ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2016


თოფ-იარაღი ავისხი

თოფ-იარაღი ავისხი
მამულსა უნდა შველაო
აბა ქართველნო გამოდით
ერთად დადექით ყველაო
მტერი მოგვადგა კარზედა
სახლ-კარი გაგვითელაო
მტერი შეიქმნა ორგული
მუხანათი და მელაო
ან გამარჯვების ვიმღეროთ
ოდელა დელა დელაო
ან თუღა მაინც დავმარცხდით
იქმნა ჩვენზედა წყევლაო
მამული იხმობს საშველად
შესაწირავად გმირებსა
ვაჟკაცებს სახელოვანებს
მისთვისა ანატირებსა
საშველად ისა მოგვმართავს
მისგანვე დანაჭირებსა
ცხონდება ის ვინც ასრულებს
სიტყვასა დანაპირებსა
სიტყვის გამტეხსა ეშმაკი
გაცდუნებს,მიგიპირებსა
მართალს დაგლოცავს უფალი
არაფერს მიგიჭირვებსა
ომში წასული ვაჟკაცი
ბევრია დაკარგულიო
შერცხვენილები ნუ ვიყოთ
საფლავში დამარხულიო
ამას ეხლა დავინახავთ
ვის არ უყვარს მამულიო
ძახილს ვეღარ გაიგონებს
თუ ყური აქვს დახშულიო
ნურც შეშინდებით არ არის
ეს ქვეყნის აღსასრულიო
სიკეთის გამარჯვებაა
ბოროტის დასასრულიო
შეკრბით,შეერთდით ქართველნო
ვის მკერდშიაც ძგერს გულიო
ეს ჩვენი შენაწირები
ზეცამ მიიღოს სულიო

************************
მძიმე უღელი
გვაწევს მხრებზედა
ვინ ამოიყრის
ჯავრსა მტრებზედა
რად აღარ ძალგვიძს
სამშობლოს შველა
რა დაგვმართნია
დავდუმდით ყველა
რას ველოდებით
რად აღარ ვიბრძვით
როს მოდებული
ალისგან ვიწვით
ან რას გვიპირებს
დღეს მომავალი
ეკლიან გზებზე
ვართ მიმავალი
გზები გამოდგა
მძიმე სავალი
სიტყვა ერთია
საქმე მრავალი
გასჭირვებია
მშობელ ქვეყანას
ნუღარ მივსტირით
ძველ დროს,ძველ ხანას
მას მოგვიწოდებს
დიდი ილია
ის საქართველოს
ღვიძლი შვილია
ნუთუ არ არის
ჩვენში ქართველი
გაჰფანტოს ბნელი
შექმნას ნათელი
ბედმა გაგვწირა
თუ ასე წავხდით
რანი ვიყავით
და რანი გავხდით

**********************
მკერდიდან მოდუღს
სისხლი წითელი
არც სხვა რჯულის ვარ
გადამთიელი
გულში დამკოდეს
მეცა ლახვარი
უჩემოდ ომში
იბრძვის ლაშქარი
გამომიყვანეს
მიხმეს ბრძოლიდან
დაჭრილებს თვალი
მოვკარ შორიდან
სარეცელზე ვარ
და სიკვდილს ვებრძვი
ვფიქრობ სამშობლოს
რა პასუხს ვეტყვი
და ჩემი თავი
რისთვის გავწირე
მრავალი მტერი
ხმლითაც გავგმირე
ჩემს სამშობლოსა
მე თუ რა ვარგე
რა გავუკეთე
ანუ რა დავრგე
ვკვდები ფარ-ხმალი
ეხლა დავყარე
სამშობლოსათვის
სისხლი დავღვარე
ღმერთო მიიღე
ეს ჩემი სული
ვტოვებ სამშობლოს
და მიწუხს გული
ის თუ იცოცხლებს
ჩემის მოკვლითა
მაშინ მოვკვდები
ზეცას მოსვლითა
თავი ცოცხალი
ჩემი რად მინდა
სანთელი არის
სამშობლო წმინდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები