ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2016


ღმერთებში

თქვი,
რას ველოდით მოკვდავთაგან ვისაც ვაკრავდით-
ჯვარზე,
სიტყვით,
საქმითა და გულის-ხმის-ყოფით,
ვცოდავდით-
ცოდვით,
ასჯერ ნაცადით
და ღმერთებივით როცა ვფიქრობდით-
რაიმე მაინც რომ გვქონოდა ღმერთის მაგვარი-
ნამდვილი ღმერთის,
ჯვარზე არავის გავაკრავდით,
არაა ეჭვი-

მაგრამ-

შვილები უსასრულოდ ელოდნენ მამებს,
ვერდაბრუნებულს იმ ომიდან რომელიც უკვე-
წლებია მორჩა
და ქოხის კარს რომ სხვა მამა აღებს
ღამით რომ წვება ზურგზე თუ გულზე,
სულერთია-
თხოვნაც თუ ლოცვაც,
გადაწყვეტს რომ არ არის ღმერთი,
ამ სამყაროში და ამიტომ უნდა იღმერთოს
და როცა ჯვარზე იმ სხვა მამას გააკრავს ფიქრით
სარკესთან დადგეს და პირჯვარი გადაიწეროს-
თავისი თავის წინაშე და მეტი არავის-

და ამ დროს-

ვიღაც ლოთი კაცი სიკვდილს თამაშობს,
სანაცვლოდ არყის,
ხურდა ფულის
ანდაც პურისთვის,
წამში კი ღმერთად გადაიქცა მთელი ქალაქი-
და ქვებს უშენენ
(რადგან თანახმად ძველი აღთქმის უნდა აღსრულდეს
ყველა ცოდვილი)
და ის საბრალო-
განდევნილი ანგელოზივით,
ვერაფერს ხვდება-

და ერთმანეთში ირევიან
ბოზები ქუჩის,
ლოთები,
სახედასაბანი ცინგის ბავშვები,
მერე ღმერთები,
დედოფლები,
ანგელოზები-
აშენებენ და კვლავ ანგრევენ
ასგზის ნაშენებ-
სახლებს,
იმედებს,
თაობებს თუ რწმენას ღარიბთა,
მე არც ღმერთი ვარ,
არც მოკვდავი,
სადღაც სხვაგან ვარ-
თენდება-
ჯვარცმა,
ისევ ვცოდავთ,
ისევ თავიდან-
(ვიღვიძებ.
ვამბობ სიზმარია
ვაღებ ფანჯარას-
სულის კიდემდე)

ქუჩა,
ბავშვები,
მოხუცები. .
ვეღარ ვიღვიძებ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები