ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2016


თალიეს

საით მიფრინავენ, როგორ კვდებიან.
- მიმღერე, თალიე, ერთხელაც.
ჩვენს და ღმერთს შორის სალი კლდეებია,
უდაბნოებია იმხელა.
იცინე თალიე. გაიხსენე,
როგორ ქარიშხალში დაგკრძალეს.
სამ დღეში მეც უნდა გამასვენონ,
სამი დღის სამყოფი საგზალით.

იმღერე, იმღერე. ზამთარია!
ისეთი თოვაა, მალეა
სიკვდილი, ცხენებიც მზად არიან,
საით წამიყვანონ, თალიე?!
თარიც ჩემშია და ქაიდამიც.
ძაღლებმა მდიონ და მიყეფონ.
აგერ, დაქცეულ კარ-მიდამოს,
კოჭლი მსახურები იყოფენ.
დრო კი უფსკერო მორევია,
ეს ქარიც ჩადგება, აშარი.
ამინდს ამინდი მორევია,
მდინარეები დამშრალან.
როგორღა ამბობენ?! ხავსია თუ
მტვერი მოედება ქარაფებს
და მაინც -კაცის ხასიათი
და მაინც - არ სჯერა არაფრის.

იმღერე იმღერე, ზამთარია!
ისეთი თოვაა, მალეა
სიკვდილი, ცხენებიც მზად არიან,
საით წამიყვანონ, თალიე?!
სამგლეთი კი არა მგლისეთია,
უკაცრიელი მგლისეთი.
ისეთი თოვაა, ისეთია,
სხვა დროს, რომ არ მოთოვს ისეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები