ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2016


ჩემი სიზმრებიდან

შენ შორს ხარ
და მერამდენედ გადმოგაცვი ჩემი სიზმარი,
როგორც შალის სვიტერი, ოღონდ გამეთბე.
იქნებ და სად ხარ...

რომ მოვყვე შენზე თვალები უნდა დავხუჭო.
ეს ქმედება თითქოს ჩემი გადარჩენის ერთგვარი გზაა და ვიწყებ ასე:

შენ მიწა ხარ, თიხა ხარ,
რადგან ერთხელაც ღმერთმა ამგვარად ბრძანა
და იქმენ.
ჩემი ამბავი სხვაა.
უნებლიე და შემთხვევითი  სიცოცხლე მერგო,
სურვილივით უცებ გავჩნდი.
მე მეშინოდა ყველაზე მსუბუქი წვიმის, ყველაზე სუსტი ქარის
და მიმიშინე.
ვითომ ჩემი მიწა იყავ, საკუთარი მიწური...
და ყველა შიში, ყველაფერი სხვა დანარჩენი
იქცა სისულელედ.

შემდეგი სცენა ასეთია:
არიან ქარები, ქარიშხლები და მიწისძვრები
და შენ მათ შორის,
ცდილობ იყო მყარი, ძველი პურივით რომ არ ჩამოგეფშვნე,
ცდილობ იყო ძლიერი.
შორს ხარ და მაინც მოდიხარ
ერთი მხრიდან ქარიშხალს, მეორე მხრიდან მიწისძვრას უძლებ,
რომ არ გადამიყოლონ
ყოველ ღამით ფხიზლობ, რადგან სხვანაირად არ შეგიძლია!

ამ დილით
ფანჯრის რაფასთან დატოვებულ ჩემს კენტ ფინჯან ყავას,
შოკოლადივით ჩამოადნა ცხელი მზე.
მე კი მოშორებით ვიდექი.
ვიდექი.
ვიდექი.

რომ მკითხო, რას გიპასუხებ...
რაღაცნაირო მიწურო,
ეს რაღაცნაირი სტიქიებიც სულ შემთხვევით მოგახდინე,
მთელი თავისი ქარიშხლებითა და მიწისძვრებით,
როგორც წინა დღით კარგად გაუთოვებული პიჯაკი.
და რადგან მაინც არიან უხილავი ქარიშხლები და მიწისძვრები
არიან სიზმრებიც,
რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დღეს ზამთარივით გადავიტან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები