ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2016


/ / / / / /

არ მიიხედო, თორემ მოკვდები,
არ მიიხედო, თორემ მოკვდები,
ათასგზის ვუთხარი ჩემს თავს,
ათასგზის მივიხედე...

მოდი,  ჩემო გაუმხელელო სიყვარულო,
ჩემში - მოზღვავებულო, როგორც უდაბნოში ქვიშა;
მისთვის - ზედმეტო, როგორც უბავშვო სახლში სათამაშო.

მოდი, რომ ერთხელაც
თვალი შეგავლო და  დაგიმახსოვრო,
როგორი ხარ, ასეთი სულისშემძვრელი,
თან ასე ჩუმი.

მომიყევი
გულში  ჩაგუბებულ,
ასადიდებლად და წასალეკად ბევრჯერ მომზადებულ,
ჯებირებშემორტყმულ სიტყვებზე...

მომიყევი, როგორ მიზიდავს,
როგორც მთას ნისლი...

მომიყევი სიზმრებზე,
ოცნებებზე, ილუზიებზე,
სადაც არ არის ათასგზის სხვისი...
სადაც ერთად ვართ
და  სხვა უბრალოდ არ გვჭირდება.

მოდი, მითხარი ყველაფერი,
სანამ ჯერ კიდევ ბჟუტავ,
მოასწარი, დატკბი არსებობით...

სანამ სიამაყე არ მოგისწრებს
მთელი ძალით არ შეგაჯანჯღარებს,
ვინაობას არ შეგახსენებს
და ყველა გზას მისკენ
საბოლოოდ არ დაგიკეტავს...
სანამ ყველა სასუნთქ მილს არ დაგიხშობს და
ერთხელაც სუნთქვა ისე მაგრად არ შეგეკვრება,
რომ ვეღარ გაძლებ
და სწორედ ამ გულიდან წასვლის წინ,
შენი ნაადრევი სიკვდილის წინ,
ყველაზე შუფერებელ დროს და ადგილას,
ჩურჩულით არ აღმოგხდება
ყელში გაჩხერილი
უსარგებლო სიტყვა -
მიყვარხარ...















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები