ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორრნიკე.
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2016


დეპეშა



დე,
ამ დღეებში
შეიძლება თავი მოვიკლა,
ისე უსიამოდ მიეწყო ერთმანეთს
კარგი ამინდები.

(წერტილი)

შენ ჩემამდეც გყოლია მკვდარი შვილები,
მაგრამ, მეეჭვება, დედებს
შვილების სიკვდილის ხილვა
გამოცდილებად გეთვლებოდეთ

(წერტილი)

სანამ ატირდები, მოვასწრებ
და გეტყვი -
სასახლის ფული უკვე შევაგროვე,
სუდარას ჩემი ბავშვობის მეგობრები იყიდან.
(თუმცა ასეთი არავინ მახსენდება)

(წერტილი)

აუცილებლად წვიმიან დღეს დამასაფლავეთ
და მაპატიეთ,
რომ ასეთ ამინდში გიწევთ სასაფლაოზე გასვლა.
განსაკუთრებით მათ, ვინც ვეღარ არჩევს,
ჩემი სიკვდილის გამო ტირის
თუ სიხარულით,
რომ ცოტა ხანში,
ცხელ-ცხელ ხაშლამას გადაუშვებს
ამერიკის დიდი კანიონივით პაააატარა ფაშვში

(წერტილი)

რაც შეეხება საფლავის ქვას,
ამაზე ჩემი კლასელები შეწუხდებიან,
რომლებიც 8 სიკვდილიდან არცერთზე არ მინახავს,
მეცხრეზე მოვლენ

(ო, მერკუციო, კატების მეფევ...)

(წერტილი)

დარბაზის ხარჯებს რომელიმე
ჩემი მეცენატი Facebook friend-ი გაიღებს,
რომელიც თვალით არ მინახავს.
რაღა თქმა უნდა ფულს სწრაფი გზავნილით
გადმოგზავნის.
და თუ მოხერხდა ერთი-ორ ცრემლს
სკაპიდანაც გადმოასმაილებს

(წერტილი)

ჩემ სტიქაროსან ძმაკაცებს
აუცილებლად მოახსენებინეთ ლოცვებში
მარკ ცუკენბერგი და ბილ გეითსი.
რა საკვირველია იმ მეცენატ,
FB Friend-თან ერთად.
(ეცადეთ მოსახსენებელი მწუხრის
ლოცვაზე შეგზავნოთ,
რადგან  წირვაზე ბევრი საქმე აქვთ.)

(წერტილი)

P.S.

შეკვეთილ წირვას ვერ გადამიხდით,
რადგან დედა ეკლესია
თვითმკვლელი შვილებისთვის
არ ლოცულობს

(წერტილი)

დედა, შენ დიდი გოგო ხარ
და ბევრი არ უნდა იტირო,
თორემ თვალები დაგისივდება
და მამას აღარ მოეწონები

(წერტილი)

და მაინც,
ძალიან თუ შეგაწუხებთ ის ამბავი,
რომ შეკვეთილ წირვას ვერ გადამიხდიან
(რა სასაცილო სიტყვაა ეს "შეკვეთილი",
სულ 99 ხინკალი მახსენდება).
შეგიძლია პატრიარქთან მიხვიდე
და უთხრა, რომ
ბავშვობიდან ვერ ვიყავი დალაგებული,
აი, მაგალითად,
როცა ჩემი კლასელები ტიროდნენ,
მე ჩუმად ვიჯექი.
როცა ჩემი კლასელები იცინოდნენ,
მე ჩუმად ვიჯექი.
როცა ჩემი კლასელები ყვიროდნენ,
მე ჩუმად ვიჯექი.
როცა ჩემი კლასელები ჩხუბობდნენ,
მე ჩუმად ვიჯექი
და ვფიქრობდი -
უნდა მოეჭრა თუ არა ხელი ალუდას მუცალისთვის.
უნდა მოეჭრა თუ  არა ხე ხოგაის მინდიას.
უნდა მოეკლათ თუ არა ქისტებს ზვიადაური.
უნდა ეპატიებინა თუ არა ბათუს საფარბეგისთვის.
უნდა მოეკლა თუ არა ხევისბერ გოჩას ონისე.
ცოტა მოგვიანებით, იგივეს ვფიქრობდი,
მატეო ფალკონეზე.

მოუყევი ეს ყველაფერი
და იქნებ თვითმკვლელის ნაცვლად
სულით ავადმყოფად შემრაცხონ.
ზარ-ზეიმით ამომთხარონ საფლავიდან
და წამადიდუბისპანთეონონ.
(მთაწმინდაზე ადგილები აღარ არის.)

(წერტილი)

რაც შეეხება ჩემს წიგნებს -
ცივ ნიავს ვუკრძალავ მიკარებას.
განსაკუთრებით ი.დეისაძის
პირველ პოეტურ კრებულთან,
რომელიც, დღემდე, ყველაზე ცუდად შედგენილ
წიგნთა სიაში მყავს შეყვანილი. ახლოს არავინ მიეკაროს,
განსაკუთრებით დეი

(წერტილი)

მაპატიე, რომ ცოლი ვერ მოვიყვანე.
შვილებს რაც შეეხება,
ყოველი შემთხვევისთვის ვტოვებ ფულს,
ვინიცობაა და სასამართლომ ჩემს გვამს
ალიმენტის გადახდა დააკისროს

(წერტილი)

ვეცდები ყველა ვიცნო და მოგიკითხო,
ვინც იქ დამხვდება ჩვენეიანი.
(იმედია იქ არავინ დამხვდება.)

(წერტილი)

როგორმე მოახერხეთ და
დაურეკეთ მიხეილ სააკავშილს და უთხარით, რომ ვაპატიე.
იგივე გადასცეს მთელ "ნაციონალურ" მოძრაობას.
დაურეკეთ - მეუფე კალისტრატეს და მასაც იგივე უთხარით
თუ მოახერხოს, სხვა ძმებსაც გადასცეს ჩემი შენდობა.
დაურეკეთ გიგი თევზაძეს და უთხარით,
რომ არ ვპატიობ!
ჯანდაბაშიც წასულა მთელ თავის თანამოაზრეებთან ერთად!
ჯაბა იოსელიანს, ედუარდ შევარდნაძეს, ნოე ჟორდანიას
და სხვებს პირადად გადავცემ შენდობას.
(და სხვანი, ვინც შეგნებულ-შეუგნებლად დავივიწყე,
ღმერთსამც ნუ დაჰვიწყებია!)

(წერტილი)

P.S.-2.

მგონი გასვლისას
კარის დაკეტვა დამავიწყდა.

შეამოწმეთ.

(წერტილი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები