ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2016


გზა მონასტრისკენ ( თავი III )

-ხომ არ აჯობებს, თავად კითხო მას?!
-მართალია, ახლავე წავიდეთ -ვთქვი მე.
  მალევე დავადექით გზას. ცოტა არ იყოს დამქანცველი გახლდათ. შეიძლება ეს ათასგვარი ფიქრებისგან იყო გამოწვეული. გონებაში მხოლოდ "გაგა" მიტრიალებდა. სავარაუდოდ ვხვდებოდი რაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემა თუმცა, ამის გაფიქრებაც კი სულს მიფორიაქებდა. გზის ნახევარი ისე განვლეთ რომ არც ერთს მანქანაში ხმა არ ამოგვიღია.

                                                                                                           
                                                                              - გაგა -

როგორც გითხარით, მე გიო და გაგა პირველი კურსიდან ერთად მოვდივდიოდით. დღის უმეტეს ნაწილსაც სამივე ერთად ვატარებდით. სწორედ ეს ორი ადამიანი იყო ერში რომელიც მივსებდა და მიფერადებდა დღეებს. რაც შეეხება გაგას... თამამად შემიძლია ვთქვა რომ ნამდვილად ყველასგან გამოირჩეოდა. ბევრი საუბარი არასდროს უყვარდა. აქედან გამომდინარე ზედმეტად მშვიდიც კი იყო. ჩვენთან შედარებით ის არ  ახლობლობდა თავის თანაკურსელებთან და მისი მეგობრები მხოლოდ მე და გიო ვიყავით. ბევრსაც მოსწონდა და ბევრიც აწონებდა თავს თუმცა გაგა ალბათ იმ ერთადერთის ძიებაში იყო. სხვა მიზეზს უბრალოდ ვერ ვხვდებოდით მისი ამ სიცივის, სხვა კურსელების მიმართ. ოჯახში, მეტად შეჭირვებულად ცხოვრობდნენ. აფხაზეთიდან იყვნენ დევნილები. მამა, ამავე ომში ტრაგიკულად დაეღუპა და დედამ ითავა 2 შვილის აღზრდა. გაგას თავისზე 2 წლით პატარა და ჰყავდა: მარიამი, რომელიც უზომოდ უყვარდა. აფხაზეთიდან დევნის შემდეგ ის და მისი ოჯახი ბიძამ შეიფარა. რომელმაც თავისივე ბინაში ერთი ოთახი გამოუყო და ეს სამი სული სწორედ ამ ოთახში ცხოვრობდა. გაგა ჩვენთან არასდროს ახსენებდა არც მამამისს და არც ომის პერიოდს, რომელიც კადრებად ნამდვილად ახსოვდა. შესაძლოა სწორედ ეს ბავშვობის ტრამვა იყო მიზეზი რომ გაგა ასეთ ჩაკეტილ პიროვნებად ჩამოყალიბდა. ერთადერთი რამ ზუსტად ვიცოდი და ისიც, გაგას ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი... ჩვენ ბევრი რამ გვქონდა ერთმანეთთან საერთო ვიდრე მე და გიოს.  ოთხი წელი ამ ყველაფრის გასააზრებლად საკმარისი აღმოჩნდა. 
    მონასტერში ასვლისას გაგა ჩვეულებრივ შეგვხვდა. ბუნებრივია იბადებოდა  კითხვები, თუმცა მე არ ვჩქარობდი პასუხებს. ტაძარში ლოცვისას რამდენჯერმე გადავხედე მას. ის მდუმარედ იდგა და წინამძღვარს მისჩერებოდა რომელიც სახარებიდან  ერთ ისტორიას გვიყვებოდა. საკმევლის სურნელს მოეცვა მთლიანი ტაძარი. მეც თვალებ დახუჭული მთლიანად სმენად ვიყავი ქცეული. ვცდილობდი მელოცა მისთვის. ლოცვისას კი ისევ გაგას გავხედავდი ხოლმე. ის ისევ უცვლელ ამპლუაში იყო და თითქოს არც იყო. გვერდიდან ვატყობდი რომ ფიქრებით სხვაგან იყო წასული და ცდილობდა რომ აქ, ამ სიმშვიდეს ჩასჭიდებოდა. დროებით დაევიწყა საკუთარი თავი და მხოლოდ მისი მშფოთვარე სულის მოსაქცევად ეზრუნა. წამიერად თავს დაბლა დახრიდა. შემდეგ კი ისევ იგივე პოზას უბრუნდებოდა.
    რაც შეეხება მის პრობლემას და მიზეზს სავარაუდოდ, რამაც განაპირობა მისი აქ დაბრუნება,  ეს ლეიკემიაა, სისხლის ავთვისებიანი დაავადება . გაგა მას "ავად სახსენებელს" უწოდებდა ხოლმე და ამ თემაზე ნაკლებად საუბრობდა. ამ ავადმყოფობის შესახებ მან რამოდენიმე თვით ადრე გაიგო. აქამდე ექიმები ეუბნებოდნენ რომ სიტუაცია კონტროლირებადი იყო და კურს ექვემდებარებოდა თუმცა ახლა გაირკვა რომ მის სისხლში მეტასტაზები ბევრად სწრაფად წავიდა ვიდრე ელოდნენ და ახლა ის მთლიანად ღმერთზე იყო მინდობილი. ღმერთო.... ყველაზე მეტად ამის გაგების მეშინოდა თუმცა, გამორიცხვითაც არ გამოვრიცხავდი ამ ამბავს. ჩანს ეს ყველაფერი მაშინ გაიგო როდესაც ნინის დაბადების დღეზე ვიყავით. სწორედ მაშინ უთხრეს რომ მისი ეს დაავადება სწრაფად პროგრესირებადი იყო და თან უეცრად აღმოცენებული მათი თქმით. ნამდვილად არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის. გაგა სასტიკად ბრაზდებოდა თუ ჩვენს სახეზე, მისგან გამოწვეულ რაიმე სევდას ან მოწყენას შენიშნავდა. გამამხნევებელ საუბარზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ასე გრძელდებოდა დღეები. გიო უკან ერში დაბრუნდა. მე და გაგა კი მონასტერში დავრჩით. ვუთხარი რომ მის გარეშე უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი და რამდენი ხანიც გახდებოდა საჭირო მეც აქ ვიქნებოდი. დღის უმეტეს ნაწილს მონასტრის სხვა და სხვა საქმეებში ვატარებდით, ვეხმარებოდით ბერებს. ტყიდან შეშა მოგვქონდა და სატრეპეზოს კედელთან ვაგროვებდით. თოვლისგან სავალ გზას ვასუფთავებდით. ვდილობდი, ყურადღება მიმექცია რომ გაგას თავი არ დაეტვირთა. ხოლო დილა - საღამოს ლოცვებს ვესწრებოდით. საუბრით ისევ არ საუბრობდა. მხოლოდ გვიან ღამით, როდესაც მარტონი ვრჩებოდით კელიაში. ერთხელაც, გამაყრუებელი სიჩუმე სწორედ მან დაარღვია...

-მამა ზენონი ძალიან კარგი ადამიანია...
-ნამდვილად.
-ისე თბილად მიმიღო არა და ჩემს შესახებ მხოლოდ შენგან იცოდა.
-ჰო... ჩათვალე შენც ისევე გიცნობს როგორც მე.
-შენ კი მართლა ძალიან გაფასებს.
- ...
-ვატყობ, აქაურობას იმაზე ხშირად სტუმრობ ვიდრე მე და გიომ ვიცით?! -გაგა
-რა ვიცი. რა გითხრა აბა?!
- სიმართლე... -გამომხედა გაგამ და საწოლზე წამოჯდა
-ვერ ვხვდები რას ...
-კაი რა სანდრო... მე იმაზე მეტს ვხვდები ვიდრე სხვა შენი მეგობარი.

მოულოდნელად საუბარი კელიაში შემოსულმა მორჩილმა გაგვაწყვეტინა, რომელმაც ტრაპეზის შესახებ გვამცნო. ჩვენც მაშინვე გავყევით მას. იქ შესულები მაგიდის გარშემო გადავნაწილდით და ლოცვა წავიკითხეთ. შემდეგ კი მიუსხედით მაგიდას. წინამძღვრის კურთხევით ტრაპეზის მსვლელობის დროს, ტრაპეზარი სახარებიდან ერთ თავს გვიკითხავდა ხოლმე. ეს კი იქამდე გრძელდებოდა სანამ სუფრის რომელიმე წევრი არ დაასრულებდა ტრაპეზს. დასასრულს ისევ წამოვდექით, ლოცვა ვთქვით და მადლობა მოვუხადეთ ტრაპეზარს, რომლის ღვაწლიც ნამდვილად დასაფასებელია. ტრაპეზის მსვლელობის დროს, გაგა თვალს არ მაშორებდა რომელიც ჩემს წინ იჯდა. თითქოს ჩემს თვალებში რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა, თუმცა არ ვიცი რის?! მე უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი მას. კელიაში დაბრუნებულს კი ისევ განაგრძო საუბარი.

-მახსოვს პატარა რომ ვიყავი მამა ბევრს მესაუბრებოდა ადამიანობაზე. მირჩევდა რომ მეგობრები ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით მეძია. მეუბნებოდა რომ ადამიანის სული მის თვალებშია და უბრალოდ უნდა წამეკითხა ეს ყველაფერი. რომ სიკეთე და შრომა სულს აკეთილშობილებს და სხვა უაზრობებისთვის უბრალოდ ყურადღება არ მიმექცია. იმასაც ამბობდა რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა მეპოვა ამ ქვეყანაზე და შემდეგ ის მეგობარი ვინც არ ცოდვილ სამყაროში მეგზურობას გამიწევდა. ამაზე ხშირად ვფიქრობ . ვფიქრობ ყველაგან სადაც მარტო ვარ. აქ ამოსვლის შემდეგ კი ბუნებრივია ბევრად მეტს ვფიქრობ. იცი სანდრო... როდესაც თვალს ვავლებ განვლილ ცხოვრებას, ვხვდები რომ ბედნიერი ვარ და ის იმედგაცრუება, რაც რეპრესიებს და მამის დაღუპვას მოჰყვა, ალბათ მხოლოდ და მხოლოდ უფლის ნება იყო. არც ამ ავადმყოფობის მეშინია. არც არასდროს მეშინოდა ამის. ვიცი რომ უბრალო კაცად ვცხოვრობ და ცუდი არც არავისთვის მისურვია. ვაკეთებდი ყველაფერ ისეთს რაც ჩემს ოჯახს ოდნავ მაინც გააბედნიერებდა და გაახარებდათ. ეგრძნოთ რომ არსებობს მათთვის ძმა და შვილი . ბიჭი რომელიც მათთვის სულდგმულობს და ასეც იქნება ბოლომდე...
-შენ არსად არ წახვალ... -ვუთხარი მე
-მუდამ ჩემს გვერდით ვერ იქნები სანდრიკ, როგორც ახლა აქ ხარ. მე გაფასებ შენ და ვაფასებ ყოველ შენს გადადგმულ ნაბიჯს. თუმცა ის რაც გარდაუვალია, უბრალოდ გარდაუვალია და მორჩა. საერთოდაც, საუბარი ამაზე არ არის. საუბარი ჩემზე და შენზეა...
-ჩემზე?
-ხო სანდრო შენზე, შენზე. მე დიდი ხნის წინ ვიგრძენი აქაურობა შენში.

წუთით თვალებში შევხედე გაგას რომელიც სარკმლიდან ეზოს გაჰყურებდა და შემდეგ ჩემსკენ მოტრიალდა. ვუსმენდი მას თუმცა უადგილოდ მეჩვენებოდა მასთან საუბრის წამოწყება, უბრალოდ ვუსმენდი...

-იცი, აქ ამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. კი სანდრო, მიზეზი შენ იყავი. მინდოდა სწორედ ის სიმშვიდე მეპოვა რაც შენში იყო. მინდოდა შენი ის მხარე გამეცნო, რასაც ასე მალავდი ყველასგან. ჩავწვდომოდი და გამეაზრებია  თუ სად იყო ჩემი მეგობარი ფიქრებით მაშინ, როდესაც მისი მეგობრები მის გვერდით ვიყავით. უცებ წყდებოდი ხოლმე ჩვენს სიტუაციას და სადღაც შორს, იქით მიდიოდი. არ ვიცი სად?! თუმცა ის დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ ჩვენთან არ იყავი.

ის მომიახლოვდა და ჩემს პირისპირ ჩამოჯდა.

-სანდრიკ, შენ კარგი მეგობარი ხარ...
-შენც ჩემო ძმაო -გამეღიმა
-და თუ ყველაფერი გადაწყვეტილი არ გაქვს, მაშინ ერთად დავბრუნდეთ უკან
-მე ხომ ისედაც შეგპირდი რომ შენს გარეშე უკან არ დავბრუნდებოდი...
-მახსოვს...
-მერე?
-?
-იპოვე ის სიმშვიდე რასაც ეძებდი?
-მე იმ კითხვებზეც მივიღე პასუხი და ის სრული ჰარმონია, რაც ასე მაკლდა.
-მიხარია.
-ახლა ნამდვილად გაგიცანი -თქვა გაგამ და მხარზე ხელი მომხვია. მე უპასუხოდ დავტოვე. უბრალოდ მიხაროდა,რომ ისევ ისეთ ხალისიან გაგას ვხედავდი, მხნეს,რომელსაც ბედნიერებით ჰქონდა თვალები სავსე. ისევ ისეთ გაგას...


                                                                                                                                    ***

გამთენიისას უკან დავბრუნდით. მონასტრის გადასახვევთან ბიჭები დაგხვდნენ და შემდეგ მათ წამოგვიყვანეს. საღამოს კი გადავწყვიტეთ რომ ყველანი ერთად, ჩემთან შევკრებილიყავით.

-Благословляю ваше возвращение...
-ვატყობ რუსული არ დაგვიწყებია - შევხედე გიოს 
-რაც ვიცი ვერ დამიკარგავ, სანდრიკ -სიცილით თქვა გიომ თან მეტი დამაჯერებლობისთვის ხელებიც გაშალა
-იმიტომაც დაგცინის ჩვენი ლექტორი - ჩაერთო გაგაც
-ვის დასცინის, მეე?.. რაო აბა?
- мудрый-это тот, кто знает не многое, а необходимое...
-მერე ვიცი ყველაფერი... -გაკვირვებით თქვა გიომ , რამაც ჩვენი სიცილი გამოიწვია
-ამიტომაც წამოგაძახებს ხოლმე ამ ფრაზას - გაგა
-კაი, აცადეთ კაცს სადღეგრძელო დაასრულოს -გიოზე მიგვითითა ილომ და ჭიქა ასწია
-დაგლოცავთ ძმებო, მეგობრებო. ნამდვილად მაკლდით აქ ორივე.
-გაიხარე გიო -ვთქვი მე და შევსვი
-როგორი იყო მონასტერში? -გაგას ჰკითხა ილომ
-ძალიან კარგი. ნამდვილად მჭირდებოდა ის ყველაფერი... 

წამიერად ყველა გაჩუმდა და ერთმანეთს თვალი გადაავლეს. საუბარი ისევ გიომ განაგრძო.

-შენებსაც მაგრად ენატრებოდი გაგა. ყოველდღე მირეკავდნენ, ხომ არ იცი როდის ბრუნდებიანო?!
-ხო... აჯობებს მალე გავიდე. მომენატრნენ.
-როგორც გინდა. ბესოს დაურეკავს გიო და გაგიყვანს, პრობლემა არაა.
-უნივერსიტეტში რა ხდება?
-რავი აბა...იძახიან იმ კვირიდან დაიწყება გამოცდებიო და ვნახოთ რა...
-ხვალ გავიდეთ რა სანდრიკ, მეც მაინტერესებს სიტუაცია -თქვა გაგამ
-გავიდეთ ხო. დილას შევხმიანდეთ და ეგაა.
-კაი.
-აბა რას შემოგვთავაზებ? -ჭიქაზე მივანიშნე გიოს

ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი რომ ისინი იყვნენ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მეგობრები რომლებიც დიდ გარდატეხას ახდენდნენ ჩემში და მათგან კიდევ უფრო მეტ სიყვარულს ვსწავლობდი. სითბო რომელიც ყოველ ფრაზაში და სიტყვაში ჩანდა. მსგავსი რამ პირადად რომ მეთქვა მათთვის ალბათ სიცილს ატეხდნენ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით...

                                                                                                                                       
                                                                                                                                      ***
უნივერსიტეტთან გაგა არ ჩანდა. დილიდან ვცდილობდი მასთან დაკავშირებას თუმცა ამაოდ. სახლში დარეკვას კი რატომღაც ვერიდებოდი. ვფიქრობდი ამით მის ოჯახს ავაფორიაქებდი. ბოლოს ისევ გიო დამიკავშირდა რომელმაც მითხრა რომ გაგა წუხელ ღამით საავადმყოფოში გადაუყვანიათ. მომენტი როდესაც, წამით ვერ ვიგრძენი მიწა ჩემს ფეხებ ქვეშ. მაშინვე საავადმყოფოსკენ გავემართე თუმცა, ახლა საშინლად მახსენდება ყოველი ის წამი რა დროც დამჭირდა იქამდე მისაღწევად. ის ხომ გაგაა, გაგა...

-ამ დროისთვის ვერ შეგიშვებთ... -დერეფანში შემოგვხვდა მორიგე ექიმი
-ის მაინც გვითხარით რა მოხდა ან როგორ არის? -მღელვარება დაეტყო გიოს.
-ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი რომ გვიან ღამით შემოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში, გონება დაკარგული. ახლა მძიმედ თუმცა სტაბილურადაა...
-ეგ როგორ გავიგოთ?
-ჯერჯერობით მკურნალობას ექვემდებარება თუმცა ისევ უგონო მდგობარეობაშია. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მან სახლში დაკარგა მოულოდნელად გონება. დანარჩენს მისი ექიმი გეტყვით
-და სად ვნახოთ ის?
-ექიმი ახლა რეანიმაციაშია და მოცდა მოგიწევთ, ბოდიშს გიხდით.
-კაი გიო... დაველოდოთ ექიმის გამოჩენას. -მკლავში მოვკიდე გიოს, რომელიც სულმთლად აკანკალებულ იყო

მოგვიანებით გაგას დამ - მარიამმა დედამისიც მოიყვანა და ყველამ მოსაცდელში გადავინაცვლეთ. მალე ბიჭებიც გამოჩნდნენ. ზოგმა არც კი იცოდა მისი ამ დაავადების შესახებ. პასუხის მოლოდინი უსაშველოდ იწელებოდა. ქალს სახეზე ფერი მთლად დაეკარგა და თავდახრილი ლოცვას მისცემოდა. გაურკვევლობის მოლოდინი ბიჭებსაც ეტყობოდათ. მე კი უბრალოდ ბოლთას ვცემდი. გაუჩერებლივ წინ და უკან. ისევ წინ და ისევ უკან. გონებაში ათასი აზრი მიტრიალებდა და უბრალოდ მინდოდა რომ ფიქრიც კი შეჩერებულიყო წამით. ის ხომ ასეთი ახალგაზრდაა, ნუთუ შესაძლოა რომ?!. ნუთუ განგება დაუშვებს რომ გაგა?!.  არა! შემოვძახებდი ხოლმე ჩემს თავს და ისევ იგივე მდგომარეობას ვუბრუნდებოდი. პასუხი დილამდე არ გვითხრეს. საავადმყოფოს დერეფანში უმრავი ადამიანი ირეოდა, მათ შორის ბევრნი იყვნენ გაგას ანუ ჩვენი მეგობრებიც. 

-მენთეშაშვილი -გაისმა ექიმის ხმა რაზეც ყველა წამოვიშალეთ -მხოლოდ მშობელი. ჯერ ისევ წამლების ზემოქმედების ქვეშა და რეანიმაციაში რჩება 

გაგას დედამ ცრემლები შეიმშრალა და ექიმს გაჰყვა უკან. მალევე დერეფანში გაუჩინარდნენ. მისი მდგომარეობა ისევ გაურკვეველი იყო. მაშინ კი მეგობრებმა გადავწყვიტეთ რომ მორიგეობით დავრჩენილიყავით საავადმყოფოში მის ოჯახის წევრებთან ერთად. განცდებს ის მაინც ამსუბუქებდა ოდნავ  რომ გაგა სტაბილურად იყო.

                                                                                                              ***

რამდენიმე დღის შემდეგ, გამთენიისას მედდამ გამომაფხიზლა. დერეფნის სკამზე ჩამძინებია.

-მენთეშაშვილთან ხომ თქვენ ხართ?
-დიახ -მაშინვე წამოვდექი ფეხზე
-თქვენ... სანდრო ხომ?
-მე ვარ.
-წამომბრძანდით, თქვენ გკითხულობთ.
მედდას უკან გავყევი თუმცა ცოტას კი ვნერვიულობდი. როდესაც პალატის კარებს მივუახლოვდით, მედდამ ურდულს ხელი მოჰკიდა და სანამ შეაღებდა შემომხედა:

-ახლა გონზეა თუმცა გთხოვთ რომ დიდ ხანს ნუ გაჩერდებით, ასე ჯობია მისთვის.
-კარგი -მოკლედ მოვუჭერი სიტყვა და შიგნით შევედი. გაგამ მშვიდად ასწია ქუთუთოები და როდესაც ოთახში შემნიშნა, მაშინვე ბედნიერებისგან გამიღიმა ;

-სანდრიკ...
-გაგა.
-მიხარია შენი დანახვა.
-მეც ჩემო ძმაო, მეც -მის წინ სკამზე ფრთხილად ჩამოვჯექი და ხელი -ხელზე მოვკიდე.
-ჩემზე ნუ დარდობთ. ხო იცი ამ კედლების იქითაც ვგრძნობ თქვენს სუმთქვას.
-ძაან მაგარი ხარ -გამეცინა - ახლა თავს როგორ გრძნობ?
-ჩემი ცხოვრება ხომ ყოველთვის ომი იყო?! ხო და ახლაც ვიბრძვი...
-უნდა იბრძოლო, აბა რა უნდა ქნა?! თუმცა ბრძოლა მეგობრების გარეშე, წაგებულია...
-მიგიხვდი-თქვა გაგამ და კარებისკენ გაიხედა -ყველანი აქ არიან ხო?
-კი ყველანი...
-ნინი?
-გუშინ იყო მოსული, ვფიქრობ რომ დღესაც მოვა.
-სანდრო, მონასტერში ყოფნის დროს ჩვენ არ დაგვცალდა საუბარი. მე კი მინდა რომ უბრალოდ გავიგო თუ რა ხდება ჩემი მეგობრის თავს?
-რას გულისხმობ?
-მონასტერს...
-გაგა, დაზუსტებით არაფრის თქმა შემიძლია...
-მე შემიძლია დაზუსტებით საუბარი... - თვალებში ბრაზი მოაწვა გაგას - ვიცი რომ ამ კარის ზღურბლს ვერასდროს გადავაბიჯებ, ვიცი რომ ეს არის ბრძოლა რომელშიც უკვე დავმარცხდი, ვიცი რომ ჩემი და და დედა უფრო მეტი წინააღმდეგობების წინაშე დადგებიან. ეს ყველაფერი ვიცი სანდრიკ, თუმცა სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები და უფრო ველი...
-ვის?
-ვის არა რას სანდრიკ? დროს, ჩემს დროს...
მაშინვე წამოვდექი რადგან გაგას ეს ცრემლები არ შეენიშნა. ფარდა გადავწიე და გარეთ დავიწყე ყურება. გარკვეული პაუზის შემდეგ გავაგრძელე:

-მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ძიებაში განვლე. ვფიქრობდი თუ რა იყო ჩემი გზა და მიზანი ამ ყოფაში  . ვეჭიდებოდი მრავალ გამოწვევას და პირობითად მქონდა რაღაც წინსვლა და წარმატებები ცხოვრებაში. თუმცა არ გასულა არც ერთი დღე ისე რომ არ მეფიქრა უფალზე და შემდეგ მონასტერზე -გაგასკენ მოვტრიალდი რადგან მისი დაჟინებული მზერა ვიგძენი - ვერ აგიღწერთ იმ სიყვარულს რაც ჩემს გულში ტრიალებს. ხშირად ვდგებოდი დიდი გადაწყვეტილებების წინაშე თუმცა მადლობა უფალს რომ ყველაფერი კარგად სრულდებოდა. ყოველი დღე გაგა, ყოველი წამი მხოლოდ ამ ერთადერთზე ვფიქრობდი და ვფიქრობ.

-ბერობა?
-კი ბერობა... უბრალოდ ველოდები დროს, იმ დღეს როდესაც ამ გზას დავადგები. შევიგრძენი რა არის ფასეული. რასაც ადრე ვერც კი ვამჩნევდი. რისი კეთებაა ფასეული, ჩემთვის. ის რაც ბედნიერებას მანიჭებს. ბედნიერებას რომელიც შეიძლება მარადიული გახდეს თუ სწორი გზით ვივლი. მჯერა ეს არც ისე ადვილი იქნება,თუმცა მე ამისთვისაც მზად ვარ.
-მომიახლოვდი -მითხრა გაგამ და ხელით მის საწოლთან მდგარ სკამზე მანიშნა. მე ისევ ხელი-ხელზე მოვკიდე და შევეცადე მისთვის თვალებში შემეხედა. შემდეგ ისევ მან განაგრძო:
-იცი, მე ამას ვხდებოდი. ჩვენი მონასტერში ყოფნისას კი ამაში დავრწმუნდი... და ნინი?
-მას ნუ დააკავშირებ ამ ყველაფერთან! მე ის ნამდვილად მიყვარდა თუმცა რაც მოხდა, ალბათ ასე იყო საჭირო.
-გახსოვს ჩვენს უნივერსიტეტთან რომ ეკლესიაა?
-კი, რა დამავიწყებს?! ჩვენი აუდიტორიიდანაც კი მშვენივრად სჩანს -გამეღიმა მე
-იქ ხშირად გადავდიოდით, მე შენ და გიო...
-ჰო... ნამდვილად
-ერთად დავდგებოდით ხოლმე და თითქოს ერთ ხმაში ვკითხულობდით ლოცვას .
-კი.
-მინდა რომ ახლა, ისევ ასე მოვიქცეთ მე და შენ -თქვა გაგამ -მამაო ჩუენო რომელი ხარ ცათა შინა...
-წმიდა იყავნ სახელი შენი.
-მოვედინ სუფევა შენი...


                                                                                                                                ***
-მითხარით, შემდეგ რა იქნება? -იკითხა მარიამმა
-მადას დაკარგავს და შემდეგ წყურვილიც შეაწუხებს. დღის უმეტეს ნაწილს კი ძილში გაატარებს. ენერგიას  დაკარგავს, წამლები კი ტკივილს შეუმსუბუქებს. იმდენად ხშირად იძინებს რომ სიზმრისა და რეალობის  აღქმას დაკარგავს. კიდევ უფრო და უფრო იშვიათად მოვა გონს. ზოგჯერ თავისით არაფრის გაკეთება შეეძლება თუმცა მან იცის რომ ხალხი მის გვერდითაა, თქვენ. ვხედავ თუ როგორ გრძნობს ის ამ ყველაფერს...
-და ამის შემდეგ?
-ამის შემდეგ  -თქვა ექიმმა და თვალი გადაგვავლო ყველას. სიჩუმეა...
-შემდეგ კი ის ...

                                                                                                                                  ***
რამდენიმე დღიანი უძილობის შემდეგ სახლში წამოვედი თუმცა მთელი ღამე ვერ მოვისვენე. გათენებას ველოდი რომ ისევ უკან დავბრუნებულიყავი. ღამე უსასრულოდ გაგრძელდა. დაძაბულობისგან ოთახში, საათის ისრების ხმაც კი არ მაძინებდა. გვიან გამთენიისკენ ჩამთვლიმა თუმცა მალევე  ტელეფონის გამაყრუებელმა ზარმა გამომაფხიზლა. ეს გიო იყო რომელმაც გაგას დაღუპვის შესახებ მაცნობა.
... გაგა
ის მხოლოდ 23 წლის იყო...


                                                                                                            (გაგრძელება იქნება)







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები