ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2016


ერთი მიტოვებული სიყვარულის შესახებ

გინდა - სევდიანს გაგიხსენებ,
გინდა - მხიარულს.
გინდა ვიაროთ,
ვიხალისოთ თამამი მარშით.
გუშინ ჩვენს მიერ მიტოვებული
სიყვარული შემხვდა  ქუჩაში, -
ის მარტოდმარტო იდგა კაფესთან.
ხელგაშვერილი მათხოვრობდა
ჩამოძონძილი და თხოვდა ყველას:
სულ ცოტა სითბოს,
ამბორის სიტკბოს,
ცოტა ცხელ ჩაის და ცოტა შველას.
მე თვალს ვარიდებ, როდესაც მხვდება.
არ მჭირდება და არც მახსენდება
დავიწყებული ურთიერთობა,
რომელიც აღარც მოგვეკითხება.
როცა დავკარგეთ, არ გვიტირია.
მე რასაც ვხედავ, მხოლოდ ჩრდილია
როცა ინებებს, თავისით მოდის -
ისე, რომ არც კი მეკითხება 
რატომ და როდის.
არავის ახსოვს. არც ვინმეს ტკივა.
ალბათ, იმიტომ მეცხადება,
რომ ძლიერ სცივა,
რადგან გავწირეთ, დავივიწყეთ,
ზრდილობიანად გამოვეთხოვეთ,
და დათბილულიც ჩავაცვით პალტო.
არ გამოადგა ის პალტო, ათოვს -
ცივი და მკაცრი გაზაფხულია
სიყვარული  კი
უსახლკარო არის სრულიად.
ცოცხალ-მკვდარია,
უპატრონობით დაჩაგრულია,
ჩვევა კი  მაინც არ შეუცვლია.
დროა, რომ გაქრეს, გაძლება უჭირს,
ვერაფრით დაგვთმო.
არც ერთ სიყვარულს არ შეუძლია
ისუნთქოს იმით,  რაც იყო გუშინ,
გადარჩეს მარტო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები