწოდოს.
      - ჰო-ო, - არ შეედავა უცნობი ქალბატონი, - თქვენი აღნაგობის მამაკაცისთვის მართლაც არაა ძნელი რაიმეს გადაღობვა.
      - გამოძიებამ საქმე ბოლომდე გაარკვია, - მყისვე, გადაჭრით დააჯამა იასემ და ფეხზე წამოდგა, - სასამართლოს განაჩენიც გარდაუვალია: ახლავე აგინაზღაურებთ ზარალს, თქვენ კი მანამდე აქ ჩამოჯექით, დამელოდეთ.
      - რას ბრძანებთ, არ ღირს შეწუხებად ... - დაიწყო უცნობმა ასულმა, მაგრამ იასემ ორივე ხელისგული მიაშვირა შეჩერების მანიშნებლად, თავად კი აუზის მოპირდაპირე მხარეს მოწყობილი სავაჭროსკენ გაემართა. კაცმა გონებით ჯერ ვერ მოასწრო ამის გააზრება მაგრამ გრძნობებმა მიახვედრეს რომ ახლა წამის დაკარგვაც არ შეიძლება.
      სავსე ჭიქებით დაბრუნებულმა იასემ პირველად ის განაცხადა, ხომ უნდა ვიცოდე ვის ვაწვდი ამ სასმისსო? და სანამ იგი შეზლონგზე ჩამოჯდა, ქალიც ზრდილობიანად გაეცნო - ვეანა ფიდელტოგი ჰქვიებია ნორვეგიიდან. იასემც წარადგინა თავი და რადგან საქართველოს ხსენებაზე ვეანას დაბნეულობა შეატყო, კოლხეთიდან ვარო ასე სცადა განმარტება. ამ სიტყვამ მართალია მეტი ნათელი მოჰფინა მანდილოსნის გონებას, მაგრამ ჩანდა რომ შუქი უფრო მითიურ ამბებიდან მოდის ვიდრე რეალური გეოგრაფიის დამსახურებაა. მოკლე პასუხით შემოფარგვლის დრო არ იყო და იასე უფრო განვრცობილად ალაპარაკდა, მათ შორის თავისი საქმიანობაც ახსენა.
      - ოჰ, როგორი იშვიათი პროფესია გქონიათ! - გაოცდა ვეანა, - შეიძლება ითქვას, რჩეულთა რიცხვს მიეკუთვნებით! რამდენადაც ვიცი, თქვენნაირი სულ რაღაც ოცდაათ კაცამდეა მსოფლიოში.
      - მაგდენი ერთბაშადაა თორემ იმ თითქმის ათი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც აპარატის შექმნა მიმდინარეობს, ეს ხელობა გაცილებით მეტმა აითვისა.
      იასემ თავის ქნევითაც დაემოწმა თავის სიტყვებს, წვენიც მოსვა და განაგრძნო:
      - ამიტომ არც ისე იშვიათი ვარ. ახლა კი თქვენი ჯერია, იქნებ თქვენ მართლა განსაკუთრებული საქმიანობის წარმომადგენელი ხართ?
      - იქნება კი არა დანამდვილებით ვიცი რომ უიშვიათეს პროფესიას ვფლობ. იურისტი ვარ. ჩემი კოლეგების რაოდენობა ამქვეყნად ჰა-ჰა, ერთი მილიარდი თუ მოიძებნა, - ჩაიკისკისა ვეანამ.
      - პოპულარული პროფესია სულაც არაა უარესი, - მორიდებული ღიმილით გაეპასუხა მამაკაცი.
      - ყოველთვის აქ ისვენებთ, დიდხანს გრძელდება თქვენი შვებულება? - იკითხა ვეანამ და ჭიქა მიიდო ბაგეებზე.
      - არა, პირველად ვარ. ხანგრძლივობას რაც შეეხება, მედიცინა ამბობს, რომ მიწაზე იმდენივე ხანს უნდა ვიყო რამდენსაც იქ, ანუ ორი თვე. იმ უქმეებს სახლში ვატარებ ხოლმე, მაგრამ ამ ჯერზე ვერ აღმოვჩნდი მშობლების... მ-მ, წნეხისთვის მზად, - მოულოდნელად, როგორც ხელადვე გუნებაში თავისი სიტყვები დაახასიათა, დააბრახუნა მან.
      ქალმა გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
      - ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ „ცოლი მოიყვანეო“, ამ ორი სიტყვის გარდა დანარჩენთა წარმოთქმა ფიცით აუკრძალეს თავს, - კვლავინდებურად უცხო ადამიანთან მიუღებელი გულახდილობით უპასუხა მის უტყვ კითხვას იასემ, -  ვითომ ოცდათორმეტის კი არა სამოცდათორმეტის ვიყო და უკვე წყალს მივქონდე, - ჩაიცინა მან და თავის მხრივ დაინტერესდა, - ხოლო თქვენ, ყოფილხართ აქ ადრე?
      ქალმა ჯერ მოსმენილის გააზრება სცადა მაგრამ ასე უცებ რომ ვერ მოიფიქრა როგორი სიტყვებით მოპყრობოდა ამ უცნაურ ალალ-მართლობას, ვითომ ისეთი არაფერი გამიგონიაო, უბრალოდ კითხვას უპასუხა.
      - არა. არ მქონდა საშუალება. დომინიკის რესპუბლიკა ძალიან შორსაა ჩემი სახლიდან, - გაიღიმა მან, - ცოტა ხანია რაც ერთი სპორტული კლუბის იურისტად ვმუშაობ, გუშინ ჩამოვედი, ერთი კვირით. ხოლო რადგან ზუსტი, რიცხვებიანი ინფორმაცია მოვისმინე თქვენგან, მეც მოგბაძავთ და ვიტყვი რომ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და ოცდაოთხის ვარ, - გაიღიმა ვეანამ.
      მერე ბოლო წამს გახსენებულიც დაამატა:
      - მყავს უფროსი და, იგი ადრე გათხოვდა და თავის ოჯახში ცხოვრობს.
      - მშობლებთან ცხოვრებაში კოლეგები ვყოფილვართ, - ღიმილით წარმოთქვა იასემ.
      ვეანამც ღიმილი შეაგება ამ სიტყვებს, თუმცა კი სუსტი. მაგრამ მერე, ეტყობა იასეს მოულოდნელი და უცნაური გულახდილობით შეგულიანებულმა, მოსინჯა და ბარემ მეტის გაგებას შეეცადა ამ ახალი და, კაცმა რომ თქვას, საინტერესო ნაცნობისგან.
      - აი, თქვენ, იასე, ისე სხვათაშორის თქვით, ჩემნაირი პროფესიის ხალხი ბევრიაო, ვითომ სინამდვილეში მასე იყოს, - დაიწყო სახეზე ეშმაკურღიმილ მორგებულმა ქალმა, - ჰმ, მეუხერხულება ამის თქმა მაგრამ მგონი მთლად სერიოზულად არ აღმიქვამთ და ამიტომაც მითხარით ასეთი, ე-ე, უზუსტობა.
      - რას გულისხმობთ? - გაუკვირდა იასეს, - განა ჩემნაირნი მართლა ცოტანი გგონივართ?
      - ცოტანი არ მგონიხართ მაგრამ აი, ყველაზე ნაკლებნი კი ნამდვილად, - წარბშეუხრელად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა.
      - ვითომ? - ისევ დაეჭვდა კაცი.
      - თავად განსაჯეთ, - დარწმუნებით ალაპარაკდა ვეანა, - განა შეიძლება კოსმონავტს შეხვდე ქუჩაში? მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც ისინი ფიზიკურად არ არსებონენ? მაშინ როცა სხვა, ადამიანს რომ ცნობილად აქცევს ისეთი პროფესიის ხალხი: მსახიობი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი, მწერალი... ესენი ხომ ყველა ერს ჰყავს თავისი და რიცხობრივად, ანუ მთელი დედამიწა რომ აიღო, თქვენი საქმიანობის ხალხთან შედარებით ხომ მართლაც უამრავნი არიან.
      - ჰმ, - გულწრფელი გაკვირვებით ამოისუნთქა იასემ, - მართალი გითხრათ, ვეანა, არც დავფიქრებულვარ მაგაზე ოდესმე. საერთოდაც არ მომსვლია აზრად, დავუშვათ, ჩოგბურთელისთვის ან მომღერლისთვის შემედარებინა თავი... არ ვიცი, - ჩაიცინა მან, - გამოდის მართლა არც ისე ბევრნი ვყოფილვართ... მაგრამ მერე რა, რა გამომდინარეობს მაქედან? რისი თქმა გინდათ?
      - რისი თქმა მინდა?... - დაფიქრდა ლამაზმანი, - ალბათ იმისი რომ მე წარმოდგენაც არ მქონდა ვინ ბრძანდებით, სხვამც არავინ იცის აქ, ყურადღებასაც არ გაქცევენ სხვაზე მეტს და განა ეს სწორია?
      - ჰო, მართალი ხართ, ნამდვილად არავინ მაშტერდება აღფრთოვანებით, - ონავარი მწუხარებით დაეთანხმა მას იასე, - მაგრამ მე რა ვქნა, ჰკითხეთ აგერ ამ აურება ხალხს, რატომ არ დამდევენ კუდში, ავტოგრაფს არ მთხოვენ ან მათთან სურათის გადაღებას? ჰეჰ! მათ მაგიერ აბა მე რა გიპასუხოთ?
      იასემ ოდნავი პაუზა აიღო, მერე ჭიქა თითქმის ნახევრამდე დაცალა ერთი მოსმით და განაგრძნო:
      - სამაგიეროდ წარმოიდგინეთ, ახლა რომ აქ ცნობილი ფეხბურთელი ან როკ-ვარსკვლავი იყოს, განა შესძლებდა იგი ჩემსავით თავისუფლად შეზლონგზე ჯდომას და მშვენიერ ქალბატონთან საუბარს? ეს არ ჯობია სახელგანთქმულობას?
      - მადლობთ თუ მასე ფიქრობთ, - ქათინაურს გამოეპასუხა ნასიამოვნები ვეანა, - მაგრამ ალბათ უფრო სხვა რამის გაგება მაინტერესებდა, - ეს თქვა თუ არა, ქალი ჩაფიქრდა.
      სანამ ის დუმდა, იასე მისი კანის ხავერდოვანი სითეთრით, ოდნავ ამოწეული ღაწვებით, ქათქათა ლოყებითა და ვარდისფერი ბაგეების ყურებით ტკბებოდა. არც საცურაოს ზედაში ჩასმული ლამაზი მკერდი, ან უფრო ქვემოთ, ვიწრო წელი და თლილი, გრძელი ფეხები დაუტოვებია უყურადღებოდ მაგრამ მაინც ცდილობდა ამ მიმზიდველი ადგილებისთვის თვალი მოერიდებინა, უნახავ ტყიურივით დაჟინებული ჩაშტერება არ გამომივიდესო.
      ქალს კი ამნაირი „სურათის გადასაღებად“ სულაც არ დასჭირვებია სიჩუმე ან საუბარში გაჩენილი შუალედი. მან პირველი წამიდანვე მოიწონა ამ მამაკაცის მოგრძო, ნებისყოფიანი სახე, ოდნავ კეხიანი ცხვირი, სახის რელიეფური, თითქოს გრანიტისგან გამოკვეთილი მაგრამ არა უხეში ნაკვთები, ერთმანეთს დაშორებული ჩამუქებული თვალები. ვარცხნილობამც თავისებურად მოხიბლა. შავი თმა იასეს მხოლოდ თხემზე დაეტოვებინა და ისიც მოკლედ შეკრეჭილი. ხოლო კეფასა და საფეთქლებზე სამი დღის გაუპარსავ წვერს მიუგავდა.
      ამასობაში ქალი როგორც იქნა ალაპარაკდა:
      - ფანტასტიკურ ფილმებში კოსმონავტები რომანტიკულად და გმირულად გამოიყურებიან მაგრამ ეს უფრო ბავშვებისთვის და მოზრდებისთვის, ხოლო მერე?
      ახლა იასეს დაუდგა ჯერი, გაუგებრობის შემცველი გამოხედვა მიეპყრო თანამოსაუბრისთვის.
      - მე, მაგალითად, იმ ასტრონავტის სახელიც კი არ ვიცი, ვინაც ბოლომ გაიარა მთვარის ზედაპირზე ამ საუკუნენახევრის წინ.  - ახსნა თავისი კითხვა ვეანამ, - არადა იმ კაცს ხომ მუდამ სიკვდილი დასდევდა თან და ამ დროს იგი მთელი კაცობრიობის სახელით იმყოფებოდა იმ ციურ სხეულზე.
      - ასოცდაცამეტი წლის წინ, - მექანიკურად, თითქმის დაუფიქრებლად ჩაერია მის ლაპარაკს იასე,
      - რა თქვით? - თავიდან ვერ გაიგო ქალმა თუმცა უმალვე მოვიდა აზრზე, - აი ხედავთ, არც ეგ მცოდნია, არადა რამოდენა ადამიანია სინამდვილეში, ანუ ასეთ, გაჭრი;ლად რომ ვთქვათ გმირული საქმიანობას მისდევთ და ამავე დროს შესაბამისი დაფასება, ყოველ შემთხვევაში სახელი, ნამდვილად არ გაქვთ.
      ვენამ შეჩერდა და ცოტა დაძაბული მოლოდინით მიაჩერდა მამაკაცს, ძალიან ხომ არ შევტოპეო? - ეს აღებეჭდა სახეზე. იასემ თავის დაქნევით გაამხნევა იგი და ქალმაც განაგრძნო:
      - ის მაინტერესებს ძალიან, რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი პროფესიის არჩევა, როგორ ადგებიან მაგ გზას? რადგან საშუალება მომეცა, ხომ უნდა ვისარგებლო შემთხვევით და გავიგო, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ამისი სურვილი და ჩემი კითხვები არ გაწუხებთ, - მოკრძალებით დაასრულა სათქმელი მანდილოსანმა.
      პასუხად იასემ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თავი გააქნია უარის ნიშნად, რისი შეწუხებაო? მერე კითხვას დაუფიქრდა, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ერთ წერტილს გაუსწორა მზერა. მოინდომა რაც შეიძლება გულწრფელი პასუხი გაეცა. მიზეზი კი ის იყო რომ  უცნაური შეგრძნება გაუჩნდა ტანში. რაღაც ძალიან იოლად და სხვანაირად იგრძნო ამ ქალთან თავი. უცებ შეიძინა ამ გოგომ დიდი წონა მის თვალში. სურდა რომ ეს, ჯერ სრულიად უცნობი ქალიშვილი მისით დაინტერესებულიყო, ეკითხა ამბავი, ჩასწვდენოდა სულში, გაეზიარებინა ოცნება... მოწყენილობა და ცუდი განწყობილება იასეს სრულიად შეუმჩნევლად გაუქრნენ და ერთფეროვნებაც კუდში მიჰყვა მათ. კაცს თავადაც მოუნდა რაც შეიძლება მალე შეეცნო ეს ქალი. ამიტომაც იგი, მართალია უდარდელი იერით, თუმცა კი გულში მთელი სერიოზულობით ალაპარაკდა:
      - მაგას ალბათ ყველა ნატრულობს. მხედველობაში მაქვს, ნებისმიერი ადამიანი იქნებოდა ბედნიერი დაბადებისთანავე მიეღო იმის ცნობა, რომელი საქმიანობით მიაღწევს იგი ცხოვრებაში წარმატებას, რომელი აუხდენს ოცნებებს, - ღიმილით შეხედა მან ქალს, - ასე არაა?
      პასუხად ვეანამ  ზედა ტუჩი მოიქცია კბილებში და თვალმოჭუტულმა გამოხედა გაგრძელების მოლოდინში.
      - მაგ მხრივ ზოგს იღბალი ადგება იმ, - აქ იასემ ორივე ხელის თითებით ბრჭყალები განასახიერა, - ცნობად, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნამდვილად მასე იყო.
      - ანუ როგორ? - ვეანას გულწრფელი ინტერესი იასეს სასიამოვნოდ ელამუნებოდა გულზე.
      - როგორ და, - კაცი ისევ ჩაფიქრდა, ოდნავ შეიჭმუხნა კიდეც და გამომცდელად ჩააკვირდა ქალიშვილს მომხიბვლელ სახეში, თითქოს რაღაცას იკვლევს, შემოწმება-გასინჯვა უნდაო.
      პასუხად ვეანამ აქაური ოკეანეს ტალღებივით მწვანე თვალები ფართოდ გაუხილა და ყურადღებიანი მზერით შემოანათა. იასემაც მიუშვა წარბები თავის ადგილას, თავი დაიქნია და ისე, თითქოს ირგვლივ მყოფ მყვირალა ხალხს უცებ გამოურთეს ხმა და ისინი მარტოდ დარჩნენ სრულ სიჩუმეშიო, ალაპარაკდა:
      - როგორ და, - გამეორა მან, - რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერ გაუაზრებლად, ინსტინქტურად, შემდეგ კი, ასე ვთქვათ, განათლების საფუძველზე... ანუ იმის მერე რაც გონება გამინათეს.
      ქალმა წვენი მოსვა და ვერც კი შეამჩნია რომ ფორთოხლის ნაწური გაუმჭვირვალე ნარინჯისფერი სითხე საკმაოდ შემთბარიყო.
      იასეს კი ბავშვობა გაახსენდა, ხანა როცა მის, ჯერ კიდევ ბუნდოვან ფიქრებში, კოსმოსისა და ვარსკვლავების შესახებ ოცნებამ იწყო ჩამოყალიბება.
      მაშინ იგი მეშვიდე კლასში სწავლობდა და გაკვეთილებ მონამზდებზე უკვე ფეხბურთის სათამაშოდ აპირებდა ქუჩაში გასვლას, როცა ამ დროს  ტელევიზორში უცნაური განცხადება ნახა. იგი არა სასმელებს ან წამლებს აქებდა ჩვეულებისამებრ, არამედ ხალხს კოსმოდრომის თუ ვარსკვლავმფრენის ასაშენებლად ეპატიჟებოდა. იასეს მხოლოდ ამ დაწესებულების სიმბოლო დაამახსოვრდა: გალაქტიკის ფონზე სამი მწვანე ლათინური ასონიშანი “SAE”.
      მოგვიანებით, ზაფხულში, იასე სამთიეში,  ბებია-ბაბუას სოფელში გაუშვეს არდადეგებზე. იქ კი ისეთ ლაპარაკს დაესწრო, რომელმაც იმ უცნაური რეკლამის ნამდვილი შინაარსი გააგებინა. მათ შორის ისიც, რომ თურმე ეს „საე“ ლათინური სიტყვების - Spatium Ad Evolutionis შემოკლებაა და ქართულად „განვითარების სივრცე“ - ს ნიშნავს. საერთოდაც, იმ საუბარმა, როგორც მომავალში გამოირკვა, გადამწყვეტად იმოქმედა მაშინ ჯერ კიდევ მოზარდის შემდგომ ცხოვრებაზე. ის მიეხმარა იასეს იმის გაგებაში, თუ რატომ უნელდება გულისცემა, როცა იგი ვარსკვლავებიანი ცის კაბადონს შეჰყურებს.
      ამის მიზეზი ვარსკვლავთა შორის ჩაკარგული შავი უფსკრული ყოფილა. როცა ღამეული ცისკენ თავაშვერილი აკვირდებოდა იმ უკუნეთს, იასე მასთან შერწყმის სურვილს თურმე იმიტომ გრძნობდა რომ თუმცა კი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც იაზრებდა - სხვანაირად ვერ ჩასწვდება სასწაულებს, რომლებიც იმ უკიდეგანო ხრამში იმალებიან.
      ხოლო სასწაულები რომ იქ ნამდვილად არიან, მოზარდ იასეს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. მაგალითად, უსასრულობა. როგორ გამოიყურება იგი? რა საჭიროა სამყარო? ვინ მოჩანს მისი კიდიდან? ამ კითხვების პასუხი ხომ სადღაც იქ, კოსმოსის მიღმაა? ესე იგი მასაც იქეთ ჰქონია გზა. ასე გაიკვალა ბილიკი, რომელმაც იგი მიზნამდე მიიყვანა, თუმცა კი არცთუ მთლად იქ, სადაც მისვლას ბავშვობაში ოცნებობდა.
      რა უცებ გაიარა ამ ხანმაო, გაკვირვებით გაიაზრა იასემ, თითქოს დღემდე, ამ შეხვედრამდე, არც ოდესმე შეეგრძნოს დროის დინება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები