ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2016


ორეული

ორეული
  მატარებლის გასვლას ნახევარი საათი აკლდა. ვაგონიდან ბაქანზე გამოვედი, ბოლთის ცემას მოვყევი. მომეწყინა.
იქვე მერხზე ჩამოვჯექი და გარემოს თვალი გადავავლე.
  ხუთიოდე მეტრის მოშორებით, ნახევრადჩაბნელებულ მიწისქვეშა ესკალატორს ,,ხახა’’ დაეფჩინა. თვალი ,,ქვესკნელიდან’’
ამომავალი მგზავრებისკენ გამექცა. რატომღაც მათმა სახეებმა დამაინტერესა. დაკვირვება დავიწყე. რამდენიმე მგზავრი
უინტერესოდ ,,გავატარე,’’ მაგრამ ერთმა ყურადღება მიიქცია. თვალი მივადევნე. საშუალო სიმაღლის წვერგაუპარსავი მამაკაცის
სილუეტს მსხლის ფორმა მიეღო, რომელიც მოკლე ფეხებით ბოლოვდებოდა. ,,ქეჩოზე’’ წამოზრდილი თმა, ცოცხივით გაუხეშებოდა. ჩამრგვალებულ თავ-ღრანჭს წინ წამოწეული ,,დრუნჩი’’ უმშვენებდა. სადღაც სივრცეში იყურებოდა.
მოძრავი კიბიდან გადმოსულმა ტერფები ამოაბრუნა და სვლა ბაჯბაჯით განაგრძო. 
-  დათვი! - გამიელვა თავში - დიახ! ის ნამდვილად დათვს ჰგავდა.
  ასეთმა ,,მეცნიერულმა აღმოჩენამ’’ გამამხიარულა. დაკვირვება გულდასმით განვაგრძე. მორიგმა ,,სენსაციამაც’’ არ დააყოვნა,
ესკალატორიდან გაფხორილი ინდაური ამოცურდა. წითელ ჰალსტუხში შებოჭილ მამაკაცს შავი ლაბადა მოესხა, ხელები მოერკალა,
უკანალი კი სასაცილოდ გაებზიკა. ,,ჩუმპო’’ ჰალსტუხის მესამედს უფარავდა, ერთი დაფსტვენაღა აკლდა, ,,ყულ-ყულით’’ ამყოლოდა. 
ღიმილმა სახე გამიბადრა.
  ზურგიდან სასიამოვნო ბარიტონით ვიღაცამ საათი მკითხა. შევბრუნდი. ხელთ ინტელიგენტური გამომეტყველების კარგად ჩაცმული
შუახნის მამაკაცი შემრჩა, მომიბოდიშა.
  საათს დავხედე, მატარებლის გასვლას თხუთმეტი წუთი აკლდა, პასუხი სწრაფად გავეცი. მან ესკალატორისკენ გამახედა და ვიღაც
ახოვან პიროვნებაზე მიმითითა, რომელიც სიბნელიდან  ამოიმართა, მცირე ხნით შეყოვნების შემდეგ  საწინააღმდეგო მიმართულებით
წავიდა:
-,,დავით აღმაშენებელი!’’-თქვა მშვიდად უცნობმა.
  თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისი აღმოჩნდა ...
მამაკაცი პირდაპირ გელათის ფრესკიდან გადმოსულს ჰგავდა. სასიამოვნო მოულოდნელობისაგან ,,პირი დავაფჩინე,’’ ვერც რაიმეს თქმა მოვასწარი, უცნობი სწრაფად გამეცალა
  დავითის ორეულს მანამდე ვუცქირე ვიდრე თვალს არ მიეფარა. მერე დაკვირვება ისევ განვაგრძე, ყურადღება ერთ მამაკაცზე შევაჩერე, რომელიც აფთრისა და ტურის გარდამავალ სახეობას წააგავდა, მაგრამ დამზერის შესაძლებლობა მატარებლის საყვირმა შემიზღუდა ...
ვაგონს მივაშურე ... სავარძელში ჩაჯდომამდე საფულე მოვიძიე,
ყველა ჯიბე გულდასმით შევამოწმე, ელდა მეცა ...
- ალბათ, იმ ინტელიგენტმა ამომაცალა-მეთქი! - გავიფიქრე.
  საკუთარ თავზე გავბრაზდი. უცებ დავითის ორეული გამახსენდა, ,,გულმა რეჩხი’’ მიყო, თუმცა შინაგანმა პროტესტმა ეს სისულელე
მაშინვე უარყო, მაგრამ ,,ეჭვის ჭიამ’’ მაინც გამოხრა გონება.
  მატარებლიდან ჩამოვედი, ,,დანა კბილს არ მიხსნიდა.’’  ბაქანს გავუყევი ...
მერხზე ჩამომჯდარი ახალგაზრდა წყვილი შევნიშნე:
- აქ, დავით აღმაშენებელი გამოივლის-მეთქი! - ჩავილაპარაკე და  მიწისქვეშა გადასასვლელს მივაშურე.
  ირონიული სიცილი გზად დამადევნეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები