უჩვეულო სიჩუმემ გამაღვიძა. ყველაფერი გაყურსულიყო. ფანჯრიდან სითეთრე მოსჩანდა. - გათოვებულა - ჩავილაპარაკე ჩავაპარაკებაზე მეუღლესაც გაეღვიძა : - თოვლი მოსულა? კარგია, იქნებ წელს მაინც გვეღირსოს ნორმალური გაზაფხულ-ზაფხული. მოსავალსაც სჭირდება თოვლი. ზამთარი ზამთარს უნდა ჰგავდეს. ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ჩაიცვა კიდეც. - ოჰო, გვარიანად გათოვებულა. ერთ ღამეში ამდენს არ მოველოდი. მეც ავდექი და ფანჯარაში გავიხედე. მიდამო გადათეთრებულიყო, ხეები საპატარძლო კაბებით შემოსილიყვნენ. ცეცხლი დავანთეთ, საქონელსაც ერთად მივხედეთ. მან ბილიკებიც გაკვალა, ვისაუზმეთ. - წავედი - მითხრა მეუღლემ - ასეთ თოვლში მანქანას ვერ გადავიყვან, მოსრიალდება , ფეხით წავალ. თბილად ჩაიცვა და გარეთ გავიდა. მეც გავყევი, აივნის ბოძს მივეყრდენი. ირგვლივ ისევ საოცარი სიჩუმე იდგა. მიდამოს გავხედე, ყველაფერი ქათქათებდა, სახლების საკვამურებიდან ჩიბუხებივით ამოდიოდა კვამლი. მოშორებით გორაკზე ამაყად მდგარ ნოჯიხურს გავხედე. თეთრი ნაბადივით წამოესხა თოვლი. ზუსტად ისეთი ამინდი იყო, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ... ზამთრის არდადეგები იყო და ბავშვები ბებოსთან იყვნენ. იმ დილითაც ვერ გადაიყვანა მანქანა ქმარმა და ბუზღუნ-ბუზღუნით ფეხით გაუდგა გზას. მარტო დავრჩი. ვუცქერდი მიდამოს და ვტკბებოდი სიჩუმითა და სილამაზით. საოცრად მიმიზიდა ნოჯიხურის ნანგრევებმა. გადავწყვიტე, ავსულიყავი და ახლოდან განმეცადა მისი სიდიადე. ვინმეს რომ გაეგო ჩემი განზრახვა, ალბათ შერეკილი ვეგონებოდი. გადავწყვიტე, თუ გზაში ვინმეს შევხვდებოდი, მეთქვა, რომ ღორს ვეძებდი. მეუღლის მაღალყელიანი რეზინის ჩექმა ჩავიცვი და აღმართს ავუყევი. პირველი გორაკის თავზე რომ ავედი, მოვიხედე. მეზობლის, მოშორებით მდგარ სახლში რაღაც ფაცი-ფუცი შევნიშნე. ეზოდან მათი პატარა ბიჭი გამოვიდა, გზადაგზა ქურთუკის ღილეებს იკრავდა. ცოტა გაიარა და შეჩერდა. დაიხარა, რაღაცის ამოფერთხვა დაიწყო . ეტყობა, დაბალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა და თოვლი ჩაუცვივდა. ცოტა გაიარა, ისევ ამოფერთხა თოვლი და მეორე მეზობელს შორიდანვე დაუწყო ძახილი :- რეზო ბიძია, რეზო ბიძია!! მალევე გამოეპასუხნენ . - მამამ თქვა, ბაბუა მოკვდა და ზემო სართულში ამატანინეო. - ოიტ, შე შტერო! აქედან საყვირლად გაგიშვი? მოდი ახლავე აქეთ! - გაბრაზებით დაუძახა მამამ და ბიჭიც აძურწული შებრუნდა. ძალაუნებურად გამეცინა. ბიჭს- ალბათ, სახლში მიდი და უთხარი, ამასვენებინოს ზემო სართულზეო, - დააბარეს, მაგრამ სველი ფეხებით წასვლა დაეზარა , თან ასვენებასა და ატანაში სხვაობასაც ვერ ხედავდა და... დამენანა ილო ძია. ორ წელზე მეტია ლოგინადაა ჩავარდნილი, კარგი კაცი იყო საწყალი.“ ხომ არ მივბრუნდე? არა, ჯერ იქ ავალ და ძია ილოს პატივს მერე მივაგებ, სად გამექცევა“ გავიფიქრე და გზა განვაგრძე. მეორე გორაკს შევუდექი. მის ძირში თომა ცხოვრობდა. თითქმის წელიწადია ცოლი გარდაეცვალა. შვილები ქალაქში ცხოვრობენ, არ წაყვა მათ. ამბობენ, ყოველ დღე სასაფლაოზე ორჯერ აკითხავსო ცოლს, არადა, სანამ ცოცხალი იყო, სისხლი გაუშრო. მისი არაფერი მოსწონდა, სულ ეჯიჯღინებოდა. მოკვდა და.... საოცარია ადამიანის ბუნება. როგორ იქნა ავაღწიე ნოჯიხურადე. გავიოფლე, დავიღალე, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი ჩანაფიქრის ასრულებით. ახალ მოყვანილი ვიყავი, როცა მამამთილმა აქაურობა დამათვალიერებინა და ლეგენდაც მიამბო. აქ საეკლესიო კათედრალი ყოფილა ადრე, სადაც ძვირფასი ხატები და საეკლესიო სიმდიდრე ინახებოდა . სოფლის სასულიერო პირებს ძირითად ფიფიები შეადგენდნენ . დიდი თურქობის დროს, როცა უამრავი ეკლესია-მონასტერი გაძარცვეს და გააპარტახეს თურქებმა, ეს ეკლესია გადარჩენილა, მაგრამ ვიღაცას დაუსმენია და თურქები შესევიან სოფელს, გაუძარცავთ, დაუწვავთ ეკლესია,თუმცა სამ ძმა ფიფიას გადაურჩენია ერთი ძვირფასი, სასწაულმოქმედი ხატი და მოუხერხებიათ მისი სვანეთში გადაბრძანება. გასულა დრო. დაცოლშვილებულან ისინი. ამასობაში თურქებიც გაუძევებიათ მათი სოფლიდან. დაბრუნება გადაუწყვეტით ძმებს. არ თანხმდებოდნენ სვანი მეუღლეები თურმე. ძალით, ღამე წამოუყვანიათ ცოლ-შვილი და წამოუბრძანებიათ ის ხატი. უმცროს რძალს გზიდან მოუხერხებია გაპარვა. დადევნებიათ მდევარი. ენგურში გადამხტარან ხატიანად ძმები. მიუხედავად იმისა, რომ ადიდებული ყოფილა ენგური, ისინი უვნებლად გადასულან მეორე ნაპირზე, მდევარს კი ვერ გაუბედავს მდინარეში შესვლა. იქ დარჩენილან ცოლები და შვილები. ლეგენდის მიხედვით გვარი გადაუკეთებიათ მათ შთამომავლებს და ფილფანებად ქცეულან . გადარჩენილი ძმები დაბრუნებულან იავარქმნილ სოფელში, მოუძებნიათ გადარჩენილი სამრეკლო, დაუსვენებიათ ხატი და მალე აქ ისევ აღორძინებულა სოფელი. მის მერე ყოველ ამოსვლაზე ვგრძნობ იმ ხატის ძალას და თითქოს მესმის იმ ძმების ხმები ... სოფელს გადავხედე. აქედან ხელისგულივით მოსჩანს ნახევარი სოფელი. ისევ სიჩუმეა, აქა-იქ თუ წამოიყეფებს ძაღლი, ან წამოიბღავლებს ძროხა. ნოჯიხურთან ახლოს ბონდო პაპა ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ძალზე ხუმარა და ხალისიანი კაცია იგი. ახალგაზრდობაში დიდი მაკვარანცხი ვინმე ყოფილა . ერთი ამბავი რომ მახსენდება, გულიანად მეცინება ხოლმე. ბონდო პაპას მეზობელი სოფლიდან მოუყვანია ცოლი. მის ცოლს ძალზე ენერგიული, თუმც საკმაოდ ასაკოვანი ბებია ჰყოლია, რომელიც ყოველ ზაფხულს აბრეშუმის ჭიას უვლიდა . წასულა ბებო თუთის ფოთლის მოსატანად, ასულა განიერტოტებიან ხეზე და მაშინ მოაკითხა მიქეილ-გაბრიელმა თ. ბებო რა თქმა უნდა პატივით მოასვენეს სახლში და დაიწყეს მზადება მისი სულის მოსაყვანად. ( ძველად სამეგრელოში ერთი უცნაური ტრადიცია არსებობდა, თუ ვინმე ეზოს გრეთ მოკვდებოდა, კოჭის თეთრი ძაფით, მამლის და ჩონგურზე სიმღერის თანხლებით მოაბრძანებდნენ შინ. იქიდან ძაფს ჭიმავდნენ სახლამდე, რომ სულს გზა არ აბნეოდა). ეს რიტუალი შეღამებულზე უნდა განეხორციელებინათ. შეარჩიეს ახალგაზრდა, მეჩონგურე გოგონა და ვაჟი, რომელსაც მამალი უნდა სჭეროდა, თან ძაფიც უნდა გაება. ის თუთის ხე მოშორებით, ტყის პირზე იყო და გოგონას ეშინოდა წასვლა. გულის გასამაგრებლად მეორე ვაჟიც გააყოლეს. ეს ყველაფერი ესმოდა ბონდოს, ის უჩუმრად გაიპარა თურმე და პატივდებული ახალგაზრდების მოსვლამდე იმ თუთის ხეზე დაიმალა. მოვიდნენ რიტუალის შემსრულებლები, მოაბეს ხეს ძაფი, გოგონამ დაიწყო დაკვრა და სიმღერა, ხუთიოდე მეტრის გასვლისთანავე ხიდან მოისმა მისუსტებული ხმა: „ ვერ წამოვალ, ვერა...“ აუ, სული უარს ამბობსო და ვინ საით გარბოდა, ჩონგური სად მოისროლეს და მამალი სად აკრიახდა, ეშმაკი თუ დაადგამდა თავს. ბონდოს ოინი როგორღაც გამჟღავნდა და სიძემ ორმოცამდე ძლივს შემოირიგა ნაწყენი სიდედრ-სიმამრი და ცოლი. ამ ოინს ის სიკეთე მოჰყოლია, რომ იმ სოფელში სულის მოყვანა იმ დღიდან მიატოვეს თურმე.... ამ ისტორიის მოგონებაზე ახლაც გამეცინა. რა ხანია ბონდო პაპაც, მისი მეუღლეც და თომაც იმ ქვეყანაში გაემგზავრნენ... ფიქრებს გავუტაცივარ, არც მიგრძვნია ისე გავყინულვარ. ნოჯიხურს, რომელიც ისევე ამაყად იდგა , როგორც იმ ორმოცდაექვსი წლის წინ, თვალი შევავლე , „ ეჰ, ახალგაზრდობავ!“, ჩავილაპარაკე და ბუხარს მივაშურე შეციებული ძვლების გასათბობად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. სასიამოვნო წასაკითხია... მართლაცდა რა უცნაური ტრადიციაა
სასიამოვნო წასაკითხია... მართლაცდა რა უცნაური ტრადიციაა
8. დაბადების დღეს გილოცავთ ქალბატონო მანანა. ბედნიერებას და სახელის უკვდავებას გისურვებთ.
ღრმა პატივისცემით,
დაბადების დღეს გილოცავთ ქალბატონო მანანა. ბედნიერებას და სახელის უკვდავებას გისურვებთ.
ღრმა პატივისცემით,
7. ყველას მადლობა ვინც წაიკითხეთ. არ მეგონა ახლაც ვინმე თუ გააკეთებდა ასეთ რამეს... მადლობა იასონ, გავითვალისწინე ნაწილობრივ :) ყველას მადლობა ვინც წაიკითხეთ. არ მეგონა ახლაც ვინმე თუ გააკეთებდა ასეთ რამეს... მადლობა იასონ, გავითვალისწინე ნაწილობრივ :)
6. რამდენი რამ მეცნო...:) რამდენი რამ მეცნო...:)
5. მიყვარს ასეთი ამბების კითხვა და მოსმენა, თუმცა რამდენადაა ლიტერატურა - ეს კითხვა ყოველთვის დაისმება ასეთი ამბების მიმართ. უამრავი "თურმე" გაქვთ გამოყენებული. მშვიდად შეგიძლიათ ამოიღოთ ყველა.
მიყვარს ასეთი ამბების კითხვა და მოსმენა, თუმცა რამდენადაა ლიტერატურა - ეს კითხვა ყოველთვის დაისმება ასეთი ამბების მიმართ. უამრავი "თურმე" გაქვთ გამოყენებული. მშვიდად შეგიძლიათ ამოიღოთ ყველა.
4. საინტერესო იყო. საოცარია ეს საქართველო, თავისი ჭკვიანი ადამიანებით რომლებიც ასეთ ტრადიციებს ამკვიდრებდნენ და რომელთაც ჩვენამდე მოიტანეს ისინი და ამამსვე გვაკისრებენ ჩვენც, რომ, ისინი არ უნდა დაიკარგოს და გადავცეთ მომავალ თაობებს, რადგან ძვირფასეულობას გავს, საგანძურივითაა ისინი ჩვენთვის, რომლებიც დასაკარგად არ გვემეტება და ჩვენთან ერთად ბერდებიან და ჩვენს მემკვიდრეებთან ერთად იბადებიან მრავალლჯერ და იზრდებიან და ასე მუდმივონის კანონს ემორჩილებიან, რაც კარგია, რაც ჩვენია, ჩვენი მემკვიდრეებისაა და ა.. შ.
ნ ე ქ ტ ა რ ი. საინტერესო იყო. საოცარია ეს საქართველო, თავისი ჭკვიანი ადამიანებით რომლებიც ასეთ ტრადიციებს ამკვიდრებდნენ და რომელთაც ჩვენამდე მოიტანეს ისინი და ამამსვე გვაკისრებენ ჩვენც, რომ, ისინი არ უნდა დაიკარგოს და გადავცეთ მომავალ თაობებს, რადგან ძვირფასეულობას გავს, საგანძურივითაა ისინი ჩვენთვის, რომლებიც დასაკარგად არ გვემეტება და ჩვენთან ერთად ბერდებიან და ჩვენს მემკვიდრეებთან ერთად იბადებიან მრავალლჯერ და იზრდებიან და ასე მუდმივონის კანონს ემორჩილებიან, რაც კარგია, რაც ჩვენია, ჩვენი მემკვიდრეებისაა და ა.. შ.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. ახლაც არის ეს ტრადიცია, ზუსტად გუშინ მიამბო ჩემმა თანამშრომელმა, მოსკოვის გარეუბანში დედამისი რომ გარდაიცვალა ავტოავარიაში, ეგ ტრადიცია გამოიყენეს და მოსკოვის ბინამდე მიიტანეს ძაფი. ახლაც უკვირს დალის, ან პოლიციამ როგორ არ გაგვაჩერა, ან ეგ ძაფი ამხელა მანძილზე როგორ არ გაწყდაო. მე არ ვიცოდი ამ ტრადიციის შესახებ, სიმართლე გითხრათ თავზარი დამეცა... ძალიან იმოქმედა, ძალიან.
ახლაც არის ეს ტრადიცია, ზუსტად გუშინ მიამბო ჩემმა თანამშრომელმა, მოსკოვის გარეუბანში დედამისი რომ გარდაიცვალა ავტოავარიაში, ეგ ტრადიცია გამოიყენეს და მოსკოვის ბინამდე მიიტანეს ძაფი. ახლაც უკვირს დალის, ან პოლიციამ როგორ არ გაგვაჩერა, ან ეგ ძაფი ამხელა მანძილზე როგორ არ გაწყდაო. მე არ ვიცოდი ამ ტრადიციის შესახებ, სიმართლე გითხრათ თავზარი დამეცა... ძალიან იმოქმედა, ძალიან.
2. შეიძლება სვანებსაც ქონდათ, მაგრამ სამეგრელოშიც იყო ეს ტრადიცია თითქმის 70-იან წლებამდე. შეიძლება სვანებსაც ქონდათ, მაგრამ სამეგრელოშიც იყო ეს ტრადიცია თითქმის 70-იან წლებამდე.
1. "( ძველად სამეგრელოში ერთი უცნაური ტრადიცია არსებობდა, თუ ვინმე ეზოს გრეთ მოკვდებოდა, კოჭის თეთრი ძაფით, მამლის და ჩონგურზე სიმღერის თანხლებით მოაბრძანებდნენ შინ. იქიდან ძაფს ჭიმავდნენ სახლამდე, რომ სულს გზა არ აბნეოდა"
მე მეგონა სვანებს ქონდა ეგ ტრადიცია...:) "( ძველად სამეგრელოში ერთი უცნაური ტრადიცია არსებობდა, თუ ვინმე ეზოს გრეთ მოკვდებოდა, კოჭის თეთრი ძაფით, მამლის და ჩონგურზე სიმღერის თანხლებით მოაბრძანებდნენ შინ. იქიდან ძაფს ჭიმავდნენ სახლამდე, რომ სულს გზა არ აბნეოდა"
მე მეგონა სვანებს ქონდა ეგ ტრადიცია...:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|