ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
25 ივნისი, 2016


დანიელა მევახშე

მაისი კარგა ხნის მონელებული იყო, ძლივს რომ გამოიდარა ქალაქში და როგორც ხშირად იცის ჩვენში, პირდაპირ ხვატი დაგვატყდა თავს.
რამდენიმე ადგილას ვიყავი იმ დღეს მისასვლელი. უმანქანოდ ვყოფილიყავი არ ჯობდა? სადაც მანქანა გავაჩერე, იქიდან, სადაც საქმე მქონდა იქამდე, ლამის კილომეტრი მქონდა გასავლელი.  უკან მომავალს, კინაღამ ამომხდა სიცხისგან სული. კიდევ კარგი, იქვე პატარა სკვერი იყო, ვიფიქრე: შევალ, ღია კაფე იქნება, რამე ცივს დავლევ - მეთქი. 
ასეც მოვიქეცი.
მესიამოვნა ცივი წვენი. კბილის ამოღება მერჩივნა ახლა, მანქანის სადგომამდე მისვლას. “ცოტას კიდევ ვინებივრებ” -გავიფიქრე. მოულოდნელად პატარა ბიჭების ხმა შემომესმა. იქვე ისხდნენ, სკვერში.
-მომე რა 50 თეთრი. გამოვართმევ დედაჩემს და ხვალვე დაგიბრუნებ. – ეხვეწებოდა გაწრიპული, 10-12 წლის ბიჭი, თანატოლ, მასზე გაცილებით მაღალ ამხანაგს თუ მეგობარს.
- მჭირდება ვა, რამდენჯერ უნდა გითხრა!
-ამ წუთში რაში გჭირდება ბიჭო? “ბარსელონას” მაისური 25 ლარი ღირს. შენ მხოლოდ 10 ლარი გაქვს. 50 თეთრი, გინდ გდებია ჯიბეში,  გინდ -არა.  არ ეშვებოდა გაწრიპული.
- ვერ გაიგე? მამაჩემმა - “15 ლარს მოგცემ და იყიდეო”. წაიღო რა ტვინი! – გაცხარდა მაღალი, დაბალის “შეუგნებლობით”.
შემეცოდა “გაწრიპული”, ალალად ჭირდებოდა 50 თეთრი. ჯიბისკენ წავიღე ხელი.
- აქ ხომ არ უნდა მოგცეს? სახლში რომ მიხვალ მაშინ, არა? ჰოდა, იცი როგორ მოვიქცეთ? ლარი მომე. ერთ ნაყინს შენ გიყიდი, მეორეს მე ავიღებ. შინ რომ მივალთ, ავიღებ ლარიანს და მოგცემ. ფულიც დაგიბრუნდება და მუქთა ნაყინის თქვლეფაც შეგრჩება. გაწყობს? მოსულა?! – ფულის დაცინცვლის ახალი ვარიანტი, შენახული ჯოკერივით შემოაგდო დაბალმა.
ორ ლარიანი ამომყვა საფულედან. მიცემა დავაპირე, მაგრამ დამაინტერესა რა პასუხს მოვისმენდი მაღლისგან, დაბლის კომერციულ შეთავაზებაზე და პასუხამდე შევიკავე თავი.
-ჰო კარგი ჰო! მოგცემ. შენ რომ კაცს შეუჩდები! – მოლბა, “ფულიანი”. ოღონდ როგორც კი სახლში მივალთ, უნდა მომცე.
-მოგცემ, მოგცემ! ასე რამ შეგაყვარა ბიჭო ფული, დანიელა მევახშესავით?
გამეცინა. “მოდი ჩემთან!!” – დავუძახე.
-რა გქვია?
-ნიკუშა.
-აჰა შენ, ნიკუშ, 2 ლარი. ძმაკაცს ფული უკან დაუბრუნე. ნაყინი კი ორივესთვის იყიდე.
-არა, არ მინდა ბიძია, გმადლობ. ხომ მომცა? აქ არ მქონდა თორემ, სახლში მაქვს და მივცემ. – დაიმორცხვა ნიკამ.
-გამომართვი რომ გეუბნები. არ მოვეშვი მეც. -“და ერთი ისიც მითხარი: დანიელა მევახშე საიდან გაგიგია?”
-რა ვიცი, ბაბუამ იცის ხოლმე ასე თქმა. გაეცინა ბიჭს. ფულისთვის მადლობა გადამიხადა და ალბათ ნაყინის საყიდლად მოკურცხლა.
***
აღარ მახსოვს, პატარა ვიყავი და მეც ბებია-ბაბუისგან, თუ მშობლებისგან გავიგე პირველად  სიტყვათა ეს ურთიერთშეთანხმება: დანიელა მევახშე.
  დანიელა სახელი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ “მევახშე” რა უბედურებას ნიშნავდა, არა. არც სხვისგან გამეგონა ეს სიტყვა (ახლა რომ ვუფიქრდები, თურმე რა კარგ დროს მომიწია ბავშვობამ, ამ მხრივ მაინც) არასოდეს.
-მევახშე? ადამიანს ფულს რომ ასესხებს და უკან უფრო მეტს გამოართმევს, ისაა. – ამიხსნა დედამ.
-კი მაგრამ, უფრო მეტი როგორ უნდა გამოართვას?- გულწრფელად გამიკვირდა. 11-12 წლის ვიქნებოდი მაშინ.
-როგორ და ჩვეულებრივად. იმ პირობით ასესხებს, სანაცვლოდ მეტს თუ დაუბრუნებს. ვთქათ, ასესხა ათასი მანეთი. იმ კაცმა მევახშეს, ათას ასი, ან ათას ორმოცდაათი უნდა დაუბრუნოს უკან.
-კი მაგრამ, ასეთი რამე როგორ შეიძლება? არ  ცხვენია? - კვლავ ვერ ვმალავდი გაკვირვებას.
-ჰო, არ შეიძლება შვილო, მაგრამ არიან ასეთი ხალხი. შეიძლება სცხვენიათ კიდეც, მაგრამ მევახშეობენ მაინც.
-კიდევ კარგი, ჩვენი მეზობლები არ არიან დე ასეთები თორემ, შენ ხან ვის ესეხები, მამას ხელფასამდე ფულს, ხან –ვის? –ამოვისუნთქე მე, მევახშე რომ არ გვერია ნაცნობებში.
-ჯვარი აქაურობას, შვილო. მევახშე მხოლოდ დანიელა გამიგია. და ასეთი წუნკალი რომაა, იმიტომაც არ უყვარს არავის.
მსგავსი ზეპირსიტყვიერებით დასრულდა ჩემი გაცნობა, მევახშე-მევახშეობასთან, იმ დღეს. 
შემდეგ, როდესაც ბალზაკი წავიკითხე, დანიელა მევახშის პირადად ნახვის სურვილი გამიჩნდა. მაინტერესებდა რამდენად ჰგავდა ჩემს ფანტაზიებში შექმნილი, არამზადა გობსეკის პორტეტი, ცოცხალ, რეალურ მევახშეს.
გამიცრუვდა იმედი. არ ჰგავდა დანიელა: ბოროტ, მზაკვარ, სასტიკ და დაუნდობელ ადამიანს. ერთი საშუალოზე დაბალი, ზომიერად ცხიმოკიდებული, შემელოტებული, ჭორფლიანი, შუახნის ებრაელი იყო, სიარულის დროს სასაცილოდ მოთანთალე, მუცელ-უკანალით. ადრე, უბანშიაც არაერთხელ მომიკრავს მისთვის თვალი, მაგრამ არ ვიცოდი ის თუ იყო დანიელა მევახშე. ის კი არა, მის შვილებსაც ვიცნობდი შორიდან: რაფო და ლუიზა. ბიჭი, ჩემზე უფროსი იყო, ლუიზა – სადღაც ჩემი ასაკის.
თვითონ ბავშვებს, ღმერთი-რჯული არაფერი სჭირდათ დასაწუნი. მე, ყოველშემთხვევაში მათზე ცუდი, არასოდეს მსმენია. ზრდილობიანი, მოწესრიგებული, უკონფლიქტო ბავშვები იყვნენ. თხოვდი რამეს – უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. გაგზავნიდი სადმე – გაგეგზავნებოდნენ. დაავალებდი – გაგიკეთებდნენ.
მაგრამ მაინც, უბანში ყველა – “თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთი” ხვდებოდაო, რომ ვთქვა – არ ვიქნები მართალი. დანიელას შვილების მიმართ, ხალხის “ისე რა” დამოკიდებულებაში, მამის დასაძრახ საქმიანობას მიუძღოდა ბრალი. არ დამიწყოთ ახლა, -“შვილები, მამის დანაშაულზე არ აგებენ პასუხსო!” ფაქტი ესაა და იკითხეთ ახლა მორალი, რამდენიც გინდათ.
ირმა სარჯველაძეს, ქმრის საფლავის ქვის გასაკეთებლად, ვახში რომ მოთხოვა დანიელამ, ეე, მაშინ სულ გაცამტვერდა მისი ისედაც ნულოვანი ავტორიტეტი.
-დანიელა! შენ კუბოზე დამადებინა, ადრე და მალე ის ვახში, რაც იმ გაჭირვებულ ქალს მოთხოვე! – ამას რომ მოგაძახებენ, ასეთი ფული შინ როგორ უნდა მიიტანო?
***
რაც მე მახსოვს, - ყველაზე ცივი ზამთარი 1976 წელს იყო თბილისში. ისიც მახსოვს, ამ პერიოდში ბინების გაქურდვის რიცხვმა რომ მოიმატა ( ჩვენს უბანში ასე მოხდა და სხაგან რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ? – რა მოგახსენოთ). კი დარბოდა მილიცია აღმა-დაღმა, ხან იქით მიცვივდებოდნენ, ხან აქეთ, მაგრამ რად გინდა? ვერც კვალს მიაგნეს და მითუმეტეს - ქურდებს.  აყარეს ყველა, ვისაც ოდესმე ხელი წასცდენოდა. დაკითხეს, ცემეს-ჟეჟეს. ყოველ ღამით “აბლავები”.  ინფორმატორებიც არ დაინდეს და გვარიანად დაბეგვეს: “ტყუილად გაჭმევთ პურსო.”
- “ვიღაც ახლები უნდა იყვნენ, ან “გასტრალიორები”- ამ ვარაუდის გარდა, ვერაფერი შემატა გამოძიებას რაიონის და ქალაქის მილიციამ.
მოკლედ არიან ამ ჯახირში, ინფორმაცია რომ მოვიდა გადასამოწმებლად, რაიონულ განყოფილებაში: “…აქა და აქ მცხოვრები, ვინმე დანიელ დავარაშვილი, შესაძლოა ნაქურდალი ნივთებით ვაჭრობდეს”-ო.
ინფორმაციის მიღებიდან 10 წუთში, ლამის მთელი სამძებრო განყოფილება დაატყდა თავს დავარაშვილების ოჯახს. ააწიოკეს იქაურობა, გადააბრუნეს ყველაფერი. მოპარულ ან მოუპარავ ძვირფასეულობას ვერსად წააწყდნენ. მხოლოდ 500 მანეთი ფული და საკერავ მანქანაში გადამალული მევალეების ჟურნალი იპოვნეს, დანიელასგან აღებული სესხების რაოდენობა და ჩაბარების თარიღები, კრედიტორებს, ხელმოწერებით რომ ჰქონდათ დამოწმებული.
-მარტო იმაზე ხარ დანიელა ჩათლახო დასაჭერი, მევახშეობას რომ ეწევი. ახლა ნაქურდალი ნივთების შეძენასაც რომ აგაკრავ, იმდენი ხნით ტკუცავ თავს ციმბირში, “სროკის” მოხდას ცოცხალი თუ მოესწრები, სოლომონის ტაძარი, აშენებული დაგხვდება. – ბინის უშედეგო ჩხრეკის შემდეგ, მუქარაზე გადავიდა საგამოძიებო განყოფილების უფროსი, ანზორ ალანია.  რაღა მუქარა უნდოდა დანიელას? ისედაც მავზოლეუმში მყოფი ლენინის ფერი ედო სახეზე და წნევა-ტემპერატურაც, ბელადისეული.
-რას ამბობ დაგენაცვლე, ნაქურდალს როგორ ვიყიდი? ფიქრადაც არ გამივლია თავში. – ამოიღნავლა საცოდავად.
-ვაი –მეეე!!! არა დაგენაცვლე მაგას როგორ იკადრებს ჩემი ქმარი?!!! ან ეგეთ ხალხთან საქმეს როგორ დაიჭეერს?! – აჰყვა ქმარს, ევა.
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და როგორღაც მოახერხა დავარაშვილების ოჯახმა,  “ალანია და კომპანიას” გადარწმუნება.
-კარგი ჯანდაბას, გიჯერებ. ოღონდ გაფრთხილებ: სხვა დროს თუ გამოგიჭირე, შეძენას კი არა, ქურდობასაც შეგტენი. ახლა კი ყურადღებით მომისმინე! მარტო თქვენს ეზოში, ქვეყანა ხალხი ცხოვრობს. ათასჯერ მეტი კი გადის და შემოდის. ყურადღებით იყავი, რამე ისეთს თუ დაინახავ, ან გაიგებ კანონთან რომ არ მოდის შესაბამისობაში, ჩაიწერე და შეგვატყობინე. შენი მეზობელი რომაა – კოტე, ძველი ნაჯიბგირალი და ქურთი – ჯემალა, განსაკუთრებით იმათ მიაქციე ყურადღება. რას აკეთებენ, სად მიდიან, საიდან მოდიან, რას ჭამენ თუ სვამენ, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. – გესმის დანიელ? – ხმადაბლა დამოძღვრა ალანიამ დანიელა და ჩხრეკის დროს აღმოჩენილი 500 მანეთი, “უნებლიედ” ჯიბეში ჩაიცურა.
-უიი, არა დაგენაცვლე ანზორ, ასეთ საქმეში არ გამოგადგებით მე. ან იმ ავარა ბიჭებს სადა ვსდიო, ან რომც დავედევნო რა უნდა გავიგო და დავინახო, შენ ოჯახს ვენაცვალე?
-ხალხს სდიე ქუჩებშიო, არავის დაუვალებია. ყურადღებით იყავი და რასაც დაინახავ და გაიგებ, ის შეგვატყობინე - მეთქი. – ებრაელის სიბრიყვეზე გაეღიმა უბნის მთავარ გამომძიებელს.
- კი, გავიგე რაც მითხარით, ბატონო ანზორ გამომძიებელო, მაგრამ არ შემიძლია. ვერ ვივარგებ, არ გამოვა ჩემგან “შპიონი” და რა ვქნა? შენც შეგარცხვენ და ეს არ მინდა ყველაზე მეტად, მამაშენის ნათელ სულს გეფიცები.
-დანიელა მევახშე! მამაჩემის სულს თავი გაანებე და რასაც გეუბნები ის გააკეთე თორემ, დედა გეტირება, იცოდე! – წამოჭარხლდა საგამოძიებოს უფროსი.
-ვერა...
არც გინებამ გაჭრა, არც მუქარამ, ვერაფრით დაითანხმეს “შპიონობაზე,” დანიელ დავარაშვილი. ფეჩში, საკუთარი ხელით შეაგდებინეს და დაწვევინეს, მევალეების დავთრები. მაინც არ “გაბოზდა” დანიელა.
-ხვალ დილით განყოფილებაში მოეთრევი და როგორც მევახშე და წურბელა, 1000 მანეთს მოიტან! – გამოიტანა წასვლისას ვერდიქტი ალანიამ.
ეზოც კი არ ექნებოდათ მილიციელებს დატოვებული, უკვე მთელმა უბანმა რომ იცოდა, მომხდარი.
ერთი საათი იქნებოდა, მათი წასვლიდან გასული, პირველმა მევალემ რომ მიაკითხა დანიელას და ნასესხები ფული, კაპიკ-კაპიკ დაუბრუნა. იმ პირველს – მეორე მოჰყვა. როგორც ამბობდნენ, არავის შეურჩენია მევახშის ვალი. როგორც ვიცი, არავისთვის მოუთხოვია ვახში დანიელას. არც იმ დღეებში და არც იმის შემდეგ.
იქნება კაი ოცდახუთი წელი გასული, რაც მოკვდა. აქაა დასაფლავებული. შვილები, ისრაელში ცხოვრობენ.
ასე იყო, დანიელა მევახშის ამბავი. მერე რომ ვიკითხე, ათას მანეთზე, წელიწადში 50-100 მანეთს იღებდა თურმე ზედმეტს. ეს მაშინ, “წურბელობის” პერიოდი რომ ედგა.
აუუჰ! რა დრო გასულა? წავედი ახლა თორემ დამაგვიანდება. ბანკში პროცენტი მაქვს შესატანი. თვეში, ორ პროცენტზე ცოტა მეტი მიწევს + ძირის თანხა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები