ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2016


დედამიწის დღე

და შექმნა ღმერთმა ადამიანი, ხატად და მსგავსად თვისა. (დაბადება)

შეხედე, ღმერთო,
რა კარგად მოვირგეთ შენი როლი,
რა თავგამოდებით ვქმნით და ვანგრევთ,
ვშობთ და ვხოცავთ,
ვრგავთ და ვთელავთ,
როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე, -
ამქვეყნიურ სამოთხეს თუ ვერ ვუქმნით ერთმანეთს,
იმქვეყნიურ სამოთხეში ხომ მაინც ადვილად ვაგზავნით...

შენი შექმნილია ეს ყვავილი,
ეს მხრებგაშლილი ხე
მტრედები ცაში და
გაზაფხულის სუნი ჰაერში...
მაგრამ ჩვენ საკუთარი პატარა სამყაროები
გვაქვს შესაქმნელი:
მორალურობით და სისპეტაკით
აღვირახსნილობამდე მისული,
სიწმინდეებით რწმენაგანადგურებული,
ჩვენი უჰაერო და მყუდრო,
უშფოთველი სამყაროები...

ჰო, ჩვენ დიადი მიზნები გვაქვს,
რომლებთან შედარებით
ხე და ყვავილი კი არა,
მილიონობით ბავშვის სიცოცხლეც არაფერია.

არმაგედონი აქ და ახლაა,
ყოველ დღე ბოლო სამსჯავროა,
სადაც ერთმანეთის, როგორც ღმერთების
წინაშე წარვსდგებით.
ინფორმაციის საუკუნეში დრო არ ითმენს,
რაღას ველოდოთ?

შენი შექმნილი დედამიწა სისხლით გაიპოხა,
ჩვენ ახლა ერთმანეთით ვიკვებებით და
აღარ გვჭირდები ღმერთო,
ჩვენი ჯერია,
დღეს დაისვენე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები