ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2016


///////////

აი, კიდევ ერთი დღის ბოლო,
დღის,  რომელიც უამრავის მსგავსი იყო,
თუ არ ჩავთვლით, რომ
ახლობლის სიკვდილი გაიგე...

თუმცა, რაღა დღის ბოლო,
როცა გათენებამდე სულ რამდენიმე საათია,
ზიხარ და ხვდები - დიდი არაფერი,
კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ამაოებას,
კიდევ ერთხელ დაეკიდა ბეწვზე ცხოვრება
ანუ ბეწვზე გადარჩი
და მაინც, ახლა რატომღაც ისე ხარ,
როგორც სიკვდილმისჯილი,
რომელიც საბოლოო სიტყვას თავს ვერ უყრის.

ბჟუტავს წარმოსახვითი სანთლის შუქი,
(რადგან ელექტროენერგიის განათება
ზედმეტად შეუსაბამოა დღის ამ მონაკვეთისა და
შენი მდგომარეობისთვის);
არა, რომანტიკა არაფერ შუაშია,
უბრალოდ ფიქრობ შენს გონებაში არსებულ
იდეალურ ცხოვრებაზე
და გჯერა, ის სადღაც არსებობს,
(რეალურის პარალელურად),
და თავისთვის, უდარდელად მიედინება.

რა იქნებოდა,
შენი ნადვილი, გარდაუვალი,
შეუქცევადი ცხოვრება
ოდნავ მაინც დამსგავსებოდა იმას,
შენს გონებაში არსებულ იდეალურს...
რა იქნებოდა, ყველგან, ყველასთან არ აგვიანებდე,
ცხოვრებას არ აგვიანებდე,
მომაკვდავებთან მაინც ასწრებდე
დასამშვიდობებლად მისვლას...
რა იქნებოდა, დღითიდღე არ ცოტავდებოდნენ
ახლობელი ადამიანები შენს გარშემო,
ან რა მოხდებოდა, მაგალითად,
ერთადერთი ყოფილიყო შენი სიყვარული,
პირველი და უკანასკნელი,
(როგორც სულ ოცნებობდი),
ვისთვისაც ასევე ერთადერთი,
პირველი და უკანასკნელი იქნებოდი...

მაგრამ  ამ ყველაფერზე
მხოლოდ წერა შეგიძლია,
თან ისე, რომ მხატვრულ ხერხებზე
ფიქრის თავიც არ გაქვს,
რადგან ამ შუაღამით,
როცა წარმოსახვითი სანთელი ბჟუტავს,
შენ მხოლოდ ვინმეს თვალებს ეძებ, ყურებს ეძებ...
ანუ შვებას ეძებ და მეტიც, ხსნას ეძებ და გადარჩენას.

ხვალ კი,
ყოველივე პათეტიკად მოგეჩვენება
და შეგრცხვება შენივე ტკივილის,
რომელიც სხვისთვის „ღობეს ჩხირი“ იქნება,
ისევე როგორც ალბათ შენთვისაც
ბევრჯერ ყოფილა სხვისი...

ახლა კი, ახლა უბრალოდ
ზიხარ და ხვდები - დიდი არაფერი,
კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ამაოებას,
კიდევ ერთხელ დაეკიდა ბეწვზე ცხოვრება
ანუ ბეწვზე გადარჩი...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები