ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2009


თავი 1. თეონა და თაია ("გაცვლა")

(რომანი - ზღაპარი)

იყო და არა იყო რა . . . იყო ერთი პატარა გოგონა, რომელსაც    თ ე ო ნ ა  ერქვა.

ჩვეულებრივი გოგონა იყო, არაფრით გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით მის უძირო ზღვისფერ თვალებს, წელამდე დაყრილ მზისფერ თმებსა და მუდამ მოცინარ სახეს....
კეთილი გოგონა იყო, ნიჭიერიც, ჭკვიანიც, მამაციც, უშიშარიც და... საოცრად გულუბრყვილოც!..
ყველა უყვარდა და ისიც ყველას  უყვარდა...
ყოველ შემთხვევაში, მას ასე სჯეროდა!...
სჯეროდა, რომ დედამიწა მხოლოდ კეთილი ადამიანებით უნდა  ყოფილიყო დასახლებული და ყოველი ბოროტება, თუნდაც სხვის მიმართ ჩადენილი, ისე სტკენდა გულს, თითქოს თავად ყოფილიყო ამ ბოროტების ადრესატი.

ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, არაფრით გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით მის უჩვეულო სიზმრებს... ჰო, ნუ გეცინებათ, მის უჩვეულო, ფერად, მრავალსერიან სიზმრებს, რომლებშიც თეონა სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა, ულამაზესი და უჩვეულო ცხოვრებით!!!
და თავადაც ვეღარ აცნობიერებდა, სად ერჩივნა ყოფნა: აქ, საჩვენოში, თუ იქ, სიზმარეთში.

თეონას „მოგზაურობა იმქვეყნად” 19 იანვარს, ნათლისღების ღამეს დაიწყო.

სიზმარში ნახა, ვითომ ჩვეულებრივი, სწორი გზა, რომელზეც მიდიოდა, უცებ ყინულად გადაიქცა და თეონაც ამ ყინულზე დასრიალდა. გზა უეცრად დაბლა დაეშვა. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, რომ ციცაბო თავდაღმართზე ხელი ვერაფერს მოჰკიდა და გონდაკარგული სადღაც უფსკრულში ჩავარდა. თვალი რომ გაახილა, ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცს ჰყავდა ხელში აყვანილი. რომ დააკვირდა, მასში ბაბუამისი შეიცნო, რომელიც თეონას დაბადებამდე 28 წლით ადრე, 31 წლის ასაკში გარდაცვლილა.

ბაბუამ დაბლა ჩამოსვა და უთხრა:
- თეონა, შვილო, აქ რამ მოგიყვანა?! შენი აქ დარჩენა არ შეიძლება. ძალა მოიკრიბე, აქედან უნდა გახვიდე. ხედავ გვირაბს? ამ გვირაბის მიღმა გალავანია. გალავნის კარი ჯერ ღიაა. კართან მას სძინავს (თუ ვის - ეს, არ უთქვამს), ნახევარ საათში გაიღვიძებს და კარს ჩაკეტავს. მერე ვეღარ გახვალ, ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, - ამ სიტყვებით თეონა გვირაბში შეიყვანა, თან იმას ცდილობდა, მის ზურგს უკან, ჭიშკარში არ შეეხედა.

თეონამ ერთი წამით მაინც მოასწრო და ჭიშკარს თვალი შეავლო.

ჭიშკარი ოდნავ იყო გამოღებული, საიდანაც საოცარი ცისფერი შუქი იღვრებოდა. იმ ცისფერი სინათლის გარდა არაფერი დაუნახავს.

ბაბუა აჩქარებდა, მაგრამ გვირაბი საკმაოდ გრძელი იყო. ცისფერი სინათლე თავისკენ მაგნიტივით იზიდავდა. გვირაბს მხოლოდ ცისფერი და ყვითელი მანათობელი ბურთულები აშუქებდნენ, რომლებიც მდორედ მოფრინავდნენ მათკენ, უფრო ზუსტად კი - იმ ცისფერი სინათლისაკენ.

ბაბუა გვირაბის მთლიან პერიმეტრზე გავლებულ მანათობელ ზოლთან შეჩერდა. ამ ზოლიდან გამომავალი სინათლე ფოტოაპარატის დიაფრაგმის მსგავს „ფარდას” ქმნიდა. ის მანათობელი ბურთულები ამ „ფარდის” ცენტრში არსებული ჭუჭრუტანიდან იმპულსურად გამოიტყორცნებოდნენ, კონების სახით.
- ჩვენ ამ ზოლის იქეთ გადასვლის უფლება არ გვაქვს. აქედან შენით უნდა წახვიდე. - უთხრა ბაბუამ, შემდეგ მთელი ძალით ჰკრა ხელი და იმ „ფარდის” აქეთ გადმოაგდო.

„ფარდის” აქეთ ცისფერ სინათლეს მაგნიტური ძალა აღარ ჰქონდა, გვირაბში კი ბურთულები აღარ დაფრინავდნენ.

ძალადაკარგულმა თეონამ ჩოქვითა და ფორთხვით გამოაღწია გვირაბიდან.

გვირაბის ბოლოს მართლაც ეძინა თეთრწვერა, თეთრებში ჩაცმულ მოხუცს. თეონამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და, ის იყო, შავი ფერის ჭიშკარში უნდა გამოსულიყო, რომ...
- ეს ვინ მიიპარება აქედან?! როგორ გაბედე?!... - იყვირა ვიღაცამ და კაბაზე ხელი სტაცა.

იმ მოხუცს გაღვიძებოდა.

თეონას სახეზე რომ შეხედა, გაუკვირდა:
- შენ აქ საიდან გაჩნდი? ჯერ შენთვის ძალიან ადრეა აქ მოსვლა! ახლავე წადი აქედან და, დაუკითხავად მოსვლა კი არა, იმის გახსენებაც აღარ გაბედო, რაც აქ ნახე!!!...

შეშინებულმა თეონამ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და იმ შავი ჭიშკრის მიღმა აღმოჩნდა. კარი მაშინვე დაიკეტა და... გაქრა! გაქრა ყველაფერი: გვირაბიც, გალავანიც თავისი შავი და ლურჯი ჭიშკრებით, ის თეთრწვერა მოხუციცა და ბაბუაც... თეონას  ირგვლივ თვალუწვდენელი უდაბნო გაშლილიყო...

ამაზე გაეღვიძა.

მთელი წელი თვალწინ ედგა თეონას ის ლურჯი ჭიშკარი და იქიდან გადმოღვრილი ცისფერი სინათლე.



***
მამა-ღმერთის სამყოფელი.

მამა-ღმერთი ტახტზე ზის დაფიქრებული. წინასწარ ხედავს, როგორ გაუჭირდება მისი ერთ-ერთი ქალიშვილის -  გ ე ა ს  სახლს, პლანეტა გეას! გეაზე არის ქვეყანა, რომელშიც ისევე იყურება მამა-ღმერთი, როგორც მისი ქალიშვილის თვალებში... თვალები ხომ არასოდეს ტყუიან! ხედავს მამა-ღმერთი, თანდათან როგორ იბუდებს იქ, იმ ქვეყნის გულში სიცივე... იმ ქვეყანას    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო    ჰქვია!
რა იღონოს, რით დაეხმაროს?! როგორ შეუშროს ცრემლები გეას და როგორ გაუთბოს გული საქართველოს? - „სითბო გჭირდება, გეა, სითბო!” - ფიქრობს და თვალს არ აშორებს ცისფერ პლანეტას!...
- მეუფეო, თაია გეახლათ! - მოახსენეს მამა-ღმერთს ქერუბიმებმა.

„თაია! - აი ხსნა! აი, ის სითბო, ის ენერგია, რომელიც სჭირდება გეას! მაგრამ როგორ გაგზავნოს თაია გეასთან? ეს არასოდეს მომხდარა!”...

ტახტთან ულამაზესი ასული მივიდა და მამა-ღმერთის წინ გაჩერდა.
- რა მოხდა, თაია?! რატომ მოხვედი?! ხომ არაფერი გაგიჭირდა?!...
- არა!... მამა, შენი ძახილი მომესმა, სითბოს და სინათლეს ნატრობდი... ნება მომეცი, შენი სურვილი შევასრულო.

მამა-ღმერთს თაია გეას გადასარჩენად სჭირდება... სულ ერთი ბრუნია საჭირო, მაგრამ თაიას ერთი ბრუნი გეას 25 წლის ტოლფასია! გაუძლებს კი ამხელა ვადას თაია?
ვერა, ვერ გაუძლებს!...

- თაია შენს პლანეტაზე, დაბრუნდი! გეას გადასარჩენად სხვა რამეს მოვიფიქრებ...
- სხვას?... მამა, შენ რაღაც მოიფიქრე და არ მეუბნები?!...
- ჰო...
- მე გისმენ, მამა...
- თუმცა, გეტყვი: გეაზე უნდა გამეგზავნე, მაგრამ... მაშინ თაიას უშენოდ მოუწევს ყოფნა ერთი ბრუნი.
- ერთი ბრუნი?! მთელი ერთი ბრუნით ჩაქრება თაია?!.. განადგურდება სიცოცხლე?!.. თაია მკვდარ პლანეტად იქცევა?!.. - შიში ჩაუდგა თვალებში თაიას.
- არა! რა თქმა უნდა, არა!.. არ ჩაქრება, არც განადგურდება! მე თავად მივაწვდი მისთვის აუცილებელ ენერგიას!..
- და იგივეს ვერ გააკეთებ გეასთვის?
- ვერა!...
- ჩემი გაშვება გეაზე რა ფორმით გინდოდა, ან სად?..
- საქართველოში... ფორმა - შენ ამოირჩიე: მთად აღიმართები, ველად გაიშლები თუ მდინარედ გადმოდინდები!...
- თუ წავალ, მხოლოდ    ა დ ა მ ი ა ნ ა დ!
- თაია, ეს შეუძლებელია! შენთვის არ შეიძლება ადამიანად განსხეულება! შენ ვერ შეეგუები ადამიანად ყოფნას!
- მამა, გთხოვ... ერთი ბრუნის განმავლობაში ხომ უნდა გაუძლოს თაიამ უჩემობას? მეც გავუძლებ ადამიანში განსხეულებას! სხვა პირობით მე იქ არ წავალ!...
- თაია, დაფიქრდი!.. შენ უარყოფითი მუხტის მქონე ფლუიდები არ გაგაჩნია! ეს კი აუცილებელია ადამიანისათვის!
- მამა, ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა, არჩევანი კი - შენზეა დამოკიდებული: ან ვბრუნდები თაიაზე, ან ადამიანის სხეულით მივდივარ გეაზე!...
- მიგიღებენ კი გეაზე? მათ არ უყვართ გამორჩეულნი!
- ძალა შენს ხელშია! გამიშვი ისე, რომ ვერავინ მიხვდეს, თუ ვინ ვარ სინამდვილეში!...

ტახტთან ერთ-ერთი ქერუბიმი მიფრინდა:
- მეუფეო, თქვენი სამყოფელის წინ ახალგაზრდა 15-16 წლის გოგონა შევაჩერეთ, თეონა! შემთხვევით მოხვედრილა აქ... ბაბუამისი არ უშვებს, თავად კი - აქეთ უნდა შემოსვლა?!
- თეონა?! ეს ბედია, თაია! გაცვლა მოხდება!... “თ” - “თ”-თი შეიცვლება!!!

(გაგრელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები