ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ივნისი, 2016


გიორგი გურჯიევი საუბრები რეალური სამყაროდან

 

                    თარგმნა მერაბ ხერგიანმა

                         

                            თბილისი 1992




ორი მდინარე.

ნიუ-იორკი, 22 თებერვალი 1924

მართებული იქნებოდა თუ ადამიანის ცხოვრებას დიდ მდინარეს შევადარებდით, რომელიც სხვადასხვა წყაროებს შეიკრებს სათავეში და რომელიც შემდეგ ორ ნაწილად განტოტილი მიედინება. მდინარეს სიცოცხლეს ანიჭებს მასში არსებული ყოველი ცალკეული წვეთი. ეს ცალკეული წვეთები ავიღოთ როგორც ცალკეული ინდივიდები მთელ კაცობრიობაში.სამყაროში არსებული კანონით, ყოველივე არსებულის საერთო აქტუალიზაციისათვის ისეა დადგენილი, რომ ადამიანური სიცოცხლე ორ ნაკადად მიედინება.

დიადმა ბუნებამ წინასწარ განჭვრიტა და თანდათან დააფიქსირა კაცობრიობისათვის დამახასიათებელი ნიშანი, რომ თითოეულ წვეთში არსებობდეს შინაგანი სუბიექტური ,,ბრძოლა საკუთარ, უარმყოფელ ნაწილთან,“ რის შედეგადაც გამომუშავდება თვისება, უნარი, რომ სიცოცხლის მდინარის განტოტვის წინ ყოველი წვეთი გადავიდეს ამა თუ იმ ნაკადში.

ამრიგად, კაცობრიობის ცხოვრებაში არსებობს ორი მიმართულება: აქტიური და პასიური. კანონები კი საერთოა ყველგან. ეს ორი კანონი, ეს ორი ნაკადი ყოველთვის ხვდება ერთმანეთს, ხან გადაიკვეთებიან, ხანაც მათი მდინარება პარალელურია. ისინი ეხმარებიან ერთმანერთს, ისინი აუცილებელნი არიან ერთმანეთისათვის - მაგრამ ისინი არასოდეს არ ირევიან ერთმანეთში.

ეს ასე იყო და ასე დარჩება მარად. ახლა, ჩვეულებრივ ადამიანთა სიცოცხლე ერთად აღებული - შესაძლოა წარმოვიდგინოთ, როგორც ამ საერთო მდინარის ერთ-ერთი ტოტი, რომელშიც თითოეული ცალკეული ადამიანის თუ არსების სიცოცხლე წარმოდგენილია როგორც წვეთი მდინარეში, ხოლო მდინარე კი არის კოსმიური ჯაჭვის რგოლი.

საერთო კოსმიურ კანონებთან შესაბამისად, მდინარე მიედინება განსაზღვრული მიმართულებით, ყოველ მის მოსახვევებს, ტეხილებს, ცვლილებებს, გააჩნიათ გარკვეული მიზანი. ამ მიზნისათვის ყოველ წვეთს გააჩნია თავისი როლი, რადგან ის მდინარის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ თვითონ ამ წვეთებზე არ ვრცელდება თვითონ მდინარის, როგორც მთლიანობის კანონი. ცალკეული წვეთების მდგომარეობა, მიმართულება, არის და რჩება ამ საერთო კანონს მიღმა, ე.ი. შემთხვევითია. ერთ მომენტში წვეთი აქ არის, მეორე მომენტში - იქ. ახლა იგი ზედაპირზეა, შემდეგ მომენტში - ფსკერზე.

როგორც შემთხვევითია მისი ამოტივტივება, ასევე შემთხვევითია მისი სხვა წვეთებთან შეხვედრა თუ ჩაძირვა; ზოგჯერ მისი მოძრაობა არის ნელი, ხანაც მისი მოძრაობა არის სწრაფი. ადვილი ცხოვრება უწევს მას თუ ძნელი ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სად არის იგი. პირადად მისთვის არ არსებობს არც კანონი, არც პიროვნული ბედი. მხოლოდ მთლიან მდინარეს გააჩნია ბედი და ეს ბედი საერთოა ყოველი ცალკეული წვეთებისათვის. პირადი მწუხარება და სიხარული, ბედნიერება და ტკივილი იმავე ნაკადშია და ყველაფერი ეს არის შემთხვევითი.

მაგრამ პრინციპში, წვეთს შეუძლია ამ საერთო მდინარიდან განთავისუფლება და მეორე, მეზობელ ნაკადში გადახტომა.ესეც ბუნების კანონია, მაგრამ ამისათვის წვეთმა უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს მთელი მდინარის ინერცია და შემთხვევითი ბიძგები, რათა ზედაპირზე იყოს და ნაპირთან ახლოს ადგილებში, საიდანაც ადვილია მეორე ნაკადში გადახტომა. მან უნდა შეარჩიოს არა მხოლოდ სწორი ადგილი, არამედ შესაფერისი დროც. უნდა გამოიყენოს ჰაერის ნაკადები, და ა.შ. მაშინ წვეთისათვის შესაძლებელი გახდება წამოიმართოს შხეფებთან ერთად და გადახტეს მეორე მდინარეში.

იმ მომენტიდან, როდესაც წვეთი მეორე მდინარეში მოხვდება იგი უკვე სხვა სამყაროში, სხვა სიცოცხლეშია და ამიტომ სხვა კანონებში იმყოფება. ამ მეორე მდინარეში კანონი უკვე არსებობს ცალკეული წვეთებისთვის - ცვალებადი თანმიმდევრობის კანონი. ახლა წვეთი მწვერვალზე ადის ან ფსკერზე ეშვება, მაგრამ ეს უკვე ხდება კანონით და არა შემთხვევითობით. ზედაპირზე ამოსული წვეთი თანდათანობით მძიმდება და იძირება. სიღრმეში იგი კვლავ კარგავს სიმძიმეს და კვლავ ზედაპირზე ამოდის.

კარგია - როდესაც წვეთი ზედაპირზე ამოდის და ცუდი - როდესაც იგი იძირება. ეს დამოკიდებულია მის ხელოვნებაზე და მცდელობაზე. ამ მეორე მდინარეში არსებობს სხვადასხვა ნაკადები და აუცილებელია მოხდეს შესაფერის, საჭირო ნაკადში. წვეთმა რაც შეიძლება დიდხანს უნდა იცუროს ზედაპირზე რათა გამოიმუშაოს მეორე, საჭირო ნაკადში გადასვლის შესაძლებლობა.

მაგრამ ჩვენ პირველ მდინარეში ვიმყოფებით და სანამ ამ პასიურ დინებაში ვართ, მას შეუძლია წაგვიყვანოს იქ სადაც ნებავს. სანამ პასიურნი ვართ, ჩვენ მივექანებით შემთხვევითობის სტიქიურობას მინდობილნი. ჩვენ ვართ შემთხვევითობის მონები.

ამავე დროს ბუნებამ მოგვცა ამ შემთხვევითობიდან გათავისუფლების შესაძლებლობა, ამიტომ როდესაც განთავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვგულისხმობთ სწორედ მეორე, გვერდითა მდინარეში გადასვლას.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ასეთი ადვილი - თქვენ არ შეგიძლიათ გადახვიდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს თქვენი სურვილია. უცილებელია ძლიერი სურვილი და ხანგრძლივი მზადება ამისათვის. თქვენ უნდა განიცადოთ პირველ მდინარეში არსებულ ყოველგვარ მიზიდულობასთან გაიგივება. თქვენ უნდა მოკვდეთ ამ მდინარისთვის. ყველა რელიგია ლაპარაკობს ამ სიკვდილზე. ,,ვინც დაკარგოს თავი თვისი, - მან ჰპოვოს იგი.“

ამაში არ იგულისხმება ფიზიკური სიკვდილი. ამ რელიგიური სიკვდილის მერე არ არის აუცილებელი ხელახლა აღდგომა, რადგან თუ არსებობს სული და თუ კი ეს უკვდავია, მას შეუძლია მარტო დარჩეს, სხეულის გარეშე, რომლის დაკარგვსაც ჩვენ სიკვდილს ვეძახით. ხელახალი დაბადების მიზეზი კი ის არის, რომ განკითხვის დღეს უფლის წინაშე წარვსდგებით, როგორც ამას გვასწავლიან ეკლესიის მამები. ქრისტე და დანარჩენები ლაპარაკობენ სიკვდილზე, რომელიც ხდება სიცოცხლეში - ტირანის სიკვდილზე, საიდანაც მომდინარეობს ჩვენი მონობა, სიკვდილზე, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ საფუძველს ადამიანის განთავისუფლებისთვის.

ადამიანს, რომ შემოსძარცვნოდა ყველა თავისი ილუზიები და ყველაფერი, რაც ზღუდავს მას რეალობის დანახვაში, რომ დაეკარგა ყველა თავისი ინტერესი, ზრუნვა, თავისი მოლოდინი და იმედი - ყველა მისი მისწრაფება იავარქმნილი გახდებოდა. ცარიელი გახდებოდა მთელი მისი არსებობა, დარჩებოდა მხოლოდ თავისი ცარიელი სხეული, მხოლოდ ფიზიოლოგიური არსებობა.

ეს იქნებოდა ადამიანის პატარა ,,მე“ -ს სიკვდილი. ყველაფრის სიკვდილი, რისგანაც კი იგი შედგება. დაინგრეოდა მთელი სიცრუე, რაც დააგროვა ადამიანმა თავისი უმეცრობით და გამოუცდელობით. როგორც მასალა, ეს ყველაფერი დარჩებოდა მასში, მაგრამ უკვე არჩევანის შესაძლებლობას დამორჩილებული. მაშინ ადამიანს ექნებოდა ცნობიერი არჩევანის შესაძლებლობა და იგი აირჩევდა თავისი თავისთვის სწორ გზას. ეს არ იქნებოდა სხვათა მოწოდებაზე დამოკიდებული არჩევანი.

ეს ძნელია. არა, ეს სიტყვა - ძნელი, არ არის შესაფერისი. მაგრამ არც სიტყვა - შეუძლებელი, არის სწორი. რადგან პრინციპში ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის ათასჯერ უფრო ძნელი, ვიდრე ის, რომ ვინმე პატიოსანი შრომით გახდეს მულტიმილიონერი.

კითხვა: არსებობს ორი მდინარე, როგორ შეიძლება წვეთის ერთი მდინარიდან მეორე მდინარეში გადასვლა?

პასუხი: აუცილებელია გავიგოთ, რომ მხოლოდ მას შეუძლია გადასვლა, ვისაც გარდაქმნისათვის გააჩნია რეალური შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა დამოკიდებულია სურვილზე, ძალიან დიდ სურვილზე და ეს სურვილი უნდა მომდინარეობდეს არა ადამიანის პიროვნებიდან, არამედ ეს სურვილი უნდა იყოს ადამიანის არსის (არსების) სურვილი. თქვენთვის საჭიროა გაიგოთ, რომ ძალიან ძნელია საკუთარ თავთან იყოთ წრფელი. ადამიანს ძალიან აშინებს სინამდვილის დანახვა.

სიწრფელე არის სინდისის ფუნქცია და ყოველ ადამიანს გააჩნია სინდისი. ეს არის ნორმალური ადამიანური გრძნობების თვისება (ნიშანი). მაგრამ ცივილიზაციის მეოხებით ეს ფუნქცია გარსით დაიფარა და მუშაობა შეწყვიტა. განსკუთრებული ვითარებების გარდა, როდესაც ასოციაციები ძალიან ძლიერნი არიან. ამ შემთხვევაში იგი (სინდისი) მოქმედებს და მცირეოდენ ხანში ისევ ქრება. ასეთი მომენტები ხდებიან ძლიერ შოკის, დიდი მწუხარების ან წყენის შემთხვევებში. ამ დროს სინდისი აკავშირებს ადამიანის პიროვნებას და მისსავე არსებას, რომლებიც სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად ერთმანეთისგან გათიშულები არიან.

ეს საკითხი ორ მდინარეზე, მიმართულია არსებისაკენ. როგორც ყველა რეალური საგანი, თქვენი არსებობა უცვლელია; თქვენი პიროვნება - ეს არის თქვენი აღზრდა, თქვენი იდეები, თქვენი რწმენა - გარემოცვის მიერ მოტანილი საგნები, რომელთაც ჰპოვებთ ან კარგავთ. ამ საუბრების მიზანია, რომ მიიღოთ რაღაცა, რაც რეალური იქნება. მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად ამ საკითხის სერიოზულად განხილვისათვის. ჩვენ ჯერ უნდა ვიკითხოთ: როგორ უნდა მოვამზადო ჩემი თავი იმ დონემდე, რომ შემეძლოს ამ კითხვის დასმა?

მე მგონია, რომ თქვენი პიროვნების რაღაც დონემდე გაგებით თქვენ მიხვედით თქვენი ცხოვრების უკმაყოფილებამდე და იმედოვნებამდე, რომ შესაძლოა რაღაც უკეთესი ნახოთ. თქვენ გაქვთ აგრეთვე იმედი, რომ მე მოგიყვებით რაღაც ისეთს, რაც თქვენ არ იცით და რაც პირველ საჭირო ნაბიჯს გადაგადგმევინებთ.

შეეცადეთ გაიგოთ, რომ ის, რასაც თქვენ ჩვეულებრივ ,,მე”- ს უწოდებთ, ეს არ არის ,,მე”. არსებობს მრავალი “მე” და თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი სურვილები გააჩნია, ეცადეთ შეამოწმოთ ეს.

თქვენ გსურთ გარდაიქმნათ, მაგრამ იგივე სურს თქვენში არსებულ თითოეულ ნაწილსაც? ამ თქვენს ნაწილებს სურთ უამრავი რამ, მაგრამ მათგან რეალობას ერთადერთი ნაწილიღა შეადგენს. შეეცადეთ გულწრფელი იყოთ საკუთარ თავთან.

სიწრფელე - აი გასაღები, რომლითაც გააღებთ კარებს და ამ ღია კარებს მიღმა თქვენ დაინახავთ თქვენს საკუთარ ნაწილებს და დაინახავთ რაღაცას, - ჯერაც არნახულს. მაგრამ ეს არ უნდა მოგწყინდეთ; ეცადეთ მუდამ გულწრფელი იყოთ. ყოველდღიურად თქვენ იკეთებთ ნიღაბს, მაგრამ საჭიროა, რომ იგი ნელ-ნელა მოიშოროთ. უნდა გაიგოთ ერთი რამ; ადამიანს არ შეუძლია თავისი თავი გაათავისუფლოს; მას არ შეუძლია თავის თავს მუდმივად აკვირდებოდეს. შესაძლოა მას ეს ხუთი წუთის განმავლობაში შეეძლოს, მაგრამ იმისთვის, რომ თავისი თავი ნამდვილად იცოდეს, მან უნდა დაინახოს, როგორ დახარჯა მთელი დღე.

ასევე, უნდა გაიგოთ, რომ ადამიანს მხოლოდ მიჩვეული საგნების მიმართ შეუძლია ყურადღების გამოჩენა და იგი ყოველთვის ვერ ამჩნევს ახალ საგანს. ზოგჯერ ხდება და ადამიანი შემთხვევით აღმოჩენას აკეთებს. შემდეგ მას შეუძლია ეს აღმოჩენილი ხელახლა დაინახოს. ეს თავისებურება არსებობს: როდესაც ადამიანი თავის თავში რაღაცას დაინახავს, მას შეუძლია კვლავ დაინახოს იგივე. მაგრამ ადამიანი მექანიკურია და იგი ახალს მეტწილად ძველებურად უყურებს.

მაგალითად, თქვენ დაინახეთ რაღაც ახალი და შეიქმენით შთაბეჭდილება მასზე, შემდეგ კი როდესაც კვლავ შეხვდებით იგივეს, მას იმავე, ძველი შთაბეჭდილებით აღიქვამთ მიუხედავად იმისა, რომ ეს შთაბეჭდილება შესაძლოა არც წარმოადგენს სიმართლეს. ანდა, თქვენ გაიგეთ რაღაცა ვიღაცაზე უფრო ადრე, ვიდრე შეხვდებოდით მას. ახლაც, თქვენ იქმნით მასზე სახებას (ხატს) და როდესაც მართლა შეხვდებით, თქვენ აფასებთ ორიგინალს ისე, როგორც თქვენს არარეალურ სახეში წარმოიდგინეთ. ჩვენ არასდროს არ ვხედავთ იმას, რასაც ვუყურებთ.

ადამიანი არის პიროვნება, რომელიც სავსეა წინარე რწმენებით. არსებობს წინდარწმუნების ორი სახე: პიროვნების წინდარწმუნებულობა და არსების წინდარწმუნებულობა. ადამიანმა არ იცის არაფერი. იგი დამორჩილებულია გარეგან ძალებს და სწამს მათი. ჩვენ არ ვიცით არაფერი, ჩვენ არ შეგვიძლია განვასხვაოთ, როდის ლაპარაკობს ადამიანი საგანზე, რომელიც ნამდვილად იცის და როდის ლაპარაკობს იგი სისულელეს. ჩვენ ვიჯერებთ ყველაფერს. ჩვენ არ გაგვაჩნია ჩვენში არაფერი. ყველაფერი რაც ჯიბეში ჩავილაგეთ - ეს არ არის ჩვენი საკუთარი, ხოლო გარედან მიღებული კი არ გვეკუთვნის ჩვენ.

ჩვენი არსება არის ცარიელი. რადგან ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ არ შეგვიძენია არაფერი, თუ იშვიათად და შემთხვევით თავისით არ შემოვიდა რამე.შესაძლებელია ჩვენს პიროვნებას 20 ან 30 შეძენილი იდეა გააჩნდეს, მაგრამ ჩვენ დაგვავიწყდა საიდან მივიღეთ ისინი და როდესაც ცხოვრებაში ერთ-ერთ ამ იდეათაგანის მსგავს რამეს შევეჩეხებით, გვგონია, რომ გავერკვიეთ ამაში, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი გონების აბსტრაქტული ანაბეჭდია და არა სინამდვილე. ჩვენ ვართ ნამდვილი მონები და ჩენში არსებულ ერთ წინადარწმუნებას მეორეს ვუპირისპირებთ.

იგივე უნდა ითქვას არსების შთაბეჭდილებებზე, როგორც პიროვნების შემთხვევაში ისინიც მექანიკურად შეძენილნი არიანახლა რაც შეეხება კითხვას, - მე ვიტყოდი შემდეგნაირად: დავუშვათ შევხვდით მასწავლებელს, რომელიც რეალურ ცხოვრებას ფლობს, რომელსაც სურს დაგეხმაროთ და თქვენც გსურთ, რომ ისწავლოთ - მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, მას არ შეუძლია ნამდვილად დაგეხმაროთ. მას შეუძლია დაგეხმაროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ს წ ო რ ა დ გსურთ. თავიდან თქვენს მიზანსაც ეს - ს წ ო რ ა დ ს უ რ ვ ი ლ ი უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ მიზანი იმყოფება ძალიან შორს - აუცილებელია მოინახოს ის, რაც მიგიყვანთ ამ მიზანთან, ანდა ყოველშემთხვევაში, რაც მიგაახლოვებთ ამ მიზანს. ამდენად, მიზანი უნდა იყოს ის, რომ სურვილის უნარი მოიპოვოთ., მაგრამ ამას მოიპოვებს მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც შეიცნო თავისი არსება.

მე შემიძლია რჩევები მოგცეთ, მაგრამ ეს არ შეიძლება დაგეხმაროთ, ისევე როგორც ინსტიტუტს არ შეუძლია ეს. მას შეუძლია დაგეხმაროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გზაზე დგახართ, მაგრამ თქვენ არ დგახართ გზაზე.

პირველ რიგში უნდა გადაწყვითოთ, დაადგეთ გზას თუ არ უნდა დაადეგთ. თუ სერიოზულად ფიქრობთ ამაზე, მაშინ უნდა შეიცვალოთ თქვენი თვალსაზრისები, უნდა შეძლოთ თვისობრივად ახლებური ფიქრი და ამ გზით მიაგნოთ თქვენთვის შესაფერის მიზანს. მარტოხელა ადამიანი ამას ვერ შეძლებს და საჭიროა მეგობარს მოვუხმოთ, რომელსაც შეუძლია დახმარება. დახმარება კი ყველას შეუძლია, მაგრამ განსაკუთრებით ორ მეგობარს შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთს ურთიერთობის ღირებულებათა დაფასებაში.

ძალიან ძნელია ერთბაშად ყოველივეში წრფელი გახდე, მაგრამ თუ ცდილობ, მაშინ შესაძლებელი ხდება, რომ თანდათან მეტსა და მეტ სიწრფელეში შეხვიდე. თუ გულწრფელი იქნებით, მე შემიძლია დაგანახოთ საგნები, რომლებიც შეგაშინებენ და თქვენ დაინახავთ რა არის თქვენთვის აუცილებელი და სასარგებლო. თქვენში არსებულ ღირებულებებს რეალურად შეუძლიათ შეიცვალონ. თქვენ გონებასაც შეუძლია ყოველდღიურად შეიცვალოს, მხოლოდ თქვენი არსება რჩება ისეთი, როგორიც არის.

მაგრამ იცოდეთ, რომ დიდი რისკი არსებობს. ადამიანის პირველი მოსამზადებელი მცდელობებიც კი, რომ ცნობიერება თავისკენ მიმართოს, უკვე იწვევს პირველ შედეგებს. ადამიანმა თავისი არსებით დრო და დრო შესაძლოა იგრძნოს რაღაცა, რაც ძალიან ცუდია მისთვის, ყოველშემთხვევაში რაღაცა მაინც, რაც არღვევს მისი გონების სიმშვიდეს.

ადამიანმა იგემა რაღაც ახლის და უჩვეულოს გემო, რასაც იგი უკვე ვერ დაივიწყებს და რაც ძლიერი იქნება ამის განცდა, მით უფრო ძლიერი იქნება ასოციაციების აქტიურობა; ისინი ეცდებიან კიდევ და კიდევ გაიხსენონ განცდილი, გაამარადიულონ, და როდესაც ეს გემო ხდება ინტესიური, თქვენ ხან ერთ ადგილზე იქნებით, ხან მეორეზე. ეს ნიშნავს, რომ დაკარგავთ ჩვეულ სიმშვიდეს.

ეს კარგია, ასეთ ადამიანს რეალური შანსი გააჩნია გარდაქმნისთვის, მაგრამ უდიდესი უბედურებაა, როდესაც ადამიანი კარგავს ძველ, შეჩვეულ ადგილს, ახალს კი ვერ მოიპოვებს. ეს არის ყველაზე ცუდი მდგომარეობა - არც წყალი, არც ღვინო. ამას ვგულისხმობდი, როდესაც რისკი ვახსენე. სანამ ადგილის გამოცვლაზე იფიქრებდეთ, (ერთი მდინარიდან მეორეზე გადასვლაზე) მანამდე დიდი სერიოზულობით და ყურადღებით გაეცანით სკამებს. ბედნიერია ადამიანი, რომელიც ზის შეჩვეულ სკამზე. ათასჯერ მეტად ბედნიერია ადამიანი, რომელიც დაჯდა ანგელოზთა სკამზე, მაგრამ უბედურზე უბედურია ადამიანი, რომელიც დარჩა ყოველგვარი სკამის გარეშე.

ასე რომ გადავწყვიტეთ - ღირს კი ეს? ყველაფერი გადასინჯეთ და შეამოწმეთ - სკამები, თქვენი ღირებულებანი, თქვენი შესაძლებლობანი....

პირველი მიზანი არის ის, რომ ყოველივე დანარჩენი დაივიწყოთ და თანამეგზურთან ერთად სკამები შეისწავლოთ და განიხილოთ. მაგრამ გაფრთხილებთ: როდესაც ამ შესწავლას შეუდგებით, თქვენს ახლანდელ სკამზე აღმოაჩენთ უამრავ ცუდს და სისაძაგლეს.

მომავალში, თუ მოხდა ისე, რომ თქვენი ცხოვრების ამ უდიდეს გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, მე უკვე სხვა სახით ვილაპარაკებ ამ საკითხზე. თქვენ არ იცნობთ თქვენ საკუთარ თავს. ეცადეთ შეიცნოთ. გააცნობიერეთ რისკი, რაც ამაში არსებობს. ადამიანი, რომელიც ცდილობს თავისი თავის შეცნობას, შესაძლოა მივიდეს უდიდეს უბედურებამდე; იგი დაინახავს თავის თავში ბევრ უმსგავსობას და ამის გარდაქმნას მოინდომებს, მაგრამ ეს არის უძნელესი საქმე.

დაწყება ადვილია, მაგრამ როდესაც თქვენს სკამს გადააგდებთ, შესაძლებელია სანაცვლოდ ვერაფერი მოიპოვოთ და ეს გახდება უდიდესი უბედურების წყარო. ყველამ იცის რა არის სინდისის ქენჯნა, ახლა თქვენი სინდისი ფარდობითია, მაგრამ, როდესაც მიხვალთ ღირებულებათ გადაფასებამდე, თქვენ უნდა მოიშოროთ მთელი თქვენი სიცრუე. როდესაც ერთ საგანს დაინახავთ, უფრო ადვილი იქნება სხვა საგნები დაინახოთ ვიდრე ის, რომ თვალები დახუჭოთ.



ასე რომ ორი გზა არსებობს თქვენთვის: ერთი ის, რომ თვალები დახუჭოთ და მეორე - მზად იყოთ დიდი რისკისთვის.


ადამიანი არის მრავლობითი არსება

ლონდონი, 1923

ადამიანი არის მრავლობითი არსება; ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საკუთარ თავზე , ჩვენ ვლაპარაკობთ ,,მე”-ზე. ჩვენ ვამბობთ: ,,მე” გავაკეთე ეს, ,,მე” ვფიქრობ, ,,მე” ვაპირებ, მაგრამ ეს ჩვენი უმეცრებაა და არა სინამვილე. არ არსებობს ამგვარი ,,მე” ანდა სწორედ რომ პირიქით, ისინი ასობით არსებობენ. თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს ათასობით პაწაწინა ,,მე,” ჩვენ გათიშულები ვართ ჩვენსავე თავში, მაგრამ ჩვენი არსებობის მრავლობითობა რომ გავაცნობიეროთ, ამისათვის იგი უნდა შევისწავლოთ, უნდა დავაკვირდეთ. ერთ მომენტში ჩვენში მოქმედებს ერთი ,,მე”, მეორე მომენტში მეორე ,,მე” და იმის გამო რომ ეს ,,მე”-ები მრავალია და ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ჩვენ ვმოქმედებთ არაჰარმონიულად.

ჩვეულებრივ ჩვენ ვცხოვრობთ ისე, რომ ჩვენი ფუნქციონირების და ძალების მხოლოდ მცირე ნაწილსღა ვიყენებთ, რადგან არ გვესმის, რომ მანქანები ვართ და არ ვიცნობთ ამ მანქანა-მექანიზმების ბუნებასა და მუშაობის წესს. ჩვენ აბსოლიტურად ვართ მიმართულები გარეგანი ვითარებების მიერ. .ყველა ჩვენი მოქმედება მიემართება ხაზით, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეწინააღმდეგება გარეგან მდგომარეობებს.

თქვენ თვითონ სცადეთ: შეგიძლიათ, მართოთ თქვენი ემოციები? – არ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მათი დათრგუნვა, ან ერთი ემოცია მეორეთი შეავიწროვოთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ მათი მართვა. პირიქით, ემოციები გმართავენ თქვენ. შესაძლებელია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ როდესაც მოვა დრო, როცა ჩაფიქრებული უნდა განახორციელოთ აღმოაჩენთ, რომ სრულებით საწინაღმდეგოს ჩადიხართ.

თუ გარემოება ხელს უწყობს გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ განახორციელოთ იგი. მაგრამ თუ გარემოება არ არის ხელშემწყობი, მაშინ მოქმედებთ უკვე გარემოების კარნახით. თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ საკუთარი მოქმედებები, თქვენ ხართ მანქანები და თქვენივე სურვილებისგან დამოუკიდებლად, თქვენი მოქმედებები იმართებიან გარეგანი გავლენებით.

მე არ ვამბობ, რომ არავის არ შეუძლია მართოს თავისი მოქმედებები. მე ვამბობ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან გაორებულნი ხართ. თქვენში არსებობს ორი ნაწილი: ძლიერი და სუსტი ნაწილი. როდესაც ძლიერდება თქვენში არსებული ძლიერი ნაწილი, იმავდროულად იმატებს სუსტი ნაწილიც და თუ არ ისწავლით მისი ზრდის გაჩერებას იგი უარყოფით ძალად გადაიქცევა თქვენში. როდეასც ყოფიერებაში რაღაც განსაზღვრული დონე მიიღწევა ჩვენ შეგვეძლება ჩვენში არსებული თითოეული ნაწილის გაკონტროლება, მაგრამ ისეთებს, როგორებიც ახლა ვართ ჩვენ არ შეგვიძლია თვით ჩვენივე ჩაფიქრებულის განხორციელებაც კი.

(აქ თეოფოსმა დასვა საკითხი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ თვით გარეგანი პირობები, რომლებიც თავს გვახვევენ თავიანთ თავს).

Pპასუხი: გარეგანი პირობები არასდროს არ იცვლებიან. არსებობს არა მათი ცვლილება არამედ მხოლოდ მათი მოდიფიკაცია.

კითხვა: მაგრამ განა არ არის ცვლილება, როდესაც ადამიანი ხდება უკეთესი? პასუხი: ასეთი ადამიანი კაცობრიობისთვის არაფერს ნიშნავს, ერთი კაცი ხდება უკეთესი, მეორე ხდება უარესი, ამით არაფერი იცვლება.

კითხვა: მაგრამ განა უკეთესობა არ არის ის, რომ მატყუარა იქცევა მართალ ადამიანად?

პასუხი: არა, ეს ერთი და იგივეა. თავიდან იგი ტყუის მექანიკურად, რადგან არ შეუძლია სიმართლის თქმა: შემდეგ იგი სიმართლეს ლაპარაკობს, ისევ მექნიკურად. ახლა მისთვის სიმართლის თქმა გახდა უფრო მომგებიანი. სიმართლეს თუ ტყუილს ფასი აქვთ მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის გაკონტროლება, ასეთები, როგორებიც ვართ, ჩვენ ვერ ვიქნებით კეთილსახიერნი, რადგან მექანიკურები ვართ. მორალი ფარდობითია, მექანიკური, სუბიექტური, წინააღმდეგობრივი. იგივე ითქმის ჩვენს მიმართ: ფიზიკური ადამიანი, ემოციონალური ადამიანი, ინტელექტუალური ადამიანი- ყველას თავისი ბუნების შესაბამისი მორალი გააჩნია. თითოეულ ადამიანში მანქანა სამ ძირითად ნაწილად, სამ ცენტრად იყოფა.

დააკვირდით თქვენს თავს ნებისმიერ მომენტში და დაუსვით შეკითხვა: ,, მე" - თაგან, რომელი ,,მე" მოქმედებს ახლა. რომელ ცენტრს მიეკუთვნება იგი- ინტელექტუალურს, ემოციონალურს თუ დინამიკურ ( სამოძრაო) ცენტრს?.შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ იგი სრულებით განსხვავებულია იქიდან, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ იგი აუცილებლად ერთ-ერთი მათგანის წარმომადგენელია.

კითხვა: არსებობს თუ არა მორალის აბსოლუტური კოდექსი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა განურჩევლად ყველა ადამიანისათვის?

პასუხი: დიახ, როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ძალები ჩვენი შინაგანი ცენტრების სამართავად, მაშინ შეგვიძლია ვიყოთ მორალურები, მაგრამ სანამ ვიყენებთ მხოლოდ ნაწილს, ჩვენი შესაძლებელი ფუნქციებიდან, მანმადე არა ვართ მორალურები. ჩვენ ყველგან და ყველაფერში ვმოქმედებთ მანქანებივით მექანიკურად და მანქანებს კი არ შეუძლიათ იყვნენ მორალურნი.

კითხვა: ეს უიმედო მდგომარეობაა?

პასუხი: სრულებით მართალი ხართ.

კითხვა: მაშინ, როგორ შეგვიძლია გარდაქმნა და მთელი ძალების გამოყენება?

პასუხი: ეს სხვა საქმეა. ჩვენი სისუსტის მთავარი მიზეზი იმაშია, რომ არ შეგვიძლია ჩვენი ნება განვავრცოთ ერთდროულად სამივე შინაგან ცენტრზე.

კითხვა: შეგვიძლია თუ არა ჩვენი ნებით ერთ-ერთზე მაინც ვიმოქმედოთ?

პასუხი: რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეგვიძლია. ზოგჯერ შეგვიძლია ვმართოთ ერთ-ერთი ჩვენი ცენტრი და ძალზე საოცრად შედეგსაც შეიძლება მივაღწიოთ. (იგი ყვება ისტორიას ტუსაღზე, რომელმაც ძალზე ვიწრო, მაღალ და მიუდგომელ სარკმლიდან შეძლო პატარა ბურთულად დაჭმუჭნილი წერილი თავისი ცოლისთვის გადაეგდო). ეს იყო ერთადერთი გამოსავლი მისი გათავისუფლებისათვის. თუ ეს არ გამოუვიდოდა პირველ ცდაზე, ეს მომენტი მას უკვე აღარასოდეს არ დაუდგებოდა, ამიტომ მან შეძლო სრულებით დაუფლებოდა თავის ფიზიკურ ცენტრს და აიძულა გაეკეთებინა ის, რასაც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერაფრით ვერ შეძლებდა.

კითხვა: თქვენ თუ იცნობთ ვინმეს ვინც არსებობის ასეთ სიმაღლეს მიაღწევდა?

პასუხი: მე თუნდაც გიპასუხოთ არა, და თუნდაც - დიახ, ეს სრულებით არ ნიშნავს არაფერს. თუ გიპასუხებთ, რომ ვიცნობ, ამას ვერ შეამოწმებთ; თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ, თქვენს სიბრძნეს ამითაც არ შეემატება არაფერი. თქვენ არ გაქვთ საფუძველი, რომ ჩემი გწამდეთ. გთხოვთ არ ირწმუნოთა არფერი, რასაც ვერ შეამოწმებთა თქვენსავე თავში.

კითხვა: თუ სრულებით მექანიკურნი ვართ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ საკუთარი თავის მართვას? შეუძლია მანქანას თავისი თავი თვითონვე მართოს?

პასუხი: მართალი ხართ, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი თავი ჩვენვე შევცვალოთ, ჩვენ მხოლოდ მცირე სახეცვლილება შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გარდავიქმნათ გარედან დახმარებით.არსებობს თეორია, რომ კაცობრიობა ორი წრისგან შედგება: დიდი, გარეგანი წრისგან, რომელიც მოიცავს ყველა ადამიანს და მცირე წრისგან, რომლის ცენტრშიც მცოდნე და მხილველი ადამიანები არიან. რეალური, ერთადერთი ინსტრუქცია, რომელსაც შეუძლია შეგვცვალოს, მხოლოდ ამ ბოლო (მცირე) ცენტრიდან შეიძლება და ინსტიტუტის მიზანს ჩვენი მომზადება წარმოადგენს იმისთვის, რომ შევძლოთ ამ მცირე ცენტრისგან მომავალ ინსტრუქციათა მიღება.ჩვენ თავად არ შეგვიძლია საკუთარი თავი შევცვალოთ. ეს მხოლოდ გარედან შეიძლება. ყველა რელიგია მიუთითებს, ცოდნის ამ საერთო ცენტრის არსებობაზე, ყოველ საღვრთო წერილში არსებობს ეს ცოდნა, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ამის დანახვა.

კითხვა: მაგრამ განა ადამიანებმა უკვე არ დააგროვეს ცოდნის დიდი მარაგი?

პასუხი: ადამიანებმა მრავალი სახის ცოდნა დააგროვეს, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ცოდნა ბავშვურ ცოდნასავით მხოლოდ გრძნობად შეგრძნებებს ეუფლება. თუ გვინდა რეალურ ცოდნას დავეუფლოთ, აუცილებლად უნდა გარდავიქმნათ. ჩვენი არსებობის განვითარებით ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ შემეცნების უმაღლეს მდგომარეობამდე. პირველ რიგში ჩვენ, ჩვენი თავი უნდა შევიცნოთ და თავის შეცნობით კი თუ საერთოდ გვინდა, რომ შევიცნოთ, შევიცნობთ იმას, როგორ უნდა შევიცნოთ იგი.

კითხვა: და ეს ცოდნა მაინც გარედან უნდა მოვიდეს?

პასუხი: დიახ, როდესაც მზად ვართა ახალი ცოდნისათვის იგი მოვა ჩვენთან.

კითხვა: ჩვენ შევძლებთ ჩვენივე ემოციების შეცვლას?

პასუხი: ჩვენი მანქანის ერთ ცენტრს არ შეუძლია მეორე შეცვალოს. მაგალითად: ლონდონში მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს _ აქაური ამინდები და განწყობილება მთრგუნავენ და მაწუხებენ: ინდოეთში კი თავს კარგად ვგრძნობ. ამიტომ ჩემი გონება მკარნახობს თავის დავაღწიო ამ ნერვიულობას და ინდოეთში წავიდე, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ტროპიკებში მუშაობა მიჭირს, ლონდონში კი ბევრს ვმუშაობ, ამიტომ იქ შემაწუხებელი იქნება სხვა მიზეზი. როგორც ხედავთ, ემოციები განსჯისგან დამოუკიდებლად არსებობენ და შეუძებელია ერთით მეორე შეიცვალოს.

კითხვა: რა არის ყოფიერების უმაღლესი მდგომარეობა?

პასუხი: არსებობს ცნობიერების რამოდენიმე მდგომარეობა.1. ძილი, რომელშიც ჩვენი მანქანა, სუსტად, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს.2. ღვიძილის, სიფხიზლის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ეს ორი მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი ასე თუ ისე იცნობს.3. ეს არის ცნობიერება, რომელსაც თვითცნობიერებას ვუწოდებთ. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის თავსაც და თავის მანქანასაც. ჩვენ ამ ცნობიერების ანარეკლებს ვიცნობთ, მაგრამ მხოლოდ ანარეკლებს. არსებობს მომენტები, როდესაც თქვენ აცნობიერებთ არა მარტო იმას, რომ მოქმედებთ, არამედ იამსაც, რომ ეს თქვენ თვითონ მოქმედებთ. თქვენთვის ამ მომენტში არის არა მხოლოდ ,,მე” და ,,აქ,” არამედ იმასაც შეიგრძნობთ, რომ ,,მე ვარ აქ.” ასეთ მომენტში ხედავთ არა მარტო თქვენს წყრომას, არამედ შეიგრძნობთ აგრეთვე თქვენს გამწყრალ ,,მე” -ს თუ გნებავთ ამას თვითხსოვნა უწოდეთ;

როდესაც სრულად და ყოველთვის აცნობიერებთ ,,მე”-ს და აცნობიერებთ იმას, როგორია იგი და რას მოქმედებთ, თქვენ აცნობიერებთ თქვენსავე თავს. თვითცნობიერება წარმოადგენს მესამე მდგომარეობას.კითხვა: ეს ალბათ უფრო ადვილია, როდესაც ადამიანი პასიურია.პასუხი: ადვილია, მაგრამ უსარგებლო. მანქანას მუშაობის დროს უნდა დააკვირდეთ. არსებობს მდგომარეობა მესამე მდგომარეობის მერე, მაგრამ ახლა არ არის ამაზე ლაპარაკის აუცილებლობა. სრულყოფილი ადამიანი არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც მიაღწია უზენაეს ყოფიერებას. დანარჩენი ადამიანები კი არიან მხოლოდ ადამიანის ნაწილები. აუცილებელი გარედახმარება შეიძლება მოვიდეს იმ სკოლის მასწავლებლიდან ან მოძღვრებიდან, რომელ სკოლასაც მე ვეკუთვნი. თვითდაკვირვების ამოსავალი წერტილებია:

1. ჩვენ არ წარმოვადგენთ მთლიანობას.2. ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენს თავს - ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენს საკუთარ მექანიზმს.3. ჩვენ არ ვიხსენებთ ჩვენს თავს; როდესაც ვამბობ, რომ მე ვკითხულობ წიგნს, მაგრამ არ ვაცნობიერებ, რომ მე ვკითხულობ, ეს არ არის თვითხსოვნა.

კითხვა: ყველაფერი ეს ცინიზმით არ მთავრდება?

პასუხი: მართალი ხართ. თუ იმაზე შორს არ ხედავთ, რომ ყველა ადამიანი და თქვენ თვითონაც მანქანა ხართ, უბრალოდ, ცინიკოსი გახდებით, მაგრამ თუ გააგრძელებთ მუშაობას და უფრო შორს წახვალთ, მაშინ შეწყვეტთ ცინიკობას.

კითხვა: რატომ?

პასუხი: იმიტომ რომ მოგიხდებათ არჩევანის გაკეთება. მოგიხდებათ გადაწყვიტოთ: დარჩებით აბსოლუტურ მექანიკურ არსებად თუ გარდაიქმნებით სრულიად ცნობიერ ადამიანად. ეს გზაგასაყარია, რომელზედაც ყოველთვის ლაპარაკობს ყველა მისტიკური მოძღვრება.

კითხვა: თუ არსებობენ სხვა გზები იმის გასაკეთებლად რისი გაკეთებაც მე მინდა?

პასუხი: ინგლისში - არა. აღმოსავლეთში სხვაა. არსებობენ სხვადასხვა მეთოდები სხვადასხვა ადამიანებისთვის, მაგრამ მოგიხდებათ მასწავლებლის მონახვა. მოგიწევთ მარტომ გადაწყვიტოთ, არის თუ არა ეს თქვენი საქმე. ეძებოთ გულით და ეს ძიება მიგიყვანთ მის ცოდნასთან თუ რისი გაკეთებაა საჭირო. იფიქრეთ ამაზე და მერე გაუდექით გზას.


სხეული, არსება, პიროვნება



პარიზი, აგვისტო 1922



როდესაც, ადამიანი იბადება, მასთან ერთად იბადება სამი ცაკლეული მანქანა (მექანიზმი) და ეს მანქანები ადამიანის სიკვდილამდე ფორმირდებიან. ამ სამ მანქანას არაფერი საერთო არ გააჩნია. ესენი არიან: ჩვენი სხეული, ჩვენი არსება და ჩვენი პიროვნება. მათი ფორმირება არანაირად არ არის ჩვენზე დამოკიდებული. თითოეული მათგანის მომავალი განვითარება დამოკიდებულია ადამიანში არსებულ მონაცემებზე, გარემო პირობებზე - იქნება ეს გეოგრაფიული თუ სხვა გარემომცველი ფაქტორები.



ფიზიკური სხეულისათვის ეს პირობებია: გენეტიკური მემკვიდრეობა, გეოგრაფიული პირობები, საკვები და გადაადგილება. ეს პირობები არ მოქმედებენ პიროვნებაზე.

ცხოვრების მანძილზე ადამიანის პიროვნების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ადამიანი ისმენს და კითხულობს.

არსება სრულებით ემოციონალურია. იგი შედგება იმისაგან, რასაც ადამიანი თავისი პიროვნების ჩამოყალიბებამდე მემკვიდრეობით ღებულობს. შემდეგ კი ფორმირდება მხოლოდ იმ შეგრძნებებით და გრძნობებით, რითაც ცხოვრება უხდება ადამიანს.

ამრიგად, სხეული ყოველ ადამიანში ვითარდება სუბიექტურად. სამივე ცენტრი ადამიანში განვითარებას იწყებს მისი დაბადების პირველსავე დღეებში, მაგრამ სამივე მანქანა ვითარდება თავისი, სხვა მანქანებზე დამოუკიდებელი გზით. მაგალითად, შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სხეულმა თავისი სიცოცოხლე დაიწყოს ძალზე ხელსაყრელ პირობებში და შედეგი ის იქნება, რომ იგი გახდება შესანიშნავად განვითარებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის არსებაც ისეთი განვითარებული გამოვა, როგორც სხეული; შესაძლებელია, რომ იმავე დროს არსება იყოს მშიშარა და სუსტი. ადამიანს მისი სუსტი არსების საწინააღმდეგოდ შეიძლება გააჩნდეს მამაცი სხეული. არსების განვითარება შეიძლება არ იყოს სხეულის განვითარების პარალელური. ადამიანი შეიძლება იყოს ჯანმრთელი და ძლიერი, მაგრამ ამავე დროს კურდღელივით უსუსური.

სხეულის სიმძიმის ცენტრი, არის დინამიკური(სამოძრაო) ცენტრი. არსების სიმძიმის (ყოფიერების) ცენტრი არის ემოციუნალური ცენტრი. პიროვნების სიმძიმის (ყოფიერების) ცენტრი არის სააზროვნო ცენტრი. შესაძლებელია ადამიანს გააჩნდეს ჯანსაღი სხეული, მაგრამ მისი არსება იყოს სუსტი, ასევე შეიძლება ადამიანის პიროვნება იყოს მამაცი, ხოლო არსება კი მშიშარა და უსუსური. ავიღოთ მაგალითად ადამიანი ჯანსაღი აზროვნებით – მან შეისწავლა და იცის, რომ არსებობენ ჰალუცინაციები, მან იცის რომ ისინი არ არიან რეალურნი, ამიტომ თავისი პიროვნებით არ ეშინია მათი, მაგრამ არსებას ეშინია ამ ჰალუცინაციების. როდესაც მისი არსება ხედავს ამგავარ მოვლენებს, იგი შინდება, თუმცა პიროვნებამ იცის, რომ ეს არ არის რეალური. აქედან გამომდინარეობს, რომ ერთი ცენტრის განვითარება არ არის მეორე ცენტრზე დამოკიდებული და ერთი ცენტრი ვერ ისარგებლებს მეორის გამოცდილებით.



შეუძლებელია ითქვას, რომ მავანი არის ისეთი და ასეთი, იმიტომ რომ ერთი მისი ცენტრი შეიძლება იყოს მამაცი, მეორე შეიძლება იყოს მშიშარა, სხვა ცენტრი შეიძლება იყოს კეთილი, რომელიღაც სხვა ცენტრი კი ბოროტი; ერთი ცენტრი შეიძლება იყოს მგრძნობიარე, მეორე კი უგრძნობელი და უხეში; ერთი მისი ცენტრი შეიძლება მზად იყოს საპასუხო მოქმედებისათვის, მეორე კი ზანტი იყოს ან შეიძლება საერთოდ არ შეეძლოს პასუხი, ამიტომ შეუძლებელია, ვინმეზე ცალსახად ითქვას , რომ ის არის კეთილი, ძლიერი ან ბოროტი.



როგორც უკვე ვთქვით თითოეული მექანიზმი მთელ ჯაჭვს, მთელ სისიტემას წარმოადგენს. თავისთავად ყოველი მანქანა ძალზე რთული მექანიზმია, მაგრამ ასამოძრავებლად ძალზე ადვილი. რაც მეტადადაა მანქანის ნაწილები გართულებული, მით ნაკლები სამართავი ბერკეტები გააჩნია მექანიზმს. თითოეული ადამიანური მანქანა არის რთული, მაგრამ ბერკეტთა რიცხვი განსხვავებულია ყოველი მათგანისათვის. – ერთში ისინი მეტია, მეორეში—ნაკლები.



ცხოვრების განმავლობაში ერთმა მანქანამ შესაძლოა თავის თავის ასამოძრავებლად გამოიმუშაოს ბევრი ბერკეტი, მაშინ, როდესაც სხვა მანქანა მოძრაობაში მოდის რამოდენიმე ბერკეტით. დრო, როდესაც ფორმირდებიან ეს ბერკეტები, შეზღუდულია და თავის მხრივ ეს დროც დამოკიდებულია მემკვიდრეობითობაზე და გეოგრაფიულ გარემოზე. საშუალოდ, ახალი ბერკეტები ფორმირდებიან შვიდი წლის ასაკისათვის. ამის შემდეგ არის მეორე პრიოდი, რომელიც გრძელდება 14-15 წლის ასაკამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია უკვე გამომუშავებული ბერკეტების გარდაქმნა და მათი ცვლილება, მაგრამ 16-17 წლის შემდეგ ბერკეტები უკვე არც ფორმირდებიან და არც მათი გარდაქმნაა შესაძლებელი, ამიტომ, ამ ასაკის შემდეგ ადამიანში მოქმედებენ მხოლოდ ის ბერკეტები, რომლებიც უკვე ფორმირებულნი არიან მასში.

ეს არის გარდუვალობა ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის და ამ ასაკის შემდეგ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის თავგანწირულ მეცადინეობას გარდაქმნისათვის. იგივე შეიძლება ითქვას სწავლის უნარის მიმართ. ახალი საგნების შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ 17 წლის ასაკამდე. რისი სწავლაც ჩვენ შეგვიძლია ამის შემდეგ, ეს მხოლოდ ნიშანთა ციტირების სწავლაა, ე.ი მანიპულაციები უკვე შესწავლილში. თავიდან ეს შეიძლება გაუგებარი იყოს თქვენთვის.

თითოეული ადამიანი თავისი ბერკეტებით დამოკიდებულია მამკვიდრეობაზე და გეოგრაფიულ ადგილზე , სოცოალურ წრეზე და იმ გარემოებებზე, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა. სამივე ცენტრის, მოქმედება ერთურთის მსაგვსია. მათი კონსტრუქცია განსხვავებულია, მაგრამ ისინი იდენტურნი არიან გამოვლინებებში.

ადამიანის პირველი მოძრაობები იწერებიან მასში. სხეულის მოძრაობის ჩანაწერები არიან აბსოლუტურად სუბიექტურნი. ისინი ჰგვანან გეოგრაფიულ (ალბათ ფონოგრაფიული) ფირფიტებს: თავიდან, სამ თვემდე მათი მგრძნობელობა ძალიან მაღალია, შემდეგ ოთხი თვის მერე, იგი ხდება უფრო უგრძნობელი; ერთი წლის შემდეგ კიდევ უფრო უგრძნობელი. თავიდან შესაძლებელია თვით სუნთქვის ხმაც კი იქნას გარჩეული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ უკვე ვერაფერს გაარჩევ ხმადაბლ ლაპარაკზე ქვევით.

იგივე შიძლება ითქვას ადამიანის ტვინზე: თავიდან იგი ძალზე აღმქმელია და შეუძლია ჩაიწეროს ყოველი ახალი მოძრაობა და ჩქამი. მასზეა დამოკიდებული, ვის რამდენი შაინაგანი პოზა ( კონფიგურაცია) ექნება გამომუშავებული. ერთს შეიძლება ისინი გააჩნდეს მრავალი, - მეორეს კი მხოლოდ რამოდენიმე. მაგალითად შესაძლებელია რომ ერთმა ადამიანმა გამოიმუშაოს და ჩაიწეროს 55 პოზა. მეორემ კი იმავე პირობებში -250.

ეს ბერკეტები, ეს პოზები გამომუშავდებიან თითოეულ ცენტრში ერთი და იმავე კანონებით და რჩებიან ამ ცენტრებში მთალი ცხოვრების განმავლობაში. განსხვავება ამ პოზებს შორის გამოწვეულია მხოლოდ ჩაწერის საშუალებებით. ავიღოთ მაგალითად დინამიკური ( სამოძრაო) ცენტრის პოზები. განსაზღვრულ დრომდე ეს პოზები ფორმირდებიან თითოეულ ადამიანში, შემდეგ ფორმირება წყდება და ის პოზები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ, რჩებიან ადამიანში მის სიკვდილამდე. მათი რიცხვი შეზღუდულია და ამიტომ ყოველ მის გამოვლინებში ადამიანი მოქმედებს ამ ერთიდაიმავე პოზებით. თუ მოუნდება ითამაშოს რომელიმე როლი, მას მოუხდება გამოიყენოს იმ პოზათა კომბინაციები, რომლებიც გააჩნია, რადგან ამის გარდა არ გააჩნია არაფერი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ შიძლება არსებობდნენ ახალი პოზები. ეს შეეხება თვით ისეთ ადამინსაც კი , რომელსაც სურს აქტიორობა.

ადამიანის ხსეულის ძილსა და ღვიძილში განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ადამიანს სძინავს და მოდის გარეგანი აღმძვრელი ( ბიძგი), ეს ბიძგი ვერ აღძრავს ასოციაციებს ტვინის შესაბამის ცენტრში, როგორც ეს ხდება ღვიძილის მომენტში.

დავუშვათ, რომ ადამიანი დაიღალა, ეს ნიშნავს, რომ პირველი ბიძგი მოცემულია, ამიტომ რომელიღაც ბერკეტი მექანიკურად მოდის მოძრაობაში და ასევე მექანიკურად იგი ეხება სხვა ბერკეტს და აიძულებს, რომ ისიც მოვიდეს მოძრაობაში: თავის მხრივ ეს ბერკეტიც აღძრავს რომელიღაც მესამე ბერკეტს, მესამე, მეოთხეს და ა.შ. ეს არის ის, რასაც ჩვენი სხეულის ასოციაციებს ვეძახით, ადამინში არსებულ სხვა მანქანებსაც ასევე გააჩნიათ პოზები და ისინიც ამავე ანალოგიით მოდიან მოძრაობაში.

სხეულის, პიროვნების და არსების ცენტრალური, დამოუკიდებელი მანქანების გარდა ჩვენ გაგვაჩნია აგრეთვე უსულო გამოვლინებები, რომლებიც ხორციელდებიან არა ცენტრებში, არამედ მათ გარეთ. მის გასაგებად მნიშვნელოვანი იქნება შევნიშნოთ მომენტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სხეულის და გრძნობების პოზებს ჩვენ ვყოფთ ორ ნაწილად: 1) რომელიმე ცნტრის პირდაპირი გამოვლინება. 2) ცენტრის გარეთ აღძრული სრულიად მექანიკური გამოვლინებანი. მაგალითად: მოძრაობა ჩემი ხელის აწევისას იწყება ცენტრიდან, მაგრამ ვინმე სხვა ადამიანში იგი შეიძლება იწყებოდეს ცენტრს გარეთ.

როდესაც მანქანებზე ვლაპაკობდი, მანქანების ნორმალურ მუშაობას ადამიანის გამოვლინება ვუწოდე. - ეს არის მომენტი, როდესაც სამივე ცენტრის იმპულსები ერთდროულად მოქმედებენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი მოქმედებს. მაგრამ არანომალური ცხოვრების გამო ადამიანთა ნაწილს შეიძლება გააჩნდეს ბერკეტები, რომლებიც ცენტრს გარეთ გამომუშავდნენ და რომლებიც მოძრაობას ადამიანის სამშვინველის გარეშე იწვევენ. ამას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხეულში, კუნთებში – ყველგან.

მოძრაობები, გამოვლინებანი, სხვადასხვა ცენტრთა შეგრძნებები - ყველაფერი ეს რომელიმე ცენტრის გამოვლინებებია და არა თვით ადამიანის. თუკი გვახსოვს, რომ ადამიანი სამი ცენტრის ერთობას წარმოადგენს, ყოველ ცენტრს გააჩნია უნარი შეიგრძნოს სიხარული, მწუხარება, სითბო, შიმშილი, დაღლილობა. ეს პოზები თითოეულ ცენტრში არსებობენ და ისინი განსხვავებულნი შეიძლება იყონ სიდიდით, სიმძაფრით, ხარისხით. შემდეგში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ ხდება ეს თითოეულ ცენტრში და თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ის, რომელ ცენტრის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე სხვადასხვა შემთხვევაში. ამჟამად კი უნდა გახსოვდეთ და გაიგოთ შემდეგი: თქვენ უნდა განასხვაოთ ადამიანთა გამოვლინებები იმისაგან, რაც მისი ცენტრის გამოვლინებებს წარმოადგენს. როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ ვინმეზე, ისინი ამბობენ რომ იგი არის ბოროტი, უნარიანი, სულელი და ა.შ. მაგრამ ისინი ამ დროს არ ხედავენ ადამიანს მთლიანად - ჯონს ან საიმონსს, არამედ ისინი ამჩნევენ მხოლოდ მის რომელიმე ცენტრის გამოვლინებას. ისინი აბობენ - ,, იგი ,“ მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს - ,, იგი,” ეკუთვნის ამ ადამიანის ან მხოლოდ პიროვნებას, ან მხოლოდ სხეულს, ან მხოლოდ არსებას და არა მას მთლიანად.

დავუშვათ, რომ ადამიანის არსებაში ჩვენ ვგულისხმობთ სამ ერთეულს, სამ პოზას; ამავე დროს ადამიანის სხეულში ჩვენ ვიგულისხმოთ 4 ერთეული, თავი კი ავღნიშნოთ 6 ერთეულით. ამრიგად როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 6 – ზე , ჩვენ არ ვგულისხმობთ ადამიანს მთლიანად, არამედ მხოლოდ მის თავს. იმ შემთხვევაში თუ მოვისურვებდით ლაპარაკს მთლიან ადამიანზე, ჩვენ უნდა გვეგულისხმა მისი ნაწილების ჯამი, ე.ი. რიცხვითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში იქნებოდა 13. როდესაც ეს შეეხება მხოლოდ თავს, ეს იქნებოდა ექვსი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ შევაფასოთ ადამიანი მხოლოდ როგორც ექვსი, არამედ, როგორც 13. მთლიანობა - ეს არის ის, რაც მას როგორც ნაწილს კი არა, არამედ რაც მას მთლიანობაში განსაზღვრავს. შეიძლება სხვა შემთხვევაში ადამიანს მივცეთ რიცხვითი მნიშვნელობა - 30. ეს რიცხვი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ მაშინ თუ ყოველ ცენტრი გვაძლევს შესაბამის რიცხვს, მაგალითად 12-10-8. დავუშვათ, რომ ეს რიცხვი - 30, ადამიანის, მასპინძლის გამოვლინებას წარმოადგენს, როდესაც ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ცენტრი აუცილებლად 12-ით უნდა განისაზღვროს, იგი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა შესაბამის პოზებს, რომელთა ჯამიც მოგვცემდა 12-ს, მაგრამ თუ ერთი ერთეულიც კი აკლია, ეს ნიშნავს რომ იგი ვერ მოგვცემს 30-ს და ჯამი იქნებოდა მხოლოდ 29 ერთეული, ეს უკვე არ იქნება ადამიანი, რადგან როგორც შევთანხმდით ადამიანი არის ის, რომლის ნაწილთა საერთო ჯამიც უნდა შეადგენდეს 30-ს.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ცენტრებზე და მათ ჰარმონიულ განვითარებაზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ იმისთვის რათა ადამიანი გახდეს ისეთი, როგორიც უკვე ვთქვით, ე.ი. სრული, მთლიანი - საჭიროა შემდეგი რამ, მისი ცალკეული ცენტრები, რომლებიც როგორც თავიდან ვთქვით, ფორმურებულნი არიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, დაკავშირებულნი უნდა გახდნენ, რადგან მათი გამოვლინენბის საერთო ჯამი მხოლოდ 3 მათგანის რიცხვთა შეკრებით მიიღება და ამას ვერ მოგვცემს მხოლოდ რომელიმე. თუკი რიცხვი 30 - ადამიანის სწორი, ჭეშმარიტი გამოვლინებაა მაშინ ეს 30- სამივე ცენტრის აუცილებელ შესაბამის ურთიერთმიმართებას უნდა წარმოადგენდეს, ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს, მარამ ეს არ არის ასე ( მე ვლაპარაკობ) აქ მყოფ ადამიანებზე) თითოეული ცენტრი განცალკევებულია და მათ არ გააჩნიათ ის საჭირო უთიერთმიმართება, რაც აუცილებელია. ამიტომ არიან ისინი დისჰარმონიულ მდგომარეობაში.

მაგალითად: ერთ ადამიანს ერთ-ერთ ცენტრში მრავალი პოზა გააჩნია, მეორეში - ნაკლები. სხვას კი სხვა ცენტრში გააჩნია მრავალი პოზა და ა.შ.

ახლა ავიღოთ რომელიმე ნივთიერება - დავუშვათ ეს იყოს პური. პური სხვადასხვა პროპორციებით მოითხოვს ფქვილს, წყალს და ცეცხლს. პური მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ მისი შემადგენელი ელემენტები სწორ ურთიერთობაში იმყოფებიან და იგივე შეეხება ადამინსაც: იმისათვის რომ მივიღოთ რიცხვი 30 თითოეული წყარო დადებული უნდა იყოს შესაბამისი ხარისხებით და რაოდენობით. თუ მაგალითად გაგვაჩნია ბევრი ფქვილი, ე.ი. ფიზიკური პოზები, მაგრამ არ გაგვაჩნია არც წყალი, ე.ი. პიროვნების მექანიზმის პოზები, და არც ცეცხლი, ე.ი. ინდივიდუალობა-მაშინ ეს ამაოა, ეს უკვე არ იქნება ადამიანი. იმისათვის, რომ ადამიანი მივიღოთ საჭიროა ნაწილითა სწორ პროპორციებში ერთმანეთთან დაკავშირება. მხოლოდ ერთი ნაწილი კი ცალკე აღებული (ფქვილი) მხოლოდ ხორცის ნაკუწია. თითოეული ამ მანქანათაგანი ასე რომ ვთქვათ, რაღაც მცირე ადამიანია, ე.ი. ადამიანი შედგება სამი ადამიანისაგან: თითოეულს თავისი ხასიათი, თავისი ბუნება გააჩნია და სამივე ნაკლულია, რადგან სხვა მანქანებთან არ არის დაკავშირებული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოვახდინოთ მათი ორგანიზებული შეწონასწორება, მაგრამ სანამ ამას შევუდგებოდეთ, მანმადე საჭიროა ცნობიერად დავინახოთ ის, რომ ჩვენი მანქანები ნამდვილად დისჰარმონიულ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთის მიმართ. ისინი არამარტო არ იცნობენ და არ უსმენენ ერთმანეთს, არამედ როდესაც ერთი მათგანი დაჟინებით ითხოვს რაღაცას მეორისგან და იცის როგორ უნდა შესრულოს იმ მეორემ ეს მისი მოთხოვნა, მეორეს ეს ან არ შეუძლია, ან არ უნდა ამის გაკეთება.

ვინაიდან გვიანაა ახლა ჩვენ შევწყვიტოთ და დანარჩენი სხვა დროისათვის გადავდოთ. იმ იმედით , რომ იმ დროისათვის მეტის გაკეთება შეგეძლებათ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები