ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მარი მილე
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2016


უცნობების შესახებ

რომ დავინახე, მაშინვე გავიფიქრე: ეს ის ადამიანი უნდა იყოს ნამდვილად რომ გამიგებს და სულიერ მეგობრად მომევლინება-მეთქი. რამ გაფიქრებინაო, იკითხავთ, მაგრამ ჩემ პასუხს ტყუილად დაელოდებით. არაფერი ყოფილა განსაკუთრებული ამაში. ყველა ადამიანს ასე ემართება. თავი გამორჩეულები გვგონია და ვფიქრობთ, ვიღაც, ყველასგან განსხვავებული, აუცილებლად უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრბეის სტუმარი. მე მაშინ ვთვლიდი, მართლაც განსაკუთრებული ვიყავი და დედამიწაზე ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანი არსად მოიძებნებოდა.
ისიც განსაკუთრებული იყო.
დიდხანს ვიფიქრე როგორ გამეცნო და ბოლოს, როცა მიმავიწყდა კიდეც, თვითონ მოვიდა ჩემთან.
როცა დამელაპარაკა, მივხვდი განსაკუთრებული მართლაც იყო და კიდევ უფრო მომინდა ჩემი მეგობარი გამხდარიყო. სულ ცოტა ხნით მაინც, რადგან როცა მისნაირ ადამიანს უმეგობრდები, შენი ცხოვრება ფილმის ისტორიას ემსგავსება. შემდეგ როცა იხსენებ, მოგონებები უსაზღვროდ ბედნიერსა და თავდაჯერებულს გხდის. უცნაური სიამოვნებაა, არავის რომ არ უნდა გაუნაწილო. მხოლოდ ღამე, სიზმრებში ცალი ფეხი რომ გაქვს გადაბიჯებული, გაიხსენებ ხოლმე და სევდანარევ კმაყოფილებას იგრძნობ საკუთარი თავის მიმართ.
-კარგი წიგნია, თავიდან არ მომეწონა, ბოლოსკენ უკეთესი ხდება-გაუბედავად ლაპარაკობდა, დაბნეულიც კი ჩანდა.
-წიგნის მოსაწყენი ნაწილები უფრო საინტერესოდ წასაკითხი არის ხოლმე-ვუპასუხე და გამეღიმა. პასუხზე არ დავფიქრებულვარ, რამდენიმე წუთის წინ ვმსჯელობდი ამ საკითხზე საკუთარ თავთან და უკვე ჩამოყალიბებული თეორიები მქონდა.
-საინტერესო რაღაც თქვი ახლა-გაეღიმა და მეორე ყურსასმენიც მოიძრო.
-შენ რას კითხულობ?
-„The Notebooks of André Walter“
-არ მსმენია, თუ მოგეწონა მათხოვე.
თვალები მოეჭუტა უხერხულობისგან, სახეს მარიდებდა. მისი ქცევები ნელ-ნელა მოსაწყენი და ჩვეულებრივი გახდა. თმაზე ატმის სუნი ასდიოდა. თითები უშნოდ წვრილი მეჩვენა, ტუჩები დამსკდარი. ფილმის გმირს კი მაგონებდა მაინც და მეგობრობის სურვილიც ჯერ კიდევ მქონდა. უცნაურად საუბრობდა, წყვეტილად. ხმა ეხლიჩებოდა სიტყვებს შორის და წიგნის ფურცლებს ნერვიულად ათამაშებდა.
-არ მომწონს, მოსაწყენია.
-მაშინ შეგიძლია ახლავე მათხოვო-მეთქი ვუთხარი და ისევ გამეღიმა. ამჯერად მისი ცივი მზერაც დავაინახე. სულ არაფერს რომ არ გულისხმობს ისეთი. მხოლოდ გიმზერს, შუშის მეორე მხრიდან, ცარიელი და უსიტყვო თვალებით. მოსაწყენი წიგნივით უფრო საინტერესოდ მომეჩვენა. მის თვალებს მხოლოდ ის ფუნქცია ჰქონდა: ნივთები ერთმანეთისაგან გაერჩია და არაფერი ეგრძნო მათ მიმართ.
მე გული დამწყდა. მაინც უკმაყოფილების სევდამ შემიპყრო. მეგონა თავს მარიდებდა, სახეს მაქცევდა, მის თვალებში რამე რომ არ ამომეკითხა, მას კი თურმე დასამალი არაფერი აქვს და იმის ღირსადაც არ მთვლის, თვალი გამისწოროს.
წიგნი დაკეცა და გამომიწოდა-თუ გინდა გქონდეს. მაინც არ მინტერესებდა.
აი, ამას ჰქვია განცდათა სრული ამნეზია!
დათმო წიგნი, რომელსაც კითხულობ, ნიშნავს - დათმო მეგობარი, რომელსაც ჯერ არ დამეგობრებიხარ (უცნაურად ჟღერს). ჩემი მომავალი სულიერი მეგობარი იმდენად უსულოა, ჩემთან დამეგობრებასაც არასდროს არ ცდის, ან თუ სცადა მაშინვე დაავიწყდება საკუთარი მცდელობაც და მეც.
მე ვუყურებდი მას. როგორ წყვეტდა წინადადებებს და ფიქრიდან ფიქრში მიცურავდა. როგორ ებმოდა ხოლმე ენა, როცა საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა. როგორ დაუფიქრებლად არჩევდა თემას, და ხელით როგორ მანიშნებდა, შენს შეხედულებას არ ვიზიარებო. სულიერი მეგობრები არ არსებობენო მითხრა, როცა გადავწყვიტე მისი აზრი მომესმინა.
მე მეორეჯერ დამწყდა გული. მას-არა.
-იცი რას ნიშნავს იყო ვინმეს სულიერი მეგობარი? იმას რომ, მისი განცდები იმდენად გაინაწილო, საბოლოოდ პასუხისმგებელი გახდე მათზე. ეს კი იმას ნიშნავს, დაკარგო საკუთარი თავი, იმის გამო რომ პასუხისმგებლობა ორმაგად გამძიმებს. მე ვფიქრობ,საკუთარი თავიც რთული გასაგებია ჩვენთვის და სანამ სულიერ მეგობრობას დავიჩემებდეთ, ჯერ ჩვენი წილი პასუხსიმგებლობა აგვეღო თავზე.
-ვხედავ შენ მეტი გიფიქრია ამაზე-ვპასუხობ და ვიცინი. ვიცინი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ამეტიროს.
-მე ამაზე არასდროს მიფიქრია-მან მშვიდად და აუღელვებლად წარმოთქვა.ზუსტად ისე არაფერი რომ არ დგას მის უკან, არც იმედგაცრუება და არც რამის სურვილი. მხოლოდ ტუჩები და მათი ნელი მოძრაობა. თვალები შუშის ბურთულებივით უციმციმებდა.„მე არასდროს მიფიქრია ამაზე“-ბოლო წინადადება ცივად და მტკივნეულად გაისმა ოთახში. სასტიკადაც კი. ის ამაზე არასდროს იფიქრებს, დარწმუნებული ვარ, მართლაც რომ არ უფიქრია. ახლა არც არაფერზე ფიქრობს, მხოლოდ ლაპარაკობს, რასაც უნდა და როცა უნდა. მიყურებს მაშინ თუ სხეულმა უბიძგა ამისკენ ან თუ უკან გახედავს,  მაგიდასთან შეკრებილ უცნობებს. მე ღრმა და ცივ ნაპრალში ჩავვარდი. სრულიად უსგნო და არაფრის მთქმელი დიალოგის გამო. თვალები დამიმძიმდა და სხეული ქვასავით გამიმაგრდა. როცა ჯერ კიდევ სადღაც, ფიქრთა ნაცრისფერ ბინდში გახვეულ სივრცეს გავყურებდი, მისმა ხმამ გაიჟღერა
- რატომ არავის უყურებ თვალებში?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები