ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანა
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2016


უსათაურო ბაღები

უსათაურო ბაღები
როცა მზე ყინვებს ამოახველებს
და წავა ბაღით ძვირფასი ლედი,
გაეტირება ყვავილთა ხელებს
დედიშობილა პოეტის ბედი...
მაშინ ვიგონებ,შორეულ ჩქამით,
ანა პერენას მშობლიურ ლივლივს,
და ნაავადარს ლექსების შხამით
თხემით-ტერფამდე სიკვდილი მივლის.
დღეთა დღეობებს რჩება სიალით,
გრაციულ წელთა შანდლები ჩაღი,
სადაც ვარდობის ღრმა იდეალით
უსათაურო ჰყვაოდა ბაღი...
და იყო რაღაც,ლამაზი ჩემში,
რითაც მიწიურს არაფრით ვგავდი
იადონისფერ ნისლების ჩქემში
ნარების გვერდით დაფნებსაც ვრგავდი.
იწვოდა ბაღი ელვის ციურში
ქარონის წარბთა დანახედარი,
როს ელსინორის ელიზეუმში
იწვა ჰამლეტის ცივი ცხედარი...
სადაც დუელში დაშნას თუ ნაგანს
არწევს სიცოცხლის ალთა ნაზობა
ის,შერჩენილი ლამაზი რაღაც,
თვალდაურული ახალგაზრდობა.
და ჟამი მაღრიბს სადაც ახვედრებს
მზეს საბარძიმო ღვინით დაფერილს,
პოეზიაში გულწასულ მხედრებს
ვხედავ ბაღებში მიმოდაფენილს...
იქ გეენიის გასაოცრება
გადიალმურებს მგოსნეულ ბაგეს
დიდ პოეზიას ბადებს ოცნება ,
პოეზია კი სიმაღლეს ბადებს...
და როცა მზეებს ამოახველებს
ყინვა და ბაღში შემოვა ლედი,
გადაეგება ყვავილთა ხელებს,
ხელგაშვებული პოეტის ბედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები