ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2016


ოდა მოსალოდნელ კულტურულ რევოლუციას

და მაშინ, როცა ჩვენ ყველანი ვწვებით ქვიშაზე
მოჩვენებითი კიდურების გამოსაშრობად,
შენ და ნაპირი ჩვეულებრივ თავებს იბავშვებთ,
მე და ტალღები უჩვეულოდ ვნათლავთ ბავშვობას.
ხშირად დგებიან მიქცევები, ოკეანეზე
გაფიქრება, ან დაეჭვება ზღვობაში ზოგად-
ად.
ქარისაგან შესაძლოა, თავსაც გაბეზრებთ,
ან გვეშინია, რომ გაბეზრებთ,
თავს ძალით ვზოგავთ...

რაც შეიძლება ახლა მოხდეს, იშვიათია,
ხდებოდეს ისეთ სამყაროში, სადაც ვართ ყველა.
გვაყვს ერთი პოეტ-მუსიკოსი, ანტიპათია
გამოიწვიოს მინდა თქვენში,
რადგან ვარდება
საკუთარ ნერვებნასაფუძვლებ სახურავიდან.
დრო ზოგჯერ ჩვენთვის შეუძლებელ ღიმილს გვავალებს.
ბევრს მოატყუებს ეს სიმაღლე - როგორ ავიდა
ეს მათხოვარი აქამდეო, იტყვის მავანი...

დაქსელილია აქ ქუჩები, როგორც ჰამაკი,
(ლექსშიც სხვადასხვა ხასიათი არის მორიგე).
არავინ გიშლით, ბატონებო, ასეც განაგრძეთ
თამაში, სადაც ვერასოდეს თქვენ ვერ მოიგებთ...
ვგავარ მუშტდარტყმულ მოზაიკას, როცა გიყურებ...
ახლაც რამდენი ვერ გაიგებს დანტეს, ვილიამს..
მეყოფა, დიდო მკითხველებო, რაც ლოგიკური
და მემარჯვენე აზროვნებით დაწერილია.
ვირჩევ ერთადერთ მელოდიას, რომ უფრო მდორედ
გიამბოთ ჩემი პოეზია, წარმოიდგინეთ
ეს ყველაფერი კარგა ხნის წინ დრომ გვისახსოვრა,
უბრალოდ უნდა ვარაკურსოთ ბევრი-იგივე,
ფორმით, და ვერა შინაარსით, ასეც გამოვა,
(არასდროს ისე არ მცივდება, როგორც შენიდან
სახლამდე, სახლშიც, ამ ოთახშიც, ამის გამოა
ხშირად უაზროდ ვიმიზეზებ გოგოლის კითხვას,
ან რომელიმე ცნობიერად ახლო,
ვთქვათ
ნიცშეს
შესახებ რაღაც ისტორიებს.
მსურს, რომ გიამბო,
შიზოიდური გონებების წყალობით „გიჟებს“
რომ ეძახიან, მეც მათ ვგავარ.
და ეს იამბი
ვარდება, როგორც კაცი
თავის ერთსართულიან
სახლიდან, სადაც არაფერი იყო პირადი.
ყოფილა დრო, როს შენით მთვრალსაც დიდხანს უვლია,
ახლა მასშიც თოვს ლირიკული დეგრადირება.
და არაფერს არ გამოვრიცხავთ ახლა იმდენად,
შენც შესაძლოა უძილობას ებრძვი და ნატრობ
კაცობრიობის ფინანსურად გაღარიბებას,
ღმერთმა ისევ რომ გაამდიდროს ამ მარტოობით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები