ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2016


ლილი

- შეხედე,  ამ უსირცხვილოს, როგორი თავაწეული მოდის!
- რატომაც არ აწევს თავს, სადარდებელი ვინ გაუჩინა? უნამუსოს და უსირცხვილოს რა აქვს სხვა საქმე ამ ქვეყანაზე, თუ არა ასწიოს თავი და იაროს ქუჩა-ქუჩა, სხვებს გაუმწაროს სიცოცხლე და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროს.
- ნახე, როგორი ურცხვი ღიმილი მიუტყვლეპებია სახეზე. გაჯობეთო, მოგიგეთო გვეუბნება, თქვე საკუთარი ცხოვრების წეს-ჩვეულებების და საზოგადოების მორალის ყურმოჭრილო მონებოვო.
- შეხედე ერთი, რამხელა ქუსლებზე წამოსკუპებულა ეს ბოროტების მაშხალა...
ასეთ დიალოგს თითქმის ყოველდღე გაიგონებდით ჩემი ძველი უბნის ეზოში, მაშინ როცა  ერთი სიმპატიური ქალბატონი ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ ასაკიანი ქალების გაცეცხლების და სიბრაზის მიზეზს. მათ გაბოროტებულ სახეებს, ბოღმიან თვალებს და შურიან გამოხედვას ეხლაც ვერ ჩავწვდი ბოლომდე. ისეთი საშინელი ნაოჭები უჩნდებოდათ ტუჩების და ცხვირის მოკუმვისგან, ცხვირსა და ლოყებს შორის რომ შეხედვა მზარავდა და ვერასდროს ვერ ვიტანდი, როცა დედა მათთან სასაუბროდ ჩერდებოდა ხოლმე სამსახურიდან მოსული. მე ხშირად დავყავდი დედას თან ავადმყოფობის გამო და სულ კაბაზე ვექაჩებოდი, იმ ჭორიკნებთან რომ არ გაება ბაასი. არა, ბაასი ძალიან ლამაზი სიტყვაა იმის აღსაწერად, როგორც ის ქალები საუბრობდნენ . საკუთარ თავზე არასდროს ყვებოდნენ არაფერს_ასეთი შეგრძნება მრჩებოდა მე მაშინ, რომ საკუთარი ცხოვრება არც გააჩნდათ.
როგორც გითხარით დედა ხშირად დამატარებდა სამსახურში. ხან მამას დავყვებოდი, როცა დედას ვერ მივყავდი თავისთან. მიყვარდა მათ სამსახურში ყოფნა და ხშირად ავად გახდომა მარტო მაგიტომ მიხაროდა. ავადყოფნის ცუდ შეგრძნებებს მათთან სამსახურებში ყოფნის სიამოვნება ჯაბნიდა. სახლში დამტოვებელი არავინ იყო _ბებო-პაპებიც მუშაობდნენ, უბანშიც ახალი გადმოსულები ვიყავით და კარგად არავის ვიცნობდით.
ერთხელ, მე და დედა სახლში მარტო ვიყავით, მამას დილიდან ლექციები ქონდა და ადრევე გაიქცა სამსახურში. მე მაღალი სიცხე მქონდა ყელის გამო და ლოგინში ვიწექი ჩემს საყვარელ მაშოსთან (ბებოს ნაჩუქარი წითელკაბიანი თოჯინა) ერთად და უგემურად ვწრუპავდი ჟოლოიან  ჩაის. დედას ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს რომ გასაქცევი იყო რაღაც საქმეზე. ტელეფონის ყურმილი დადებული არ ქონდა, როცა კარზე კაკუნი მოგვესმა. ზარი რომ არ დარეკეს გაუკვირდა, გაიხედა ჭუჭრუტანიდან და ურდულის ჯაჭვი გადარაზული დატოვა, ისე გაიჭვრიტა კარებსა და კედელს შორის დარჩენილი ადგილიდან. გარეთ მეზობელი ქალის გულიდან ამოსული ხმა მოისმა.
- გამარჯობა! მე მეხუთე სართულის მეზობელი ვარ, ლილი!
- სასიამოვნოა, ნონა!
- თქვენს აივანზე კაბა ჩამომივარდა და თუ არ შეწუხდებით, მომაწოდეთ ან მე თვითონ ავიღებ!
- ახლავე - უპასუხა  დედამ და აივანზა გავარდა, გამოიხსნა ქარისაგან სარეცხის თოკებში გადახლართული შავი კაბა და დაუბრუნა პატრონს.
- დიდი მადლობა! გამიმართლა სახლში რომ დამიხვდით. ვფიქრობდი სამსახურში იქნებიან და ჩემს საყვარელ კაბას ქარი გაიტაცებსთქო. არ მუშაობთ დღეს?
- გოგონა მყავს ცუდად. ახლა დამირეკეს, გასაქცევი ვარ სამსაახურის საქმეზე, არადა ამ ქარში ბავშვი როგორ ვატარო არ ვიცი.
- ვერავის დაუტოვებთ?
- არავის ვიცნობ აქ, ახლები ვართ...
- მე დავიტოვებ, თუ რა თქმა უნდა მენდობით. გინდათ თქვენს სახლში დავრჩები, თუმცა... ჯობია ჩემთან ავიყვანო. თქვენს ზემოთ ვარ, უი , ხომ გითხარით უკვე...
- არც კი ვიცი, არ მინდა შეგაწუხოთ და მაინც, ვერ გეტყვით უარს ამ სიკეთეზე.
- რას ამბობთ. ძალიან მიყვარს ბავშვები. თბილად ჩააცვით, დივანზე დავსვამ და პლედს შემოვახურებ. მგონი არ მოიწყენს ჩემთან. თუ არაა ნასადილევი, ახლა უნდა ვისადილო და მასაც გავუმასპინძლდები.
დედამ კარებიდან გადმომხედა, თითქოს აზრს მეკითხებოდა. შემოიპატიჟა უნებლიე სტუმარი და გამამზადა ჩასაბარებლად.
ტემპერატურა თითქმის დაწეული მქონდა. ტყემლის ტყლაპი ჩამიდო პირში დედამ და ჩამკოცნა.
ასე აღმოვჩნდი ლილისთან დივანზე. თვალზე მორიდების და დარცხვენის ლიბრგადაკრული, თმის ღერამდე შეფუთნული მაშინღა მოვედი გონზე, ლილიმ ლამაზ ვარდებიანი პლედი რომ მომახურა და შემიკეცა გვერდებზე. ისე სათუთად გააკეთა ეს, სუნთქვა შემეკრა და შეფარვით დავიწყე ოთახის დათვალიერება.
იატაკი, ჩვენი ახალი სახლისგან განსხვავებით საოცრად ბზინავდა, სარკესავით ირეკლავდა ნივთებს. დივნის პირდაპირ ანტიკვარული ლომის ფეხება კონსოლი იდგა. იმდენად დამაჯერებელი იყო ფეხების მოყვანილობა, მიუხედავად ფერისა და სიძველის, შეგრძნება დამეუფლა ზევით რომ ავიხედავდი ლომის ფაფარი იქნებოდა ზედ. თუმცა კონსოლზე, ლომის თავი არა და, ძველებური ტელეფონი კი იყო ლამაზად დადგმული. ტელეფონთან ჩინური ვაზა იდგა, რომელშიაც დიასახლისს თეთრი შროშანები მოეთავსებინა. არ ვიცი ხელოვნური იყო შროშანები  თუ არა, მაგრამ ცოცხალს ნამდვილად გავდა, სინაზით და სინატიფით. კონსოლის თავზე, კედელზე, ოვალური სარკე ეკიდა. სარკეში ირეკლებოდა ოთახის ლამაზ და რთულ ფორმებიანი შპალერი.
იმ დროს არ ვიცოდი რომ კონსოლზე ლამაზად დადგმული ვაზა ჩინური იყო, არც ის ვიცოდი მასში ჩალაგებულ ყვავილებს თუ შროშანები ერქვა, სამაგიეროდ ის შეგრძნება რაც მე იქ დამეუფლა ჯერაც არ გამოსულა ჩემი სისხლ-ხორციდან _ ისე სათუთად და კოხტად იყო ოთახი მოწყობილი, სიმყუდროვის და სიამის გრძნობა მომგვარა იქ ყოფნამ. ახლა, როცა მე თავად ვარ საკუთარი სახლის დიასახლისი, ვცდილობ მეც ლილისნაირად ლამაზად და ფაქიზად მოვაწყო სახლი, მაგრამ მგონია რომ ისე მაინც ვერ გამომდის, როგორც ჩემს მეზობელს გამოსდიოდა ეს საქმე.
კონსოლზე სურათების ჩარჩოებმა მიიპყრეს ჩემი ყურადღება. ჩარჩოები ძალიან ლამაზი და რთული ფორმისა და  ფერის იყო. ლილის ისინი არასიმეტრიულად, ქაოსურად განელაგებინა ზედაპირზე. ჩარჩოების მერე დავაკვირდი მათში ჩასმულ შავთეთრ სურათებს. ერთიდან ლილი იყურებოდა ღიმილიანი და სევდიანი, მეორეში_ერთობლივი სურათი იდო, რომელშიაც ვინ ვინ იყო ვერ გავარკვიე დივნიდან. მერე კი... მერე სხვა სურათები ვეღარ დავიმახსოვრე, მხოლოდ ერთზე შევჩერდი და გავიყინე, მეუცხოვა, მეუცნაურა, შიში და განცვიფრება, სევდა და აღფრთოვანება ერთდროულად  დამეუფლა.
ამ სურათზე თვალდახუჭული ლამაზი გოგონა იყო გამოსახული.
გოგონას  საოცარი, კოპწია კაბა ეცვა. თმა კულულებად ჩამოშლოდა და პაწია მხრებზე ეყარა ღია ფერის დალალები. თავის უკნიდან ორი პატარა ბაფთა მოსჩანდა . გოგონა დივანზე იჯდა, ასე ორი წლის იქნებოდა ალბათ და ხელები ერთად შეკრული მუხლებზე დაეწყო. ვერ მივხვდი რა ხდბეოდა ამ სურათზე. ისეთი საყვარელი ბავშვი იყო, პაწუა ცხვირით, ბაფთის ფორმის ტუჩებით და ისევ და ისევ დახუჭული თვალებით. ალბათ კიდევ დიდი ხანი ვიქნებოდი ასეთ უგონო მდგომარეობაში, რომ არა დიასახლისის ხმა_ხომ არ ქცივა?
ძლივს ამოვილუღლუღე:- არა!
ისევ წუილით დაჰქროლა ქარმა და აივნის კარებისკენ მიმახედა. აივნის კარს  ზურმუხტისფერი სქელი ფარდა ფარავდა. მერეღა მივხვდი ოთახში ელექტრონათურის ჩართვის მიზეზს. ქარიანი ამინდი კი იყო მაგრამ გარეთ არ ბნელოდა.
აივნის კარის მარცხნივ, ჩემის მხრიდან, კარადა იდგა, ჭერამდე აწვდილი, რომლის თაროები სხვადასხვა წიგნებით, ლამაზი ფაიფურის ფიგურებით  და თოჯინებით იყო ავსებული. ყველაფერი ისე ელაგა, თითქოს ყოველ ნივთს თავად მაღალმა ძალამ მოუვლინა ეს ადგილიო და ამ ადგილზე დებისთვის არის დაბადებულიო. 
მოპირდაპირე მხარეს კომოდი იყო, მუქი ფერის კომოდი, რომელზედაც პატარა წითელი ტელევიზორი იდგა. დივნამდე საჟურნალე მაგიდა ავსებდა სივრცეს, რომელიც პედანტურად დალაგებული ჟურნალებით იყო გაჭედილი.
მერე იმ დივანს დავაკვირდი, რომელზედაც ასე ჩუქჩასავით ჩაფუთნული ვიჯექი. მაშინღა შევამჩნიე გრძელი, ლიმნისფერი, იისფერი, ბრინჯაოსფერი და ზურმუხტისფერი ბალიშები. ხელით ვცადე შევხებოდი, მაგრამ გამიჭირდა, ისე ვიყავი შეფუთული.
შესასვლელ კართან პიანინო „ივერია“ იდგა . პიანინოზე დალაგებულ ნოტებს და მეტრონომს ვათვალიერებდი ლილი რომ ოთახში შემოვიდა. მაშინღა შევხედე დაკვირვებით ამ საოცარ, ნარნარა, გრაციოზულ და გაწონასწორებულ ქალბატონს. დამჭკნარი ვარდის ფერი კაბა ეცვა. დეკოლტეზე, სახელოების და კაბის ბოლოზე შავი არშია ჰქონდა შემოვლებული. დეკოლტე საკმაოდ ღრმა იყო და მისი ხორცსავსე მკერდი გემრიელად მოჩანდა. მისი მკერდის დეკოლტედან ამოზრდილი ზოლი დღესაც თვალწინ მიდგას. თხლად ეცვა, თბილოდა მის სახლში. ეს ის დრო იყო როცა ყველას სახლში იყო სითბო, მაგრამ არავისთან არ თბილოდა ისე, როგროც ლილის სახლში. თითქოს მხოლოდ რადიატორები კი არ ათბობდა ერთოთახიან ბინას, არამედ ყოველი ნივთი, ყოველი დეტალი ასხივებდა სითბოს.
ლილი მომიახლოვდა და დაიხარა. რაც მეტად იხრებოდა ჩემსკენ, მის ძუძუებს შორის გაწოლილი ზოლი, გველივით მიიწევდა კისრისაკენ. დიდი ლანგრით ჩაი  , თხლად დაჭრილი ლიმონი, რაღაც საოცრად გემრიელი კექსის ნაჭერი, ალუბლის მურაბა და  დაჭრილი ფორთოხალი მომიტანა.
- შენი სახელი რომ არ ვიცი ბაჭია!
- ბაია მქვია _ რატომღაც თამამად მივუგე, არ ვიცი რამ გამათამამა, ალბათ მისმა უშუალო და გულიდან ამოსულმა ხმამ.
- რა კარგი სახელია! ბარბარეს არავინ გეძახის?
- მხოლოდ ბებო.
- კარგი ბებო გყოლია, ბარბარე ბავშვების მფარველი წმინდანი იყო, არ გითხრეს?
- არა!
- ამის მერე იცოდე და თუ კი რაიმე ძალიან, ძალიან მოგინდება, ცაში აიხედე, რომელიმე ვარსკვლავი ამოირჩიე და წმინდა ბარბარეს შესთხოვე აგისრულოს.
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- მიირთვი!
პატარა ყავის მაგიდაზე გადმოალაგა ლანგრიდან ყველაფერი და ისევ სამზარეულოში გავიდა, თითქოს შემცივდა ოთახიდან მისი გასვლის შემდეგ.
ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ დღესაც დეტალებში მახსოვს ლილის სახლში ჩემი პირველად და უკანასკნელად ყოფნის წუთები.
მივირთვი ჩაი და უგემრიელესი ქიშმიშიანი კექსი. მერე ლილიმ სურათების ალბომი გამოიტანა და თავისი ახალგაზრდობის დროინდელი სურათები დამათვალიერებინა, თან საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა. ალბომის ყდაზე ძველებური სურათი ქონდა გაზეთიდან თუ ჟურნალიდან ამოჭრილი და მიკრული_ქალის, ბეწვიანი საყელოთი და სევდიანი ღიმილით. შეამჩნია ლილიმ ჩემი დაინტერესება და მომიყვა რომ ის ქალი ლუიზა (ლუი ანდრეასი ) იყო, ავსტრიელი პოეტის შეყვარებული, დიდი მოაზროვნე და უცნაური და ბევრისთვის  სასურველი ქალი.  დრო საღამომდე ისე გავიდა, ვერ შევამჩნიეთ. სანამ ვერთობოდით ასე, ვიღაცამ დაურეკა. ლილიმ უპასუხა რომ ბაია ყავდა სახლში (ბაია, უბრალო მეზობლის ბავშვი კი არა) და დროებით დაემშვიდობა.
დამიჯდა და თმა ჩამიწნა . გავიტრუნე და სანამ არ მორჩა ამ პროცესს, ხმა არ ამომიღია სიამოვნებისგან. თითები კი არა ჯადოსნური საცეცები ქონდა, შეხებისას საამო ჟრუანტელს გვრიდა სხეულს.
კარზე დედამ რომ დარეკა, გული შემეკუმშა, არ მინდოდა დედასთან გაყოლა. დედას შეშფოთებული სახე ქონდა, საჩქაროდ გამომიყვანა სახლიდან. მე მივბურნდი და ლოყაზე ვაკოცე ლილის, მან საპასუხოდ გულში ჩამიკრა და ყურში ჩამჩურჩულა  რომ  მეოცნება, ბევრი, ბევრი მეოცნება.
ლილიმ როგორც კი კარი მიხურა, დედამ დამაბზრიალა, დამატრიალა და გამომკითხა დაწვრილებით ჩემი ლილისთან ყოფნის ყოველი დეტალი და ცოტა ამოისუნთქა, რომ გაიგო ლილი მთელი დღე მარტო იყო სახლში , ჩემთან ერთად.ჯერ კიბეებზე ჩასული არ ვიყავით დედამ გულში რომ  ჩამიკრა და  მაკოცა.
დასაძინებლად რომ დავწექი სახლში, მშობლების საუბარს მოვკარი ყური. ისინი ლილის და მის ცხოვრებას განიხილავდნენ. ეგონათ რომ უკვე მეძინა. დედა ყვებოდა, სახლში რომ ბრუნდებოდა როგორ შეხვდა  ჭორიკნების ბანდა, რომლებსაც უკითხავთ ბავშვი რა უყავიო და დედასაც ალალად გაუცია პასუხი_ლილისთან დავტოვეო. ამაზე ანთებულა ერთი მათგანი , გაგიჟდი ქალო, ბავშვის დაღუპვა გინდაო ?! დედასაც მეტი რა უნდოდა,  საწყალი ქალი მეხუთე სართულამდე  ამოუსუნთქავად ამოქანებულა.
მამამ იკითხა, რას ერჩიან ამ ქალსო და დედაჩემიც უყვებოდა მის ისტორიებს, როცა წამლებისგან მოთენთილს, ღრმად და ტკბილად ჩამეძინა.
სიზმარში ლილი ვნახე, კარგად მახსოვს. ჯერ 6 წლის არ ვიყავი და სკოლაში არ დავდიოდი, მაგრამ ემოციურ მომენტებს ცხოვრებაში თავიდანვე ადვილად ვიმახსოვრებდი და მერე მთელი ცხოვრება გამდევდა ასეთი გონებაში ამოკერებული მოგონებები.
ლილი ლოგინთან მეჯდა და შუბლზე მიალერსებდა თავისი ნატიფი თითებით, თმებს მიწევდა სახიდან... გავახილე თვალები და კარგად ვხედავდი ლილის კიდევ კარგა ხანი. მერე დედის განწირული ყვირილი მომესმა: ლევან, ექიმს გამოუძახე ლევან სასწრაფოდ, ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, მიშველე ლევან რამე!!!
ვცადე თვალებში ჩამოწოლილი ბინდი გამეფანტა და თავი წამოვწიე.... ეს დედა იყო, ჩემი ნონა დედიკო და არა ჩემი საიდუმლოებებით მოცული მეზობელი ლილი, რომელიც ასე უცებ და მოულოდნელად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი.
სანამ გავარკვევდი თუ ვინ იყო ჩემი საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი და ვინ მეფერებოდა, უნებლიედ წამომცდა ლილის სახელი და ეს იყო ბოლო რაც მახსოვს იმ დღიდან.
ჩემი სიცხე ლილისადმი გამოტანილ განაჩენად გადაიქცა. რა რთული არსებები ვართ ადამიანები, როცა შეგვიძლია ძალიან მარტივები და უბრალონი ვიყოთ. მეზობლების მიერ დედაჩემის გონებაში ჩაწვეთებული შხამი შეუდგა თავისი საქმის კეთებას. დედა საკუთარ დაუფიქრებელ საქცილს ათასგვარ გამართლებას უძებნიდა, მიუხედავად იმისა,რომ არავინ ტუქსავდა და არც არავინ საყვედურობდა. შხამი გაიხსნა შვილის ავადმყოფობაზე ფიქრში,  მთელს მის არსებას მოედო მოუღალავი ობობას ქსელივით და ამ ქსელში, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ევლო, ლილი და მისი მრავალჯერ გაკიცხულ-განკითხული ცხოვრება ეხვეოდა.
დილით ის მახსოვს რომ ვიღაცამ დააკაკუნა კარზე და მამამ რომ გაუღო კარები , ვიღაცის საამურმა ხმამ მე მიკითხა. მამამ გაბედა და შემოიპატიჟა, დედა ამ დროს აბაზანაში იყო. ლილის ჩემი აყვანა უნდოდა თავისთან და  რომ გაიგო მაღალი სიცხე მქონდა, შეწუხებული შემოვიდა. როგორც სიზმარში, ისე დამიჯდა საწოლთან (ჩემი საწოლი, ერთოთახიანის სივიწროვის გამო, საღამოობით გაშლილი კომპაქტური დივანიიყო) ისე გამიხარდა მისი დანახვა... ვერაფერმა , ვერც სიცხემ, ვერც დედაჩემის დაბრიალებულმა თვალებმა და ვერც ადამიანის ჯერ კარგად არ ცნობის კომპლექსმა ვერ შემაჩერა_წამოვიწიე წამებში და ლილის ყელზე შემოვეხვიე კაშნესავით. ლილის უხერხულობა არც კი უგრძვნია, საპასუხოდ ხელად მომხვია ხელი და ვიცი, ვიცი რომ თვალები მაგრად დახუჭა. მთელი ჩემი სხეული გრძნობდა მის მოხვევას, მის სუნთქვას. მასეთი თბილი ნახშირორჟანგი , მას შემდეგ არავის ცხვირიდან ამოსუნთქული არ მინახავს.
მამა იღიმებოდა და ბოდიშს უხდიდა ჩემი აბეზარობის გამო. დედა ლილის ხმა რომო გაუგია მაშინვე გამოვარდნილა აბაზანიდან და აშკარად გამოხატავდა დაუპატიჟებელი სტუმრისადმი უკმაყოფილობას. მამამ ვითომ ვერც შეამჩნია დედას გაცეცხლება და გაცოფება. ეს ერთ-ერთი უბედნიერესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ლილიმ წითელი ჩანთიდან გერმანული თოჯინა ამოიღო. თოჯინა ყუთში აღარ იჯდა, მაგრამ ყველაფერი ისე კარგად ქონდა შენახული_ფურფუშელებიანი კრემისფერი კაბა,  თეთრი ბაფთები და ლამაზად დავარცხნილი თმა. მითხრა რომ იმ თოჯინას ლელია ერქვა, რილკეს შეყვარებულს სწორედ ასე ეძახდნენ მოფერებითო. ის თოჯინა დღესაც მყავს, გადავარჩინე დედას დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად. ისეთი ისტერიკა დამემარტა, როცა ამ თოჯინის წართმევას აპირებდნენ, რომ შეეშინდათ  და დამიტოვეს ეს თოჯინა, რომლის მეტი ჩემს საწოლში არცერთი სხვა სათამაშო არ მოხვედრილა_არ ვიცი, რა მაგიური ძალა ქონდა ლილის, თუმცა ახლა ვხვდები რომ ეს ძალა მისი სითბო, მისი უშუალობა, უბრალოება და დიდი, უდიდესი კაცთმოყვარეობა იყო, რომელსაც ის დაუშურებლივ ასხივებდა 24 საათი და ყველა მიმართულებით.
დედას  ყავა მაშინვე გაუთავდა, როგორც კი მამამ ლილი ყავაზე მიიპატიჟა, გამოელია ხილი და სანოვაგე...
მიიხურა ლილიმ კარები და დედა ლამის ყელში წვდა მამას და დაუწყო დადანაშაულება იმაში, რაც მე არ შემიმჩნევია მამასთვის. გული მეტკინა, როცა გამოვიტანე სწორი დასკვნა_დედა ვერ იტანდა უკვე ლილის. დედას გონება უკვე მთლიანად გესლითა და შხამით იყო მოწამლული!
ისევ დედაჩემის და მამაჩემის ჩხუბიდან გავიგე მე, მაშინ 5 და ნახევარი წლის გოგონამ რომ ლილის ყველა ქმრიან ქალს ეშინოდა თურმე. ვისასაც მოისურვებს, იმ კაცს აცდუნებს, იმ კაცს ჩაიგდებს ხელშიო. მილიონერი საყავრლები ყავსო, რომლებიც არჩენენო.დედა ისტერიული სისწრაფიდ უყვებოდა მამას ლილის საყვარლების ამბებს, რომ ისინი ერთმანეთის არსებობის შესახებ ინფორმირებულები არიან ლილის მიერ და ერთმანეთში მეგობრობენ კიდეცო. მაშინ საყვარელი სულ სხვაგვარად მესმოდა და ამიტომ ლილი კიდევ უფრო ამაღლდა ჩემს თვალში : თუ ამდენ ადამიანს უყვარს და ამდენი უყვარს, როგორი კეთილი და მოსიყვარულე უნდა იყოს მეთქი, ვფიქრობდი.
შემდეგ დედაჩემის დაჟინებული თხოვნით და მოთხოვნით, მკაცრი თვალთვალი იყო დაწესებული ჩემზე_ლილის ახლოს არ უნდა გავკარებოდი.
გადიოდა წლები.
ჭორიკნები ისევ ჭორიკნობდნენ, კეთილები ისევ სიკეთეს იქმოდნენ, მე კი უკვე მცირე ეშმაკობების უფლებას ვაძლევდი საკუთარ თავს და ჩუმად ვახერხებდი ლილისთან შეხვედრებს. სკოლის ეზოსთან მხვდებოდა ხოლმე საღამოობით, როცა ცეკვიდან მოვდიოდი  და ათას რამეზე ვსაუბრობდით გზაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები